Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინოვაცია თუ კარგად მივიწყებული ძველი?

გიორგი ბარისაშვილი

 საგანი, რასაც ჩვენს მოკლე წერილში შევეხებითб ზუსტად ესადაგება გამოთქმას – „ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველიაო“... ჩვენებური ქვევრით თანამედროვე მსოფლიო უკვე საკმაოდ დაინტერესდა, რასაც ცხადია, აქვს თავისი მყარი საფუძველი. ესაა უპირატესად ქვევრის უნიკალური ფორმა და შინაარსიც. ჩვენს წინაპრებს ქვევრის ბუნება „ანიდან ჰოემდე“ ჰქონდათ შესწავლილი, მაგრამ მუდმივმა ომებმა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკურმა მოშლილობამ თავისი გააკეთა და დღევანდელი ქართველობას ეს მართლაც ფენომენი თითქმის თავიდან აქვს შესასწავლი. ერთი კია, რომ ის, რაც ერს სისხლში და გენში აქვს бმისი შემეცნება და ანალიზი დიდ პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს.

 იმ თავითვე ჩვენს ქვევრს ფრინველის კვერცხის მოყვანილობა ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ ქვევრის ეს ტრადიციული ფორმა საუკუნეების მიღმიდან დღევანდელ დღემდე არ შეცვლილა. ძალზე ხშირად ამავე ფორმას ატარებს ქართული დოქი, ცხადია მათი ძირისა და ყელ-ტუჩის გათვალისწინებით, მაგრამ დოქების ფორმები საქართელოს კუთხეებში ხშირად ქვევრის, ანუ ფრინველის კვერცხის ფორმას იმეორებს.

  უკანასკნელ პერიოდში ევროპის ქვეყნებში გამოჩნდა ღვინის ინოვაციური ჭურჭელი, რამაც მალევე ჰპოვა აღიარება და გარკვეული გავრცელებაც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხსენებული ჭურჭლის ფორმა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჭურჭელს აქვს ქვევრის ფორმა, თუმცა მასალა განსხვავებულია. იშვიათად ამგვარი ჭურჭელი მზადდება მუხის ტკეჩებისაგან, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში ის დამზადებულია ცემენტის ხსნარისაგან. ინოვაციური ჭურჭლის შექმნის საწყის ეტაპზე, ანუ დაახლოებით 2008–2010 წლებში ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთი არაოფიციალური წერილის შინაარსი, საიდანაც გავიგეთ, რომ ხსენებული ჭურჭლის შექმნის იდეა სწორედ ჩვენი ქვევრიდან მომდინარეობდა. ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა საწყის ეტაპზე ჩვენებური ქვევრი ამოაბრუნეს ისე, რომ მისი შევიწროვებული მხარე არა ქვემოთ, არამედ ზემოთ მოექცა. ქვედა მხარეს მიამაგრეს ცემენტისავე სამი ფეხი, ხოლო გვერდიდან დაახლოებით შუა ადგილას დაატანეს ლიუკი. ხშირად ლიუკს ზედა მხარესაც ვხვდებით, ხოლო შუა ადგილას კი გამოსაშვებ მილებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჭურჭლის შექმნიდან ძალიან მალე დამზადდა კლასიკური ქვევრის მოყვანილობის ცემენტის ჭურჭელიც, თუმცა ამ ეტაპზე ეს უკანასკნელი ჭურჭელი გაცილებით მციერ იწარმოება, ვიდრე მისი ამოტრიალებული თავდაპირველი ვარიანტი. ვინაიდან ფრინველის კვერცხის მოყვანიობის მქონე ეს ჭურჭელი ინოვაციას წარმოადგენს მის წარმოებას ამ ეტაპზე მასობრივი ხასიათი არა აქვს. აღვნიშნავთ ერთ გარემოებასაც, რომ ერთ-ერთ ქართველ მექვევრეს უცხოეთიდან უკვე დაუკვეთეს კლასიკური ფორმის ქვევრისაგან განსხვავებული, ფეხზე დასადგმელი ჭურჭელი, რასაც ამოტრიალებული ქვევრის მოყვანილობა აქვს. ჭურჭელი დამზადდა სოფელ მაქათუბანში და უკვე გაიგზავნა ევროპაში. ჩვენი უცხოელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჭურჭლის მასალას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ უნდა ჰქოდნეს; თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი თიხისა და ცემენტის ხსნარით დამზადებული საღვინე ჭურჭლის გათანასწორება ცოტა არ იყოს უხერხულიც კია... რაც შეეხება ჭურჭლის ფორმის შემთხვევაში „ექსკლუზივს“, მათი თქმით ეს გარემოება მათივე აღმოჩენილია, რადგან ამგვარი ჭურჭლის მოყვანილობას სხვაგან არსად ვხვდებით, მაგრამ სადაა სინამდვილე?

  თვალი გადავავლოთ საქართველოს მექვევრეობის კერების ნაწარმს. როგორც აღინიშნა ქვევრს აქვს თავისი ისტორილად ჩამოყალიბებული, ამასთან ღვინის დაყენების ტექნოლოგიით ნაკარნახევი ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეს ფორმა არასოდეს შეცვლილა და ქვევრს ყოველთვის გააჩნდა ფრინველის კვერცხის მოყვანილობა. თუმცა გვხვდება შემთხვევები, როდესაც მართალია ფორმა არ იცვლება, მაგრამ იცვლება მიმართულება. ვგულისხმობთ იმ გარემოებას, რომ რაც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა თავიანთ შემოქმედებათ ჩათვალეს და ინოვაციადაც გამოაცხადეს ჩვენში ამგვარი ფორმა-მოყვანილობის ჭურჭელი საუკუნეებია მზადდებოდა. ამის თვალნათლივი მაგალითია ქსნის ხეობის – ცხავათის ქოცოები, რომელთა მოყვანილობა მსგავსია უცხოეთში ბოლო წლებში შექმნილი ჭურჭლისა, ესე იგი მას განიერი მხარე კლასიკური ქვევრისაგან განსხვავებით ქვემოთ აქვს მოქცეული. და ეს გახლავთ ცხავათური ქოცოს ისტორიული ფორმა, რომელი საგანიც გუშინდელი მოფიქრებული არ გახლავთ!

ცხავათური კერამიკა განთქმულია და აქაური თიხაც განსაკუთრებული ხასიათისაა. ქსნის ხეობის კერამიკაზე მოგვეპოვება ქალბატონი მაყვალა ზანდუკელის შესანიშნავი ნაშრომი „ქართული ხალხური კერამიკა“ (ქსნის ხეობა). თბილისი, 1982 წ. ამიტომ აქაური ქვევრის დახასიათებას აღარ მოვყვებით, თუმცა დავამატებთ ერთს მცირედს, რომ ცხავათურ ქოცოებს დღემდე მრავლად შევხვდებით ახმეტაში, რადგან ქსნის ხეობელებს ახმეტაში გასაყიდად შეჰქონდათ ცხავათური ქოცოები და სხვა ჭურჭელიც. ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, მზადდებოდა თუ არა სხვაგან ცხავათური ქოცოების მსგავსი ფორმის ჭურჭელი? მოვიშველიოთ ჩვენი ბარაქიან-მადლიანი კახეთი და პასუხიც მზადაა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ სოფელ შაშიანში ჩვენს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში მოსახლეობის მიერ ოჯახებიდან მოტანილმა ერთმა ქოცომ მიიქცია ყურადღება. ქოცო აბსოლუტურად იმეორებდა „ინოვაციური“ ჭურჭლის ფორმას, იგივე ცხავათური ქოცოს ფორმას, თუმცა დამზადებული იყო კახეთში, ადგილობირი მეთუნის, დავით ჩეკურიშვილის მიერ 1910 წელში, რაზეც თავად საუბრობს ქოცოს ყელზე გაკეთებული წარწერა. ჩეკურიშვილები ამ სოფელში დღემდე მრავლად ცხოვრობენ. ასერიგად ინოვაციური ფორმა, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა ამ ცოტა ხნის წინ ახალ აღმოჩენად ჩათვალეს ჩვენში საუკუნეებია არსებობს და არა მხოლოდ ერთ ადგილას. და აი კიდევ ერთი ვერსიაც. მექვევრეობა საქართველოში ცხადია, ქვევრის მოთხოვნიდან გამომდინარე მეტად პოპულარული დარგი იყო. მექვევრეობის ტრადიციულ კერებს ჩვენში მრავლად შევხვდებით, მაგრამ ვხვდებით მექვევრეობის სეზონურ კერებსაც, სადაც ქვევრი მუდმივად არ მზადდებოდა. ამგვარი ადგილებია, მაგალითად: ხაშმი, დიდი დიღომი, კავთისხევი და სხვა მრავალი ადგილი თუ სოფელი. ტაძრებთან მოსახლეობის მიერ ზედაშის ქვევრების მიტანის ტრადიცია ბოლო პერიოდამდე შემორჩა. ამ გარემოებამ თავის მხრივ თვალნათლივი გახადა ის, თუ რა სიტუაცია იყო მექვევრეობის მხრივ ამა თუ იმ სოფელში და საიდან შეჰქონადათ მოსახლეობას ქვევრები იქ. ამაზე მეტყველებენ ქვევრის დამღებიც, რომელ საკითხსაც ჩვენ უკვე არაერთხელ შევეხეთ. სოფელ კავთისხევში და მის მეზობელ სოფლებში ხშირად შევხვდებით ქოცოებს, რომლებსაც ცხავათური ქოცოს მოყვანილობა აქვს. თუმცა ეს არ გახლავთ ცხავათური ქოცო, არამედ ესაა ადგილზე, სეზონურად მოსული ოსტატების მიერ დამზადებული ჭურჭელი. ყოველი შემთხვევისათვის კავთისხევურ ქოცოთ მიჩნეული ჭურჭელი არ ცხავათურია და არც კახური. ისაა ადგლობრივი ნაწარმი, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს მიერ ზემით გამოთქმულ მოსაზრებას.

დასარულს ვიტყვით, რომ ჩვენეული ამ უნიკალური ჭურჭლის – ქვევრის შემდგომი კვლევა მეტად საშური საქმეა და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჭურჭელი მსოფლიოს კიდევ არაერთხელ გააკვირვებს.

მცხეთა, 2018 წ.        

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული