Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის სხვლის საიდუმლოებები „ღვინის სოფელში“

ლევან სეფისკვერაძე

USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ The USAID Economic Security Program ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო და გურიაში, პროექტ „ღვინის სოფელის“ ფარგლებში „ღვინის კლუბის“ ლექცია-სემინარების კურსი გრძელდება. შარშან ზაფხულში დაწყებული პროექტი მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხება და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები როგორც წესი წლის სეზონისა და პერიოდის შესაბამისად, მეგრელ და გურულ ახალბედა მევენახე-მეღვინეებს ლექცია-სემინარებს უტარებენ. სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს და მეღვინეობით დაინტერესებულ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. პროექტის პარტნიორები არიან „მენაბდის მარანი“, „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“ და ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

პროექტ „ღვინის სოფელის“ ფარგლებში 6 მარტს მარტვილში, სასტუმრო „მარტვილი პალასში“ და 7 მარტს ჩოხატაურში, „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრში“ პროექტის ექსპერტმა, მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა ვენახსა და მარანში მნიშვნელოვან საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრა. მხატვარ-დიზაინერმა მამუკა ტყეშელაშვილმა კი ღვინის ბოთლის ეტიკეტი განიხილა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პროექტის ბენეფიციარებს სურვილის შემთხვევაში მამუკა ტყეშელაშვილი ახალი ეტიკეტის შექმნაში სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ ხარისხიანი ეტიკეტის პრობლემა ქართული ღვინის მარკეტინგში წლებია არსებობს.

იაგო ბიტარიშვილმა მეგრელ და გურულ კოლეგებს ვაზის სხვლის საიდუმლოებები გაუზიარა და პირველ რიგში განმარტა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაზის სწორად სხვლა ვენახის საერთო მოვლის კონტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სასურველია მევენახემ იცოდეს მისი ვენახის ყოველი ძირის პრობლემები, შესაძლებლობა, თავად ატარებდეს ე.წ. მწვანე სამუშაოებს, თავად სხლავდეს, თავად წამლავდეს და აქედან გამომდინარე, უკვე ნათლად ეცოდინება მის ვენახს კონკრეტულ დროს და მომენტში რა სჭირდება და როგორი გადაწყვეტილებებია მისაღები თუნდაც სხვლის წესებთან დაკავშირებით.

იაგო ბიტარიშვილი, მევენახე-მეღვინე, „იაგოს მარანი“: “რაც უფრო მეტ რქებს დავუტოვებთ სხვლის დროს ვაზს, უფრო მეტ მოსავალს მოგვცემს, მაგრამ მეტი მოსავლის შემთხვევაში ჭირს ყურძნის ბოლომდე დამწიფება და თუ ყურძენი ღვინის დასაყენებლადაა გამიზნული, უმჯობესია ბევრი არ დავასხმევინოთ.

საჰექტრო მოსავლის მიხედვით ყურძნის ფასი ევროპულ ქვეყნებშიც არის დაბალი, ანუ მოსავლის რაოდენობის სიმცირის გამოც კი შეიძლება ყურძენს მეტი ფასი ქონდეს. თუკი დიდ რქას დავტოვებთ, დიდი ენერგია წავა ფოთლების ზრდაზე და არა ყურძნის მოსავალზე. ამიტომაც არის კარგი ნიადაგის გაკორდება, რადგან ვაზს არ ექნება დიდი ზრდა და ეს ყურძენს გააძვირებს და ხარისხს აუწევს“.

იაგო ბიტარიშვილის აზრით, სასურველია მევენახის მიერ იყოს შერჩეული სავენახე ადგილიც, საძირეც და თავად მევენახე უნდა უძღვებოდეს ვენახის გასხვლას. თეორიულად შეიძლება, რომ სხვლის დროს ე.წ. წვერების გადაჭრა საერთოდ არ გახდეს საჭირო და არიან მევენახეები, რომლებიც ამას ახერხებენ.

„ხშირად მეკითხებიან, რამდენ კვირტზე მეტი არ შეიძლება დავუტოვოთ ვაზს და რა არის საუკეთესო გამოსავალი. არ არსებობს ზუსტი რეცეპტი თუ რომელ ვენახში როგორ აჯობებს სხვლის ჩატარება და ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. როცა დადგები ვაზის წინ, უნდა შეაფასო როგორ იყო გასხლული. თუკი ვენახი პირველ მავთულზე ზემოთაა წასული, გინდა თუ არა, გიწევს მისი გასხვლა და დამოკლება, თუ თავიდანვე შენ სხლავ საკუთარ ვენახს, უკვე იცი, რომ პირველი მავთულის ქვემოდან უნდა დაიწყო, თუკი ვაზი უკვე ზემოთაა ასული, გინდა თუ არა, უნდა დაადაბლო ვაზი, რაც პრინციპების დარღვევა იქნება. ანუ, ამ შემთხვევაში ვეღარ დატოვებ 2 სამამულო კვირტს. ამიტომ ვამბობ, რომ მუდამ კარგია როდესაც ერი და იგივე ადამიანი სხლავს და ფურჩქნის, რადგან მან უკვე იცის მომავალ წელს სად უნდა დაუტოვოს ნეკი და სად უნდა გადაჭრას. ჩვენი მიმართულება არ არის მასობრივი წარმოება და ამიტომაც მცირე მარნების წარმოება დრამატულად ვერ და არ იზრდება, რადგან ეს ხარისხზე ცუდად აისახება“ - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

გურიასა და სამეგრელოში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს როგორც ე.წ. გიუიოს, ასევე კორდონული გასხვლის მეთოდები და ამ ორივე მეთოდის უპირატესობები და საჭიროებები. იაგო ბიტარიშვილმა ისიც განმარტა, რომ შეიძლება მევენახემ სხვლის რამდენიმე მეთოდი სცადოს და მეთოდოლოგია ცვალოს, თუმცა უმჯობესია საბოლოო აქცენტი სხვლის ერთ და მისი ვენახისთვის შესაბამის მეთოდზე გააკეთოს.

„გაითვალისწინეთ, რომ სანამ ვენახს ფოთოლი ასხია, მისი გასხვლა არაა რეკომენდებული, რადგან ვენახის ენერგიის ნაწილი ფოთლებში წავა. როდესაც ვაზს ფოთლები გასცვივა, მხოლოდ აქედან ორი კვირის გასვლის შემდეგ შეიძლება მისი გასხვლა. ზოგადად ვაზი რაც ადრე და დროულად გაისხვლება, უკეთესი იქნება, რადგან გვიან უკვე თბილა და ვაზი წყალს კარგავს. გარდა ამისა, სითბოში ბაქტერიები იწყებენ მუშაობას და ვაზზე მიყენებული ჭრილობა შესაძლოა ბაქტერიების გამრავლების წყარო გახდეს. გვიან გასხვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს კარგი, რომ გვიან გასხლული ვენახის ტოტები გვიან გამოდის და ეს შეიძლება ეს იყოს ყინვის წინააღმდეგ ერთგვარი პრევენცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოს ვენახებში, სადაც ვაზის ნაადრევი მოყინვების საფრთხე დიდია. ისე კი საფრანგეთში ბევრი რამ სცადეს ყინვების წინააღმდეგ. ვერტმფრენების კი იყიდეს, რომ რამენაირად მოეხდინათ ამ პრობლემის პრევენცირება, თუმცა ამას დიდი შედეგი არ ქონია“ - განმარტავს ბიტარიშვილი.

იაგო ბიტარიშვილი: „რაც ნაკლებია სინათლე ვენახში - მით ნაკლებია ფოტოსინთეზი და ეს ხარისხზე ცუდად აისახება. ვენახის ფორმირება არაა მხოლოდ ვარჯის გამოყვანა. ყველა პროცესი ერთიანობაშია წარმოსადგენი და თავიდანვე უნდა ვიცოდეთ მომავალში როგორ უნდა გააგრძელოს ვაზმა ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაზიდან ვაზამდე დაშორება რამხელაა. რაც უფრო შორია ვაზის ძირები ერთმანეთთან, უფრო მეტად გრძელი რქა უნდა დავუტოვოთ, რადგან რჩება სივრცე და ეს არც ვენახის აერაციას შეუშლის ხელს. ხოლო თუ ვაზებს შორის დაშორება მცირეა, ამ შემთხვევაში მოკლე რქაა დასატოვებელი. წინააღმდეგ შეთხვევაში ვენახი დაიბურება, აერაციას შეექმნება პრობლემა და ეს მწიფობის ხარისხზეც არ აისახება დადებითად“.

მხატვარმა-დიზაინერმა მამუკა ტყეშელაშვილმა პროექტის ბენეფიციარებს ღვინის ეტიკეტების შესახებ მისეული ხედვა გააცნო. ასევე გაიზიარა იდეები თუ როგორ წარმოუდგენია კონკრეტული მარნებისთვის ბოთლის ისეთი ბრენდირება, რომ ღვინის, მევენახე-მეღვინის და რეგიონის განსაკუთრებულობა შესაბამისად წარმოჩინდეს ღვინის მყიდველებში და არც ზედმეტი იმედები გააჩინოს და არც კარგი ღვინო გააუბრალოოს ზედმეტად.

ტრენინგების დასრულების შემდეგ, პროექტის სამუშაო ჯგუფი და ადგილობრივი მეღვინეები ადგილობრივ მწარმოებლებსაც ეწვივნენ, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნენ მიმდინარე პროცესებს და ღვინოც დააჭაშნიკეს.

როგორც იცით, პროექტი „ღვინის სოფელი“ ერთწლიანია და ამჯერად იგი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული