Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოს მეღვინე ძალიან ჰგავს — ინტერვიუ ნათია გაჩეჩილაძესთან

ნათია გაჩეჩილაძე ღვინის კლუბის ერთ-ერთი წევრია, რომლის საქმიანობაც ძირითადად ფესტივალების, ტრენინგების ორგანიზებასა და სხვადასხვა პროექტის მართვას მოიცავს.

სწავლობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე და ამასთან ერთად, წლების განმავლობაში ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა კურსი და ტრენინგი გაიარა, საბოლოოდ კი, პროფესიული საქმიანობა ღვინის კლუბს დაუკავშირა.

ნათია გაჩეჩილაძე ამ ინტერვიუში ღვინის კლუბისა და თავისი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

- ყველა ამბავს აქვს დასაწყისი, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ღვინის კლუბის საერთო ისტორია?

- ეს იყო 2015 წლის 12 იანვარს, როდესაც ღვინის კლუბს სოციალური ქსელით დავუკავშირდი, მაშინ მეღვინეები ყოველ სამშაბათ საღამოს, 7 საათზე ბიბლიოთეკაში იკრიბებოდნენ. მათ წერილი მივწერე, რომ ამ შეხვედრაზე დასწრება მსურდა, სწორედ ამ წერილმა შეცვალა ჩემი ცხოვრების შემდეგი ათი წელი. ამ დროს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი.

- გვიამბეთ იმ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მოგონებების შესახებ, რომლებიც ღვინის კლუბს უკავშირდება.

- პირველი წელი და პირველი ფესტივალი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა, მაგ დღეს უკეთ გავიცანი, ირენი, მახო, იაგო და კლუბის ბერიკელა, სწორედ ამ ადამიანების უდიდესი დამსახურებაა ჩემი აქ ყოფნა.

როდესაც არც თუ ისე დიდი ასაკი გაქვს, გამოუცდელი ხარ, თავის დამკვიდრებას ცდილობ და გსურს მეტი გაიგო და ისწავლო, ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ადამიანებთან, სწორ ადგილას აღმოჩნდე, მე ამაში ნამდვილად გამიმართლა.

გამოცდილებაც და განვითარებაც ნელ-ნელა მოდის, რისი მთავარი გასაღებიც მოტივაცია და ენთუზიაზმია. იყო ბევრი შიშიც და სირთულეებიც, რომელთა გადალახვაც მიწევდა, თუმცა ამ ყველაფერმა მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ.

- ახალი ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება, აღგვიწერეთ ფესტივალის ერთი დღე.

- მაისის მეორე შაბათი ღვინის სფეროში ერთგვარი დღესასწაულია, ჩვენ და მეღვინეები, ღვინის მოყვარულებთან ერთად, ამ დღეს წლიდან წლამდე ველოდებით. ფესტივალი დილის 8 სთ-ზე იწყება, რომელსაც თან ახლავს დაღლა, ემოციური დაძაბულობა, სტუმრების მოსვლის მოლოდინი.

ფესტივალი ოფიციალურად 12 სთ-ზე იხსნება, უნდა აღვინიშნო ისიც, რომ გახსნამდე წარმოუდგენელი შინაგანი მდუმარება მაქვს ხოლმე, ალბათ ესაა იმის განცდა, რომ მინდა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ჩვენი მიზანი თითოეული მონაწილის თუ სტუმრის მხარდაჭერაა, ამ ფესტივალზე მოსული თითოეული ადამიანი ძვირფასია.

ორგანიზატორებისთვის ეს დღე დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი დაძაბულობაა, ისე ხდება ხოლმე, რომ ფესტივალის წინა დღეებში და არც მისი შემდგომი ორი დღის განმავლობაში არ მძინავს, ეს ემოცია ძალიან რთულად გადმოსაცემია, ეს ხომ ღვინოა, განსაკუთრებული საქმე.

- თქვენი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში რა შეიცვალა მნიშვნელოვნად ღვინის სფეროში და რამ განაპირობა ეს ცვლილებები?

- ბევრი რამე შეიცვალა, როგორც მეღვინეები, ასევე ღვინის მომხმარებლებიც. როდესაც ამ სფეროში დავიწყე მუშაობა, ბევრი ადამიანი ბოთლის ღვინოს არც კი აღიარებდა, ღვინის ჭიქაზე რომ არაფერი ვთქვა. ახლა სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციაა.

ადამიანებმა დაიწყეს ახალი გემოების აღმოჩენა, სწორედ ამიტომ გაიზარდა ბაზარზე კონკურენციაც. ასეთი ტენდენციაც იყო, ადრე თუ მომხმარებელი მხოლოდ ერთი მეღვინის ერთგული რჩებოდა და მხოლოდ მის ღვინოს სვამდა, ახლა სულ ახლის ძიებაშია, ეს კარგიცაა, რადგან მეღვინეს მუდმივად უწევს სიახლეებზე მუშაობა და ამ სიახლეების მომხმარებლისთვის შეთავაზება, ეს კი სფეროს განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკაა.

- გაიხსენეთ ღვინოსთან დაკავშირებული მითი, რომლისაც დღესაც ხშირად სჯერათ ადამიანებს.

- ხშირად მსმენია ასეთი ფრაზა, რომ ღვინო მეღვინეს ჰგავსო, ისე, ამის მეც მჯერა. მაგალითად, ხშირად მინახავს ბობოქარი ღვინოები და როდესაც მეღვინეს გაიცნობ, ხვდები, თუ რატომ ვერ წყნარდება მისი ღვინო. ეს ნაწილობრივ ხუმრობით, ამაზე ფიქრი სახალისოც კია.

- რომ არა ღვინო, რომელ სფეროს დაუკავშირებდით თქვენს პროფესიულ საქმიანობას?

- ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ჩემთვის საყვარელ საქმეს მოვძებნიდი, შესაბამისად, ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

თუმცა, რომ არა ღვინო, ალბათ სასაზღვრო პოლიციაში ვიმუშავებდი, ვიცი, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი თავის ქვეყანას ემსახურება, ჩემი თავდაპირველი პროფესიაც ეს არის.

- თქვენ ძალიან ბევრ მევენახე-მეღვინესთან და კომპანიის ხელმძღვანელთან თანამშრომლობთ. ხომ არ დაგვიხასიათებთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპს, რომელთა გავლენაც ღვინის სტილსა და ხასიათზე აისახება?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღვინოს მეღვინე ძალიან ჰგავს, და ეს სწორედაც რომ არ არის მითი. ყოველწლიურად ვაკვირდები მოვლენებს, მეღვინეების და ღვინის განვითარებას, ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა, ადრე თუ მეღვინეებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები არ ჰქონდათ, ახლა ეს ნელ-ნელა შეიცვალა, ერთმანეთთან დაახლოება ხელს უწყობს სფეროს განვითარებას. სიკეთე სიკეთესავე ბადებს და ეს ღვინის სფეროში ალბათ ყველაზე ნათლად ჩანს. ვხუმრობ ხოლმე, რომ მეღვინეებს ოჯახებით ვიცნობ, მათ ისტორიებს ხშირად საიდუმლოდაც ვინახავ, რთულია ამდენი ინფორმაციის მოსმენა და მიღება, თუმცა სხვანაირად მათთან ურთიერთობას ვერ ააწყობ, თითოეული მცირე მარანი თუ კომპანია უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, მე ჯერ მათ ხასიათს ვსწავლობ, მათ შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებ და შემდგომ ვახერხებ მათთან დამეგობრებას. ასე რომ, ამ სფეროში ფსიქო ტიპები იმდენია რამდენი ღვინის სახეობაც მოგვეპოვება ბაზარზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული