Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური მცვივანის ახალი სიცოცხლე

ალეკო ცქიტიშვილი
 
ვაზის უსამართლოდ მივიწყებულ ქართულ ჯიშებს შორის კახური მცვივანი ერთ–ერთი გამორჩეული ჯიშია. მალე მას საქართველოს ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტშიც ვიხილავთ. ამ აღიარებას წინ უსწრებდა ამპელოგრაფების მუხლჩაუხრელი კვლევა-ძიება კახური მცვივანის ხელახლა აღმოსაჩენად და გასამრავლებლად. აღსანიშნავია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ენოლოგ თეიმურაზ ღლონტის მრავალწლიანი კვლევები, რითაც დადასტურდა, რომ კახური მცვივანი ქართულ მეღვინეობაში თვით ყველაზე ცნობილ ჯიშს – რქაწითელსაც უწევს კონკურენციას. 
 
აქამდე ვიცოდი, რომ ამპელოგრაფებს მცვივანის სახელწოდებით ექვსი ქართული ჯიში ჰქონდათ აღწერილი: 1) მცვივანი კახური, 2) მცვივანი ადრეულა 3) მცვივანი პატალანთეული 4) მცვივანი იმერული 5) მცვივანი რაჭული 6) მცვივანი გურული. გასული საუკუნის 50–იან 60–იან წლებში, როცა ეს ჯიშები აღწერეს, ყველა მათგანი მცირე გავრცელების არეალზე დააფიქსირეს. ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე ძირი იყო შემორჩენილი. 
ექვსივე მცვივანი სხვადასხვა ჯიშია. მცვივანი გურული წითელყურძნიანია, დანარჩენები – თეთრყურძნიანი. კახური მცვივანი, მცვივანი პატალანთეული და მცვივანი ადრეულა კახეთის ჯიშებია, იმერული მცვივანი იმერეთშია აღმოჩენილი და აღწერილი, რაჭული მცვივანი კი – რაჭა–ლეჩხუმში. ამ სტატიაზე მუშაობისას „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ მაცნობა, რომ ცენტრის კოლექციაში მცვივანის სახელწოდებით ასევე დაცულია მესხური მცვივანი.
მცვივანის სახელწოდების მქონე ვაზის ჯიშების თვისებების აღწერა შორს წაგვიყვანს. ნახევარი საუკუნის წინ ამპელოგრაფებმა ამ ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოებიც შეისწავლეს და დაახასიათეს. თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუკი კიდევ ერთხელ საფუძვლიანად მოხდება იგივე ჯიშების შესწავლა, როგორც გენეტიკურად, ისე ორგანოლეპტიკურად, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ მათ პოტენციალში. 
ლევან უჯმაჯურიძის ცნობით, „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი“ 2012 წლის შემოდგომაზე თავის კოლექციაში არსებული ვაზის ჯიშებისგან (მათ შორის – მცვივანის სახელწოდების მქონე ჯიშებისგანაც) ღვინოების დაყენებას და მათ საფუძვლიან შესწავლას აპირებს.  
 
კახური მცვივანის გადარჩენის ისტორია
 
მცვივანებს შორის ამპელოგრაფების ყველაზე კარგი დახასიათება იმთავითვე კახურ მცვივანს ჰქონდა. ამის მიუხედავად, იგი მეღვინეობაში ვერ დამკვიდრდა, რადგან საბჭოთა მევენახეობა–მეღვინეობას მონოკულტურული გეზი ჰქონდა აღებული და მხოლოდ ორ–სამ ჯიშს წყალობდა. კახური მცვივანის მსგავსი მაღალხარისხიანი ჯიშები უსამართლოდ არ შეჰქონდათ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში. 
3 დეკემბერს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ღვინოების დეგუსტაციაზე თეიმურაზ ღლონტმა კახური მცვივანისგან დაყენებული ღვინის ორი ნიმუში წარმოადგინა (2007 და 2009 წლის მოსავლის ღვინოები). ამ დღეს კახური მცვივანის დაბრუნების დღე შეიძლება ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო ამ ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინის პირველი საჯარო პრეზენტაცია. მანამდე კახური მცვივანის ღვინო მხოლოდ ენოლოგთა ვიწრო წრეს ჰქონდა გასინჯული. 
თეიმურაზ ღლონტი რამდენიმე წელია, კახურ მცვივანს იკვლევს. ამ ჯიშის ისტორია, თვისებები და პოტენციალი მან ჯერ ისტორიული წყაროების შეჯერებით, შემდეგ კი პრაქტიკული სამეცნიერო კვლევებით შეისწავლა. თუმცა, კახური მცვივანის ღვინის ანალიზის საშუალება მეცნიერს მხოლოდ ბოლო წლებში მიეცა. 
„გასული საუკუნის 80–იან წლებში, ქართული მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიაზე მუშაობისას, გავეცანი გაზეთ  Кавказ–ში 1846 წელს გამოქვეყნებულ გ. ი. ლენცის მიმოხილვას კახეთის მევენახეობა–მეღვინეობაზე. ლენცი 1843–46 წლებში კახეთში ცხოვრობდა, გაშენებული ჰქონდა როგორც აბორიგენული, ისე ევროპული ვაზის ჯიშები და ჰქონდა ღვინის საწარმოც. კახეთის ვაზის ჯიშების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ იგი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა საფერავის ღვინოს და ამავე დროს აღნიშნავდა, რომ უმაღლესი ხარისხის ღვინოებს იძლევა ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური და კახური მცვივანი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მცვივანთან“, – იხსენებს თეიმურაზ ღლონტი.   
1992 წელს აღდგენილ ჟურნალში – „ვაზი და ღვინო“ თეიმურაზ ღლონტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ლენცსა და კახურ მცვივანზე. 2003 წელს მეცნიერი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიების განყოფილების გამგედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი აბორიგენული ჯიშების, მათ შორის კახური მცვივანის მეღვინეობაში დანერგვას ცდილობდა. თუმცა, ამ ჯიშთან მისი შეხვედრა მხოლოდ 2007 წელს, „კორპორაცია ქინძმარაულის“ ვენახში შედგა. სწორედ ამ წლის მოსავლის ღვინო იყო წარმოდგენილი ღვინის კლუბის საჯარო დეგუსტაციაზეც. 
მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულებში ქართული ვაზის ჯიშების მოძიების პროცესში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი და პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, რომელმაც 2005 წელს კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ ტერიტორიაზე გააშენა საკოლექციო ნაკვეთი. ამ გზით, პირველად ქართული მევენახეობის ისტორიაში, ქართული ვაზის გენოფონდში არსებული 400–ზე მეტი ჯიში კერძო კომპანიის საკუთრებაშიც დამაგრდა. ამ ჯიშებს შორის 2006 წელს მოხვდა კახური მცვივანიც, რომლის კვირტებიც დასამყნობად და გასამრავლებლად ლევან უჯმაჯურიძეს გადასცა ყვარლის რაიონის მკვიდრმა, „კორპორაცია ქინძმარაულის“ წარმომადგენელმა იოსებ ზაუტაშვილმა. 2008 წელს კახური მცვივანი საგურამოში ვაზისა და ხეხილის წარმოების ეროვნული ცენტრის საკოლექციო ნაკვეთშიც მოხვდა. აქ მოლდოვეთიდან, კერძოდ – კიშინიოვის საცდელ–საკოლექციო ვენახიდან ჩამოტანილი კახური მცვივანიც გამრავლდა (კიშინიოვში მოლდოველ ამპელოგრაფებს ეს ჯიში საბჭოთა პერიოდში საქართველოდან გაუგზავნეს). 
როგორც ამ ისტორიებიდან ჩანს, კახური მცვივანის ხელმეორედ აღმოჩენის ადგილი ყვარელი, უფრო კონკრეტულად კი – „კორპორაცია ქინძმარაულის“ ვენახია. თუ საიდან მოხვდა აქ ეს ჯიში, ცალკე ისტორიაა. 
თამაზ კონჭოშვილი, „კორპორაცია ქინძმარაულის“ პრეზიდენტი: „კარგად მახსოვს, ჩემს პატარაობაში ყვარელში კახური მცვივანი ვენახების 10–15 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, მისი რაოდენობა თანდათან ძალიან შემცირდა, რადგან კომუნისტურ პერიოდში აქცენტი ორ–სამ მაღალმოსავლიან ჯიშზე კეთდებოდა. ამის გამო სხვა ჯიშებს თანდათან გადაშენების საფრთხე დაემუქრა. 1992 წელს, როცა უკვე საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო, სახელმწიფოსგან ყვარელში ღვინის ქარხანა შევისყიდეთ და საკუთარი ვენახების გაშენებაც გადავწყვიტეთ. სწორედ მაშინ მოვიკითხე კახური მცვივანიც. პირველად მამაჩემის ვენახში მოვიძიე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამას ამ ჯიშის ვაზი ცოტა ხნის წინ გაეჩეხა. შემდეგ მივედი სკოლის მასწავლებელთან, შოთა რუსიაშვილთან, რომელმაც მითხრა – ხვალისთვის მუშები მყავს დაბარებული მაგის გასაკაჭადო. სასწრაფოდ მოვიყვანე ჩემი ხალხი და რუსიაშვილისეულ ძალიან დაკნინებულ ვენახში სულ რაღაც ერთი კონა რქა შევაგროვეთ. ამ კვირტებით გამოვიყვანეთ ნამყენი ნერგები და დავრგეთ 1994 წელს. ასე რომ, ჩვენს ვენახში გაშენებული ერთი რიგი კახური მცვივანი ახლა 17 წლისაა. ძირითადად, სწორედ ამ ერთი რიგიდან გავრცელდა შემდეგ იგი სხვადასხვა საკოლექციო ნაკვეთებში“.
თეიმურაზ ღლონტის თქმით, მას შემდეგ, რაც „კორპორაცია ქინძმარაულის“ ვენახში კახური მცვივანი აღმოაჩინა, იგი ცდილობს, ამ ჯიშის ვაზის კვირტებისგან გამოყვანილი ნერგები სხვადასხვა რაიონში ენთუზიასტ მევენახეებს მიაწოდოს გასამრავლებლად. თავდაპირველად ნერგები კერძო მყნობელთა დახმარებით გამოჰყავდა. უკვე მეორე წელია, კახური მცვივანის უვირუსო ნერგები ვაზისა და ხეხილის სარგავის მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით გამოჰყავთ. თავის მხრივ, ცენტრიც დაინტერესებულია, ვაზის იშვიათი ქართული ჯიშები სხვადასხვა ვენახებში გაშენდეს და გამრავლდეს.
თეიმურაზ ღლონტისა და ვაზისა და ხეხილის სარგავის მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, კახური მცვივანი ამჟამად გაშენებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში (ალავერდი, ოჟიო, ხოდაშენი) ნოდარ ოტიაშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტში (იყალთო), გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – კარდანახში, გია ირომაშვილთან და ბაკურციხეში, ქართული ვაზის ფონდის ნაკვეთში, საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მაია მირველაშვილთან და სოფელ სააკაძეში ნიკოლოზ ზაზაშვილთან. კახური მცვივანი, ასევე, გაშენებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ წუღრუღაშენში დარეჯან გველესიანის მეთვალყურეობით და ხაშურის მუნიციპალიტეტში (სურამსა და ხაშურში) თემურ ნოზაძის მეთვალყურეობით. ამგვარად, უკვე შესაძლებელია დაკვირვება, კახური მცვივანისგან რომელ რეგიონში უკეთესი ღვინო დადგება.
თამაზ კონჭოშვილს კახური მცვივანის ღვინო ახალგაზრდობაში არაერთხელ დაულევია. კონჭოშვილებს ეს ჯიში ვენახში ცალკე ჰქონიათ გაშენებული და ღვინოსაც ცალკე აყენებდნენ. ვენახში პურ–მარილს როცა მიიტანდნენ, დამხმარე გლეხები ამბობდნენ – მცვივანაში გავშალოთო. ეს იმიტომ, რომ მცვივანის ვენახში იდგა პატარა ქოხი, სადაც შესვენება და პურის გატეხა შეიძლებოდა. 
„სხვა ქართულ ჯიშებთან შედარებით, კახური მცვივანი ორი–სამი კვირით ადრე მწიფდება. რქაწითელის რთველი როცა იწყება, კახური მცვივანის ყურძენი უკვე გადამწიფებულია და მარცვლები სცვივა. ალბათ, ამიტომაც ჰქვია მცვივანი. მრგვალი, ჭორფლიანი მარცვლები აქვს. მართალია, შედარებით მცირემოსავლიანია, მაგრამ მის ღვინოს ძალიან მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს და ყვავილების სურნელით, ხილის ტონებით გამოირჩევა. ჩემი აზრით, კახური მცვივანისგან რქაწითელზე გაცილებით შინაარსიანი ღვინო გამოდის და ბუკეტიც მწვანე კახურზე უფრო საინტერესო აქვს“, – ასე ახასიათებს თამაზ კონჭოშვილი კახური მცვივანის ღვინოს.
კახური მცვივანის ყურძნისგან დაყენებული სხვადასხვა ტიპის ღვინოების ანალიზისა და ენოლოგიური დახასიათების გაცნობა თეიმურაზ ღლონტის ბოლოდროინდელ სამეცნიერო მონოგრაფიებშია შესაძლებელი. განსაკუთრებით საინტერესოა ნაშრომი „ყურძნის კლერტის როლი კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბების პროცესში“, საიდანაც ვიგებთ, რომ კახური მცვივანისგან საუკეთესო ტრადიციული კახური ტიპის (ქვევრის) ღვინო დგება, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.
„მარანთან“ საუბრისას თეიმურაზ ღლონტი აღნიშნავს, რომ კახური მცვივანის ღვინო როგორც უჭაჭოდ, ისე ჭაჭაზე დაყენებული, ორიგინალური და მაღალი ხარისხისაა: „ოქროსფერი, ჩაისფერში გარდამავალი, მდიდარი, გამორჩეული ჯიშური არომატითა და გემოთი, ნაზი ბალახოვანი ტონებით, რბილი, ჰარმონიული, ხმელი ხილის გემოთი და არომატით, მდიდარი ბუკეტით, გემოზე სასიამოვნო მთრიმლავი ტონებით. მოკლედ, ეს არის მწყობრი, მაღალხარისხოვანი საუკეთესო კახური ტიპის ღვინო“.
თეიმურაზ ღლონტის კვლევების თანახმად, სრულ ჭაჭაზე (ანუ კლერტთან ერთად) დადუღებული კახური მცვივანის ღვინო რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვისა და ქისის ღვინოებთან შედარებით, გამოირჩევა აქროლადი არომატწარმომქმნელი ნაერთების (ცხიმოვანი მჟავები, რთული ეთერები, ტერპენები, ლაქტონები, აქროლადი ფენოლები და სხვა), ფენოლური ნაერთების (საერთო ფენოლები, კატეხინები, ფლავონოლები, პროცეანიდინები, ფენოლკარბონული მჟავები), თავისუფალი ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობით. 
„ეს ყველაფერი განაპირობებს კახური მცვივანის ღვინის მაღალ ანტიოქსიდანტურ უნარიანობას, რითაც იგი თითქმის უტოლდება ფაფრის მინდვრების სახელგანთქმული საფერავის მაჩვენებლებს. ამ ფაქტის გამო, ამ ღვინოს დიდი მნიშვნელობა აქვს გულ–სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით“, – ამბობს თეიმურაზ ღლონტი. 
მისივე ცნობით, კახური მცვივანის ღვინოში ასევე იდენტიფიცირებულია სკვალენი – აციკლური ტერპენების კლასის ნახშირწყალბადი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში. ასევე იდენტიფიცირებულია თავისუფალი ამინომჟავის – გამა-ამინოერბომჟავის საგრძნობლად მაღალი კონცენტრაცია – 587 მგ. ლიტრ ღვინოში. ეს ამინომჟავა წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირომედიატორს და დიდ როლს ასრულებს თავის ტვინის ნეირომედიატორულ და მეტაბოლიზურ პროცესებში. მისი ზემოქმედებით აქტიურდება თავის ტვინის ენერგეტიკული პროცესები და იზრდება უჯრედების სუნთქვითი აქტივობა და უმჯობესდება ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაცია. ასევე უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. საინტერესოა, რომ ამ ამინომჟავის შემცველობა კახური მცვივანის კლერტში 2,81–ჯერ მეტია, ვიდრე მის წიპწაში. 
ორ-სამ წელიწადში კახური მცვივანი, სავარაუდოდ, ქართული ღვინის კომპანიების არსენალშიც გამოჩნდება. ყველას, ალბათ, „კორპორაცია ქინძმარაული“ დაასწრებს, რომელსაც ვენახში ყველაზე ასაკოვანი კახური მცვივანი აქვს და წელს ახალი ნამყენი ნერგების მიმატებასაც აპირებს. ამ ჯიშისგან დაყენებული ღვინის შესწავლას ასევე გეგმავს „ქინძმარაულის მარნის“ მთავარი ტექნოლოგი, თეიმურაზ გონჯილაშვილი. ღვინის კლუბის დეგუსტაციაზე წარმოდგენილი კახური მცვივანის ღვინის ნიმუშები ძალიან მოეწონა „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელს, ჯონ ვურდემანს, რომელიც ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების დიდი გულშემატკივარია. 
© ღვინის კლუბი/Weekend


ნუთუ ის, რაც მე ახლა წავიკითხე ამ სტატიის ბოლო წინადადებაში მართალია? ნუთუ მართლაც ასეა ყოველივე? არა არა არ მჯერა! როგორ, ჯონის მართლაც მოეწონა მცვივანი? ბედნიერი ვარ და ამ ბოლო წინადადებას გულის ფიცარზე ამოვიჭდევ! "მე ვარ ხაზარი და მაშასადამე მე ვარ ბედნიერი".


ააახხ რა ძლიერი დასასრული აქვს ამ წერილს, ააახხხხ.


ბარემ მესამეჯერაც დააკომენტე რამე ეგეთი აბდაუბდა, ღმერთი სამობითაა!



ავტორის გადაწყვეტილება---კახური მცვივანის ვაზზე ასე უზომოდ შეყვარებული ამდენი ქართველის(ღლონტი,უჯმაჯურიძე,კონჭოშვილი დასხვა) შემდეგ ამ ჯერ უცნობი ვაზით მოხიბლული ქართველთა ერთი მეგობარიც-ჯონი მოეხსენებინა---ვფიქრობ თქვენი გულისწყრომა არ უნდა გამოეწვია. დარწმუნებული ვარ სტატიის ავტორი სიამოვნებით აღნიშნავდა თქვენს და მრავალთა სახელსაც, ვინც კი დაესწრებოდა სტატიაში აღწერილ დეგუსტაციას და მკითხველთათვის რაიმე ღირებულ აზრს, ინფორმაციას გაიმეტებდა.


ბატონო ალეკო თქვენ ქიმიკოსი ხართ? 1 ლიტრ ღვინოში 500 მგ გამაამინობუტირატი ცოტა არ იყოს ბევრია. ცნობისათვის 1 ტაბლეტ გამალონში მხოლოდ 250 მილიგრამია. არასწორია გლუკოზის რეტიპიზაცია. უნდა იყოს - უტილიზაცია.


ბატონო ალეკო, თუ შეიძლება დამიდასტურეთ - გამაამინობუტირატის მართლა ასეთი შემცველობაა (587 მგ/ლ) მცვივანის ღვინოში თუ შეცდომა გაიპარა? სად შეიძლება თბილისში ამ ანალიზის გაკეთება?


ღვინის არომატის და გემოს დახასიათება ძალიან დამაინტრიგებელი იყო, ძალიან !!!!"რქაწითელზე შინაარსიანი და მწვანე კახურზე არომატული !!!!!!!!!!" ბატონო ალეკო, ხომ არ იცით, შეიძლება ამ ღვინის თუნდაც ორიოდე ბოთლის სადმე შეძენა?


ბატონ ელიზბარის შეკითხვას გადავცემ ბატონ თეიმურაზს და თუკი რამე შეცდომა გაიპარა,ჩავასწორებთ. არა მგონია, შეცდომა იყოს, რადგან ბატონმა თეიმურაზმა წერილობით მომაწოდა ინფორმაცია. ძალიან პედანტური სიზუსტის საკითხში, როგორც ფილოლოგი და დიდი რედაქტორული გამოცდილების მქონე ადამიანი. თუმცა, თუ მექანიკურ შეცდომას აქვს ადგილი, გპირდებით, გადავამოწმებ. ბატონი თეიმურაზის ნაშრომი „ყურძნის კლერტის როლი კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბების პროცესში" შეგიძლიათ შეიძინოთ ბახტრიონის ქუჩაზე, "ქართული ღვინის კულტურის ცენტრში". სწორედ ამ ნაშრომშია დეტალურად კახურ მცვივანზე ინფორმაცია. რაც შეეხება ამ ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოს, მას მაღაზიებში ჯერჯერობით ვერ შეიძენთ. სავარაუდოდ, ორი–სამი წლის შემდეგ გამოჩნდება.


ბატონო ელიზბარ, ახლა ჩავხედე კარგად ბატონი თეიმურაზის მიერ წერილობით მოწერილ პასუხებს და აღმოვაჩინე, რომ ერთი შეხედვით მცირე მექანიკური შეცდომა მომსვლია, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სტატიაში გადმოტანისას. წინადადების "ასევე იდენტიფიცირებულია თავისუფალი ამინომჟავების – გამაამინომჟავების საგრძნობლად მაღალი კონცენტრაცია..." უნდა ეწეროს შემდეგი: "კახური მცვივანის ღვინოში იდენტიფიცირებულია თავისუფალი ამინომჟავის _ გამაამინოერბომჟავის საგრძნობლად მაღალი კონცენტრაცია – 587 მგ ერთ ლიტრ ღვინოში". დანარჩენი როგორც ტექსტშია. მე ქიმიკოსი არა ვარ და არ ვიცი, თქვენს მიერ ნახსენები “გამაამინობუტირატი“ რას ნიშნავს. მე ეს სიტყვა სტატიაში არსად მიხსენებია. როგორც ახლა დავაზუსტე, ზემოთ აღნიშნულ წინადადებაში არა გამაამინომჟავაზე, არამედ გამაამინოერბომჟავაზეა საუბარი.


გამაამინობუტირატი გამაამინოერბომჟავაა ლათინურად. თქვენ არ გიხსენებიათ, მაგრამ კონტექსტიდან ჩანდა რაზეა საუბარი.იქნებ გამიგოთ სად შეიძლება ანალიზის გაკეთება? სხვა კახური ტიპის ღვინოებში ასეთივე მაღალი შემცველობაა?


აქვე აღვნიშნავ, რომ თეიმურაზ ღლონტი არ ეთანხმება თამაზ კონჭოშვილის შეფასებას, სადაც იგი ამბობს: "რქაწითელის რთველი როცა იწყება, კახური მცვივანის ყურძენი უკვე გადამწიფებულია და მარცვლები სცვივა, ალბათ, ამიტომაც ჰქვია მცვივანი”. ახლახანს ბატონმა თეიმურაზმა მომწერა: "ჩვენი მონაცემებით, არც ერთ წელიწადს, ხუთი წლის განმავლობაში, კახური მცვივანის მარცვლების ცვენა სიმწიფეში არ შეგვინიშნავს. ასევე არამართებულად მიგვაჩნია მოსაზრება, რომ კახური მცვივანი "შედარებით მცირემოსავლიანია", რადგან არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. კახური მცვივანი არ არის მცირედმოსავლიანი ჯიში. პროფესორი დ. ტაბიძე: "კახეთში მცვივანმა საშუალო მოსავალი იცის, მეტიც, ზოგიერთ რაიონში, კერძოდ, ყვარლის რაიონში, იგი უხვ მოსავალს იძლევა, ვაზისუბანშიც იგი საშუალოზე მაღალ მოსავალს იძლევა. თელავსა და ვაზისუბანში ჩატარებული დაკვირვებით და აღრიცხვის მიხედვით, მსხმოიარობის კარგი მაჩვენებელი აქვს, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,67-დან 1,54-მდე". ჩვენი გამოკვლევებით და აღრიცხვით, კახური მცვივანი მაღალმოსავლიანი ჯიშია. 1 ჰექტარზე საშუალოდ 120 ცენტნერამდე მოსავალს იძლევა".


სად შეიძლება კახური მცვივანის ღვინის შეძენა?


გამარჯობა, მსურს კახური მცვივანის ნერგების შეძენა დაახლოებით 0,7ჰა-ზე გასაშენებლად. თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთ - სად შევძლებ შეძენას ან დამაკავშიროთ ბ-ნ თეიმურაზ ღლონტთან... მადლობა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული