Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა-მევენახეობა რაჭაში

გიორგი ბარისაშვილი

ამჯერად გვინდა, შემოგთავაზოთ რაჭის ვაზის ჯიშების მოკლე აღწერა. როგორც სხვა რეგიონების აღწერისას, ისე ამ შემთხვევაშიც შევეხებით საქართველოს ამ კუთხის ვაზის ჯიშების იმ მოკლე აღწერილობებს, სადაც განვიხილავთ ვაზის ჯიშების გავრცელებას, შეფერილობას, დანიშნულებასა თუ სხვა რომელიმე დეტალს. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ჩვენ მოგვეპოვება 1974 წელს ბატონი ლევან ფრუიძის მიერ გამოცემული უნიკალური შინაარსის წიგნი. ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით გამოცემული ეს ნაშრომი ძირეულად მიმოიხილავს რაჭის სავენახე ნიადაგებს, ვაზისა და ღვინის კულტურას, ვაზის ჯიშებს, ტრადიციებს, მარნისა და ვენახის იარაღ-ინვენტარს, კულინარიასა და სხვ.

ნაშრომი უთუოდ უნდა ჩაითვალოს რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების ენციკლოპედიად.

კიდევ ერთი გამოცემა, რომელიც ეხება რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს, ესაა 1972 წელში ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის წიგნი – „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“, სადაც განხილულია ამ ორი რეგიონის ვაზის ჯიშები.

როგორც წინა, სხვა რეგიონების აღწერისას, ამჯერადაც ჩვენს ძირითად დასაყრდენ წყაროს ვაზის ჯიშების თვალსაზრისით წარმოადგენს წიგნი – „საქართველოს ამპელოგრაფია“, თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქციით). თვალი გადავავლოთ ვაზის ჯიშებს ხსენებული წიგნის მიხედვით:

ალექსანდროული (წითელი), ალექსანდროული თეთრი (თეთრი), ალეში თეთრი (ვარდისფერი), არაბეული თეთრი (თ), არაბეული შავი (წ), ბახვა (წ), ბეგლარის ყურძენი (თ), ბერბეშო (წ), ბეროულა (თ), ბუტკუა (თ), გაბაშა (რაჭ-ლეჩ) (თ), გამოყვანილი (რაჭ-ლეჩ) (წ), დაქცეული (რაჭ-ლეჩ) (წ), თავწითელი (რაჭ-ლეჩ) (თ), თბილური (რაჭ-ლეჩ) (თ), თეთრა ლაბილაძის (რაჭ-ლეჩ) (თ), თვალდამწვრისეული (რაჭ-ლეჩ) (თ), თითა რაჭული (თ), თოვანი (რაჭ-ლეჩ) (თ), თუთაში (რაჭ-ლეჩ) (თ), თქვაფუნა (რაჭ-ლეჩ) (თ), თხმორული (რაჭ-ლეჩ) (თ), კირწმაგარა (წ), კორტნულა (რაჭ-ლეჩ) (წ), კუდურაული (რაჭ-ლეჩ) (თ), მეგრელაური (თ), მეკრენჩხულა (რაჭ-ლეჩ) (თ), მოქათური (რაჭ-ლეჩ) (წ), მსხვილთვალა შავი (მდედრობითი) (რაჭ-ლეჩ) (წ), მუჯურეთული (რაჭ-ლეჩ) (წ), მცვივანი რაჭული (მდედრობითი) (რაჭ-ლეჩ) (წ), მწვანე რაჭული (თ), ნაკუთვნეული (წ), ნაცარა (წ), ნოშრიო (რაჭ-ლეჩ) (წ), ორბელური (რაჭ-ლეჩხ) (წ), ურიშულა (რაჭ-ლეჩ) (ვარდისფერი), უსახელოური (რაჭ-ლეჩ) (წ), უსახელოური ვარდისფერი (რაჭ-ლეჩ) (ვარდისფერი), უწყვეტი (რაჭ-ლეჩ) (თ), ფაჩხატა (რაჭ-ლეჩ) (წ), ფეროვანი (რაჭ-ლეჩ) (წ), ფერუანი (რაჭ-ლეჩ) (წ), ფითრა (რაჭ-ლეჩ) (თ), ქაქტაური (რაჭ-ლეჩ) (თ), ღვანურა (რაჭ-ლეჩ) (წ), ყვირა (რაჭ-ლეჩ) (წ), ყორნისთვალა (რაჭ-ლეჩ) (წ), ძელშავი რაჭული (წ), ძველი ალექსანდროული (მდედრობითი) (რაჭ-ლეჩ) (წ), ძველი თეთრა (რაჭ-ლეჩ) (თ), წითელოური (რაჭ-ლეჩ) (წ), წმინდა თეთრი (რაჭ-ლეჩ) (თ), წულუკიძის თეთრა (თ), ხიხვი რაჭული (თ), ხოტეურა (მდედრობითი) (წ), ხოფათური (თ), ხროგი (წ).

ასერიგად, სახეზე გვაქვს 57 ვაზის ჯიში. ამ ჯიშებიდან 27 წითელყურძნიანია, 27 - თეთრყურძნიანი, ხოლო 3 - ვარდისფერყურძნიანი. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები 4 ჯიშს აქვს. ესენია: მსხვილთვალა შავი, მცვივანი რაჭული, ძველი ალექსანდროული და ხოტეურა. ჩამონათვალში ვაზის ჯიში სეურა (სევურა) მოხსენიებული არაა. გვხვდება რამდენიმე შეუსაბამობაც. ვაზის ჯიშთა წინამდებარე ნუსხაში შეტანილია, როგორც რაჭული, ისე ლეჩხუმის ჯიშებიც, რომელთა წარმოშობაში მითითებულია არა ერთი რომელიმე რეგიონი, არამედ ერთდროულად ორივე, რაჭა-ლეჩხუმი...

მაგალითად, ჯიში „ორბელური“ შესულია რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშთა ასორტიმენტში, არადა ორბელი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელია და შესაბამისად ხსენებული ჯიში ლეჩხუმის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს. ასევეა, მაგალითად, ლეჩხუმის ვაზის ჯიში უსახელოური (სინონიმია „ოყურეშული“). უსახელო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელია და ამ ჯიშის წარმოშობაც სწორედ ამ სოფელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამიტომ ჯიში არა რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ლეჩხუმის რეგიონის ვაზის ჯიშთა სორტიმენტშია შესატანი. გაურკვეველია ვაზის ჯიშის – სეურას (სევურა) საკითხიც. საინტერესოა, თუ რა ნიშნით ვერ მოხვდა ხსენებული ჯიში „საქართველოს ამპელოგრაფიაში“? ჯიში ჯერ კიდევ 1939 წელს, სოლომონ ჩოლოყაშვილის მიერ გამოცემულ „მევენახეობის სახელმძღვანელოშია“ აღწერილი. ცნობებს ამ ჯიშის შესახებ ვხვდებით ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის ზემოხსენებულ წიგნშიც. სოფელი სევა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აღნიშნული ჯიშის წარმომავლობაც აქედან უნდა იყოს. სეურასაგან მიიღება ვარდისფერი, ხალისიანი და სურნელოვანი ღვინო. ის კარგად ეგუება მაღლარად ფორმირებას.

რაც შეეხება ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის წიგნს – „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“ (თბილისი, 1972), მასში განხილულია რაჭა-ლეჩხუმის 49 ჯიში. ხოლო სოლომონ ჩოლოყაშვილის მიერ 1939 წელს გამოცემულ წიგნში - „მევენახეობის სახელმძღვანელო“ განხილული და აღწერილია რაჭა-ლეჩხუმის 39 ჯიში.

დღევანდელისაგან განსხვავებით, რაჭაში ვაზისა და ღვინის კულტურა განსაკუთრებით მაღალ დონეზე მდგარა, რასაც ასევე ვიგებთ ბატონი ლევან ფრუიძის წიგნიდან – მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში. თბილისი, 1974 წ. ამ ადგილის მეღვინეობის მაღალ კულტურაზე ისიც მეტყველებს, რომ ბევრ ოჯახს, ვინც კი მევენახეობა-მეღვინეობას მისდევდა, მარანში მინიმუმ ორი საწნახელი ჰქონდა. დღემდე გვხვდება ძველი მარნები, სადაც სამი და ოთხი საწნახელია შემონახული. ძველ სახლებში დღემდე ვხვდებით უძველეს საქაჯავებს, წბერებსაც. ბატონი ლევან ფრუიძის წიგნში აღწერილი ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საწნახელში ჩამსვლელი მამაკაცი გარკვეული დროით, რამდენიმე დღე მეუღლისგან განცალკევებით იძინებდა და ასერიგად „ნამარხულევი“ წურავდა ყურძენს... ეს ფაქტი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ხალხების საჩვენებელი თვალნათლივი მაგალითიცაა იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს ადამიანი...

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო თუ ზემო რაჭული დიალექტები მეტად მდიდარია ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიითაც.

რაჭაში ამჟამად წამყვანი ადგილი უკავია ადგილობრივ წითელყურძნიან საღვინე ჯიშს – ალექსანდროულს. ეს ფაქტი მეორე მხრივ განპირობებულია ამ ჯიშის ყურძნის უჩვეულოდ მაღალი ფასითაც. ცხადია, ეს უკანასკნელი გარემოება მნიშვნელოვანია, თუმცა რეგიონში სხვა საინტერესო ჯიშებიც მოგვეპოვება და თან არაერთიც, რომელთა გავრცელებაზე ადგილობრივებმა უნდა იზრუნონ. რეგიონში ჯერ-ჯერობით არ არასებობს საკოლექციო-ამპელოგრაფიული ნაკვეთი, საიდანაც მოსახლეობა შეიძენს რაჭულ ვაზის ჯიშებს.

ამჟამად რაჭაში მრავლად გვხვდება: კახური საფერავი და თავკვერი, რქაწითელი, ციცქა-ცოლიკოური, გორული მწვანე და სხვ. თუმცა, როგორც აღინიშნა უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ყოველ კუთხეში რეგიონისთვის დამახასიათებელი ჯიშები გავრცელდეს, რაც მეორე მხრივ, ღვინის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

მცხეთა, 2016 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული