Home
ქართული | English
ივნისი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

მულტიმედია

კომენტარები

კოოპერატიული მოძრაობა: მარცხი თუ ნათელი მომავალი?

მოამზადა ნანა კობაიძემ

ამ წერილში მოგიყვებით იმაზე, როგორ გაჩნდა ღვინის კოოპერატივები და რას წარმოადგენს ისინი დღეს. შემოგთავაზებთ ორი ექსპერტის – ბრიტანელი ტიმ ატკინისა და ამერიკელი მაიკ ვესეტის მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური კი თავისებურად უბედურიაო - წერს ტოლსტოი "ანა კარენინაში". ღვინის კოოპერატივების შემთხვევაში პირიქით ხდება: უბედურება ყველას საერთო აქვს, წარმატების მოპოვებას კი სხვადასხვა გზით ცდილობენ" - ამბობს ბრიტანელი ღვინის ექსპერტი ტიმ ატკინი. მისი აზრით, კოოპერაცია შესაძლოა პოლიტიკაში ამართლებდეს, მაგრამ ღვინის ბიზნესში მთლად მისაღები არ არის. "ის ჩრჩილისგან შეჭმულ, ძველმოდურ ტვიდის ქვედაკაბას ჰგავს, რომლის ჩაცმა არასოდეს მოგინდება. დღეს, როგორც არასდროს, სადავეები ინდივიდუალიზმის ხელშია."

და მაინც, ღვინის კოოპერატივები ღვინის სამყაროში ჯერ კიდევ დომინირებს, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც თავისებურ ფენომენს წარმოადგენს.

თავდაპირველად ტერმინის არსი განვმარტოთ: კოოპერატივი წარმოებაა, რომელსაც მისი წევრების გარკვეული რაოდენობა ფლობს და განკარგავს. ღვინის წარმოებისა და მარკეტინგის პროცესს ეს ადამიანები ერთობლივი რესურსებით წარმართავენ. კოოპერატივების ბუმი ევროპაში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და დაახლოებით 30 წელიწადს გასტანა. კოლექტიური ინვესტიციები, სამთავრობო სუბსიდიები და ხელმისაწვდომი კრედიტები ახალი შენობა-დანადგარების შეძენის, ასევე პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დაქირავების საშუალებას იძლეოდა. საქმიანობის ასეთი ფორმა განსაკუთრებით მომგებიანი იყო იქ, სადაც მომცრო ვენახები ჰქონდათ, ღვინო კი იაფად იყიდებოდა. ბუნებრივია, მეღვინე, რომელიც 1-2 ჰა ვენახს ფლობდა, დიდი რაოდენობით მაღალი სტანდარტის ღვინოს ვერ აწარმოებდა. ეს პრობლემა ნაწილობრივ კოოპერატივებმა გადაჭრა. იმ პერიოდში მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მასაზე გათვლილი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში.

თავის წიგნში Oxford Companion to Wine ჯენსის რობინსონი აღნიშნავს, რომ 1975 წლიდან საფრანგეთში წარმოებული ღვინის ნახევარზე მეტი კოოპერატივებზე (cave coopérative) მოდის, ხოლო მათი წევრების კუთვნილი მიწები ვენახების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს შეადგენს. დღესდღეობით საფრანგეთში 850 კოოპერატივია, რომელთა დიდი ნაწილი ლანგედოკში, რუსილიონში, რონის ველზე, პროვანსში, შამპანსა და კორსიკაზეა თავმოყრილი. რაც შეეხება გერმანიას, სამი მეღვინიდან ორი ადგილობრივი კოოპერატივის წევრია, მათი ვენახები კი ქვეყნის ვენახების 30%-ს შეადგენს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია cantina sociale იტალიაში. აქ ადგილობრივი პროდუქციის 60%-ზე მეტი იწარმოება. მსგავსი ვითარებაა ესპანეთშიც (cooperativa vinícola), სადაც მოსავლის 60%-ზე მეტს ღვინის 1000 კოოპერატივში აბარებენ. აქედან 10-15% ბოთლის ღვინოზე მოდის, დანარჩენი - ჩამოსასხმელი სახით იყიდება. მისი დიდი ნაწილისგან სპირტს და ბიოსაწვავს ამზადებენ.

ღვინის კოოპერატივები გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: კოოპერატიულ სექტორზე "მსოფლიო ღვინის ბოკალის" მეოთხედი მოდის და ეს ძირითადად ჩამოსასხმელი ღვინოა. მართალია, ბოლო დროს ევროკავშირის მიერ განხორციელებული ზოგიერთი რეფორმის შედეგად ეს ციფრი ცოტა შემცირდა, თუმცა თუ ღვინის ექსპერტებისა და კრიტიკოსების სუსტ ინტერესს გავითვალისწინებთ, მაინც შთამბეჭდავია. მიზეზი მარტივია: დამკვიდრებული სტერეოტიპით, ღვინის კოოპერატივები დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. მაშ, რატომ უნდა დაინტერესდნენ ექსპერტები საშუალო ღვინით, როცა ბევრად უკეთესი სასმელი არსებობს?

ბიზნესის ორგანიზების კოოპერატიულმა მოდელმა მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა. კოოპერატივები იძულებული იყვნენ მათივე წევრების მიერ შეთავაზებული ყურძენი ეყიდათ, რომელიც, როგორც წესი, უვარგისი იყო. ეს ადამიანები მოსავლის საუკეთესო ნაწილს თავისთვის იტოვებდნენ, ნარჩენებს კი საერთო ქვაბში ყრიდნენ და შედეგსაც შესაბამისს იღებდნენ.

სამწუხაროდ, დეპრესიული, ჩამორჩენილი კოოპერატივები ჯერ კიდევ უმრავლესობაშია. ყველაზე "ცუდებს" სიცილიაზე, ლანგედოკსა და ესპანურ La Mancha-ზე შეხვდებით - მათი პროდუქცია მხოლოდ სპირტის გამოსახდელად თუ გამოდგება, თუმცა იმის გამო, რომ ევროკავშირიდან სუბსიდიებს რეგულარულად იღებენ, ეს საკითხი დიდად არც აღელვებთ. ბრიუსელი, მაგალითად, "ღვინის ტბის" დაშრობას უახლოეს 10 წელიწადში აპირებს. მაშინ უკვე შეუძლებელი იქნება დამპალი ყურძნის ჩაბარება ან კალათის ფსკერის ქვებით ამოვსება, რადგან მხოლოდ რაოდენობაში ფულს არავინ გადაიხდის. ამ შემთხვევაში კოოპერატივები არჩევანის წინაშე დადგებიან: თუ ღვინის ხარისხს არ გააუმჯობესებენ, დაიხურებიან. როგორც ტიმ ატკინი აღნიშნავს: "თუ ხვალ კოოპერატივები საერთოდ გაქრება (და ეს ბევრს სურს), მათთან ერთად ევროპული ღვინის მოჭარბებული რაოდენობაც აორთქლდება."

1990-იანებში ევროპულ კოოპერატიულ მოძრაობაზე დიდი გავლენა მოახდინეს "მფრინავმა" ავსტრალიელმა მეღვინეებმა. საკმარისი იყო მათი მეთვალყურეობით სათანადოდ გაეწმინდათ ღვინის ჭურჭელი კაუსტიკური სოდითა და წყლით, შეეცვალათ დაზიანებული მილები, ყურადღებით ეკონტროლებინათ ფერმენტაციის ტემპერატურა, გამოეყენებინათ საჭირო საფუარი და შედეგი რადიკალურად იცვლებოდა. ავსტრალიელი მეღვინეები "ალქიმიკოსებადაც" კი მონათლეს, არადა, ისინი მხოლოდ წარმოების ელემენტარული წესების, სისუფთავისა და ტექნოლოგიური რეგლამენტის დაცვას ითხოვდნენ!

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასობით და ათასობით კოოპერატივი მიწისა და ვენახების სახით ფასდაუდებელი განძის მფლობელია, თუმცა მისი სწორად გამოყენება არ იცის. ამ შემთხვევაში ისინი მაღალი ხარისხის მოსავალს მიიღებდნენ და წარმატებულნიც იქნებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი საწინააღმდეგოა.

ატკინის აზრით, ეს ყველაფერი უპასუხისმგებლობით, სიზარმაცითა და უსახსრობითაა გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის სუბსიდიები შეწყდება, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. ნებისმიერი, ვინც სხვა რეგიონებიდან და ქვეყნებიდან ახორციელებს იმპორტს, თავდასხმისა და იერიშის მსხვერპლი გახდება, როგორც ეს საფრანგეთის სამხრეთში არაერთხელ დაფიქსირდა.

არსებული სტერეოტიპი, თითქოს კოოპერატივები ძირითადად იაფფასიან ღვინომასალას აწარმოებს, ხელს უშლის ამ სფეროში მომუშავე მცირერიცხოვან კეთილსინდისიერ მწარმოებლებს. მათ რეალურ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ მაინც, როდესაც მყიდველი იგებს, რომ კონკრეტული პროდუქცია კოოპერატივს ეკუთვნის, ხარისხიანი Cantina Sociale dei Produttori del Barbaresco-ს ნაცვლად ნაკლებად ხარისხიანი ბრენდები – Tavernello ან  Riunite ახსენდება.

იტალიური ბრენდი Tavernello, რომელიც ამ ტიპის პროდუქციასთან შედარებით კარგად იყიდება, კოოპერატივ Caviro-ს პროდუქტია. აშშ-ში წლების განმავლობაშია აქტუალური იყო კოოპერატივ Cantina Sociale Riunite-ს ნაწარმი – მოტკბო, ოდნავ ცქრიალა Lambrusco. "Riunite on ice. So nice!" (Riunite ყინულით. რა მშვენიერია!)

რასაკვირველია, არ შეიძლება კოოპერატიული მოძრაობის შეფასება მისი წარუმატებელი წარმომადგენლებით. ზოგიერთი საუკეთესო ევროპული ღვინო ხომ სწორედ ამ სექტორში მზადდება. მათ რიცხვშია La Chablisienne შაბლიში, Plaimont გასკონში, Buxy, Union Champagne, Roquebrun, Tain-l'Hermitage (რონის ველი) და Turckheim (ელზასი) საფრანგეთში, Cantina di Soave, Araldica, Settesoli, La Guardiense და Produttori di Barbaresco იტალიაში, Martín Codax, San Gregorio და Capçanes ესპანეთში, Monção და  Pegões პორტუგალიაში, Swartland სამხრეთ აფრიკაში და La Riojana არგენტინაში. ეს კოოპერატივები ჯერჯერობით სასიამოვნო გამონაკლისია და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რისი მიღწევა შეიძლება ტალანტით, დაუღალავი შრომითა და სწორად დასახული მიზნით.

წარმატებული კოოპერატიული მოძრაობის კიდევ ერთ მაგალითად მაიკ ვესეტს იტალიური Alto Adige მოჰყავს. მეღვინეობის თვალსაზრისით რეგიონი პატარაა, წელიწადში 40 მლნ ბოთლს უშვებს, რაც საერთო წარმოების 1%-ს არ აღემატება. ღვინო აქ ძირითად პროდუქტად არც ითვლება, წამყვანი ვაშლის მეურნეობაა. ვენახები პატარაა, მამულები - ფრაგმენტული, ნაკვეთების საშუალო ფართობი – 1 ჰა, მაგრამ მთელი ამ ადგილობრივი სპეციფიკის მიუხედავად, Alto Adige-ს ღვინის კოოპერატივები პირველობას არავის უთმობს. ადგილობრივი ღვინის 70%-ს 14 კოოპერატიული მეღვინეობა აწარმოებს. მართალია, ისინი ფასითაც და ხარისხითაც განსხვავდება, მაგრამ მათი პროდუქცია თავის "ჟანრში" საუკეთესოა იტალიაში და შესაძლოა, მსოფლიოშიც.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.