Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ იწვებოდა ვენახი

ვინ არიან ძველი და ახალი მაოხრებლები

ლევან სეფისკვერაძე

გადამწვარი ვენახები სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის თანმდევი უბედურებაა. ჩვენს ქვეყანაში ვენახებს ცეცხლს ყველა ეპოქაში უკიდებდნენ, თუმცა ამის მიზეზი განსხვავებული იყო. ვენახს წვავდა მომხვდური მტერიცა და შურიანი მეზობელიც, უბედური შემთხვევაცა და მევენახეთა დაუკვირვებლობაც. შეუძლებელია ზუსტად დადგენა, თუ რამდენი ჰექტარი ქართული ვაზი გახვეულა ცეცხლის ალში, თუმცა არქეოლოიური გათხრების დროს აღმოჩენილი დანახშირებული ვაზის ნაშთებიც მოწმობს იმაზე, რომ საქართველოში ვაზს ყოველთვის ემტერებოდნენ.

მაოხრებლები ძველად

ისტორიამ შემოგვინახა მტრის მიერ ქართული ვაზის გადაწვის ყველაზე საშინელი ფაქტები, რომელთაგან, 1616 წელს მომხდარი ტრაგედია უნდა გამოვყოთ. ამ პერიოდში ირანის მიერ დაპყრობილი ქართლ-კახეთის მოსახლეობა ჯერ ისევ აგრძელებდა მასობრივ აჯანყებებს, რაც სპარსელებს დიდ ზარალს აყენებდა. სწორედ ამიტომ, ირანის შაჰმა, აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდა, იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა.

შაჰის ბრძანებით, მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლებსა და ვენახებს სპარსეთის არმიის მებრძოლები შეესივნენ და თითქმის პირწმინადად გაანადგურეს. როგორც იმ პერიოდის სპარსელი ისტორიკოსი აღწერს, მთელი კახეთი იმ დროს ვენახებით იყო დაფარული, ამ აოხრების შემდეგ კი, კახეთში ვაზი იშვიათობად იქცა. ირანელები ვენახების გარშემო თივის ზვინებს აწყობდნენ და ცეხლს უკიდებდნენ. ცეცხლი არამხოლოდ ვენახებს, ხშირად მთელს სოფლებს ანადგურებდა და ამის გამო, კახეთის ომს გადარჩენილი მოსახლეობა იძულებული გახდა, რომ თავი მთებისთვის შეეფარებინა.

საბოლოო ჯამში, დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. ამ საზარელი ისტორიის შემდეგ, კახელებმა ვენახების გაშენება მაინც დაიწყეს, თუმცა კახეთის ნახევარი მტრის აოხრების შემდეგ, დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში კვლავ გაუდაბურებული იყო.

ქართულ ვენახებს სპარსელების მსგავსად თურქი დამპყრობლებიც ერჩოდნენ. ცნობილი ამბავია, რომ თურქები გურიასა და განსაკუთრებით აჭარაში, ვენახებს გამიზნულად ანადგურებდნენ. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც აჭარა თურქეთის მიერ იყო დაპყრობილი, ქართველებს ვენახებს საკუთარი ხელით ათხრევინებდნენ. ცნობილია ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც თურქი იანიჩრები ხრესილის ომის წინ, იმერეთში ერთ-ერთ სოფელში დაბანაკდნენ და იმერული ყურძენი ისე მოეწონათ, იქაურობის გადაწვა თურმე გადაიფიქრეს კიდეც. 1757 წელს მომხდარ ხრესილის ომში კი, იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა თურქებს ისეთი მწარე მარცხი აგემა, საეჭვოა ცოცხლად გადარჩენილ ოსმალებს იმერული ყურძნის გემო შემდეგში კარგად გახსენებოდათ.

დამპყრობელმა ქართული ვენახები გამიზნულად ბოლოს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში გაანადგურა. რუსეთ-საქართველოს ომის ბოლო ფაზაში, როდესაც ქართული ჯარი სამაჩალობდან უკან იხევდა, რეგიონში შემოსულმა რუსმა ჯარისკაცებმა დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები: ქურთა, თამარაშენი, კეხვი, ქემერტი და სხვა... ბოლომდე გაანადგურეს. მტერმა ასევე გამიზნულად გაანადგურა ვენახები და ხილის ბაღებიც. თვითმხილველები ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები სამხედრო მანქანების ავზებიდან საწვავს იღებდნენ, ვენახებს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში (რომელიც ასევე პირწმინადად არის დანგრეული) მცხოვრები მევლუდ ქრისტესიაშვილი თქმით, იმის დროს სოფლიდან წამოსვლის დროს, მთაზე შემდგარს საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ იწვოდა მისი სახლი და ვენახი. მევლუდს ახალი, სამი წლის გაშენებული ვენახი ჰქონდა და 2008 წელს გორული მწვანის განსაკუთრებით დიდ მოსავალს ელოდა.

თანამედროვე მაოხრებლები

ქართულ ვენახებს მტერი ყოველთვის ანადგურებდა, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს ამ საქმეს ჩვენი დაუკვირვებელი თანამემამულეებიც აგრძელებენ. ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ მევენახეს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ვენახების დაწვის შემთხვევები. ცეცხლს როგორც წესი ის მევენახეები აჩენენ, რომლებსაც რთველის შემდეგ თვეებში ვენახის ბალახისაგან გაწმენდა ეზარებათ და ერთი შეხედვით ”მარტივ” გამოსავალს - გამხმარი ბალახისათვის ცეცხლის მოკიდებას მიმართავენ. ცეცხლის გაკონტროლება რასაკვირველია ძალიან რთულია და ხშირია შემთხვევები, როდესაც ასე უაზროდ გაჩენილ ხანძარს არამხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიჯრით მდებარე ვენახის განადგურება გამოუწვევია.

ორი წლის წინ, სოფელ ბაკურციხეში საკუთარი ვენახის სანახავად თბილისიდან ჩასული მევენახე და მეღვინე, ვაჟა დარჩიაშვილი საშინელი ფაქტის მხილველი გახდა. მისი ვენახის ერთი ნაწილი მთლიანად იყო დანახშირებული, დარჩენილი ვაზები კი სერიოზულად იყო დაზიანებული. ვაჟა დარჩიაშვილი ამბობს, რომ ბაკურციხის ვენახს განსაკუთრებული მონდომებით უვლიდა და მისთვის დიდი დარტყმა იყო ასე ნალოლიავები ვენახის გადაწვა. ბატონმა ვაჟამ ამის შემდეგ ყველაფერი იღონა. ვაზების გადარჩენილ ძირებზე სხვა ვაზიც დაამყნო, ჩაატარა ვენახის გამწმენდი სამუშაოებიც, მაგრამ ხანძრის შედეგები ბოლომდე რასაკვირველია მაინც ვერ აღმოფხვრა.

წელს დაუკვირვებელი მეზობლების მსხვერპლი სკულპტორი და მეღვინე, ნიკა ბახია აღმოჩნდა. ნიკას სოფელ ანაგაში დაახლოებით 6 ჰექტრამდე საფერავის ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული და თავის ”ბიო” ღვინოს ევროპაში ყიდის. ნიკა ბახიას მეზობელს როგორც ჩანს უკვე მოთიბული ბალახის გატანა დაეზარა და ცეცხლი მოუკიდა. ხანძარი ისე უცნაურად გავრცელდა, რომ ცეცხლის წამკიდებლის ვენახს არაფერი მოსვლია, ნიკა ბახიას ვენახიდან დაახლოებით 5 ჰექტარი კი დააზარალა. აქედან მესამედი შეიძლება აღდგენასაც კი არ დაექვემდებაროს. ნიკა ბახიას სიტყვით, მას არა აქვს იმედი, რომ მეზობელი საკუთარი დაუკვირვებლობის გამო მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. ამიტომ, გადამწვარი ვენახის აღდგენა საკუთარი ძალებით მოუწევს. ნიკა ბახია იმასაც ამბობს, რომ სოფელ ანაგაში ვენახების გადაწვის შემთხვევები ისეა გახშირებული, რომ წელიწადში ერთი ან ორი ვენახის გადაწვა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება და ეს ბევრს აღარც კი უკვირს...

გამოსავლი არ ჩანს...

რამდენიმე წლის წინ, სამ ჰექტრამდე ვენახი, ღვინის კლუბის წევრს,  მეღვინე სოლიკო ცაიშვილსაც დაუწვეს. სოლიკოს ვენახები გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში აქვს და იმის გამო, რომ ვენახებს შორის მანძილი სოლიდურია, მას და მის პარტრონებს ვენახების შემოვლის დროს ხშირად დიდი დროის დაკარგვა უწევთ. ამის გამო, სოლიკო ცაიშვილმა პრაქტიკულად ვერაფერი მოიმოქმედა, როდესაც მის ვენახს ცეცხლი ეკიდა. მოგვიანებით მხოლოდ გადამწვარი და განადგურებული ვენახის განახლება შეძლო, ვენახის დაწვაში დამნაშავეების გამოვლენა კი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა.

როგორც უკვე აღწერილი შემთხვევებიდან ჩანს, ვენახებს ძირითადად ორ შემთხვევაში უჩნდება ხანძარი და ორივე ეს შემთხვევა დაუკვირებლობითაა გამოწვეული. პირველი მაშინ, როდესაც ადამიანს ვენახში არსებული ბალახის გაწმენდა ეზარება და ვენახშივე ანთებს ცეცხლს ბალახის ”მარტივად შეტრუსვის” იმედად. სხვათა შორის, ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ ეს მეთოდი ვენახს ანოყივრებს. მაშინ როდესაც, ცნობილია ”ბიო” მევენახეობის პრინციპები, რაც იმას გულისხმობს, რომ ვენახში უნდა დარჩეს ყველაფერი ის, რაც ”ვენახს ეკუთვნის”.

სხვა შემთხვევაში, გლეხები ბალახს კი თიბავენ, მაგრამ ვენახიდან მოშორებით წაღებას, გათიბულის იქვე დაწვას ამჯობინებენ და ბევრს არაფრად უღირს ის, რომ მათი დაუკვირვებლობით სხვა, უდანაშაულო მევენახეები შეიძლება დაზარალდნენ. არსებობს კიდევ ერთი - შურიანი ხალხის ფაქტორი. საუბარია შურიან მეზობლებზე, რომელსაც წარმატებული მეზობლის მშვენიერი ვენახი თვალში არ მოსდით. F

ფაქტი ისაა, რომ ბოლო წლებში ვენახების გადაწვის შემთხვევები მართლაც ძალიან მომრავლდა და აქედან გამოსავალი არ ჩანს. დაზარალებული მევენახეები ამბობენ, რომ მათი ვენახის გადამწველების მიმართ არანაირი ზომები არ მიღებულა, რადგან ამას აზრი არცა აქვს. თუკი ხანძრის გამჩენ მეზობელს დაიჭერენ, ეს ვენახს ვერ განაახლებს, რიგით გლეხებს კი მათი დაუკვირვებლობის გამო დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ.

ასეთ დროს, კიდევ ერთხელ მივდივართ ვენახების დაზღვევის აუცილებლობამდე. ერთი პერიოდი რამდენიმე ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო ვენახების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან (ხანძარი, წყალდიდობა, ქურდობა, სეტყვა და სხვა...) დაზღვევა. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ომის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებმა ვენახების დაზღვევა სამომავლოდ გადადეს. დღეს ვენახები ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან პრივატული შეთანხმებების საფუძველზე, როგორც წესი დიდ კომპანიებს აქვთ დაზღვეული, რადგან საამისო ფინანსური შესაძლებლობა სწორედ მათ გააჩნიათ. შედარებით მცირე შესაძლებლობების მევენახეები კი იძულებულები არიან, იმის იმედად იყვნენ, რომ მათ მეზობელს ვენახიდან ბალახის გატანა არ დაეზარება და ცეცხლს არ ააბურბურებს. სამწუხარო ისაა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალიც არ ჩანს... 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული