Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურიის მეღვინეობის რაიონი

ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961) 

გურიასა და აჭარას უკავია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. გურია-აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობა შორეულ წარსულში საკმაოდ კარგად ყოფილა განვითარებული, რასაც მოწმობს მატერიალური კულტურის ძეგლები ამ მხარეში. ამაზე მიუთითებს აგრეთვე აქ გავრცელებულ აბორიგენულ ვაზის ჯიშთა მრავალსახეობა, რომელთაგან ზოგიერთი მეტად დადებითი თვისებებით ხასიათდება, ბუნებრივი პირობებისა და სხვა მრავალი მიზეზის თითქმის ერთნაირობის გამო აქ ვაზის ჯიშების წარმოშობას მკლვევარების აზრით ერთი საერთო კერა აქვთ.
 
დ. ტაბიძის ცნობით გურია-აჭარაში ვაზის ჯიშების საერთო რაოდენობა 85-მდე აღწევს.
 
მ. რამიშვილმა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად შეისწავლა გურიასა და აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშები, მეტად საინტერესო ცნობები მოგვცა საქართველოს ამ ერთ-ერთი უძველესი მევენახეობის რაიონის შესახებ. ისტორიული წარსულის ზოგიერთმა თავისებურებამ გურია-აჭარაზე სხვადასხვა გავლენა მოახდინა. აქედან გამომდინარე მევენახეობა-მეღვინეობაც ამ ორ მხარეში თავისებურია და ჩვენც მათ ცალ-ცალკე განვიხილავთ, მ. რამიშვილის შრომის მიხედვით.
 
გ უ რ ი ა. გურია მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწიილში. მას ესაზღვრება: აღმოსავლეთით იმერეთი, დასავლეთით შავი ზღვა, სამხრეთით გურია-აჭარის ქედი და ჩრდილოეთით მდ რიონის დაბლობი. გურიაში შედის ჩოხატაურის, მახარაძისა და ლანჩხუთის ადმინისტრაციული რაიონები. გურიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია და დასერილია მრავალრიცხოვანი მთებითა და გორაკებით. ასევე მრავლადაა გურიაში დიდი და პატარა მდინარეები. გურია შავი ზღვისა და რიონის დაბლობის მხრიდან ღიაა და განიცდის შავი ზღვის გავლენას, რის გამოც კლიმატი ხელსაყრელია ვაზის კულტურის განვითარებისათვის.
 
გურიის ნიადაგები ძლიერ ჭრელი და მრავალფეროვანია. აქ ვაზის კულტურის განივითარებისა და ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მერგელიანი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც საკმაო ფართობებზე გვხვდებიან კოხნარ-საჭამიასერის, გარცმა-ჩოხატაურისა და საყვავის ტყე-ციხეს მიდამოებში. წითელმიწებზე და ეწერ ნიადაგებზე, რომელთაც აქ დიდი ფართობი უკავიათ, ვენახები მდარე პროდუქციას იძლევიან, ამიტომ ასეთი ადგილები უფრო სუბტროპიკული კულტურებისათვისაა განკუთვნილი. ამასთან ზღვისპირა ზონაში და დაბლობ ადგილებში გადაჭარბებული ტენიანობის გამო მიღებული ღვინის ღირსება დაბალია. ხარისხოვან პროდუქტს ვენახები იძლევიან მხოლოდ მთისპირა, მაღლობ ადგილებში სამხრეთისაკენ დაქანებაზე.
 
ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო მევენახეობა გურიაში ძირითადად განვითარებულია ჩოხატაურის რაიონში, დანარჩენ რაიონებში – მახარაძესა და ლანჩხუთში ვენახების ფართობი შედარებით მცირეა.
 
ვენახების მასივებისა და მიღებული პროდუქციის მიხედვით გურია შემდეგნაირად ჯგუფდება:
 
1) ჩოხატაურის რაიონი. აქ ვენახები განლაგებულია მდინარეების – სუფსის, გუბაზოულისა და ხევისწყლის ხეობებში. მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფლებში სოფ. დაბალციხიდან ზომლეთამდე და სოფ. ციხეს ზემოთ სურების მიმართულებით ვენახები გავრცელებული არ არის. აქ გამოირჩევა დაბალციხის მევენახეობის ზონა, სადაც ხელშემწყობი ბუნებრივი პირობების გავლენით შესაძლებელია დამზადდეს ხარისხოვანი მასალა სუფრის ღვინოებისათვის.
 
ამავე ხეობის მხარეში მნიშვნელოვანია იანოულ-ბერეჟოულის მევენახეობის ზონა. აქ საყურადღებოა იანოულის მიკრორაიონი, სადაც შეიძლება დამზადდეს ხარისხოვანი სუფრის ღვინოები.
 
მდ. გუბაზოულის ორივე მხარეზე განლაგებულ სოფლებში შეიძლება დამზადდეს ხარისხოვანი პროდუქცია სოფ. ხევამდე, რომლის ზევით ვენახების გავრცელება შეზღუდულია, რადგან აქტიურ ტემპერატურათა ჯამის სიმცირის გამო ყურძენი დამწიფებას ვერ ასწრებს.
 
მდ. ხევის წყალი გურია-იმერეთის საზღვარზეა. ჩოხატაურის რაიონში შედის ამ მდინარის მარცხენა მხარე, სადაც მნიშვნელოვანია მეღვინეობის თვალსაზრისით კოხნარ-საჭამიასერის ზონა. ამ ზონაში მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას აპირობებს მერგელებზე განვითარებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების არსებობა, ზღვიდან სიშორის გამო შედარებით ნაკლები ტენიანობა და აქტიურ ტემპერატურათა ჯამის ხელშემწყობი პირობები.
 
ამ რაიონში წამყვანია იმერული ვაზის ჯიში – ცოლიკოური, რომელმაც მთელი რიგი დადებითი თვისებების გამო მოსახლეობის სამართლიანი მოწონება დაიმსახურა. იმერული ჯიშებიდან აქ უმნიშვნელოდაა გავრცელებული აგრეთვე: ციცქა, ძველშავი და მგალობლიშვილი, რომელნიც აღნიშნულ რაიონში ვერ იძლევიან ხარისხოვან პროდუქციას. რაიონში ადგილობრივი ვაზის ჯიშები თითო-ოროლა ძირების სახითაა წარმოდგენილი. გადაუდებელი ამოცანაა მათი შესწავლა და საუკეთესოების გამოვლინება, რაც გააფართოებს ხარისხოვანი ღვინის წარმოების რესურსებს.
 
2) მახარაძის რაიონში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ძირითადად სამი ზონაა წარმოდგენილი: ა) დაბლობი, რომელიც მოქცეულია მდინარეთა დაბალ ხეობებში და შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ბ) მთისპირა ზონა, რომელიც უმთავრესად განლაგებულია ხეობების კალთებზე და გ) მაღალმთიანი ზონა, რომელიც გურია-აჭარის ქედს ეკვრის.
 
მეღვინეობის თვალსაზრისით აქ საყურადღებოა რაიონის ხეობების მთისპირა ზონა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სუფსის, ბახვისწყლისა და ნატანების ხეობები.
 
მდ. სუფსის ხეობის მარცხენა მხარეში ვენახები დაბლარადაა გაშენებული ნაგომარ-შრომის ზონის სოფლებში: ნაგომარი, ახალსოფელი, ბაილეთი, გურიანთა, მერია, კახური, კონჭკათი, ზედობანი, შრომა, ვაკე, თხინვალი, ხრიალეთი, და ომფარეთი; ხეობის მარჯვენა მხარეში საყურადღებოა: ძიმითის, სილაურისა და ჯუმათის მიკრორაიონები.
 
ამ ზონაში არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო ღვინო დაბალი ხარისხის დგება.
 
მდ. ბახვისწყლის ხეობა მახარაძის რაიონში ყველაზე ხარისხოვანი ზონაა მეღვინეობის თვალსაზრისით, აქ მნიშვნელოვანია ასკანა-ბახვის ზონა სოფლებით: ასკანა, ვანისქედი, მთისპირი, ზემო-ბახვი, ქვემო ბახვი, ფამფალეთი და ნასაკირალი. ღვინის მაღალი ღირსებით განსაკუთრებით გამოირჩევა მიკრორაიონები: ასკანის, ბახვისა და ნასაკირალის. ამ ზონაში ღვინის მაღალ ღირსებას აპირობებს: ნიადაგში კარბონატების საკმაო რაოდენობით შემცველობა, ვენახების დაქანება სამხრეთისაკენ, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის ხელსაყრელობა. ნალექები, თუმცა ჭარბია, მაგრამ ვენახები გაშენებულია დაქანებაზე და ამის გამო ცუდ გავლენას ვერ ახდენენ პროდუქციაზე.
 
მდინარე ნატანებისა და ბჟუჟის წყლის ხეობებში ვენახები გვხვდება სოფლებში: ვაკიჯვარში, ბაღდადში, ცხემლისხიდში, უჩხუბში, დვაბზუში, ნატანებში, გომში, შემოქმედში, მაკვანეთში, ლიხაურში, ჭანიეთში და სხვ. აქ გამოირჩევა ბაღდადის მევენახეობის ზონა, სადაც ცოლიკოურისაგან ამზადებენ საკმაოდ მაღალხარისხოვან ღვინოს.
 
მახარაძის რაიონში მეტწილად გავრცელებულია იმერული ვაზის ჯიში ცოლიკოური, რომელიც მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინოებს იძლევა.
 
აღსანიშნავია, რომ რაიონში გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ნაკლებადაა შესწავლილი, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სამტრესტის მიერ სოფ. ბახვში გაშენებულია 14 ჰექტარი ჩხავერის ნარგაობა, საიდანაც ამზადებენ ორიგინალურ, ნახევრად ტკბილ ღვინოს შემდეგი სახელწოდებით: "ქართული ღვინო №11 ჩხავერი”, რომელიც თავისი ორიგინალობით საკმაო მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში.
 
3. ლანჩხუთის რაიონში ვენახები უმთავრესად გავრცელებულია გურიის ქედის ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმართულ კალთებზე მთისპირა ზოლში. აქ სამხრეთ კალთებზე მდებარე ვენახებიი მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეზეა განლაგებული და მთისპირაზონას მისდევს, სადაც ვენახები გვხვდება სოფლებში: ჭანჭათში, ქვემო და ზემოაკეთში, აცანაში, მამათში და გაგურში. ამ ზონაში ძირითადად გავრცელებულია იმერული ჯიში ცოლიკოური. ცოტაოდენი რაოდენობით გვხვდება აგრეთვე ციცქა და მგალობლიშვილი. ტემპერატურული რეჟიმის გარდა, სხვა ბუნებრივი პირობები არახელსაყრელია და ამის გამო მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები.
 
რაიონში ქედის ჩრდილოეთ ნაწილში ვენახების მასივებია რკინიგზის ლიანდაგის ზემოთ ნიგოეთ-შუხუთის და ჩიბათ-ჩოჩხათის ზონების შემდეგ სოფლებში: ქვიანა. ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ნიგოითი, შუხუთი, ლაშისღელე, ლანჩხუთი, მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ზემო და ქვემო ჩიბათი, ლესა, ნინოშვილი, ნიგვზიანი, ტაბანათი, ხორეთი, წითელი-უბანი, გულიანი და სხვ.
შავი ზღვა დიდ გავლენას ახდენს ამ ზონაზე, ატმოსფერული ნალექები დიდია; ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო მიიღება მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინოები. მაგრამ არის ზოგიერთი სოფელი, სადაც დგება საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინოები. ასეთი სოფლებია: ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ნიგოეთი, ზემოშუხუთი, შრომის უბანი, მოედანი, ხორეთი, წითელი უბანი და გულიანი.
 
ფოტოზე: ჩხავერი
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


ეჰ როგორი "კომუნისტური ელფერი" დაჰკრავს სტატიას არც ადესაზე დაუძრავს კრინტი, და არც ტრადიციული გურული ჯიშების და მევენახეობის აღდგენაზე გაუმახვილებიადიდად ყურადღება, თუ არ ჩავთვლით 14 ჰექტარ ჩხავერას ცოლიკოური კი არის იმერული ჯიში, მაგრამ სახელი საიდან მოდის ნეტა? იმიტომ რომ ასეთი დასახელების ადგილი ისტორიულად გურიაში მდებარეობდა


მერცხალ, აბა რა მექნა, ხოარ გავარედაქტირებდით 1961 წელს დაწერილ ტექსტს? :)) ჩვენი კლუბის ეს პროგრამა სწორედ მაგითაა მემგონი საინტერესო, რომ ცდილობს ზუსტად ასახოს სხვადასხვა პერიოდის თავისებურებები, უცნაურობები, სიკეთეები თუ შეცდომები.



რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მოცემული, მშვენივრად არის განხილული მიკროზონები და მათი ავკარგიანობა დღეს თუ მუშაობს ვინმე ან რაიმე ორგანიზაციას თუ ევალება მსგავსი საკითხები? პს. კარგია რომ კომენტარებში გვაქვს საკითხზე მსჯელობის საშუალება


ბლოგის ფილოსოფიის მთელი არსი მაგაშია :) ეგ მთავარი პლიუსია, მაგიტომაა ყველაზე სწრაფად რომ ვითარდება ბლოგოსფერო :)



"აღსანიშნავია, რომ რაიონში გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ნაკლებადაა შესწავლილი" ახლაც ასეა


გრიგოლ სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევს საშუალებას მკვლევარებს რათა მოიძიონ. მათ რომ უთხრა ჯანის მოსაძიებლად ვარ ჩამოსული და ადესასთან ნუ მიმიყვანო, შეიძლება ჯანის გამოლევამდე გცემონ ეს რა აკადრე ადესასო.


ჰო, ადესა გურულებს , რატომღაც, განსაკუთრებით უყვართ :)


Thank you very much for the perfectly done article just about this good post. But to see the best writing services some students should get know just about buy paper.


როგორ ამოვბეჭდო? აქვს "პრინტერფრენდლი" ოფცია ვებს?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული