Home
ქართული | English
ოქტომბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

მულტიმედია

კომენტარები

გურია – 2011–2018 წლების მოსავლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია

2018 წელს “ქართული ღვინის გზამკვლევის” მე–5 გამოცემა გამოვიდა, სადაც წლების მანძილზე (2011 წლიდან მოყოლებული) საქართველოს ღვინის ყველა რეგიონის მოსავლის წლების მონაცემები ქვეყნდებოდა. ამ დროის მანძილზე უკვე 7 წლის მასალა დაგროვდა და გადავწყვიტეთ ცალკ–ცალკე რეგიონებად დაგვეყო ეს ტექსტები და ისე მიგვეწოდებინა მკითხველისთვის. ვფიქრობ, ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო შეავსებს კონკრეტული წლის ღვინოების შესახებ ცოდნას. ამჯერად, გურიის მონაცემებს გთავაზობთ. ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. გარდა ამისა ვსარგებლობდი ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

საკმაოდ რთული წელი იყო, წვიმებით, დაბალი ტემპერატურითა და ნაადრევი თოვლით, თუმცა ჩხავერის და ცოლიკოურის მოსავლით მაინც კმაყოფილები იყვნენ მევენახეები. თუმცა ამ წლის ჩხავერი, წინა წლისაზე შედარებით მაღალმჟავიანი და ხალისიანი გამოვიდა.

2012

დაგვიანდა ვეგეტაცია და წლის განმავლობაშიც გარკვეული დაბრკოლებებიც შეექმნა ვაზს, თუმცა ძალიან თბილმა და ზომიერმა შემოდგომამ კარგად დაამწიფა ყურძენი და მოსავალიც ხარისხიანი მოვიდა. წინა წელთან შედარებით, წლევანდელი წელი უფრო უხმოსავლიანიც იყო.

2013

ჩხავერის მოსავალი 2013 წელს საგრძნობლად მცირე იყო გასულ წელთან შედარებით, ძირითადად მავნე მწერების ზემოქმედების გამო. 2012-2013 წლების ზამთარი გურიაშიც უთოვლო იყო, გაზაფხული აქაც ადრიანი იყო, თუმცა ეს არანაირი გართულების მიზეზი არ გამხდარა. ყვავილობის პერიოდმაც კარგად ჩაიარა, წვიმების გარეშე. ზომიერად ნალექიანი და ვეგეტაციისთვის ხელსაყრელი იყო ივნისი-ივლისიც, თუმცა აგვისტოში წვიმამ მოუხშირა და სოკოვანი დაავადებების საშიშროებაც გაჩნდა, გარდა ამისა მტევნებიც დაზიანდა წვიმისა და ძლიერი სიცხეების მონაცვლეობის გამო. გასულ წელთან შედარებით ჩხავერი ადრე შევიდა სიმწიფეში და რთველი 15 ნოემბერს დაიწყეს. ზოგიერთმა მევენახემ თოვლიან დეკემბერში დაკრიფა ჩხავერი. გურულები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან.

2014

ამ წელს ყველაზე რთული გაზაფხული იყო ბოლო წლების მანძილზე, რადგან მარტის ბოლოს (30–31 მარტს) თოვლი მოვიდა, შემდეგ მოყინა და ნაადრევი სითბოს გამო წამოსული კვირტები მთლიანად გაანადგურა. ასეთი გაზაფხული საერთოდ არ ახსოვთ გურულებს. დაზიანდა არამხოლოდ ვაზი, არამედ სხვა მრავალწლიანი ნარგავებიც. ზაფხულში შედარებით გამოკეთდა სიტუაცია, თუმცა გაზაფხულის ყინვებმა მაინც გამოუსწორებელი კვალი დატოვეს ვენახებზე, იმდენად, რომ ზოგიერთ ვენახში (განსაკუთრებით ახალგაზრდა ვენახებში) ვაზის ფორმირებაც კი შეიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემოდგომამდე გადარჩენილ მარცვალს ჩიტებმა მოუთავეს ხელი.

2015

ზამთარმა თოვლის გარეშე ჩაიარა. გაზაფხულზე ერთიანად დათბა და ვაზი ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე გაიკვირტა. წვიმის გარეშე ჩაიარა ყვავილობამაც, რამაც საბოლოოდ კარგი შედეგი გამოიღო. ივნისი და ივლისიც ზომიერად ნალექიანი და ვეგეტაციისთვის ხელსაყრელი იყო – ყლორტიც და ნაყოფიც კარგად განვითარდა. აგვისტო წვიმიანი გამოდგა, არსებობდა ნაცრისა და ჭრაქის საშიშროებაც, თუმცა დროული წამლობით ბევრმა აიცილა თავიდან ეს დაავადებები. ნალექებმა ჩხავერის კანი გაათხელა, ალაგ–ალაგ მზისგან დაზიანებული მარცვლებიც ჩანდა. ზოგადად ცხელი ზაფხულისა და შემოდგომის პირველი ნახევრის გამო ვაზი ადრე შევიდა სიმწიფეში და რთველიც შესაბამისად, ადრე დაიწყო – 15 ნოემბრიდან.

2016

ზომიერი ზამთარი იყო, გაზაფხულზეც ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ვაზის ვეგეტაციისთვის. სითბოსა და ნალექების ზომიერმა მონაცვლეობამ კვირტების კარგად განვითარება განაპირობა. კარგად ყალიბდებოდა მარცვალი ზაფხულის მთელ პერიოდშიც, თუმცა ხშირი იყო ვაზის სოკოვანი დაავადებების შემთხვევები. საბოლოო ჯამში ყურძენი კარგად, თანაბრად დამწიფდა და რთველიც ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოს დაიწყო. განსაკუთრებულად კარგი გამოდგა 2016 სამეურნეო წელი ჩხავერის მოსავლისთვის, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ღვინოც შესაბამისად ხარისხიანი დადგა. კარგი იყო ცოლიკოურის მოსავალიც.

2017

ცივი, თოვლიანი ზამთარი იყო. ყვავილობამდე წვიმდა, თუმცა ყავივილობისას კარგი ამინდები გამოვიდა. ზაფხულში ხანგრძლივი უნალექო პერიოდი დაიწყო. ჩხავერი ძალიან ადრე შევიდა სიმწიფეში, წლებია ასე ადრე არ დაუწყიათ რველი გურიაში. ნოემბრის დასაწყისიდან 15 ნოემბრამდე უკვე თითქმის ყველგან დაკრეფილი იყო ყურძენი. ზოგმა გვიანამდეც დატოვა ჩხავერი, თუმცა უშედეგოდ, ხშირ შემთხვევაში გაფუჭდა კიდეც ყურძენი. კარგი შედეგი მიიღეს ჩხავერიდან ზოგიერთ ნიადაგებზე (უფრო თიხნარებზე). 2017 კარგი წელი იყო ცოლიკოურისთვის.

2018

ყინვა საერთოდ არ ყოფილა. გვალვიანი ზამთარი იყო, მხოლოდ ადრე, დეკემბერში მოვიდა მცირე თოვლი. მარტი–აპრილის ბოლომდე წვიმა არ მოსულა, თუმცა მაისი გამოდგა ნალექიანი. კვირტობა ძალიან ადრე დაიწყო, მარტის შუა რიცხვებიდან. აპრილის ბოლოს იყო მოყინვის საშიშროება (ბოლო წლებში ძალზე გახშირდა გაზაფხულის ყინვები), თუმცა მხოლოდ რამდენიმე მდინარისპირა ვენახი დააზიანა ერკეთსა და ოზურგეთის რაიონის ერთი–ორ სოფელში. ჩხავრის რქას კარგი ზრდა ჰქონდა, მაისი-ივნისი შედარებით წვიმიანი იყო. ზაფხულმაც კარგად ჩაიარა, იდეალური იყო აგვისტო-სექტემბერი. რთველი 15-20 დღით ადრე დაიწყო, თავიდან ცოლიკოური დაიკრიფა (ოქტომბრის დასაწყისში), შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, სხილათუბანი და ჯანი. ჩხავრის დრო ნოემბრის შუა რიცხვებში დადგა, ზოგმა გაცილებით ადრეც დაკრიფა ჩხავერი. მაღალი, განსაკუთრებული შაქრიანობა იყო 2018 წელს. ხარისხითაც და და რაოდენობითაც გამორჩეული წელი გამოდგა. ცოლიკოურს სექტემბრის ბოლოს 23–24 ჰქონდა უკვე ზოგიერთ სოფელში, ალადასტური და ცოლიკოური ოქტომბრის დასაწყისში დაიკრიფა. დუღილიც კარგად წარიმართა.

© ქართული ღვინის გზამკვლევი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.