Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"როცა ვენახი პატრონად მიგიჩნევს, ისიც ცდილობს ისეთი დადგეს, ჩვენს სულსა და გულს, რომ გაახარებს" - ინტერვიუ თეა სტურუა

"პატარა მარანი" "ახალი მცირე მარნების ფესტივალზე" პირველად უმასპინძლებს ღვინის მოყვარულებს. როგორც თეა სტურუა გვიამბობს, რთველსა და ღვინის დაყენების პროცესში მთელი ოჯახია ჩაბმული, თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული. პირველი ვენახი 2006 წელს შეიძინეს, მას შემდეგ კი თავად უვლიან და აწარმოებენ სხვადასხვა ღვინოს. ინტერვიუში თეას მოლოდინებს, სასიამოვნო გამოცდილებებს, სამომავლო გეგმებსა და "პატარა მარნის" საინტერესო ისტორიას გაეცნობით.

- მოკლედ გვიამბეთ თქვენი მარნისა შესახებ, როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა? როგორ მოხვდით ღვინის სამყაროში?

დგება მომენტი, როცა დაფიქრდები, გადახედავ წარსულს და მიხვდები, რომ იმ ერთმა, შენთვის სრულიად ახალ და იმ დროისთვის, ჯერ კიდევ გაუკვალავ გზაზე სიარულმა, სამუდამოდ დააკავშირა შენი ოჯახი დღევანდელ საქმიანობასთან - მეღვინეობა-მევენახეობასთან. 2003 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. მაშინ ყველაფერი სხვაგდვარად იყო, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ პირს და/ან საინიციატივო ჯგუფს შეეძლო და მეც, ჩემი ოჯარის წევრ გიოორგი დარჩიასთან, ერთად შევიტანე საპროექტო განაცხადი. პროექტს ერქვა-  „ქართული ვაზის ფესტივალი“ და ძირითადი აქცენტი ვაზის აუთენტურ ჯიშებზე გავამახვილეთ. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ჯიშების, ვენახების, წარმოებული ფერმერული ღვინოების შესწავლას. ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით მევენახე გლეხებს ფერმერული მეურნეობის მოწყობასა და ღვინოების რეალიზაციაში, რათა შეენარჩუნებინათ აქა-იქ შემორჩენილი უნიკალური ქართული ჯიშები და წაგვეხალისინებინა ღვინის დაყენების მრავალსაუკონოვანი ტრადიციის აღორძინება; პირველად სწორედ ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდა ვენახებისა და ღვინოების ლაბორატორიული შემოწმება, მოვინახულეთ 134 ფერმერი ყველა რეგიონში. კვლევისა და შესწავლის შემდეგ, მხოლოდ 27 ფერმერის ღვინომ და ვენახმა დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტი. პირველად საქართველოში, ჩვენი პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ ფერმერების ღვინოები ჩამოისხა ბოთლებში, მოხდა მათი ეტიკეტირება და სარეალიზაციოდ გამზადება. 2004 წელს პროექტი დასრულდა საქართველოში პირველი „ქალთული ვაზის ფესტივალი“-თ, რომელიც გაიმართა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბილისში. ფესტივალის დროს პროფესიონალთა გუნდმა ჩაატარა დეგუსტაცია და 27 წარდგენილი ღვინიდან გამოავლინა 3 საუკეთესო ფერმერული ღვინო. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო პროფესიონალთა გუნდი, მათ შორის იყო მეღვინეობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხანშიშესული ბატონი გიორგი თუშმალიშვილი. მევენახეობა-მეღვინეობაზე უზომოდ შეყვარებული ძალდაუტანებლად გვიზიარებდა და გადმოგვცემდა ამ სიყვარულს, გვასწავლიდა იმას, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავდი: ღვინის დაგემოვნებას, ფერს, სხეულს, სუნს, ვენახის ფოთოლს, კლერტს, გვიყვებოდა ვაზის ტირილსა და ყვავილობაზე და ა.შ. დეგუსტაციის დროს გვერდზე მისვამდა და მეკითხებოდა, ჩემი ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ, მეც ვპასუხობდი, ჩუმად ეღიმებოდა და მაგულიანებდა: შენგან კარგი მეღვინე და კიდევ უკეთესი მევენახე დადგებაო. 2006 წელს ვენახის მოვლითა და ღვინის კეთების სურვილით შეპყრობილებმა, აწ უკვე გამოცდილებმა, ჩემმა მეუღლემ და მე, ვიყიდეთ პირველი ვენახი (ახოებში საფერავი 0.5ჰა) და აქედან დაიწყო ყველაფერი. დღეს ვფლობთ თბილისში მოწყობილ „პატარა მარანს“ 6 ცალი 1 ტონიანი ქვევრით, კარდენახში ახოებში საფერავისა და რქაწითელის და წარაფში რქაწითელის ვენახებს (სულ:1,25ჰა); ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ვაზისა და ღვინის მოვლა-დაყენების პროცესში. მიზნად დავისახეთ ბუნებრივი ღვინის ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენება, რის გამოც ვენახებს ვუვლით ორგანული წესით. აგრეთვე, ყურძენი იწურება ხელით, რაც ჩვენს ღვინოს სხვა მახასიათებლებთან ერთად კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს. არ ვიყენებთ გოგირდს და ღვინო ინახება ქვევრში ჭაჭაზე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. ტრადიციული კახური მეთოდით ვაწარმოებთ მხოლოდ ორი სახეობის ღვინოს: საფერავსა და რქაწითელს. ვართ ორგანული/ბუნებრივი ღვინის ასოციაციისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი.

- თქვენი წარსადგენი ღვინოები გაგვაცანით, მათი არომატები და გემური პროფილი, თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

„პატარა მარანი“ “მცირე მარნების ფესტივალზე” აპირებს წარმოადგინოს სხვადასხვა წლის მოსავლისგან დაყენებული რქაწითელი (სრულსხეულიანი, მშრალი, ყველაზე ძველი 4 წლიანი დაძველებით) და 2021 წლის მოსავლის საფერავი (სრულსხეულიანი, მშრალი, 3 წლიანი დაძველებით), ჩემი რჩეული ღვინოა „წარაფის რქაწითელი“. რაც შეეხება არომატებს, მიმაჩნია რომ ეს ძალიან სუბიექტური აღქმაა და დამოკიდებულია იმ რეცეპტორულ სისტემაზე, რომელიც დამგემოვნებელს აქვს.

- რითია “მცირე მარნების ფესტივალი” გამორჩეული თქვენთვის სხვა ფესტივალებისგან?

- ფესტივალებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს, ამ ფესტივალზეც პირველად ვიღებთ მონაწილეობას. ზოგადად ვთვლი, რომ მცირე მარნები ღვინის ბაზარზე ის სეგმენტია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს უმაღლეს ხარისხზე, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ეს საქმიანობა უფრო ცხოვრების წესი და ფილოსოფიაა, ვიდრე ბიზნესი.

- თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მცირე მარნებს უფრო დიდი, ბაზარზე დამკვიდრებული ღვინის საწარმოებისგან გამოარჩევს?

როგორც აღვნიშნეთ, მიგვაჩნია, რომ მცირე მარნების უმეტესობა ორიენტირებულია ხარისხზე, ვენახების მოვლა სცილდება მხოლოდ „ორგანული სოფლის მეურნეობის“ წარმოების ჩარჩოებს და სრულად ეფუძნება ვენახის ბუნებრივი ეკოსისტემის სტაბილიზაციას. ანალოგიური მიდგომა ვლინდება ღვინოების წარმოებისას - გადამწყვეტი როლი ეკისრება მის (ღვინის) ქცევას. ვთვლით, რომ მცირე მარნებმა უნდა ისწავლონ ნდობა ღვინის დაყენების მისტიური პროცესისადმი და მინიმალური ჩარევით (სხვადასხვა დანამატები, ფილტრაცია და სხვ), მისცენ მას საშუალება თავისუფლად გამოავლიოს საკუთარი ხასიათი.

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?

- გააჩნია რომელ ბაზარს გულისხმობთ, საქართველოს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია, მუდმივი დაბრკოლებაა ჩვენთვის - ბრმა დეგუსტაციების დროს ჩვენი პროდუქცია უმაღლეს შეფასებებს ღებულობს, თუმცა, იმავე ღვინოების შეფასებისას, როგორც კი ჩვენი, როგორც მწარმოებლის ვინაობა ხდება ცნობილი, იგივე „პროფესიონალები“, სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებებს გვიზიარებენ.

- რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი აზრით, “მცირე მარნების ფესტივალს” მეღვინეებისთვის?

- ვფიქრობ, ნებისმიერი ფესტივალი არის კარგი მარკეტინგული ინსტრუმენტი მეწარმისთვის: გაზარდოს ცნობადობა, მოიზიდოს მომხმარებელი, თავად მოახდინოს საკუთარი პროდუქციის წარდგენა. ის რომ ფესტივალზე მხოლოდ „მცირე მარნები“ იქნებიან წარმოდგენილი, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება ჰყავდეთ მარკეტინგის სპეციალისტები, ექსპორტის მენეჯერები, ფლუერენსერები და ა.შ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა: ერთის მხრივ ეცნობი „შენს სეგმენტს“, ამყარებ კავშირებს, აკვირდები, სწავლობ მათ როგორც კონკურენტებს, მეორეს მხრივ, ფესტივალის სტუმრები უპირატესად არიან მცირე ფერმერული ღვინოების მოყვარულები და ექსპორტიორები, რომლებიც შეიძლება „მცირე მარნების“ პოტენციური კლიენტები გახდნენ.

- რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- ახალ კატეგორიის ღვინოსთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე მათი გახმაურებისგან თავს შევიკავებ. გეგმები მაქვს ვენახებთან დაკავშირებითაც, წელს ვგეგმავ თეთრი სამყურას დათესვას. ფესტივალზე სხვადასხვა მეწარმეებთან შეხვედრამ, მათი გამოცდილების გაზიარებამ, ადვილად შესაძლებელია ახალი იდეები გამიჩინოს.

- მეღვინეობა დიდ შრომას და ენერგიას მოთხოვს, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშრებული დასამახსოვრებელი ისტორია ან მოგონება?

- ჩვენი ოჯახი და ყველა ჩვენი ნათესავი დასავლეთ საქართველოდანაა და კახეთში მხოლოდ სტუმრად თუ ჩავიდოდით. ჩვენს ვენახებს ჩვენვე ვუვლით (მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმიანობაში) და ადგილობრივებს მხოლოდ კონკრეტული ოპერაციებისას ვიხმართ. ჩვენთვის ეს პროცესი კიდევ უფრო გართულებულია, რადგან კახეთში არ გვაქვს ღამის გასათევი და ყოველ ჯერზე თბილისიდან დავდივართ. დასამახსოვრებელ ისტორიას რაც შეეხება: 2007 წელს, როცა პირველად „შევეთამაშეთ“ ღვინის დაწურვას, ჩემმა 2 წლის შვილმა, როგორც კახელები იტყვიან „ჯანიანმა ბალღმა“, გადაწყვიტა ჩაბმულიყო „საოჯახო საქმიანობაში“ და გულოდგინედ, ფეხებით „დაფუშა“ ყურძენი, რითიც გაჩნდა ჩვენი პირველი ღვინო. ამ ღვინის ერთი ბოთლი დღემდე გვაქვს შენახული. მწარე ისტორიად და გამოცდილებად ალბათ, წლევანდელი ისტორია დაგვრჩება: წელს ძველი ვენახის ადგილზე საფერავის ახალი ვენახი გავაშენეთ და მთელი ზაფხულის განმავლობაში მე და ჩემი ქალიშვილი ხელით ვმარგლავდით 0.5 ჰა მიწას. იქაურებმა ზედმეტი სახელიც შეგვარქვეს - „გიჟი ქალაქელები“.

- როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?

- მიგვაჩნია, რომ ღვინოსთან ურთიერთობა ვენახიდან იწყება. ამიტომაც, დღემდე ვცდილობთ დავესწროთ სხვადასხვა ტრენინგებსა და საგანამათლებლო აქტიობებს, ვკითხულობთ ილიას, კეცხოველისა და ნაკაშიძის ნაშრომებს. 21-ე საუკუნეში სირთულეს არ წარმოადგენს გაეცნო უცხოელი ფერმერების გამოცდილებას და სპეციალისტების სამეცნიერიო ნაშრომებს, გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით გამოცდილ მევენახეებს ვუსვამთ კითხვებს და ვთხოვთ რჩევებს, რაც მთავარია ვისწავლეთ ვენახის „მოსმენა“ და მასთან, როგორც სულიერთან „საუბარი“. როცა ვენახი პატრონად მიგიჩნევს, გცნობს და გენდობა, ამ კოდს ღვინოსაც გადასცემს და ისიც შესაბამისად ცდილობს ისეთი დადგეს, ჩვენს სულსა და გულს, რომ გაახარებს. ვენახიცა და ღვინოც ცოცხალია, ისევე გრძნობს და ესმის, როგორც ადამიანს, ცდილობს პატრონს დაემსგავსოს ყოველწლიურად სხვადასხვა ხასიათზეა, ისევე როგორც პატრონი, დაძველებისას ისიც პატრონთან ერთად „ღვინდება“ და დავაჟკაცებული მთელს თავის სიკეეთებს დაუყვედრებლად გვიზირებს - ასე ვვითარდებით ერთად. ის გაცილებით უფრო ღირსეულია, უსამართლოდ არასდროს იქცევა, პატიების უნარიც აქვს და ერთგულია - ასე ვფიქრობთ ჩვენ.

- როგორც მეღვინე, რა რჩევას მისცემდით ღვინის მოყვარულებს, რომლებიც ფესტივალს პირველად სტუმრობენ?

- ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი თავისი გამორჩეული ფერით, სუნით თუ არომატებით, ეს არის მთელი წლის მანძილზე, „ადამიანისა და ბუნების უწყვეტი ურთიერთობის საგა“, თავისი დარდითა და სიხარულებით. ის თავად ჰყვება ამბავს: როგორ ექცეოდნენ, ვინაა და/ან როგორია მისი პატრონი. ამიტომაც, ღვინის მოყვარულებო, დაგემოვნებისას წამით ასახეთ ეს ურთიერთობა თქვენ გონებაში და ისიამოვნეთ ქართული ღვინით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული