Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოს ქმნის ემოცია, ან პირიქით - ლაშა გურულის ბლოგი

თუკი საკუთარი ვენახი არ გაქვს, ეგ კიდევ სხვა საქმეა. თუკი გაქვს და იმასაც ხვდები, რომ შესაბამისად ვერ უვლი ვენახს, ეგეც სხვა საქმე. ორივე შემთხვევაში რთველის პერიოდამდე მაინც მივდივართ. მთელი წელი ფიქრობ, დაზამთრებიდან მოყოლებული, თუ როგორ უნდა დაწურო ყურძენი და როგორი ღვინო გინდა დააყენო ქვევრში. ფიქრი ერთია, განხორციელება მეორე. კიდევ სხვა საქმეა ისიც, რომ სულ სხვა სფეროში იყო დასაქმებული და კონკრეტული დღეები შეურჩიო რთველს და ღვინის დუღილის პროცესს. და თუკი მარტოც ხარ ამ საქმეში, კიდევ უარესი. მოკლედ, გულის ფეთქვების და მღელვარების მთელ კასკადს გთავაზობთ ყურძნის კრეფიდან დაღვინებამდე და ზაფხულის გადავლამდე ეს პროცესი.

ყურძნის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ხარ, ან შენი ყურძნით ხარ ისევ უკმაყოფილო, ან შესყიდულით. ყოველ შემთხვევაში ერთი ეჭვის უხილავი ძაფი უკვე გაწყდა გულში. არა უშავს, აგრძელებ გადარჩევით, იმედიანად. ქვევრის რეცხვას ჯერ კიდევ 1 თვით ადრე იწყებ, შემდეგ კირით ათეთრებ კედლებს და ტოვებ. შემდეგ ისე მოულოდნელად გეგმავ რთველს, რომ ქვევრის ბოლომდე გარეცხვას იცი ვერ მოასწრებ და ერთი ღამით უჟანგავ ცისტერნაში ასხამ წვენს. გეგმავ, რომ ღამეები არ ტეხო, არც შენი თავი გადაიწვა და დამხმარეებიც დაინდო. არ გამოდის ასე. ღამის სამ საათამდე მაინც გიწევთ შრომა. გახსენდება ამ დროს სხვების, წარმატებული მარნების რთველის ამსახველი ფოტოები, ძირითადად სუფრასთან გადაღებული, აშიშხინებული მწვადებით და ხაჭაპურებით. ნეტავ შრომისთვის როდისღა გამონახეს დრო, გიჩნდება კითხვა. 

კარგი, შევეშვათ მაგათ. მესამე დღე თენდება. იცი, რომ მთელ დღეს ქვევრში გაატარებ რეცხვაში. არადა ყურძნის ნახევარი კიდევ დასაკრეფია და მოსატანი. ამინდის პროგნოზიც ვერაა საიმედო, მაგრამ გუშინ ხო გაამართლა, ამის იმედი გაქვს ხვალისთვისაც. დღეს თუნდაც იწვიმოს ცოტა, მაინც ქვევრში იქნები მთელი დღე. რა რთული მოსაცილებელი ყოფილა კირი ქვევრის კედლიდან. არ ეპუები მაინც, ლიმონჟავით და რით აღარ ცდილობ. ბოლოს კერხერით მიადგები ქვევრშივე და მისხალ-მისხალ იღებ კირის ფენას, ასუფთავებ ბოლო-ბოლო და იწყებ საგულდაგულოდ რეცხვას. შებინდებისას ასრულებ საბოლოოდ გარეცხვას და ყველაზე სასიამოვნო პროცესი: მილით უშვებ ქვევრში ღვინოს. ქვევრში გოგირდის კვამლში ეხვევა ჩამავალი ყურძნის წვენი, სიბნელეა ირგვლივ, ქვევრის თავს ანათებს მხოლოდ ნათურა. ნელ-ნელა მშვიდდები და ემზადები ხვალინდელი შეტევისთვის. ვიღაცამ ახსენა, რომ მთვარეც კარგი ყოფილა ამ დღეებში. ე.ი. გაგვიმართლა ამ მხრივაც.

მეოთხე დღეა. მზე. დილიდან ვიწყებთ კრეფას. დაზიანებული მარცვლების გამოცლა დროს მოითხოვს, მერე რა, დღის ბოლომდე დავასრულებთ მაინც. ხვდები რომ დღესაც ღამის თევა მოგიწევთ, არ გინდა რომ დაკრეფილ ყურძენს ყუთებში გაათევინო ღამე. ღამის ორი საათია უკვე. ბოლო ყუთი ყურძენიც დაიწურა. სამშვიდობოს ვართ გასული. უკვე შეიძლება დამატებით დეტალებზეც ფიქრი. ხვალიდან დატოვება გიწევს მარნის, დაქირავებული სამსახური გიხმობს. უცებ, ამჩნევ რომ ერთი დეტალი არ გაკმაყოფილებს, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საყურადღებო. ესაა ჭაჭის ჩასარევი ხის ჯოხი, საკმაოდ მოძველებულა. სამი საათი რახანია დაიწყო, მერე რა: გამოგაქვს კიბე და ჭრი თუთის ხის ტოტს. იწყებ ქერქის გაცლას და გასუფთავებას, ჯვარედინი ხის თავის დამაგრებას. ნელ-ნელა, მონოტონურად აკეთებ ამას გადაღლილი, თვალები თავისით რომ გეხუჭება შიგადაშიგ. მაინც ასრულებ. პირველად დაურევ ქვევრს, მარლას აფარებ, მარანში ვინც რჩება, ბოლო მითითებას აძლევ და გამოიხურავ მარნის კარს. აწი თავი ქუდში გაქვს. ღვინო ნელ-ნელა მიხედავს თავის თავს, შენც ყურადღებას არ მოაკლებ ხშირად მონახულებით და გასინჯვით. უკვე ზუსტად იცი თითქმის, როგორი ღვინოც გექნება იანვარში და ოთხი დღის შემდეგ, პირველად დაგთამაშებს ღიმილი სახეზე ბალიშზე თავმიდებულს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული