Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შეუზღუდავი პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების საზოგადოება

გამოყენებულია თემის ფოტოარქივი

ქეთო ნინიძე

თემი თავის საქველმოქმედო ღონისძიებას, ჯერ კიდევ, ორი თვის წინ გეგმავდა, თუმცა თბილისის წყალდიდობის შემდეგ გამოფენას სულ სხვა დატვირთვა მიენიჭა. ღონისძიება 26 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართა. წარმოდგენილი იყო თემის ღვინო, ხისა და რკინის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხება.  

ცოტა ხნით გავესაუბრე ზურას, რომელიც თემის ახალგაზრდა, ენთუზიასტი წევრია. თბილისში ის ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა და თემში, თავდაპირველად, სულ შემთხვევით მოხვდა. მასთან საუბარმა გადამაწყვეტინა, ვეწვიო გრემს რთველში და საკუთარი თვალით ვნახო ვაზისა და ღვინის გარშემო გაერთიანებული, კოორდინირებული საზოგადოების საუკეთესო მიკრომოდელი, სადაც შეუზღუდავია ადამიანთა შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების დიაპაზონი. 

ეს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს რეგიონების მკვიდრთათვის, რომელთათვისაც, ამ ეტაპზე, დაუძლეველ სირთულეს წარმოადგენს კოოპერაციული მუშაობის სპეციფიკა - შრომის სწორი განაწილება და რესურსების მართვა. 

თემი - ეს არის საქველმოქმედო კავშირი, რომელიც 1989 წელს დაარსდა. აქ ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა, სოციალური, ეკონომიკური, ფიზიკური და გონებრივი მოცემულობებისა და შესაძლებლობების ადამიანები - სოციალურად შეჭირვებულნი, მოხუცები, სპეციალური საჭიროების მქონენი, მარტოხელა დედები და სხვ. დაახლოებით 80-90 ადამიანი, ვისაც  საზოგადოების ძალიან ბევრ სფეროში კარი აქვს დახშული. მათ გვერდით კი - თავიანთ სფეროში წარმატებული, შემდგარი და პერსპექტიული ადამიანები, ვინც საკუთარი თავი და კარიერა ამ საზოგადოების ჩამოყალიბებას მიუძღვნა.

თემის საკუთარებაში შედის 7 ჰა-მდე ვენახი ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელსაც ოფიციალური ორგანოს (კავკაზსერტი) მიერ მინიჭებული აქვს ორგანული / ბიო სერტიფიკატი. პროფესიონალთა მითითებებით, თემის წევრები (დაახლოებით, 30-35 წევრი) მონაწილეობენ ვენახსა და მარანში, სხვადასხვა სახის სამუშაოებში - ვენახის გაფურჩქვნა, თავის გადაჭრა, ძირების გამოთოხნა, რთვლის პროცესი, ღვინის გადაღება, დარევა, ღვინის ჩამოსხმა და ეტიკეტირება. ღვინოებს - რქაწითელს, საფერავსა და ქინძმარაულს ამზადებენ საკუთარ მარანში, ცვილით დამუშავებულ ქვევრებში. აქვთ, აგრეთვე, ენოტურებიც.  

ძალიან დამაინტერესა, ერთი მხრივ, სოციალური წარმოების ამ მაგალითმა - თუ როგორ არიან ორგანიზებულნი ადამიანები ვენახისა და ღვინის გარშემო, როგორ ნაწილდება მათი შრომა გამორჩეული შესაძლებლობების მიხედვით და როგორ ხდება ვაზი და ღვინო თვითრეალიზაციის საუკეთესო სივრცე.  ეს ფაქტი საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიაში, უდაოდ, უნიკალური პრეცედენტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, თავისთავად მოდელი უფრო საინტერესოა - როგორ ხდება თემის ე.წ. „ბენეფიციარი“ პასუხისმგებელი სხვათა სარგებლის მიმართ. ანუ, აქ კლასიკური ოპოზიცია - უზრუნველყოფილი: შეჭირვებული  - მნიშვნელობას კარგავს და ამ თანაცხოვრებიდან საზოგადოების თითოეული წევრი სხვადასხვა სახის ბენეფიტს იღებს.  

ასეთი სივრცე ჩვენ გვერდით, შესაძლოა, უტოპიის ელფერს იძენს პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოში, სადაც შრომა, ჯერ კიდევ, წვალებასა და ჩაგრვასთანაა გაიგივებული, საკუთრების, მით უმეტეს, კოლექტიური საკუთრების იდეა თავისთავში დიდ რისკებს შეიცავს, სარგებელი, ძირითადად, ძალასთან გაიგივდება, ძალა კი, მოგეხსენებათ, აღმართს ხნავს. სწორედ, ეს უტოპია მერაბ კოკოჩაშვილმა კინოენით გადმოსცა „ნუცას სკოლაში“. ფილმში, სადაც, სწორედ თემის საზოგადოების ცხოვრებაა აღწერილი. 

ამ შემოდგომით გრემიდან საინტერესო რეპორტაჟებს გპირდებით. არ უყუროთ საინფორმაციოს, ჩვენ კარგ ამბებს მოგიყვებით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.