Home
ქართული | English
აპრილი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

მულტიმედია

კომენტარები

სამი სტილის საფერავის ჭაშნიკი ღვინის ბარ "ინვინო"-ში

ლევან სეფისკვერაძე

31 იანვარს თბილისში, ახლადგახსნილ ღვინის ბარ "ინვინო"-ში (შალვა ღამბაშიძის 10) ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაცღვინის კლუბისპრეზიდენტი მალხაზ ხარბედია უძღვებოდა. დეგუსტაციას 30-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და იგი მთლიანად მიეძღვნა საფერავს. ღვინის მოყვარულებმა სამი სტილის საფერავი დააგემოვნეს.

ლექცია-დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 6 მარნის მიერ 3 სხვადასხვა მეთოდით დაყენებული განსხვავებული საფერავები და ღონისძიების წამყვანის ინიციატივით, ჭაშნიკის ყველა მონაწილეს უშუალოდ დეგუსტაციის პროცესში შეეძლო საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და შესაბამისი და დასკვნებიც გაეკეთებინათ.

დეუსტაციაზე გაისინჯა:

კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავი:

"ზანგაურა"  - 2016 წლის მოსავალი ყვარლის მუნიციპალიტეტიდან. ალკოჰოლი 13.5.

"ნიკიფორე" - 2018 წლის მოსავლის ხაშმის (გარე კახეთი) საფერავი, რომელიც დეგუსტაციაზე წარმოდგენილთაგან ყველაზე ახალგაზრდა ღვინო იყო.

ქვევრში დაყენებული საფერავი:

"ჭოტიაშვილის მარანი/მარანი "საწნახელი" - "რჩეული ქვევრის" ბრენდქვეშ დაყენებული 2016 წლის მისავლის ქვევრის საფერავი. პრემიალური ღვინო. ალკოჰოლი: 14%.

"ვინომი" - ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქალაქ ახმეტასთან ახლოს) მოწეული საფერავისგან ქვევრში დაყენებული 2017 წლის მოსავლის ღვინო. ალკოჰოლი: 14%.

მუხის კასრებში დავარგებული საფერავი:

"ვინე პონტო" - მუხაში დავარგებული 2016 წლის მოსავლის "მუკუზანი". ალკოჰოლი: 13.5%.

"შენგელის ღვინოები" - 2017 წლის მოსავლის ადგილწარმოშობის დასახელება "ყვარელი". ალკოჰოლი: 13.5%.

მალხაზ ხარბედიამ დეგუსტაციის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საფერავი ქართული კულტურის ნამდვილი საგანძურია. იგი არქაული ჯიშია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორული წყაროები მის შესახებ ძალიან მწირია და ამ ჯიშის ხსენება პირველად მე-18 საუკუნეში გვაქვს.

ხარბედიას განმარტებით, ქართულ ამპელოგრაფიაში  რატომღაც შეცდომით წერია, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში“ გვხვდება საფერავის პირველი მოხსენიება (საუბარია მეფის კარის მიერ დაფარულ მეზვრეთა და მემარნეთა ხარჯებზე ატენში), არადა ძველქართული სამართლის ეს ცნობილი ძეგლი მე-18 საუკუნისაა და სამწუხაროდ ეს შეცდომა დღემდე არავინ გაასწორა და მას ხშირად იმეორებენ სხვა გამოცემებშიც.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: “ როგორც მეცნიერები ამბობენ, საფერავი კახეთში საკმაოდ გვიან შემოვიდა და დამკვიდრა. მის წინამორბედ მხარეებში კი თითქმოს არარ დარჩა. ამპელოგრაფთა აზრით ეს არის შავი ზღვის აუზის ჯიში (კოლხური ოჯახიდან), რომელმაც ჯერ გადაინაცვლა სამხრეთ საქართველოში (შავშეთი, ტაო, მესხეთი და სხვა..) შემდეგ შემოვიდა ქართლში და ბოლოს შუა საუკუნეებიდან დამკვიდრდა კახეთში.

საფერავი გვხვდება ვახუშტი ბატონიშვილთანაც, იგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მე-18 საუკუნიდან ერთ-ერთ უმთავრეს ჯიშად იქცა. იყო დრო, როდესაც ქართულ მევენახეობაში საფერავის წილი 30%-მდე იყო, თუმცა ფილოქსერას შემოსვლის მერე ეს წილი საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საფერავმა ქართულ ვაზის ჯიშებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა რაოდენობის თვალსაზრისით, და ეს პოზიცია იმერულ ცოლიკოურს “წაართვა“.

ამპელოგრაფიული თვალსაზრისით საფერავი უნიკალური ჯიშია, რომელსაც წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით რბილობიც მუქი აქვს და წარმოადგენს ძლიერი შეფერვის ჯიშს. საფერავს სამედიცინო კუთხითაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. სხვათაშორის ასეთი სამკურნალო თვისებები კახურად (ჭაჭა-კლერტზე მაცერაციის წესით) დაყენებულ თეთრ ჯიშებსაც გააჩნია“.

დეგუსტაციის დროს საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ახმეტაში 2016 წელს დაარსებულ მარან “ვინომის“ ქვერში დაყენებულ 2017 წლის მოსავლის საფერავზე.

გიორგი შოშიტაიშვილი, მარანვინომისწარმომადგენელი: “ ვენახი ახმეტის მუნიციპალიტეტში გვაქვს და ძირითადად ქვევრებში ვაყენებებთ საფერავს, ქისს, მწვანეს და რქაწითელს. დაახლოებით სამი წელია, რაც ღვინოს ჩვენს მარანში ვაყენებთ. პირველი მოსავალი მივიღეთ 2016 წელს. ზოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი საფერავი ცოტა მძიმე დასალევია, თუმცა მჟავიანობის პარალელურად ამ ღვინოს ალკოჰოლიც შესაბამისად აქვს. როგორც ამბობენ, ეს დამახასიათებელია ახმეტის ღვინოებისთვის. ღვინო ინტენსიური შეფერვისაა და არომატიც ალბათ განხვავებული აქვს“.

დეგუსტაციის დროს აღინიშნა, რომ სამწუხაროდ ქართველი მამაკაცები ზოგადად ძალიან ცოტა წითელ ღვინოს სვამენ და სასიხარულოა, რომ ქალებში განსაკუთრებულად პოპულარულია წითელი ღვინო. ცხადია აქ არ იგულისხმება სტერეოტიპულად დამკვიდრებულ ე.წ. “ქალების ღვინო“, რომელიც არასწორი ტერმინია და ალბათ ნახევრადტკბილ დაბალი ხარისხის ღვინოს გულისხმობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეგუსტაციაზე გაისინჯა სამი სტილის საფერავის ექვსი ნიმუში  - კლასიკური წესით დაყენებული (მუხის გარეშე დაყენებული ჯიშური საფერავი ე.წ. პირველადი არომატებით), ქვევრში დაყენებული  და მუხის კასრებში დაძველებული, სადაც ჯიშურ არომატებს ემატება ე.წ. მესამეული არომატებიც. თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ამ სამი სტილის გარდა საფერავი შესაძლებელია ბევრი სხვა მეთოდითაც დადგეს - ვარდისფერი, შემაგრებული და თეთრი ან ცქრიალა საფერავიც კი.

ღონისძიებას ესწრებოდა საჭაშნიკედ გამოტანილი ერთ-ერთი ღვინის ავტორი, ახალგაზრდა მეღვინე ნიკო ხუნდაძე. მან 2018 წლის მოსავლის ხაშმის საფერავი კლასიკური წესით უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში დააყენა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ხაშმში მდებარე ვენახი, სადაც საღვინე ყურძენი მოიკრიფა,  ე.წ. მწარეს ნაცვლად თავის ბუნებრივ საძირეზეა გაშენებული.

ნიკო ხუნდაძე, მარანნიკიფორე“- მფლობელი: “პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა “ღვინის კლუბს“ და ბარ “ინვინოს“ ასეთი საინტერესო დეგუსტაციისთვის.  დღეს რაც გავსინჯეთ ფაქტობრივად ყველა ნიმუში იყო უზადო და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ღვინის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან იზრდება. მაგალითად, 15 წლის წინ შესაძლოა ამდენი ხარისხიანი საფერავი ერთად ვერც კი გვეშოვა. ახლა კი უკვე ჩემი ღვინის გარდა, ბევრი სხვა საფერავიც შემიძლია ვურჩიო მეგობარს. ხშირად მეკითხებიან, რატომ მიმაჩნია საფერავი გამორჩეულ ღვინოდ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ძალიან გემრიელი ღვინო, რომელიც იძლევა ბევრ საშუალებას, სრულიად განსხვავებული ღვინოები დააყენო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

ჭაშნიკის პროცესში სადეგუსტაციო ნიმუშები მეტად საინტერესოდ დალაგდა. გადაწყდა, რომ ჯერ კლასიკურად დაყენებული ღვინოები შედარებულიყო ქვევრში დაყენებულთან, შემდეგ ქვევრის ღვინოები მუხაში დავარგებულთან და დეგუსტაციის მერე ნაწილში მომდენო სამი ნიმუშით შეძენილი ცოდნა და გამოცნობის უნარი კიდევ ერთხელ გადამოწმებულიყო.

მარი გაბედავა, დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილე: "ღვინის კლუბის" საღამოზე მეორედ ვიყავით, ხანგრძლივი შუალედით. ძალიან სასიამოვნო გარემო, სასიამოვნო ხალხთან ყოველთვის გარანტირებულია. მე ღვინო მომწონს, თუმცა ბევრი არაფერი ვიცი მასზე. მაგრამ ამ შეხვედრების მონაწილეთა დიდი უმრავლესობა პროფესიონალია, ან კარგად გაცნობიერებული მოყვარული და ძალიან ინფორმატიულია მათი მოსმენა".

როგორც ცნობილია,საბჭოთა კავშირის ეპოქაში ძალიან დიდი წყვეტა იყო ქართული ღვინის კულტურაში და ამ უზარმაზარი წყვეტის შემდეგ, (რომელმაც ძირითადად საეჭვო ღირებულების რესტორნებზე გადაიარა) არცთუ დიდი ხანია რაც დაიწყო აღორძინება და ეს ცხადად ჩანს თუნდაც იმით, რომ ბოლო დროს ბევრი ახალი ღვინის ბარი გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ბარი, დეგუსტაციის მასპინძელი “ინვინოა“, რომელიც მისი მესვეურების თქმით, ღვინის განათლებას მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს. 

მაია ლომიძე, ღვინის ბარინვინო“- მენეჯერი: “ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დეგუსტაციამ ღვინის მოყვარულთა ასეთი ინტერესი გამოიწვია. მომავალშიც ვგეგმავთ “ღვინის კლუბთან“ თანაშრომლობით მალხაზ ხარბედიას დეგუსტაციების ციკლს. შემდეგი სადეგუსტაციო თემა გვექნება იმერული ღვინოები (მით უმეტეს, ახლა მივიღეთ ძალიან საინტერესო ნიმუშები). ჩვენ ასევე  ვაპირებთ შიდა დეგუსტაციების ციკლის გაგრძელებას, რითაც საკუთარი, ხშირად ორიგინალური დასკვნები გამოგვაქვს. აი მაგალითად, ჩვენს წინა შიდა დეგუსტაციაზე მოწონება შედარებით იაფფასიანმა ღვინოებმა დაიმსახურეს, რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მხოლოდ სიძვირით არ უნდა განვსაზღვროთ ღვინის ხარისხი და რაობა.

არ გვინდა სხვა ღვინის ბარებთან კონკურენციაში შევიდეთ. სურვილი გვაქვს წვლილი შევიტანოთ ჩვენს ქვეყანაში ღვინის კულტურის ამაღლებაში და უფრო მეტად სწავლებაზე გავაკეთოთ აქცენტი. არ ვიქნებით ორიენტირებული ვინმესთვის ე.წ. “კლიენტის წართმევაზე“. პირიქით - ჩვენ თანამშრომლობის მომხრე ვართ!“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.