Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზოგიერთი ქართული ვაზის ჯიშის დასახელებისა და წარმომავლობის შესახებ

მოკლე მიმოხილვა
გიორგი ბარისაშვილი
საქართველო ადგილობრივი, ქართული ვაზის ჯიშების სიმრავლისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ალბათ არ არსებობს ისეთი მცირემიწიანი ქვეყანა, სადაც იმდენი ადგილობრივი სასუფრე თუ საღვინე ვაზის ჯიშია თავმოყრილი, რამდენიც აქ. ჩვენამდე, ქართველი სპეციალისტების მიერ 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიშის მეტ-ნაკლებად გამოკვლეულმა ცნობამ მოაღწია. სავარაუდოა, რომ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, ქართულ ვაზის ჯიშთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.  
  საქართველოსთანა მცირემიწიანი ქვეყნისათვის 5 ვაზის ჯიში სრულიად საკმარისი იქნებოდა ღვინის წარმოებისათვის, მაგრამ რეალობა სხვა სახისაა. ჩვენში, ძალიან ბევრ სოფელს თავისი საკუთრი ვაზის ჯიში ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, ქართულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში არაერთია ამა თუ იმ სოფლის სახელით სახელდებული. ასე მაგალითად: არაგვისპირული, წირქვალის თეთრი, ასურეთული შავი, ასპინძურა, როკეთულა, არგვეთულა, საირმული, ხოტეურა, სეურა, ანანურა, ვერტყვიჭალის თეთრი, იყალთოს წითელი, ბზვანურა და სხვა. ზოგიერთ შემთხვევაში ქართული ვაზის ჯიშები ადამიანის გვარსახელებითაა სახელდებული: ტაგიძურა, სამადაშვილისეული, მგალობლიშვილი, მამუკას საფერე, ანდრიასეული, პაატასეული, წულიკიძის თეთრა, ალექსანდროული, ბეჟანაური, ჭეიშვილი...; ზოგჯერ, ამა თუ იმ ვაზის ჯიშის სახელით გადმოცემულია, მაგალითად ყურძნის მტევნის შეფერილობა: ღრუბელა, ასურეთული შავი, გორული მწვანე, ვაზისუბნის თეთრი, ვარდისფერა, მტრედისფერა, წითელოური, წითლანი და სხვა...; ასევე მარცვლისა და მტევნის ფორმა: თავკვერი, წვრილმარცვალა თეთრი, მსხვილკუმფხალა, მსხვილთვალა შავი, მტევანდიდი, მხარგრძელი, გრძელმტევანა, დიდმტევანა...; ყურძნის დანიშნულება: სამაჭრია, სამაჭრო, ძველი სამაჭრე, საღვინე წითელი, ღვინის თეთრი, სუფრის თეთრი...; ყურძნის სიმწიფის პერიოდი: ჟღია საგვიანო, ადრეული, სამარიობო, მარნეულის ადრეულა, საადრეო თეთრი...; ვაზის გავრცელების რეგიონი: კლარჯული, მწვანე კახური, მცვივანი კახური, მცვივანი გურული, მცვივანი იმერული, ღრუბელა იმერული, ღრუბელა კახური, ღრუბელა ქართლის, შავშურა, ჯავახეთურა...; ვაზის ფორმირების ტიპი: მაღლარი... და სხვა. მაგრამ გვხვდება, ასევე ერთი და იგივე ვაზის ჯიშები, რომლებიც სხვადასხვა, ან სულაც ერთსა და იმავე რეგიონში განსხვავებული სახელებითაა ცნობილი. მაგალითად ვაზის ჯიში „ქვიშხური“ ზემოიმერეთის სოფლებში ქართლის რეგიონიდან შესული ჯიშია, რომელიც, სინამდვილეში წარმოადგენს ქართლის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშს – „გორულ მწვანეს“. (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი „მევენახეობის სახელმძღვანელო“ თბილისი1939 – ის მიხედვით აღნიშნული ჯიში მოხსენიებულია „გორულა მწვანეს“ სახელით). ჯიში „გორული მწვანე“ ცნობილია ასევე „სურამულასა“ და „თეთრფოთოლას“ სინონიმებითაც. ეს ჯიში რაჭაშიც გვხვდება, სადაც იგი „თბილურის“, „სადმელურისა“ და „სადმელური მწვანის“ სახელებითაა ცნობილი. ამ უკნასკნელზე მცირედ ცნობას ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც (ქეგლი) ვხვდებით, სადაც ვკითხულობთ: სადმელური მწვანე - ყურძნის ჯიში; აქვს შეკრული მტევანი და მაგარი თეთრი მარცვლები. როგორც ვხედავთ, განმარტებაში ვაზის ჯიშის მაგივრად ყურძნის ჯიშია ნახსენები; ყურძნის მარცვლის შეფერილობა არასწორადაა გადმოცემული; არც ამ ჯიშის მტევნის სიკუმსეა მართებული; ხოლო ვაზის სადაურობაზე განმარტებაში საერთოდ არაა თქმული... იმედი ვიქონიოთ, რომ ქეგლის ახალ გამოცემაში მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგიის სრულყოფილ, და რაც მთავარია, მართებულ განმარტებებს ამოვიკითხავთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯერხნობით გამოცემული ორი ახალი ტომი ვერაფერი იმედია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულ პირთათვის. ვაზის ჯიშების შესახებ ვხვდებით ისეთ შეცდომებს, როგორიცაა მაგალითად: ასურეთული - ვაზის ჯიში ერთგვარი. სალექსიკონო სტატიაში აღნიშნული ვაზის ჯიშის, მაგალითად ამგვარი სახით განმარტება უფრო მართებული იქნებოდა: ასურეთული შავი - ქართლის წითელყურძნიანი, საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიში.  სტატიაში მოცემული განმარტება – „ვაზის ჯიში ერთგვარი“ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა, არც ყურძნის შეფერვაზე, არც მის სადაურობაზე და სხვ. ვაზის ჯიშის – „ასურეთული შავის“ შესახებ ჩვენ ამომწურავი ცნობები მოგვეპოვება და ასეთი მწირი და ამასთან არაფრისმთქმელი განმარტება, როგორც ეს ქეგლშია, ვერაფერი პასუხია ამ ჯიშით დაინტერესებული პირისათვის. შესაძლოა არსებობდეს ისეთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ვაზის ჯიშის დასახელება ცნობილია, ხოლო მისი აღწერა არ მოგვეპოვება, მაგრამ ლექსიკონში მოცემული სტატია იმ იშვიათ შემთხვევას ნამდვილად არ წარმოადგენს... ერთ–ერთ შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ: ბუდეშური – ჩვენში გვრცელებული ადრეულა ვაზის ჯიში, მოგრძომარცვლიანი; ყურძენი ტკბილია, მკრთალი მწვანე ფერისა. (ამ შემთხვევაში აღნიშნული ჯიშის ერთ–ერთი სწორი განმარტება იქნებოდა, მაგალითად: ბუდეშური – ქართლის თეთრყურძნიანი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში). ასევე ვკითხულობთ: ბროლა - გამჭვირვალე მარცვლებიანი თეთრი ყურძნის ჯიში. (ერთ–ერთი მართებული განმარტება: ბროლა – აჭარის თეთრყურძნიანი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში); ან: ალადასტური – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის სახეობა, შავყურძნიანი საგვიანო ჯიში. (ერთ–ერთი მართებული განმარტება: ალადასტური – გურიის წითელყურძნიანი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში). ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას ჯიშებზე: ბათომურა, ბუზა, ალეში თეთრი, ახალაკი და სხვები, მათ შესახებ ქეგლის ახალ გამოცემაში არავითრი ცნობა არ მოგვეპოვება... ქეგლის სახით ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ლექსიკონთან, რომელშიც ყველაზე უწინ უნდა იქნეს გამორიცხული ხარვეზები, რომლებსაც სამწუხაროდ არაერთ ადგილას ვხვდებით მის ძველსა თუ ახალ გამოცემებში. სასურველი იქნება, თუ ქეგლის რედკოლეგია გაითვალისწინებს მოყვანილ მაგალითებს. ჩვენში მევენახეობა–მეღვინეობის არაერთი ბრწყინვალე სპეციალისტია და ლექსიკონის მესვეურებმა რჩევა–დარიგება სწორედ მათგან უნდა აიღონ! ერთია კერძო, სამოყვარულო დონის გამოცემა, ხოლო მეორეა სახელმწიფო მნიშვნელობის ლექსიკონი, სადაც ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების შესახებ ერთიან სისტემაში უნდა იქნას მოყვანილი და მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ისეთი განმარტება, როგორიცაა, მაგალითად: ასურეთული – ვაზის ჯიში ერთგვარი. და ეს მაშინ, როდესაც აღწერილობა აღნიშნულ ვაზის ჯიშზე უკვე გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან არსებობს (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი. მევენახეობის სახელმძღვანელო, ამპელოგრაფია. წიგნი მეორე. თბილისი 1939წ).
  ქართლშივე გვხვდება ვაზის ჯიში „საბატონო“, რომელიც წარმოადგენს ქართლის თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშის – „გორულას“ სინონიმს. იგივე „გორულა“, ცნობილია ასევე „გლდანურას“ სინონიმითაც, მაგრამ „საბატონოსა“ და „გლდანურას“ მართებული სახელწოდება, ესაა „გორულა“, რადგან იგი ამ უკანასკნელი ჯიშის თავდაპირველი სახელდებაა. თუმცა ამა თუ იმ ჯიშის სინონიმებით მოხსენიება, რა თქმა უნდა არავითარ დარღვევას არ წარმოადგენს. ქართლის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჩინური“ კასპის რაიონში ცნობილია „კასპურის“ ან „კასპური თეთრის“ სინონიმებით. უნდა ითქვას, რომ ასეთი მაგალითების მოყვანა არაერთისა შეიძლება. ამიტომაც, ქართულ ვაზის ჯიშთა კვლევაძიება შემდგომი, და თანაც ხანგრძლივი მუშაობის საგანს წარმოადგენს. ზოგიერთი ვაზის ჯიშის დარაიონება ჯერ კიდევ საბოლოოდაა გასარკვევი და დასაზუსტებელი. ასევე დიდად საინტერესოა ვაზის კლონების საკითხი. ამ შემთხვევაში თავიანთი მოსაზრება საქართველოს ამპელოგრაფებმა, სელექციონერებმა, ენათმეცნიერებმა და პროფესიონალმა მევენახეებმა თუ მეღვინეებმა უნდა გამოთქვან. კარგი იქნება, თუ ჩამოთვლილ პროფესიონალთა მიერ გამოიცემა პოპულარულ ენაზე დაწერილი რაიმე ჟურნალი, რომელსაც პერიოდული ხასიათი ექნება, სადაც საქართველოს მოსახლეობა გაეცნობა მევენახეობა–მეღვინეობის სფეროს აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად: ვენახის გაშენება; ვაზის წამლობის საკითხები; ქართული ვაზის სასუფრე და საღვინე ჯიშების ცალკეული აღწერა; სასუფრე ჯიშების მოსავლის მოწევა და შენახვა; მევენახეობის ნიადაგები და მიკროზონები; ვენახის აგროტექნიკა; ვაზის მავნებელ-დაავადებები; სიახლეები მსოფლიო მევენახეობაში და სხვა მრავალი მეტ–ნაკლებად საინტერესო საკითხი. საბედნიეროდ ჩვენ არაერთი ძველი წყარო გაგვაჩნია ამა თუ იმ ვაზის ჯიშის სახელდებასთან დაკავშირებით, რომელ წყაროებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია გაირკვეს ვაზის ჯიშებისა და მათი სინონიმების საკითხები. ქართული ვაზის ჯიშები ჩვენი საერთო სიმდიდრე და საუნჯეა და მათი სახელდებაც სწორედ ჩვენივე საქმეა, მაგრამ თუკი არსებობს ესა თუ ის, უკვე სახელდებული, ჩამოყალიბებული და აღწერილი ვაზის ჯიში, მაშინ მისი ახალი სახელით „გადანათვლა“ ისე, რომ მისი მართალი სახელი უგულებელყოფილი იყოს, ვფიქრობთ, რომ არაა მართებული. ამით იმის თქმა სულაც არ გვინდა, რომ იგივე „გორული მწვანის“ სინონიმით მოხსენიება შეცდომაა და მცდარია, არამედ ის, რომ არ მოხდეს გაორება და ჩვენ ხელოვნურად არ შევქმნათ ახალი, დამოუკიდებელი ჯიში. რადგანაც ვაზის ჯიშმა, როდესაც იგი სხვა, განსხვავებული კლიმატის რეგიონში მოხვდება, შესაძლოა სრულიად განსხვავებული, არატიპური ღვინო მოგვცეს. ამას ემატება განსხვავებული სახელიც და სახეზეა უკვე „ახალი ჯიში“... ასეთი ფაქტები არაერთჯერ მომხდარა ჩვენში. არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, როდესაც საკუთარ ადგილს მოწყვეტილი ვაზის მოსავლის ღვინო იმგვარად შეიცვალა, რომ მისი „ორიგინალთან“ შედარების დროს, დაჭაშნიკებისას სახეზე იყო ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პროდუქტი და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ერთსა და იმავე ადგილასაც კი, ერთი და იგივე ვაზის ჯიში, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სრულიად განსხვავებულ პროდუქტს იძლევა და როგორ მოვიქცეთ, გადავარქვათ სახელები ყოველ ასეთ ჯიშს? 
  ოდნავ ვრცლად შევეხოთ წითელყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშ – „ამლახუს“ სახელწოდებასა და წარმომავლობას, რომელი ჯიშიც წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან და შესულია ქართულ ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. „ამლახუს“ სახელისა და წარმომავლობის შესახებ, როგორც წრასულში, ისე ამჟამადაც განსხვავებული აზრი იყო და არის გავრცელებული. აღნიშნული ვაზის ჯიშის აღწერაში („საქართველოს ამპელოგრაფია“, თბილისი 1960.) ვკითხულობთ: „ამლახუ წითელყურძნიანი, მცირედგავრცელებული აფხაზური ვაზის ჯიშია, რომლის ყურძნიდან მიიღება მაღალხარისხოვანი მოოქროსფრო-ვარდისფერი, ცქრიალა სუფრის ღვინო. ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში ამლახუ ცნობილია: ანკიკ, აჩკირ, აგრეთვე შეცდომით – ამლახუჟის სახელწოდებითაც.“ მისი ყვავილი ფუნქციურად მდედრობითი სქესისაა. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ასევე აფხაზური ვაზის ჯიში – „წითელი ამლახუც“). როგორც ითქვა, ამლახუს წარმომავლობაზე არსებობდა აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა, რამაც დღევანდელ დღემდე მოაღწია. ვფიქრობთ, რომ საინტერესოა ეთნოგრაფ თედო სახოკიას აფხაზეთში მოგზაურობის დროს, ჯიშ ამლახუზე მოპოვებული ერთი ცნობა. მასალები ამ მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ – „ცნობის ფურცელში“ 1903 და 1904 წლებში. ხოლო იგივე მასალები ცალკე წიგნადაცაა გამოცემული: „თედო სახოკია. მოგზაურობანი გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი“, (ბათუმი 1985). თვალი გადავავლოთ ამონარიდს ხსენებული წიგნიდან (გვ. 400): „ხეხილის გარდა განთქმულია აფხაზეთის ვენახები და აფხაზური ღვინო . თავისებური და საამო საყურებელია აქაური ვენახები: გზის ორივე ნაპირას ჩარიგებულია უსისტემოდ ხურმისა და თხმელის ხეებზე გადახვეული ვაზები! ამ ორი ჯიშის ხეს აქეთკენ სავაზედ ყველგან უპირატესობა აქვს, რადგან ფოთლები წვრილი აქვთ, მზის სხივები ადვილად ატანს შიგ და ჩქარა ამწიფებს ყურძნის მტევნებს. აქ ზოგიერთი სოფელი მარტო ყურძნის მოსავლითა ცხოვრობს. ასეთებია: აჭანდარა, დურუპში, აბგარა, აცი, ლიხინი, ოთჰარა, ბარმიში, კალდასხვარა, ბღაბურხვა და სხვ. ეს სოფლები ღვინის ბაღდადებად ითვლება აქეთკენ. საუკეთესო ღვინო დგება ამლახუს ჯიშის ვაზისაგან, რომელიც, როგორც აქაურები ამბობენ, მთავარს ქართლიდან, ამილახვრის მამულიდან მოუტანინებია. ღვინო ძვირფასი უდგება ამ ვაზს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ნაცარმა სრულიად გააფუჭა და ამჟამად ძალიან მცირე მოსავალს იძლევა. არის კიდევ სხვა ჯიშის ყურძენი, მაგ., აღბიში (აღბიჟი, გ.ბ.), რომლისგანაც ამლახუზე უკეთესი ღვინო დგება, მაგრამ თითქმის მოსპობილია. უფრო გავრცელებული ჯიშის ყურძნებია: კაჭიჭი, აპაპყვაჯა, ავასირხვა, აჩქიქი, აჯიჰვატა...“
როგორც ამ ამონარიდიდან ჩანს, ავტორს, ამლახუს შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული აზრი ჩაუწერია. ვაზის ჯიშის სახელი „ამლახუ“, მართლაც ჩამოჰგავს  სიტყვა – „ამილახვარს“...
  აღნიშნული ჯიშის შესახებ უმთავრეს ცნობებს ვკითხულობთ წიგნში - საქართველოს ამპელოგრაფია, (თბილისი 1960). „ჯიშის სახელწოდების „ამლახეს“ წარმოშობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად ხსნის. კ. მაჭავარიანს ალბათ სიტყვათა მსგავსების გამო, ამლახუ ამილახვრებისაგან წამოღებულად მიაჩნია. ეს მოსაზრება არ ეთანხმება სინამდვილეს, რადგან ამილახვრების ზვრები ძირითადად ქართლში იყო, ხოლო ისეთი საგვიანო ჯიში, როგორიცაა ამლახუ, ქართლის პირობებში (ქსნის ხეობა, სოფელი ქვემოჭალის მიდამოები. გ.ბ.) ვერ დამწიფდებოდა და მაშასადამე, გავრცელებულიც არ იქნებოდა. უფრო გარკვეული პასუხი ჯიშის წარმოშობის შესახებ შეიძლება მოგვცეს სახელწოდების ენობრივმა ანალიზმა. სახელწოდება „ამლახუ“ აკად. ს. ჯანაშიას სიტყვიერი განმარტებით, აფხაზური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „მშიერის კერძს...“ იმისათვის, რომ ნათელი გახდეს ჯიშის წარმომავლობის საკითხი, გადავხედოთ ამლახუს აგრობიოლოგიურ დახასიათებას (საქართველოს ამპელოგრაფია, თბილისი 1960. გვ. 104 - 105), საიდანაც ირკვევა, რომ ამლახუს სავეგეტაციო პერიოდი ხანგრძლივია და იგი გვიან მწიფდება. აფხაზეთში ძველად ამლახუს მოსავალს ნოემბერ-დეკემბერშიც კი კრეფდნენ. ითვლება, რომ ამლახუს ჯიშის ვაზი სიმწიფის IV (საგვიანო) პერიოდს მიეკუთვნება. ეს კი, ვიზუალურად ყველაზე კარგად ამპელოგრაფიულ კოლექციებშია თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც ქართლის წითელყურძნიან ვაზის ჯიშთა უმეტესობა ფიზიოლოგიურ სიმწიფეშია, ამლახუს მტევნები ამ დროს მხოლოდ შეთვალებულია, ყოველ შემთხვევაში სრული სიმწიფის პერიოდამდე საკმაოდ შორსაა, ხოლო ზოგიერთი აფხაზური ვაზის ჯიში კი „ისრიმის“ ფაზაშია და ჯერ შეთვალება არც კი აქვს დაწყებული... ამასვე ადასტურებს პროფ. ს. ჩოლოყაშვილი თავის წიგნში „მევენახეობის სახელმძღვანელო“ (თბილისი 1939წ), სადაც ვკითხულობთ: „ყურძენი მწიფდება ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. საშუალო მოსავალს იძლევა. ძველად ამლახუს რთველი ნოემბერ–დეკემბერში, ზოგჯერ თოვლის შემდეგ იყო ხოლმე“. უნდა ითქვას, რომ არაერთი აფხაზური ვაზის ჯიში ხასიათდება სიმწიფის სწორედ იმავე პერიოდით, როგორითაც ამლახუ. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს გარემოება ჰფენს ნათელს მის წარმომავლობას, მაგრამ მოვიშველიებთ კიდევ ერთ მაგალითსაც, და კერძოდ, ამლახუს ვაზის ფოთლის შებუსვას. როგორც ცნობილია, კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან, ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ნიშნითაა გამორჩეული, ანუ მათი ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია, ზოგი ძლიერად, ქეჩისებურად და ზოგი შედარებით ნაკლებად. მაგალითად აჭარა–გურია–სამეგრელოს 62 ვაზის ჯიშიდან ორი-სამია ისეთი, რომელთა ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, დანარჩენები ან ოდნავაა შებუსული, ან საშუალო ქეჩისებურად ან ძლიერი ქეჩისებური ბუსუსითაა შემოსილი. ზოგადად ქართულ ვაზის ჯიშებს შორის გვხვდება შებუსვილფოთლიანი, შიშველფოთლიანი და ჯაგრისებური თუ ქეჩისებური ბუსუსით შემოსილი ფოთლები. რა თქმა უნდა შებუსულფოთლიანი, მათ შორის ძლიერი შებუსვის ფოთლის მქონე ჯიშები აღმოსავლეთშიც, და კონკრეტულად ქართლშიც გვხვდება და თანაც არაერთი, მაგრამ ფოთლის შებუსვა, და უმეტეს შემთხვევაში ძლიერი, ქეჩისებური შებუსვა, უპირველესად დასავლურ, ჭარბტენიან პირობებში მყოფ ვაზის ჯიშებს ახასიათებს. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ჭარბტენიან პირობებში, რაც უპირატესად შავიზღვისპირა ზოლისთვისაა დამახასიათებელი, ძლიერ შებუსულფოთლიანი ვაზი ადვილად ეგუება ადგილობრივ კლიმატურ პირობებს. 
  ასევე საინტერესოა ჟურნალ „кавказское сельское хозяйство“ (1894წ., № 8)-ში მოცემული ცნობა ვაზის ჯიშ ამლახუს შესახებ: „ოდესღაც სამეგრელოსა და აფხაზეთის ღვინოები ამიერკავკასიის საუკეთესო ღვინოების სწორად ითვლებოდნენ, მათ შორის მეგრული ოჯალეში და აფხაზური ამლახუ არაჩვეულებრივ ღვინოდ იყო მიჩნეული“... ამონარიდის თავში ნახსენები სიტყვა „ოდესღაც“, სწორედ იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ აღნიშნული ორი ჯიში თავ-თავიანთ მხარეებში ისტორიულად იყო კულტივირებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამრიგად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამლახუ კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერის, კონკრეტულად კი აფხაზეთის ვაზის ჯიშთა სორტიმენტში შესულ, მცირედ გავრცელებულ წითელყურძნიან საღვინე ჯიშს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც სიმწიფის IV პერიოდით ხასიათდება. აქედან გამომდინარე მისი, როგორც ქართლის ვაზის ჯიშად განხილვა არ უნდა იყოს მართებული. მითუმეტეს, რომ მისი, არათუ იდენტური, არამედ მსგავსი ვაზის ჯიში, ქართლის ვაზის ჯიშთა სორტიმენტში არ მოგვეპოვება. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.