Home
ქართული | English
მაისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გრავნერიადა

გიორგი ბარისაშვილი

ქართველები გრავნერთან

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შალვა ალელიშვილს ბიჭი შეეძინა და ამ კეთილშობილი მოვლენის აღსანიშნავად ასპინძაში, მისსავე ახლადაშენებულ მარანში წავედით: მიშა ჯაფარიძე, თქვენი მონამორჩილი, მიშა მღებრიშვილი, ირაკლი გვაზავა და თავად შალვა. ამ დრომდე მე შალვას გარდა დანარჩენებს არ ვიცნობდი. სუფრა პირდაპირ მარანში გაიშალა. დავიწყეთ, მარა რა დავიწყეთ. სუფრიდან ამბის გამტანი აღარ დარჩა, ყველა ბრძოლის ველზე დავეცით გმირულად... ამავე მარანში დაიგეგმა ჩვენი უცხოეთში წასვლის საქმე. იმ დღიდან დავტრიალდით და ვინ ბილეთებს არკვევდა, ვინ სასტუმროსი და მანქანის დაქირავებას გეგმავდა, ვინ ვიზიტებს ათანხმებდა... საქმე იმით დამთავრდა, რომ თერთმეტი დეკემბრის გამთენიისას, მამალმა მეორედ რომ იყივლა, ხუთივენი კოპიტნარის აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე ვიდექით ამაყად. ჯერ არ ვიცოდით, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ხუთი ქვეყნის ნახვა მოგვიწევდა: უნგრეთი, სლოვენია, იტალია, ავსტრია, ხორვატია. ჩავფრინდით ბუდაპეშტში, მანქანა დავიქირავეთ და გავწიეთ ლუბლიანასკენ, სადაც სასტუმრო გვქონდა ნაქირავები ერთი კვირით. ხუთსაათიანი და დამღლელი გზის შემდეგ ჩამოვბარგდით ჩვენ-ჩვენ ოთახებში, მანამდე კი მაღაზიაში სასუსნავი ვიყიდეთ და იმ ღამეს ქართული ჭაჭით შევებრძოლეთ. ბიჭები რუსთავიდან წამოვიდნენ ღამის თერთმეტ საათზე და მცხეთაში გამომიარეს, მერე კოპიტნარამდე ვიმგზავრეთ, მერე ბუდაპეშტამდე ვიფრინეთ, მერე ლუბლიანამდე ვიარეთ ხუთი საათი და კაცმა რომ თქვას ცოტა კიდევაც დავიღალეთ. ამ ყოველივეს ცოტა (2 ლიტრი) ჭაჭა რომ დაემატა, თვალს რული მოერია და ბოლოს მოვისვენეთ.

ბოჟიდარ ზორიანი

ბოჟიდარის სახლი და ვენახი

ბოჟიდართან ერთად

გათენდა დეკემბრის 12. წინ გველოდა მეტად საინტერესო ადამიანის გაცნობა. დავიძარით ტინკა გორასკენ, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სლოვენიური მევენახეობა-მეღვინეობის ბიოდინამიური მიმართულების ქურუმი - ბოჟიდარი. მას ახლო წარსულში 13 ჰექტარამდე ვაზი ჰქონდა, თუმცა ამჟამად აქვს 4 ჰა და ძალიან კმაყოფილიცაა. ვაზის ჯიშებიდან ადგილობრივი მხოლოდ ერთია - „რანინა“, საიდანაც ბოჟიდარი ტკბილ ღვინოს აყენებს. ჩვენი თარჯიმანი იყო მასპინძლის მეზობელი გოგონა - ურსკა. ბოჟიდარი ნელა, აუჩქარებლად საუბრობდა. მას ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული თეორია ვაზისა და ღვინის შესახებ. მისი ჭურ-მარანი მისსავე სახლთან იყო: სარდაფი - სახლის ქვეშ, ხოლო მარანი, უფრო სწორად ღია ჭურისთავი, სახლის უკან იყო გამართული (იმერული სტილი). სხვა ქვეყნების თიხის ჭურჭელთან ერთად ბოჟიდარს იმერული ქვევრებიც ჰქონდა. მარანში და ასევე იმ ადგილას, სადაც ის ბიოდინამიურ პრეპარატებს ამზადებდა, ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. სანამ მარანს ვნახავდით, მასპინძელმა ჯერ მისი სახლის გარემო დაგვათვალიერებინა. ვენახში გაშვებული ჰყავდა პატარა ჯიშის შავი ცხვრები და ბატები. ვენახთან ახლოს ტყე იყო, სადაც შემოღობილში ერთი დიდი ხარ-ირემი, სახელად ფელიქსი და მისი ჰარამხანა დანავარდობდა... იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმიანობა ასე მეცნიერულად ჰქონოდეს წარმოდგენილი. ყველაზე მეტად ის მომეწონა, როდესაც მან გაცნობისას დაგვისვა შეკითხვა - რას ელოდებით ამ შეხვედრიდანო? საქმისადმი ძირეული, მეცნიერული, თუ გნებავთ სიღრმისეული მიდგომა და მისი ამგვარად განხილვა, აი, რა გვაკლია დღეს.

 ჩავედით სარდაფში, რომელიც მასშტაბებით არ იყო გამორჩეული და ზუსტად იყო მისადაგებული საკუთარ ვენახებსა და ღვინის ტექნოლოგიას. ჩვენ მარნის ტემპერატურა ვიკითხეთ, რაზეც ბოჟიდარმა გვიპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ღვინომ ადამიანის მსგავსად წელიწადის დროთა ოთხივე სეზონი უნდა იგრძნოსო. ამიტომ ტემპერატურას არანაირად არ ვაკონტროლებო. შემდეგ ცოტა მუხის კასრებზე ვისაუბრეთ. მისი მიდგომა ასეთი იყო: ღვინის დაძველება თიხის, მუხისა და ბოლოს მინის ჭურჭელში და შემდეგ რეალიზაცია. ფორმულა ყოველი ღვინის შემთხვევაში იცვლებოდა. მივედით ქვევრებამდეც, რომელთაც თავსახურები ეფარა ზემოდან და კაი დიდი თოვლი ედო. ერთ ქვევრს თავი მოხადა და შიგნით ჩაგვახედა. ქვევრი ამ დრომდე დალუქული არ იყო, რაც ცოტა უცნაურად მომეჩვენა. საერთოდ ძალიან გამაკვირვა ამ ადამიანმა. მისი საქმე, მისი ყოველი ქმედება და ყოველი ნაბიჯი თუ სიტყვა, ერთმანეთზე ჯაჭვივით იყო გადაბმული. მასთან ყველაფერი ჰარმონიაში იყო, ყველაფერი სინქრონში, რადგან ეს ყოველივე წინდაწინ იყო ნაფიქრი, თანაც კარგად ნაფიქრი. გამახსენდა საქმისადმი ჩვენეული მიდგომა, რაც დღეს ჩვენი მემარნეების აბსოლუტურ უმრავლესობას ახასიათებს. ამ მიდგომას ჰქვია „რაც გამოვა, გამოვა“... დაიწურება ყურძენი და რაც გამოვა, გამოვა. არავითარი წინასწარი დაგეგმვა, არავითარი განჭვრეტა, არამედ „რაც გამოვა, გამოვა... მაინც სხვაზე უკეთესი იქნება ჩემი ღვინო, რადგან პაპაჩემი სწორად ასე აყენებდა ღვინოს და მე ვინ რა უნდა მასწავლოს? მე 8000 წლის ტრადიცია მაქვს და ვიღაც გუშინდელმა ველურმა როგორ უნდა მითხრას რამე? მაინც ჩემი ღვინოა ყველაზე კარგი!..“ ცხადია საქმე ამგვარად არაა. ძალიან გვიჭირს დღეს ჩვენ. უფრო მეტიც, ყოფნა-არყოფნის გზაგასაყართან ვდგავართ. თანაც მთელი ჩვენი რეალობით ვდგავართ და წიგნიერად უკვე ათწლეულებია, რაც საქმე არ გაგვიკეთებია... ერთეული გამონათებები რომ არა, ქარხნის ღვინის ამარა ვიქნებოდით. რა არის ღვინო? რა არის ვენახი? რა მნიშვნელობა აქვს სავენახე ნიადაგს? ვაზის ჯიშს, ჭურჭელს, შრომის სიყვარულს, რწმენას, ქვეყანას, ენას, ცასა და მზეს, წარსულსა და მომავალს?

დაუფარავად ვიტყვი, მევენახეობის ბიოდინამიური მიმართულება თავისი თეორიებითა და შტაინერის მოძღვრებიანად, ჩემთვის მიუღებელია! მაგრამ არსებობს საქმისადმი მიდგომა, თანაც ჯიუტი, უკანდაუხეველი, გაუტეხელი... ეს კი რწმენას წააგავს. როგორც სხვის რწმენას უნდა სცე პატივი, ისე სხვისი ღვინო უნდა დააფასო, დააგემოვნო და შეიმეცნო. ბოჟიდარი კაი კაცი აღმოჩნდა. პირველად სლოვენიურ ღვინოს სწორად მასთან შევეხეთ, რამაც ძალიან დაგვაფიქრა მეც და ბიჭებიც...

შევედით სახლში, სადაც ერთ მოზრდილ დარბაზში შეგვიპატიჟეს. იქ ღვინის დაგემოვნება გველოდა. შემოიტანეს ძველი ღვინოები და ნანატრი პროცესიც დაიწყო. ერთმა ღვინომ გამაკვირვა. თავიდან ხიხვს მივამსგავსე და რომ დავახანე, მთლად კახური მწვანე გახდა „ერთი ერთში“. ამგვარი რამ არაერთხელ მიგრძვნია სხვაგანაც. ღვინოები კარგად დაძველებული იყო, მუქი, სასიამოვნო ქარვისფერებითა და სრული გემოებით. მერეღა მივხვდი, თუ რატომ შემოგვატარა ბოჟიდარმა მიდამო და მოხლოდ ამის შემდეგ გაგვასინჯა ღვინოები. აი, საქმისადმი მართებული მიდგომა...

გამახსენდა ის დრო, როდესაც უცხოეთის გამოფენებზე პირველად გავიტანეთ ღვინო და ხალხი კახურ ღვინოს სინჯავდა. მახსოვს მათი გაფართოებული თვალები და ცოტა დამცინავი, ირონიული მზერა. მერე ავუხსნიდით, თუ რასთან ჰქონდათ საქმე, რომ ეს იყო ქართული ვაზის ჯიშის ღვინო, რომ ეს იყო ქვევრში, ჭაჭაზე დიდი ხნით დავარგებული და თან ქართული ტრადიციით დაყენებული ღვინო... მერე უკვე გაოცებისაგან უფართოვდებოდათ თვალები. ამიტომ, კარგი მთქმელისა და გამგონისა არ იყოს, ყველაფერს უნდა ახსნა-განმარტება. ამიტომაც დაგვისვა ბოჟიდარმა შეკითხვა - „ჩემთან შეხვედრისას რას ელოდებითო“...

ღვინო შესანიშნავი იყო. სუფრასთან შავი პური და საკუთარი ირმისაგან დამზადებული ძეხვეული ეწყო. მთლად ბოლოს კიდევ ერთხელ ჩავედით სარდაფში, სადაც ბოჟიდარმა საკუთრი კონიაკი (თვითონ ასე ეძახდა) პირდაპირ კასრიდან გაგვასინჯა. ცოტა ხისტი იყო, თუმცა იმ თოვლში და სიცივეში ძალიან მოგვეწონა ყველას. დავუტოვეთ მცირედი საჩუქრები, დავემშვიდობეთ და სახლისაკენ გამოვწიეთ. სახლამდე სულ ბოჟიდარზე და მის ღვინოზე ვსაუბრობდით. ასეთი იყო 12 დეკემბერი, ორშაბათი დღე. „ხვალა ბოჟიდარ“.

სტუმრად ლეგენდასთან

მე, იოშკო და პეპი მარანში

 გათენდა სამშაბათი და გზას ლუბლიანადან იტალიისკენ დავადექით. სავალი ორი საათი თუ იქნებოდა. მთელი ჩვენი ყურადღება ამ დღეზე და ამ კაცზე გვქონდა, ვისაც 13 დეკემბერს უნდა შევხვედროდით. მე გრავნერს ერთი თვით ადრე მივწერე ჩვენი ვიზიტის შესახებ, რაზეც იგი სიამოვნებით დამთანხმდა. ის კი არა ისიც მითხრა, რომ სადილზეც ჩემთან უნდა დარჩეთო. ერთ-ერთმა ჩვენიანმა - მიშა მღებრიშვილმა გრავნერზე ბევრი რამ იცოდა ინტერნეტ-სივრციდან. გზაში ხან რას გვიყვებოდა მასზე და ხან - რას. იოშკო გრავნერს საკუთარი ღვინის დასაგემოვნებელი სპეციალური ჭიქაც კი შეუქმნიაო. როგორც შემდეგ გრავნერმა გვითხრა, ეს ჭიქა, რომელსაც უცნაური მოყვანილობა აქვს, ქართული ფიალისგან იყო აღებული. მიშამ საქართველოშივე მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ეს ჭიქა რომ ჩაგვეგდო ხელში. თუმცა მაშინ მან ჯერ არ იცოდა, თუ რას გვიმზადებდა განგება...

გრავნერის ჭიქა

იოშკო გრავნერი კაი ხნის წინ გავიცანი. ინტერნეტში მის შესახებ წაკითხული მქონდა. ვიცოდი, რომ მან საქართველოდან ქვევრები წაიღო 90-იან წლებში და მას მერე ღვინოს სწორედ ჩვენებურ ქვევრებში აყენებდა. ცხადია, მარანი და ღვინო ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ არანაკლები ინტერესი ვენახებისაც გვქონდა ყველას. მისვლისას მისი შვილიშვილი გრეგორი მოგვეგება. ეს ახალგაზრდა ბიჭი საკმაოდ ჭკვიანი იყო. თუმცა ასეთი პაპის ხელში სხვანაირად არც შეიძლებოდა. მივედით იოშკოსთან, მივესალმეთ და პირდაპირ ვენახებით დავიწყეთ. რელიეფი საკმაოდ მთაგორიანი იყო. ბევრი წვიმების გამო მთელი ვენახები დრენაჟებით იყო დაქსაქსული. ვაზი დაბაქნებულ ტერასებზე იყო გაშენებული, ფორმირება ჩვენგან საკმაოდ განსხვავებული იყო. ასე ათი-თხუთმეტი წლის წინ საქართველოდან ასი ძირი რქაწითელი ჩაუტანია და გაუშენებია. ამჟამად ცალკე რქაწითელის ღვინოს არ აყენებდა და მას სხვა ყურძენთან ერთად წურავდა. არ ვიცი ვინ ურჩია რქაწითელი, მაგრამ შეცდომა კი დაუშვია. მე ციცქას შევთავაზებდი.

იოშკოს ვენახები რამდენიმე ადგილას იყო გაშენებული, რომელთა მოვლის მეთოდიც მისეული, განსხვავებული ჰქონდა. ყოველ ვენახში მცირე ტბორი ჰქონდა მოწყობილი, სადაც ბაყაყები და გამბუზიები ცხოვრობდნენ. ეს ტბორები ვენახში თავისებურ მიკროფლორას ქმნიდა, მრავალფეროვნება და ბუნებრიობა შემოჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს იდეა. გარდა ამისა, გადამფრენი ფრინველებიც მოფრინავდნენ აქედან წყლის დასალევად. მარნის ნახვამდე სახელოსნო და ვენახის ტრაქტორების გარაჟი გვაჩვენა, სადაც გუთნები, კულტივატორები, ფრეზები და მულჩერები ელაგა. ძველებური ორკბილა თოხებიც კი ჰქონდა. უძველეს გერმანულ მინიატურებში მინახავს ამგვარი თოხები... ერთი სიტყვით, რაც ვაზსა და ღვინოს ესაჭიროებოდა, ყველაფერი ადგილზე ჰქონდა. რაც მთავარია, ერთი უახლესი ტრაქტორიც ჰქონდა, რომელიც სპეციალურად ტერასებისთვის იყო განკუთვნილი და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

გრავნერის ჭურ-მარანი

 ჩავედით მარანში, რომელიც სარდაფული იყო და იქნებოდა ალბათ ათი/ათზე, ან მეტი, თან კვადრატული. იქ სიგრილე და სინესტე იგრძნობოდა. მარანი ქვევრებით იყო სავსე. რთველისას ვენტილაციას რთავდა და მარანს ასე ანიავებდა. ქვევრების სარქველები გრანიტისა იყო. ქვევრები იმერულები, შროშელი ანგუსი ლაბაძის ნახელავი იყო, რომელიც ძალიან კარგად მოიხსენია. გულისტკივილით მოგვიყვა სხვა მექვევრეებისგან შეძენილი ქვევრების ამბავი, კახელისაც და იმერელისაც. არ გაამართლა და თან ბევრი დროც დავკარგეო. მივუხვდი გულისტკივილს. ეზოში კიდევ ელაგა ახლადშეძენილი ქვევრები, რომლებიც საწაბლელი მუმლაძეების ნახელავი იყო. მარნის გაფართოვებას აპირებდა და გვკითხა, თქვენ რას მირჩევთო... ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, თუნდაც ქვევრის საქმეში, მზად იყო, რჩევა ჩვენგან მიეღო. მარანში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. ზოგი ქვევრი ცელოფნით იყო თავმოკრული და იქიდან ჭაჭა მოსჩანდა, ტივტივებდა და ჯერ კიდევ მიდიოდა წყნარი დუღილი. დამავიწყდა მეთქვა, ჩასვლამდე მოკრძალებულად გვთხოვა, რომ მარანში ხმამაღლა ლაპარაკი და მით უმეტეს ბილწსიტყვაობა არ შეიძლებაო. იქ ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა და მერეღა დავფიქრდი მასზე, თუ როგორ მაღალ სიმაღლეზე ჰქონდათ ეს ყველაფერი ჩვენს წინაპრებს აყვანილი, ყურძნის წურვისას გალობდნენ და წმინდა კელაპტარს ანთებდნენ, მარანი წმინდა სახლად ითვლებოდა და რიგ შემთხვევებში ტაძართანაც კი იყო გატოლებული. ქვევრის მრეცხავი პროფესიაც კი ყოფილა, ხოლო მრეცხავებს სადილზე ყველს არ სთავაზობდნენ. არ იცოდნენ რა იყო ბაქტერია, რძემჟავა და მიკრობიოლოგია, მაგრამ იცოდნენ, რომ ყველი ისეთ რამეს შეიცავს, რასაც შეუძლია ღვინის ხარისხი გააუარესოს. და ეს იყო მეშვიდე, მეათე, მეთხუთმეტე საუკუნეებში... ამას მიხვედრა არ უნდა? ყურძნის წურვის წინ ფეხების განბავა ხომ მთელი რიტუალი იყო.

ატენელ სოსო ლოთიშვილთან ვართ, 2012 წელია. რთველია და ყურძენი საწნახელში უნდა დავწუროთ. სპეციალური სართვლო ლოცვა ატენის სიონის მოძღვარმა, იღუმენმა კოზმამ წაიკითხა. დაკრიფა და საწნახელში ჩაყარა ყურძენი. ვინც საწნახელში უნდა ჩავდგეთ, მოწესრიგება დავიწყეთ. ფეხების დაბანაზეა ჯერი და მამაომ მითხრა, მე დაგაბანინებო. სასტიკად ვიუარე, მაგრამ არ ქნა, მოიტანა წყალი და დამისხა... მერიდებოდა და თან მიხაროდა, იმ წუთას უკვე იმ ღვინოზე ვფიქრობდი, რომელიც აქედან დადგებოდა. საწნახელში ჩამსვლელმა კაცმა ყურძენი შიშველი ფეხით უნდა დაწუროს. ვალინკებისა და კალოშების ჩაცმა არამც და არამც არ შეიძლება.

იოშკო (ჩვენებური იოსები) დინჯად, აუჩქარებლად საუბრობდა. ცდილობდა, მნიშვნელოვანი სიტყვები ეთქვა ჩვენთვის. საუბარს იტალიურიდან ინგლისურად მისი შვილიშვილი გრეგორი გვითარგმნიდა. დადგა ნანატრი დროც. კასრების საცავის გავლით აგვიძღვნენ სახლში, სადაც სადილი და ღვინის დაგემოვნება გველოდა. კასრების საცავში რომ შევედით, უცბად მიშა მღებრიშვილს ხუთივე კოჭი ალჩუზე დაუჯდა. დრო იხელთა და გრავნერს ტყვიამფრქვევივით დააყარა შეკითხვები. მინდა გითხრათ, რომ მიშას კასრების საქმე ძალიან აინტერესებს და ამისთვის იტალიაში წინასწარ მოიძია გარბელოტოს კასრების ქარხანა, რომელი ვიზიტიც მეორე დღეს გველოდა. სადილი ჩინებული იყო (განსაკუთრებით მომეწონა მანგალიცას ჯიშის ღორის შემწვარი ძეხვი, არადა ჩვენებური კახური ღორი, ვფიქრობ, არც ერთს არ ჩამოუვარდება ხარისხით). ღვინოები თანმიმდევრობით შემოდიოდა, რასაც გრავნერის ჭიქებში გვისხამდნენ და ისე ვაგემოვნებდით. 2007 წლის ღვინო იყო ყველაზე ძველი. გავსინჯეთ 2007, 9, 11. ერთი ღვინო შერეული იყო და სამი სხვადასხვა წლის მოსავალს აერთიანებდა. ღვინოები მუქი ქარვისფერი იყო. 


გრავნერის ღვინო პირველად 2010 წელს გავსინჯე. მარანში იზაბელ ლეჟერონი მეწვია და მან მომიტანა ეს ღვინო. სიმართლეს ვიტყვი, რომ ღვინო დავიწუნე. იზაბელს ამ ღვინოზე არანაირი შესავალი არ გაუკეთებია და ალბათ ამიტომაც. მიზეზი ახლაც მახსოვს. ვუთხარი, რომ ეს ღვინო ზენიტში უკვე ნამყოფია და ახლა დაბლა ეშვება მეთქი. სხვათაშორის, დამეთანხმა, მაგრამ მითხრა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ღვინოა - 7 წლის დაძველებითო. გრავნერი ღვინოს 7 წელი აძველებს და მერე ყიდის. აქედან ერთი წელი ქვევრში და დანარჩენი - მუხის კასრებში. თუმცა არა „ბარიკებში“, არამედ დიდი ხნის მუხის კასრებსა და ბუტებში. ეს ჭურჭელი ღვინოს მუხის გემოს აღარ გადასცემს და თითქმის ნეიტრალურია.

გრავნერის ღვინოები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ეს იყო ნამდვილი ფილოსოფიური ღვინოები, რომლის დაყენებისას მემარნემ წინასწარ იცოდა, თანაც ძალიან კარგად, თუ როგორი ღვინო უნდა მიეღო. იოშკო ყოველი გახსნილი ბოთლიდან ჯერ თავად ისხამდა და სწრაფად სინჯავდა ღვინოს, მერე საცობს სუნს უმოწმებდა და ამის მერე თავისი ხელით გვისხამდა. გემოზე და სურნელზე ბევრის საუბარი შეიძლება, მაგრამ ერთს ვიტყვი. მხატვარი თავის სათქმელს ფუნჯითა და ფერებით ამბობს, მუსიკოსი - ნოტებით, პოეტი - ლექსებით, არქიტექტორი - შენობებით, ექიმი - გადარჩენილი ადამიანებით, ხოლო მემარნე კი - ვაზითა და ღვინით. ჩვენ, ქართველებს, ვაზისა და ღვინის ენა გვესმის. ბევრი დავკარგეთ, ბევრი ჩვენ თვითონვე გავანადგურეთ, მაგრამ მაინც გვესმის! კაცმა რომ თქვას, ეს ყოველთვის ასე იყო. მეტი სიფრთხილე და მოზომილი ქმედება გვესაჭიროება, რომ ღვინო მართებულად დავაყენოთ და ქართული ღვინის ნიჰილისტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად სწორედ ჩვენივე ღვინო გამოვიყენოთ. აი, ძმაო, კაცი, გრავნერი! დაჯდა და იფიქრა და იფიქრა, და მოიფიქრა, თუ საკუთარი ღვინის შესაქმნელად როგორი სავენახე ადგილი ესაჭიროებოდა, როგორი ჭურჭელი და როგორი ტექნოლოგია. ჭიქაც კი... მერე ეს ყველაფერი შეაერთა და შექმნა ღვინის საკუთარი დამწერლობა! მან ძალიან კარგად დასახა მიზანი და მიაღწია კიდეც ამ მიზანს. მან შექმნა დიდი ღვინო. ქედს ვიხრი ამგვარი ხალხის წინაშე.

მიშა მღებრიშვილის საჩუქარი გრავნერს

 რაც შეეხება საჩუქრებს, ჩვენით დავიწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო მიშა მღებრიშვილის საჩუქარი. მან გრავნერს აჩუქა სპეციალურად მისთვის დამზადებული ქვევრი - ულამაზესი და უნიკალური, ოქროს ჩანართებით მომინანქრებული ქვევრი, ზედ გრავნერი ეწერა, ნამდვილი ოსტატის ნახელავი იყო. ასეთი საჩუქარი ნამდვილად რჩეული ადამიანების ხვედრია. მეტსაც გეტყვით, ნებისმიერ მუზეუმსაც კი დაამშვენებდა ამგვარი ექსპონატი. დანარჩენებმაც მივუტანეთ ცოტ-ცოტა რამ. სუფრა გრაპას დაგემოვნებით დასრულდა, რომელსაც უგემრიელესი იტალიური ყავაც დავაყოლეთ. მერე გრავნერი გავიდა და მალევე დაბრუნდა ჩვენთვის გადმოსაცემი საჩუქრებით ხელმდამშვენებული. მან ყველას მოგვცა თავისი წიგნი, რომელზეც ქვევრი ეხატა და გრავნერი ეწერა და თითოს თავისი ლეგენდარული ჭიქა, თანაც ორ-ორი. ეს ის ჭიქა იყო, რომელიც მან ქართული ფიალის ფორმიდან შექმნა. მინის უცნაური მოყვანილობის ლეგენდალური ჭიქა, თან თითოს ორი ცალი. მარტო ამ ჭიქის გულისთვის ღირდა იტალიაში წასვლა...

 საერთოდ, ძალიან გაუხარდა ჩვენი მისვლა, რაც არაერთხელ აღნიშნა. მასთან საქართველოდან სხვებიც იყვნენ ნამყოფები, მაგრამ არავინ უხსენებია. თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ბოლოს მითხრა, ძალიან მინდოდა ჩემს მარანში მოსულიყავი და ეს სურვილი დღეს ამიხდაო. დიდი მადლბა, იოშკო! იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით.

ოთხი წუთის გამოსულები ვიქნებოდით გრავნერისაგან, როდესაც გზაში კარაბინერებმა გაგვაჩერეს. პასპორტები ჩამოგვართვეს და გულდასმით გადაამოწმეს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად იყო და მალევე გამოგვიშვეს. გადმოვკვეთეთ იტალია-სლოვენიის საზღვარი და სახლში მისვლამდე ერთ სუპერმარკეტს დავეცით. გარეთ რომ გამოვედით, მაღაზიას ბოლი ასდიოდა... საერთოდ იქაურ, თუნდაც იაფ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტი ჩვენსას ათი თავითა სჯობს, ამასთან ხუთჯერ იაფიცაა... საჩუქრებითა და გრავნერის ასეთი თბილი მიღებით უზომოდ გახარებულები დავბრუნდით სახლში და ის საღამო ღვინოში ჩავაბუჟბუჟეთ.

კასრთა ღაღადი

გათენდა ნისლიანი და ცივი 14 დეკემბერი. წინ გვქონდა იტალიაში კიდევ ერთხელ გადასვლა. ამჯერად კასრების ქარხანაში, რომელიც დაარსებული იყო პიეტრო გარბელოტოს მიერ (1923-2011 წწ). ამ ქარხანაში ვიზიტი მიშა მღებრიშვილის იდეა და უდიდესი სურვილი იყო. ძალიან მაღალი დონის ქარხანა გამოდგა, სადაც უმაღლესი ხარისხის კასრებსა და ბუტებს ამზადებდნენ. სპეციალურად ჩვენთვის ქარხანაში საქართველის დროშა აღმართეს, რამაც ძალიან გაგვახარა. კასრების მასალა ხორვატიიდან და საფრანგეთიდან შემოჰქონდათ. საერთოდ, ყველა აღნიშნავდა, რომ ხორვატიული მუხა კასრებისათვის იყო ძალიან მაღალი ხარისხისა. კასრების მასალა ქარხნის ეზოში, ღია ცის ქვეშ იყო დასაწყობებული თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში.

ჩვენი გიდი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ალბათ 30-იოდე წლისა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი ქარხნის, მუხის, კასრ-ბუტებისა და მარკეტინგის შესახებ.

45-ტონიან კასრთან...

 დავათვალიერეთ ქარხანა და შემდეგ მცირე დეგუსტაცია მოგვიწყვეს. გაგვასინჯეს ღვინოები, რომლებიც მათივე დამზადებულ სხვადასხვა კასრებში იყო დაძველებული. იდეა კი ძალიან მომეწონა, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ხუთი ღვინის ნიმუშიდან არც ერთი არ მომეწონა. თუმცა თავად ქარხანა ნამდვილად საუკეთესო იყო. ამხელა ქარხანაში ერთი მისხალი ნაგავი არსად ეყარა, რაც მათი შრომის მაღალ კულტურაზე მეტყველებდა. ერთი სიტყვით, იქ სანიმუშო იყო ყველაფერი და, რაც მთავარია, მათი დამზადებული კასრები. წინა დღით მიშა მღებრიშვილმა ლუბლიანას ერთ პატარა ღვინის მაღაზიაში ნატურალური ღვინო იყიდა, 5 ბოთლი, რომელიც იტალიიდან დაბრუნებულებს უნდა დაგველია.

 საკმაოდ ძვირი ფასების მიუხედავად, ღვინო არ მოგვეწონა, ზოგი გაფუჭებულიც იყო. ერთი დუღდა მალოლაქტიკის გამო, მეორეს მძიმე ობის სუნი ჰქონა... ცოტა გავბრაზდით და გადავწყვიტეთ მეორე დღეს მაღაზიაში მისვლა და გამყიდველის გამოლანძღვა, თუმცა გადარჩა. მისვლით კი მივიდნენ ბიჭები (მე სახლში დავრჩი), მაგრამ მაღზიის მეპატრონემ კაი დეგუსტაცია გაუმართა, კაი ღვინოებიც გაასინჯა და ამან გადაარჩინა.

ავსტრია ცოტა ხნით

მეორე დღე, ანუ 15 დეკემბერი, თავისუფალი იყო და ჯერ ლუბლიანა დავათვალიერეთ და მერე კი ავსტრიისკენ ავიღეთ გეზი. მანქანაში, რომელიც ბუდაპეშტში დავიქირავეთ, ბიჭები რიგრიგობით სხდებოდნენ საჭესთან. მანქანა ბოლომდე კაცურად გვემსახურა. ავსტრიაში ჩემი იქაური მეგობარი მეღვინის ნახვა მინდოდა კლაგენფურტში, მაგრამ ძალიან შორს აღმოჩნდა და ამ ქვეყანაში გადასვლის ნაცვლად სუპერმაკეტთა უზარმაზარ ქსელში სეირნობა შეგვრჩა ხელში. საზღვარი გადმოვიარეთ და მოვინახულეთ ქალაქი მარიბორი, სადაც ბოჟიდარის რეკომენდაციით ერთი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ. ეს იყო ღვინის მაღაზია და რესტორანი, რომლის შესასვლელში 400 წლის ვაზი იყო შემონახული. სხვათა შორის, ამ ვაზიდან დღემდე აყენებენ ღვინოს.

400 წლის ვაზთან

ქალაქი ტურისტული იყო და რესტორნებითა და სასტუმროებით იყო სავსე. ეს ვაზი შემოღობილი იყო და ეტყობა, ძალიან უფრთხილდებოდნენ. დავათვალიერეთ იქაურობა და სახლისკენ წამოვედით. ამგვარი ვაზები ჩვენშიაც არის, მაგრამ შესაბამისად არაა აღწერილი და შესწავლილი. არაერთ ადგილას მინახავს უხუცესი ვაზები და ამაზე სპეციალური ნაშრომიც კი მაქვს წაკითხული. ვისურებდი, ამგვარი ვაზები აღიწეროს და ნიშნულებიც გაუკეთდეს შესაბამისი შესწავლის შემდეგ.

 

ანტონიო ხორვატიელი

ანტონიო ივანჩიჩთან

  ანტონიო ივანჩიჩი ხორვატიაში, ზაგრებში ცხოვრობს და გრავნერის ყოფილი მოსწავლეა (თვითონ ასე ამბობს). მასთან საღამოს 6 საათზე მივედით და უკვე ბნელოდა. დაგვინახა და საოცარი ემოციებით გამოხატა ჩვენთან შეხვედრა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც შეყვარებული იყო ვაზზე და ღვინოზე, ასევე ქვევრებზეც. ანტონიო საქართველოში იყო ნამყოფი და მას პირველად სწორედ თბილისში, „ახალი ღვინის ფესტივალზე“ შევხვდი, სადაც იგი გრავნერთან ერთად იყო ჩამოსული. მახსოვს, უკნიდან მხარზე ხელი დამადო და რომ მოვიხედე, ასე მითხრა: შენ გიორგი არ ხარო? ახლა კი, მასთან რომ მივედი და მანქანიდან გადმოვედი, მაშინვე ვიცანით ერთმანეთი. ის კი არა, თურმე ჩვენი ბიჭებიც კი იცნობდნენ, ისინი ამავე ფესტივალზე შეხვედრილან... გვაჩვენა ერთ ადგილას დასაწყობებული უამრავი ქვევრი (იმერული), რომლებიც მალევე უნდა ჩაირგოს მის მარანში. ერთი თუ ორი ბოთლი აქვე გავსინჯეთ, რაც ძალიან მოგვეწონა. დაძველებული და გემრიელი იყო. კარგად დამწიფებული ჭერმის, გარგარისა და ასევე თივის სურნელი დაჰკრავდა. მცირედით გუდრონი გამოჰკრთოდა. შინაარსიანი ღვინო იყო. შემდეგ მე მანქანაში გადავუჯექი და მარნისაკენ გავწიეთ. მივედით მარანში, უკვე კარგად დაღამებულიყო. ქუჩებში არავინ დადიოდა. გზაში მოასწრო და გამესაუბრა ქვევრებზე. ძალიან ემოციური კაცი ჩანდა. რამე რომ გაუხარდებოდა, ხმამაღლა იძახდა - „აქცია“... მარანში ყველაფერი გავსინჯეთ თავისი ლუდიანად. მისი ლუდი ძალიან ჰგავდა ბექა გოცაძის ლუდს. ანტონიო ღვინოებს რომ გვასინჯებდა, თან შეკითხვებს გვისვამდა - რამდენად ძველიაო, რამდენი ალკოჰოლი ექნებაო, რომელი უფრო მოგწონთო... შეძლებისდაგვარად ვპასუხობდით, რაც ძალიან მოსწონდა. მერე გვითხრა, რომ მომავალ წელს მთელი კასრები უნდა მოვიშორო და მხოლოდ ქვევრებზე გადავდივარო. გვითხრა, რომ ამგვარი ჭურჭლის შემქმნელი ხალხი გენიოსები არიანო და ძალიან მიხარია, რომ თქვენი სახით ვაზისა და ღვინის მსოფლიო ცენტრიდან მყავს სტუმრებიო. ამის მერე კი წავედით მის სახლში. ეს იყო ძველი სტილითა და საოცარი სიკოხტავით ნაშენი სახლი. მე ამგვარი კოპწია სახლი საქართველოში არ მენახა. ახლად აშენებული მაქვს მხედველობაში, თორემ კახეთშიც, იმერეთშიც, რაჭა-ლეჩხუმსა და გურია-სამეგრელოში, თუ აჭარაში ნამდვილი მარგალიტები მინახია...

 

სახლის ქვედა სართულში ბუხარი ენთო და სუფრა სწორედ იქ გაიშალა, რისთვისაც რესტორნიდან მოატანინა საჭმელი... ერთ თავის მეგობარს დაუძახა, რომელიც ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი იყო. მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი. მოკლედ, დაიწყო სუფრა, მერე ეშხში შევიდა და გაძლიერდა. მოიტანა ხმის გამაძლიერებელი და ქართული სიმღერებიც ჩართო. ზამთარია და მრავალჟამიერი, წინწყარო და ბინდისფერია... გავშინაურდით, გავლაღდით, ზარხოშში მოვედით და ცოტა ხანში ყველა გავთანაბრდით. დაუვიწყარი იყო ის საღამო. რა აღარ გაგვასინჯა და როგორი ღვინოები აღარ გახსნა. დაგვასაჩუქრა კიდეც. მე 2012 წლის მოსავალი მომცა, რომელიც ამჟამად ჩემს მარანში ისვენებს. ცქრიალებიც გავსინჯეთ, მშვენიერი ნამუშევარი იყო. აი, კიდევ რა გვაკლია ჩვენ. ესაა ოჯახური ცქრიალების კულტურა. მე და მალხაზ ხარბედიამ დავგეგმეთ პირველი ცქრიალა ღვინოების გამოფენა და ვნახოთ, თუ გამოგვივა. „ღვინის ქურდებში“ ელიბო რომ ემშვიდობება სტუმრებს, სწორედ ისეთი ემოციებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. არ გვიშვებდა, რომ წახვალთ, მერე რა ვქნაო... მინდოდა დარჩენა, მაგრამ მიშა ჯაფარიძე სახლში გველოდებოდა და არ გამოდიოდა დიდი ხნით დაგვიანება. ისიც კი არ დაივიწყა ანტონიომ და მიშასთან საჭმელი გაგვატანა ჩვენი სუფრიდან... ნაღდი კაცი იყო ანტონიო, კაცური კაცი... შალვა ალელიშვილმა ქვევრის ბროში აჩუქა, რაზეც სულ გადაირია. მე შევპირდი, კიდევ გამოგიგზავნი მეთქი და უნდა გავუგზავნო რამდენიმე ცალი.

ანტონიოს საკმაოდ საინტერესო ღვინოები აქვს. პირდაპირ, გაუცნობიერებლად მისი ღვინოების გასინჯვა არ შეიძლება. მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგაა შესაძლებელი მისი ღვინოების ბოლომდე შეცნობა. თითქოს ქართულ, ოჯახურ ღვინოებსაც მივამსგავსე მისი ღვინო ხასიათით.

მეორე დღეს დილითვე წამოვედით უნგრეთისკენ. ჩამოვედით ბუდაპეშტში და ცოტა ფეხით გავისეირნეთ. დუნაის ნაპირს ჩავუყევით, სადაც საშინლად ციოდა, მაგრამ ქალაქის სილამაზემ თვისი ქნა და შეღამების, შიმშილისა და სიცივის მიუხედავად ქვეყნის პარლამენტს საპატიო წრე დავარტყით. მზგავსი სილამაზის შენობა არ მენახა. პირდაპირ საოცრება. ღამე პარლამენტი განათებული იყო და ოქროსფრად იყურებოდა. ბუდაპეშტი იშვიათი სილამაზის ქალაქია! გამოუყევით სანაპიროს, ჩავსხედით მანქანაში და წავედით აეროპორტისაკენ.   

გრავნერიადა ამით სრულდება. შალვა ალელიშვილს ბიჭი რომ არ შესძენოდა მე ამ მოგზაურობაში ვერ მოვხვდებოდი. და მაინც, განსაკუთრებული მადლობა მიშა მღებრიშვილს... ჩვენს ტრადიციულ მეღვინეობას რაც დღეს აკლია, ესაა საქმის ძირეული ცოდნა, შრომის სიყვარული და რაც მთავარია რწმენა, ჩვენი მართალი რწმენა! თუმცა ყველაფერი წინაა...

მცხეთა, 2021 წ.



დიდი მადლობა გიორგის გრავნერიადას დაწერისთვის, როცა მომენატრება თქვენთან ერთად გატარებული ეს 7 დღე, ხელახლა გადავიკითხავ-ხოლმე ))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული