Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა-ლეჩხუმის 2011-2022 მოსავლის წლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია, ლევან სეფისკვერაძე

2011

რაჭაში 2011 წელს შედარებით თბილი ზამთარი იყო, ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხული ცხელი გამოდგა, თუმცა ვენახებზე საგრძნობი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ზოგადად, 2011 წელი წარმატებულ წლად შეიძლება შეფასდეს რაჭისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ლეჩხუმზე, სადაც ძალიან დაზარალდა მოსავალი.

2012

ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხულში კი გამოჩნდა, რომ რთველის დრო ჩვეულებრივზე 10–12 დღით ადრე დადგებოდა.

2013

გაზაფხული ძალიან ადრე დაიწყო და შესაბამისადსავეგეტაციო პერიოდიც. თუკი წინა წლებში ვაზის კვირტის გაშლა იწყებოდა 15-20 აპრილიდან, მიმდინარე წელს აპრილის დასაწყისიდან დაიწყო ეს პროცესები. 25-30 აპრილს ვენახები უკვე შესაწამლი იყო, რაც რაჭის მევენახეობის ისტორიას არ ახსოვს. ამის გამო ზოგიერთმა მევენახემ ვაზი ხელმეორედ გასხლა, რათა ვაზის ნაადრევ ყვავილობაზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა გაზაფხულის ცვალებად ამინდებს, ან 2007 წლის საგაზაფხულო წაყინვები არ განმეორებულიყო, რამაც მაშინ საგრძნობლად დააზიანა ვენახები. ამის მიუხედავად, წელს ყვავილობამაც კარგად ჩაიარა და ზაფხულის პირველმა ნახევარმაც, თუმცა აგვისტო-სექტემბერის ხშირმა ნალექებმა ყურძნის სიმწიფეც შეაჩერა და ზოგიერთმა ჯიშებმა ლპობაც დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ რთველი ადრე დაიწყებოდა, თუმცა ზემოხსენებული მიზეზების გამო რთველი მაინც ჩვეულებრივ ვადებში ჩატარდა. მცირე მოსავალი ნამდვილად არ ითქმის წლევანდელ რაჭულ ყურძენზე, თუმცა გამორჩეული ხარისხის ყურძენიც არ ყოფილა 2013 წელს.

პრობლემები იყო ლეჩხუმშიც. ამინდი წინააღმდეგობრივი იყო. 27 აპრილიდან 2 ივლისამდე წვიმა საერთოდ არ მოსულა, რამაც ყვავილობას ძალზე შეუწყო ხელი და განაპირობა უხვი მოსავალი, თუმცა ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე თითქმის გადაუღებელი წვიმები იყო, რამაც უხვი მოსავლით ისედაც დატვირთული ვენახი ვერ დაამწიფა და იმ მევენახეებმა, ვინც მწვანე რთველი არ ჩაატარეს (ლეჩხუმში, საქართველოს ყველაზე ძვირიანი ყურძნის, უსახელაურის ვენახებში მწვანე რთველს, როგორც წესი, არ ატარებენ) ძალზე დაბალშაქრიანი ყურძენი მიიღეს. შაქრიანობა საშუალოდ 19-21%^შორის მერყეობდა. რთველი ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს.

2014

ამ წელს უცნაურ კლიმატურ ძვრებს უჩიოდნენ მევენახეები. ვაზმა კვირტის გაშლა 15–20 აპრილს დაიწყო და პირველი შეწამვლა მაისის პირველ რიცხვებში დასჭირდა ვენახს. გაყვავილებაც ჩვეულებრივ ვადებში მოხდა, თუმცა უკვე ლამის დაისრიმებული მტევნები ჭრაქმა ძლიერად დააზიანა (ძირითადად ხვანჭკარა–ჭყვიშის ზონაში). ივნისში ამბროლაური და მიმდებარე სოფლები დაისეტყვა, ცხელი ზაფხულის ბოლოსკენ, 23 აგვისტოს კი რაჭაში კიდევ ერთი სეტყვა მოვიდა, ამჯერად ქვიშარი–ჭრებალოს მხარეს. სიმწიფეში შესული ყურძენი საგრძნობლად დააზიანა სეტყვამ და ქარიშხალმა. საბოლოო ჯამში რაჭაში ყურძნის მოსავალი არ იყო მაინცდამაინც მოსავლიანი და არც განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა. საკმაოდ გაუჭირდათ თეთრ ჯიშებს (ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა), წითლები კი (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი) შედარებით ნაკლებინტენსიური შეფერვის დადგა, განსაკუთრებით რიონის მარცხენა ნაპირზე.

ლეჩხუმშიც რთული წელი იყო, გაზაფხულზე სიცივეები დიდხანს გაგრძელდა, იყო ყინვები, იმდენად, რომ აპრილის ბოლოსაც კი ტემპერატურა 2–4°C–ს არ ასცილებია. ხშირი იყო ძლიერი ქარები, რის გამოც ძალიან დაზიანდა ვაზის ყვავილი. ამის გამო 2014 წელს ხილის უპრეცედენტოდ მცირე მოსავალი მოვიდა, ტყეშიც, კენკრა და ველური ხილი თითქმის არ მოისხა. ზაფხულში ვენახში სოკოვანი დაავადებები გაჩნდა, შემდეგ გვალვაც იყო, თუმცა ლეჩხუმზე ნაკლებად დრამატულად აისახა ეს მოვლენა. სამაგიეროდ, სექტემბრის ბოლოსკენ, ჩიტები შეესიენ ვენახებს (გაზაფხულის ყინვებით გამოწვეული უმოსავლობის გამო ეს ტენდენცია თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში შეინიშნებოდა) და ლამის გაანახევრეს მოსავალი.

2015

კლიმატურ ცვლილებებზე რაჭაში 2015 წელსაც ბევრს საუბრობდნენ. მევენახეებმა გასული წელი გვალვიან წლად შეაფასეს. ვაზის ვეგეტაცია ჩვეულებრივ აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, ვაზის პირველი შეწამვლა კი მაისის 10–დან. ივნისის დასაწყისში სეტყვამ ისევ დააზიანა ჯერ კიდევ ყვავილობაში არშესული ყლორტები, ძირითადად ქვედა ზონაში (ჟოშხა, ჭყვიში), თუმცა დამატებითი ღონისძიებების გამო ზოგგან ყლორტი გამოსწორდა და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა ვაზის ვეგეტაცია. ამას გვალვიანი ზაფხული მოჰყვა, თითქმის 2 თვე (ივლისი, აგვისტო) ნალექი საერთოდ არ მოსულა, მაგრამ უკვე სექტემბრის ნალექიანმა ამინდებმა შემჭკნარი მტევნები ისევ შეავსო და 5–10 ოქტომბრიდან რთველიც დაიწყო. საბოლოო ჯამში მოსავალი შეფასდა როგორც საკმაოდ უხვი და ხარისხიანი. როგორც ხანდაზმულები ამბობენ, ასეთი მოსავალი 20 წელიწადში ერთხელ თუ მეორდება. წელს საგრძნობლად იკლო მოთხოვნილებამ ალექსანდრეულ–მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზეც და მოსავლის თითქმის 70% სამთავრობო საწარმოებმა ჩაიბარეს.

2015 წლის ზამთარი ლეჩხუმში ზომიერად ცივი და თოვლიანი იყო და ზოგადად, 2015 წელი საკმაოდ სტაბილური გამოდგა. გაზაფხულიც ზომიერად ნალექიანი იყო და ყვავილობის საწყისმა პერიოდმაც კარგად ჩაიარა. უსახელოურმაც, ცოლიკოურმაც და ორბელურმა ოჯალეშმაც კარგად იყვავილეს, თუმცა მარცვლის გამონასკვის პერიოდში ტემპერატურის დაცემამ და ტენიანობის მომატებამ ჭრაქის (მსუბუქი ფორმით) გავრცელება გამოიწვია, რამაც უკვე ზაფხულის პერიოდში (ივლისი) იჩინა თავი. დანაკარგი უმნიშვნელო იყო. უსახელოურის რთველი 20 ოქტომბრიდან დაიწყო, შაქრიანობით: 24-26%-ის ფარგლებში. ოდნავ მოგვიანებით დაიწყო ცოლიკოურის კრეფა, ხოლო ორბელურის რთველმა ნოემბრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გასტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეჩხუმში 2015 წელი კარგი, წარმატებული წელი იყო, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის თვალსაზრისითაც.

2016

ზამთარი ცივი და შედარებით ნალექიანი იყო. კვირტი ჩვეულებრივ შუა აპრილში გამოვიდა, თუმცა თან ახლდა ნესტიანი და წვიმიანი ამინდები. იყო მოყინვებიც. მაისის დასაწყისში, პირველი შეწამვლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა, რამაც ავნო ვენახებს. განსაკუთრებით დაზიანდა მდინარე რიონის ნაპირებთან გაშენებული ვენახები (ძირაგეული, სადმელი, ბუგეული, ბოსტანა, ხვანჭკარა). ზაფხული საკმაოდ ნალექიანი იყო, რის გამოც ჭრაქი განვითარდა. აგვისტოს მეორე ნახევარში სეტყვა მოვიდა, რომელმაც ძირითადად ამბროლაური-კვაცხუთის ზონა დააზიანა. სექტემბრის პირველ ნახევარში სეტყვა განმეორდა და დააზარალა ხვანჭკარის, ტოლას და ქვიშარის ზონები. ადგილობრივების თქმით კლიმატურმა პირობებმა ძირითადად ალექსანდროულსა და წულუკიძის თეთრაზე იმოქმედა, ხოლო მუჯურეთულს შედარებით ნაკლებად შეეხო. ყველაზე მეტად რაჭის რთულ წელიწადს ცოლიკოურმა გაუძლო. მოსავალი შედარებით მცირე იყო, თუმცა ხარისხიანი.

2016 წელი ლეჩხუმში მეტ–ნაკლებად თოვლიანი იყო, ყინვებიც ხშირად იყო.  გაზაფხულმა კარგად ჩაიარა, კვირტი და ყვავილი არ დაზიანებულა. ზაფხულიც ზომიერი იყო, გვალვების გარეშე, რომელსაც თბილი და მშრალი შემოდგომა მოჰყვა. ნოემბრის დასაწყისამდე ეს ამინდი შენარჩუნდა. მოსავალი არ იყო უხვი, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა, სასურველი შაქრიანობითა და მჟავიანობით.

2017

ზამთარი ზომიერი იყო. ვაზის გაკვირტვა-ვეგეტაცია ჩვეულებრივზე ცოტა ადრიანად, აპრილის 5-10 რიცხვებიდან დაიწყო და უკვე კარგად წამოწეული ყლორტი 22-23 აპრილს ტემპერატურის სწრაფი ვარდნის გამო მოიყინა. მოყინვა ძირითადად მდინარე რიონთან ახლომდებარე ვენახებში მოხდა. ვაზმა ხელმეორედ წამოიღო კვირტი, მაგრამ უკვე ნაკლებად აქტიურად, ხოლო ყინვას გადარჩენილი ვენახების დაყვავილება და მსხმოიარობა მკვეთრად შემცირდა. ზაფხული საშუალოდ გვალვიანი იყო. აგვისტოს შუა რიცხვებში ისევ სეტყვა წამოვიდა სოფ. კვაცხუთისა  და წესის ზონაში, რამაც კიდევ უფრო შეამცირა მოსავლიანობა. რთველი ჩვეულებრივ 10 ოქტომბრიდან დაიწყო და საკმაოდ კარგ ამინდებში ჩატარდა. ფაქტობრივად, 2017–შიც ალექსანდრეულ-მუჯურეთულის მოსავალი განახევრებული იყო რაჭაში.

ლეჩხუმში 2017 საშუალოდ ნალექიანი ზამთარი იყო, გაზაფხულმა კარგად ჩაიარა, მაისის ძლიერ წვიმებს თუ არ ჩავთვლით. ზემო სოფლებში (მაგ. ორბელში) წვიმებმა საკმაოდ დააზიანა მოსავალი. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით ტვიშის ზონაში. ყვავილობისას და მარცვლის ჩამოყალიბებისას შექმნილი პრობლემები გვალვიანმა ზაფხულმაც გაართულა. მოსავალი საგრძნობლად შემცირდა. შემოდგომა ზომიერი, თბილი და რბილი იყო. კარგი ამინდები ნოემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდა. ოქტომბერში უსახელოურის ყურძენს საკმაოდ მაღალი შაქრიანობა ჰქონდა, ბევრგან მცირე იყო მოსავალი, ზოგან დაჩამიჩდა კიდეც ყურძენი. 20 ოქტომბრისთვის რთველი ძირითადად დასრულებული იყო ლეჩხუმში.              

2018

ზამთარი მცირეთოვლიანი იყო, თუმცა კი მარტი გამოდგა ძალზე ნალექიანი და ცივი. მაისის დასაწყისში მოყინა კიდეც. ვეგეტაცია ადრიანად დაიწყო. ყვავილობისას თავიდან კარგი მზიანი ამინდები იყო, თუმცა შემდეგ, მაისის ბოლოდან ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, რამაც დიდი გავლენა იქონია მრცვლის განვითარებაზე. გაჩნდა ჭრაქი და ნაცარი. გაჩნდნენ მავნებლებიც. ამ პერიოდში 2–3–ჯერ სეტყვაც მოვიდა რაჭაში: კვაცხუთში, წესში, ბუგეულში, ჯვარისაში. ზაფხული უფრო გვალვიანი იყო, ვიდრე ტენიანი. რთვლის პერიოდმა, რომელიც 3–4 დღით ადრე დაიწყო, კარგ ამინდებში ჩაიარა, 5 ოქტომბერს უკვე აქტიური რთველი მინდინარეობდა. მოსავალი საშუალოზე უკეთესი მოვიდა, ყურძნის შაქრიანობით კმაყოფილები იყვნენ (განსაკუთრებით ალექსანდროული–მუჯურეთული). კარგად წარიმართა დუღილის პროცესიც.

ლეჩხუმში ზომიერი ზამთარი იყო 2017–2018 წლებში, თოვლიც მოვიდა და ყინვებიც იყო. ზოგან 2 კვირაც კი იდო თოვლი. ადრე დათბა, თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, უარყოფითად არ უმოქმედია ამას. კვირტობამ კარგად ჩაიარა, ნალექები ნაკლებად იყო. იგივე შეიძლება ითქვას ყვავილობის პერიოდზეც. ივნისის ბოლოს მცირედი სეტყვა მოვიდა ტვიშში და ორხვში, ზოგადად ზაფხული კი ზომიერი იყო, რბილი ამინდებით. შემოდგომაზეც კარგი ამინდები დაემთხვა, რთვლის პერიოდი უნალექო იყო. რიონის ხეობაში ოქტომბრის ბოლოს იყო რთველი. ცოლიკოურის შაქრიანობამ აქ 21-24–ს მიაღწია. ცხენისწყლის ხეობაში კი (ოყურეში) ცოტა ადრე ჩატარდა უსახელოურის რთველი – 20 ოქტომბერს დაიწყო და მალევე დასრულდა. ზოგან, მაგ. სამანდარიოში, 27–საც კი მიაღწია შაქრიანობამ, ცოლიკოურმა – 25–ს. მოსავალი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ ხარისხიანი. დუღილის ბოლო პერიოდში ყინვებიც დაერთო, ბევრგან ნარჩენი შაქრით დადგა ღვინოები (როგორც ტრადიციულად, ლეჩხუმში ხდება ხოლმე), ზოგმა კი ბოლომდე მოახერხა ღვინის დადუღება.

2019

რაჭა

ზამთარი რაჭაში ცივი იყო, თუმცა არა ზედმეტად მკაცრი. ვეგეტაცია მაისში დაიწყო, მაგრამ რაკი განსაკუთრებულად ბევრი წვიმა არ მოსულა, ვაზის სოკოვან დაავადებებს არც ისე დიდი ასპარეზი მისცემია. რაჭველები 2019 წელს ზაფხულში სეტყვას და გვალვას შეუწუხებია. ამ მხარეში რთველმაც კარგად ჩაიარა და ხარისხიანი და მაღალშაქრიანი ყურძენიც ბლომად დაიკრიფა.

ზაფხული რაჭის მზიან სავენახე ფერდობებზე ზომიერად თბილი იყო. ამან განსაკუთრებით მიუმატა შაქრიანობა როგორ წითელ, ასევე თეთრ ჯიშებს. ალექსანდროულის და მუჯურეთულის შაქრიანობამ საუკეთესო ადგილებში 24-26%-საც კი მიაღწია.

შემოდგომის მეორე ნახევარში, ანუ რაჭული რთველის პერიოდში, სინოპტიკოსების მიერ წვიმები იყო ნავარაუდევი, თუმცა საბედნიეროდ ეს ვარაუდები არ ასრულდა და რაჭველებმა რთველი საუკეთესო პირობებში ჩაატარეს, რაც ღვინის ხარისხზეც დადებითად აისახა.

ლეჩხუმი

2019 წლის ყურძნის მოსავლით და ზოგადად მოსავლის წლით რაჭველების მსგავსად კმაყოფილნი იყვნენ ლეჩხუმელებიც. ბოლო წლების საერთო შეფასებით, ლეჩხუმელებს 2019 წლის მოსავალი განსაკუთრებით ხარისხიანი გამოადგათ და ამას ხელი ზომიერად თბილმა ზაფხულმა და შემოდგომამ შეუწყო. ამ რეგიონის „აქილევსის ქუსლად“ სახელდებული ნაადრევი ყინვები კი 2019 წელს საბედნიეროდ არ ყოფილა.

ცხენისწყლის ხეობის სოფლებში 15 ოქტომბერს წითელ ყურძენს შაქრიანობა 24% ჰქონდა, რაც ამ ზონისათვის საკმაოდ უჩვეულო და მოულოდნელი ამბავია. იგივე რთველის პერიოდში ეზოში ხეივანზე გაშენებული ლეჩხუმური ცოლოკოურის შაქრიანობა შეადგენდა 19-21%-ს და თეთრი ღვინის ღვინის დუღილიც კარგად წარიმართა.

შესანიშნავად დამწიფდა ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიში - უსახელოური. როგორც ზუბში, ასევე ოყურეშში, რთველის პერიოდში (ნოემბრის დასაწყისიდან) უსახელოურის შაქრიანობა 24-25%-ს შეადგენდა.

 

2020

რაჭა

რაჭაში 2020 წელი ზომიერად ცხელი იყო. მოსავალი ნაადრევ ყინვებს გადაურჩა, მევენახეები კარგ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ გამუდმებულმა წვიმებმა საქმე გაართულა. მოხდა ისე, რომ ზუსტად რთველის დღეებში ყურძენში შაქრიანობა ხვანჭკარაში, ბუგეულშიც, ჭრებალოშიც და ამბროლაურშიც დავარდა. გამოდარების შემდეგ მევენახეებს დიდი ჯაფა დაადგათ, რომ ყურძენი სასურველ კონდიციამდე მიეყვანათ.

რიონის ხეობის ორივე ნაპირზე მდებარე სოფლებში ყურძენი დაახლოებით 22% შაქრიანობის მაჩვენებლზე დაკრიფეს. გვიანი მოსავლისა და სხვა მიზეზების გამო, რაჭაში ღვინის ბოლომდე დადუღება ხშირად პრობლემური საკითხია ხოლმე, თუმცა, 2020 წელს საბოლო ჯამში, რაჭაში ღვინის დუღილის პროცესმა მაინც კარგად ჩაიარა.

ამ წელს ალექსანდროული საკმაოდ მაღალი ფასი -10 ლარი ღირდა, რის მიუხედავად, ბევრმა მცირე მარანმა არ გაყიდა ყურძენი და წლის მოსავალი თავად დაწურეს. ამის გამო, მომავალ წელს ქართულ ღვინის ბაზარზე, მცირე საოჯახო მარნებში დაყენებული განსაკუთრებით ბევრი მშრალად დაყენებული რაჭული ალექსანდროული გამოჩნდა.

ლეჩხუმი

რაჭის მსგავსად, ლეჩხუმშიც ცხელი ზაფხული ჰქონდათ. მანამდე კი ზამთარი ტრადიციულად თოვლიანი და ცივი იყო. წვიმებმა აქაც მთელი გაზაფხული მოიცვა და ამის გამო, ლეჩხუმელებს განსაკუთრებით აწუხებდათ ნაცარი და ჭრაქი. ვაზის ამ დაავადებების გამო ტვიშელებმა მოსავლის 20%-ზე მეტი დაკარგეს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

ჭრაქმა პრობლემები შეუქმნა ორბელელებსაც, თუმცა მათთვის მთავარი გამოწვევა მაინც ყურძნის ბოლომდე ვერდამწიფება იყო. ოყურეშში, ზუბში, ცაგერში და ალპანაში ყურძენში 19 % შაქრიანობაც მისაღებად ჩაითვალა, თუმცა როგორც წითელ, ასევე თეთრ ჯიშებში საერთო შაქრიანობა დაახლოებით 21% იყო.

საბოლოო ჯამში ლეჩხუმელებმა ღვინის ბოლომდე დადუღება და ღვინის დაყენება მაინც მოახერხეს და მათი ღვინოები შემდგომი წლების ღვინის გამოფენებზე დიდი მოწონებით სარგებლობდა.

2021

რაჭა

ეს წელი რაჭისთვის წინა წელთან შედარებით კარგი იყო. წელი კარგი იყო პირველყოვლისა იმით, რომ ცივი და თოვლიანი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე და ზაფხულში მოვიდა ზომიერი ნალექი, რაც ძალიან დაეხმარა ბოლო წლების არეული ამინდებით გაწვალებულ ვაზს. ახლადგამოსული მტევნის მოყინვა, სეტყვა და დაუსრულებელი წვიმები 2021 წელს არ ყოფილა. ვეგეტაციაც დროულად დაიწყო და მავნებელ დაავადებებსაც ვენახებისთვის დიდად არ დაუტყვია ხელი.

მცირე პრობლემად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში რიონის მარცხენა სანაპიროს სოფლებში იყო დაახლოებით ერთკვირიანი გვალვა, მაგრამ ამას ყურძნის მწიფობაზე და საბოლოდ რთველზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ვაზზე შაქრიანობამ ოქტომბრის თვეში მიაღწია 24-25%-ს წითელ ჯიშებში. თეთრებში კი ეს მაჩვენებელი 21-22%-ამდე მერყეობდა. საბოლოოდ, რთველი შედგა და ღვინის დუღილებიც კარგად წარიმართა.

ლეჩხუმი

2021 წლის ადრიან გაზაფხულზე ლეჩხუმში, რიონის და ლაჯანას ხეობის სოფლებში გაზაფხულის ყინვებმა ბევრს გაუფუჭა ჯერ მხოლოდ პირველკვირტგამოტანილი ვენახი. შემდეგ მთელი გაზაფხული იყო წვიმიანი ამინდები, რამაც ახეირა მენერგეები, რომლებიც ვაზის ნერგის გაშენება-გაყიდვაზე არიან ორიენტირებული. თუმცა, გახშირებულმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა მევენახეების დიდ ნაწილს.

ცხენისწყლის ხეობაში ზამთარი ზომიერად ცივი იყო, წვიმების სეზონი აპრილში დაიწყო, თუმცა მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდა. ვენახის ვეგეტატიური პერიოდი 11 მაისის შემდეგ დადგა, რასაც მალევე მოჰყვა ვაზის დაავადებები. ლეჩხუმელები განსაკუთრებით ჭრაქმა და ნაცარმა შეაწუხა.

მთელს ლეჩხუმში წვიმიანი იყო შემოდგომა, თუმცა რთველის დროს კარგი ამინდები დაემთხვათ და როგორც ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ასევე ორბელში და ალპანა-ტვიშის მიკროზონაში რთველმა მოსალოდნელზე კარგად ჩაიარა და არც ტკბილის დადუღების პროცესს შექმნია განსაკუთრებული პრობლემა. ყურძნის საერთო შაქრიანობა 22-23% იყო.

2022

რაჭა

რაჭაში ზომიერად ცივი ზამთარი ჰქონდათ. აპრილ-მაისი წვიმიანი იყო, ზაფხულში კი ტრადიციულად გვალვამ იმძლავრა. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე მცხოვრები მევენახეები სწუხდნენ, რომ გვალვის გამო მათ ვენახებში გახშირდა ვაზის ხმობის შემთხვევები. პრობლემები იყო ვენახის სოკოვანი დაავადებების კუთხითაც. მევენახეები წელს განსაკუთრებით ჭრაქს ებრძოდნენ. როგორც ყველა წელს, 2022 წელსაც ვენახებს უტევდა: ვენახის ჭია, ტკიპა, სიდამპლე, ჭრაქი, ნაცარი და სხვა. შემოდგომით, როდესაც რთველი უნდა დაწყებულიყო, ერთმანეთს წვიმიანი დღეები წაეწყო. ამის მიუხედავად, გვიან შემოდგომაზე მაინც მოხერხდა რთველის ჩატარება.

რაჭაში ვენახები ძირითადად მდინარე რიონის ორივე ნაპირზეა განფენილი როგორც მევენახეები, რომლებისაც ვენახები რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლებში აქვთ, 2022 წელს დადებითად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ მოსავლის რაოდენობაც სათანადო მიიღეს და არც ყურძნის ხარისხს უჩივიან. რასაც ვერ ვიტყვით რიონის მარჯვენა ნაპირის სოფლებზე.

როგორც უკვე ვთქვით, რიონის მარცხენა სანაპიროს სოფლებში 2022 წლის მოსავალი წინა წელთან შედარებით საკმაოდ ხარისხიანი იყო. ბუგეულელებმა, საკეციელებმა და ზნაკველებმა ალექსანდროული დაახლოებით 24-25% შაქრიანობის კონდიციაზე დაკრიფეს. ფერმენტაციის პროცესიც კარგად წარიმართა.

მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე კი რაჭველებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუფუჭდათ და 2022 წლის რთველმა ზუსტად გამოხატა მათთვის როგორი მძიმე წელიც იყო. გვალვის, წვიმების, ვაზის დაავადებების გამო ადგილობრივებმა მოსავლის 3/4 დაკარგეს.

ლეჩხუმი

რაჭის მსგავსად, ლეჩხუმის რიონის ხეობაშიც გარკვეული პრობლემები შექმნა გაზაფხულის წვიმებმა და ზაფხულის ზედმეტად მცხუნვარე მზემ, თუმცა მოსავალი მაინც საშუალოზე მეტი მიიღეს და არც ყურძნის ხარისხის უჩივიან. ლეჩხუმლების 2022 წელს ძირითადი პრობლემები ყურძნის გაყიდვის, უფრო ზუსტად, ყურძნის დიდი საწარმოებისთვის ჩაბარების კუთხით შეექმნათ. გლეხები და ყურძნის შემსყიდველები ფასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. შაბიამნის გაძვირების გამო, რომელიც (კარგი ხარისხის) 20 ლარი გახდა, მოსახლეობამ მოითხოვა კილოგრამ ყურძენზე ერთი ლარის დამატება, რაც არ დაკმაყოფილდა და ამან გამოიწვია მევენახეების უკმაყოფილება. საბოლოო ფასად 6 ლარი დადგინდა.

ლეჩხუმში, ტვიში-ალპანას მიკროზონაში რთველმა ასეთუისე წარმატებით ჩაიარა, თუმცა სხვა წლებთან შედარებით ყურძნის ხარისხი მთლიანობაში შედარებით დაბალი იყო. ყურძენს თავიდან კარგი შაქარი ჰქონდა, ბოლოს წვიმები დაიწყო, შაქრიანობამაც დაიწია და სიდამპლეც მომძლავრდა.

მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზუბი-ოყურეშში, სადაც უსახელოურის ვენახებია გაშენებული, 2022 რთული წელიწადი იყო. ზამთარი ძალიან ცივი იყო, რასაც ივლის-აგვისტოში დიდი გვალვა დაემატა. სექტემბრის ნახევარში და ოქტომბერში ცხენისწყლის ხეობაში წვიმების სეზონი დაიწყო.

© ქართული ღვინის გზამკვლევი / მალხაზ ხარბედია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.