Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი – დღესასწაულის მოლოდინი

ანა ჭეიშვილი

არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი

„ახალი ღვინის ფესტივალი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა და დღესაც აღელვების გარეშე ვერ ვიხსენებ იმ დღეებს, როდესაც ღვინის კლუბელები ამ დიდ და საინტერესო საქმეს შევეჭიდეთ. ვაკეთებდით საქმეს, რომელიც გვიყვარდა და ვიცოდით, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო იყო, მაგრამ მაშინ ალბათ ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ აცნობიერებდა თუ რამხელა გავლენა ექნებოდა ამ ფესტივალს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე. სწორედ ამ ფესტივალის და „ღვინის კლუბის“ ინტენსიური მუშაობის წყალობით ქართველებმა ხელახლა შეიყვარეს და, რაც მთავარია, დააფასეს ვაზი და ღვინო. ბუნებრივია, ეს სიყვარული მანამდეც არსებობდა, მაგრამ თითქოს ინერციით გადადიოდა თაობიდან თაობაზე, ახლა კი ზუსტად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვუაროთ იმას, რასაც ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა გვაზიარეს.

ის ფაქტი, რომ 2013 წელს ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, სწორედ „ახალი ღვინის ფესტივალის“ დამსახურებაა. ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება - აი, ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ეს ფესტივალი ემსახურება. ამ ფესტივალის და ღვინის კლუბის დამსახურებაა ისიც, რომ ქვევრი დღეს ყველა სხვა ენაზე ისე ჟღერს, როგორც ქართულად; რომ ქვევრი ქვევრია და არა ამფორა.

რაც ყველაზე მთავარია „ახალი ღვინის ფესტივალი“ ოჯახური დღესასწაულია. ალბათ ერთადერთი დღესასწაული საქართველოში, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის, სადაც დიდიც და პატარაც ერთობა, სადაც ბავშვები ღვინის კულტურის ჭეშმარიტ სიყვარულს ეზიარებიან. უკვე მერამდენე წელია, ჩემი უცხოელი მეგობრები საქართველოში ჩამოსვლას „ახალი ღვინის ფესტივალის“ ჩატარების თარიღს - მაისის მეორე შაბათს ამთხვევენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ სტუმართა, არამედ მონაწილეთა რაოდენობა. ჩემი მეგობრის ღვინომ დეგუსტაცია წარმატებით ვერ გაიარა და წლევანდელ ფესტივალზე ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, ეს უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ მომდევნო წლებში უკეთესი ღვინო დააყენოს...

და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - ქართველ მეღვინეებს შორის უკვე ქალბატონებიც არიან! და ეს ყველაფერი „ახალი ღვინის ფესტივალის“ დამსახურებაა!

არჩილ გუნიავა

არჩილ გუნიავას მარანი

განვლილი 6 ფესტივალიდან 5-ის მონაწილე ვარ. კარგად მახსოვს პირველ წელიწადს ოჯახურ მარანს წარმოვადგენდი, საქართველოს თითო კუთხიდან 3-4 მონაწილეს თუ დაითვლიდი. ღვინოებიც შეზღუდული რაოდენობით იყო. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ კარგი ღვინოები ქვეყანაში მეტი არ მოიძებნა. მას შემდეგ ყოველი ახალი ფესტიველი ახალი აღმოჩენა ხდება ჩემთვის. მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს ორმაგდება, ხუთმაგდება, ათმაგდება... ჩემთვის როგორც ნატურალური ქვევრის მეღვინესთვის ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველ წელს იზრდება უცხოელი ქვევრის ნატურალური ღვინით დაინტერესებული ექსპერტების, ბიზნესმენების, კომერსანტების, ღვინის მწერლების, უბრალო ადამიანების დაინტერესება ახალი ღვინის ფესტივალისადმი. წელს ჩემი კუთხიდან, იმერეთიდან 20 მხოლოდ ოჯახური მარანი იქნება წარმოდგენილი, უსაზღვროდ მიხარია. დარწმუნებული ვარ იმერული ოჯახურ ღვინოებს ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამთ, იმერული ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე და სხვა ჯიშებიც მიუხედავად იმისა, რომ მათ აღიარება არ აკლიათ კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ. ეს ფესტივალი სწორედ ამის შანსს აძლევს მეღვინეებს.

ლაშა გაბუნია

მუსიკის ჟურნალისტი

„ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ უკვე წლებია ატარებს, ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი, ეროვნული და ხალისიანი მოვლენაა საქართველოში. დიდებული შეგრძნებაა, როცა ღია ცის ქვეშ, ბუნების წიაღში ათვალიერებ და აჭაშნიკებ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან შეკრებილი მშრომელი, დაუზარელი ადამიანების შრომის ნაყოფს – ღვინოს. წლების განმავლობაში ფესტივალს სულ უფრო მეტი მცირე მარნები და საოჯახო მეურნეობები შეუერთდა, რაც ძალიან კარგია ქართული ღვინის ხარისხის ასამაღლებლად. ამ შესანიშნავ თავყრილობაზე ხომ სტუმრად მოსული ადამიანები, ფერმერები, ფესტივალის ორგანიზატორები ერთმანეთისგან სწავლობენ, გამოცდილებას იღებენ და რა თქმა უნდა, ერთმანეთის სჯერათ, რადგან, როგორც ძველი ლათინები იტყოდნენ, მხოლოდ „ღვინოშია ჭეშმარიტება“.

ეკა ქევანიშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

პოეტი

მე ეგრე მახსოვს, მახო ხარბედიამ რადიო თავისუფლებაში ღვინის ფესტივალის პლაკატი მოგვიტანა და, აბა, არ გამოტოვოთო, გვითხრა. პირველად ტარდებოდა თუ მეორედ, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ახალი ფეხადგმული რომ იყო, ეგ ზუსტად ვიცი და ამინდის პროგნოზსაც რომ ვამოწმებდი, არ იწვიმოს მეთქი, ეგეც კარგად მახსოვს - ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდებოდა, სიმწვანეში, ჰაერზე -  მეტი სიკეთე რა უნდა გინდოდეს ჩაბეტონებულ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს. თან, გავაშუქებთ მეთქი ვიფიქრე და ჩემი პატარა კამერით წავედი. მე ვიდეო რეპორტაჟს, ნინო თარხნიშვილი კი აუდიო სიუჟეტს ამზადებდა. ვიმუშავეთ, მაგრამ ცოტა ხანში ჩვენი აღჭურვილობა გვერდზე გადავდეთ და ღვინით სავსე დახლებს მივეძალეთ - მე უფრო პატარა მარნების ღვინოები მაინტერესებდა. ჯერ რაჭველებთან მივიჭერი და „ხვანჭკარა“ გავსინჯე, მერე სადღაც პირველად გავსინჯე „ქისი“, ცოტა მოშორებით მგონი ხაშმის საფერავი იყო, კიდევ სხვაგან ზუსტი სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ რომელითაც მონასტრის ღვინო - გვარიანად შევჟუჟნდით. მაგრამ მთავარი განწყობა იყო  და გარემო - ხალხი რაღაც ახალს ეზიარებოდა, მივხვდი, რაღაც ახალს და კარგს ეყრებოდა საფუძველი. მარტო დროსტარების კუთხით კი არა, აი, ურთიერთობის, განვითარების, ღვინის დაგემოვნების და შერჩევის კულტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ვუყურებდი ფერს, ბოთლს, ეტიკეტს. ვყნოსავდი, კითხვებს ვსვამდი, ვხუმრობდით. რაღაც ისეთ ამბად მახსოვს, მერეც რომ არასოდეს დამვიწყნია და თითქმის ყველა ფესტივალზე ვყოფილვარ. წელსაც ასე დიდი ხნით ადრე მზადებას რომ იწყებ, ეგრე ვარ, წავიდეთ, წავიდეთ - ჩემებს ვაბუნტებ. მგონია, რაღაც დადებითი და პათეტიკური თუ არ გამოვა, ამაღლებული ხდება. მგონია, რამდენიც არ უნდა დალიო მაგ დღეს - საჩხუბრად გული არ გაგიწევს. პატარა მარნები და მწარმოებლები რომ გზას იკვალავენ, ეგ ცალკე ამბავია. ალბათ, რამდენმა გაბედა მაგის მერე და თავისი ღვინო ფესტივალის ორგანიზატორებს შეაფასებინა, რამდენმა გაიკვალა გზა და თავიდან თუ რამდენიმე ათეული კომპანია მონაწილეობდა, ახლა, მგონი თვლა არ არის. ხარისხიც, მგონია, უკეთესი იქნება. ის კი არადა, მეც სულ მეფიქრება, რაჭიდან ჩემი ღვინოც ჩამოვიტანო ერთ დღეს და უბრალო დამთვალიერებელი კი არ ვიყო ფესტივალზე, არამედ მონაწილეც. 

გიორგი ცხაკაია

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის

ახალი ღვინის ფესტივალს პირველად მხოლოდ შარშან ვესტუმრე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალს მაინც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. დედა ენის პარკში მისულს საოჯახო მარნების და ღვინის კომპანიების სადეგუსტაციო დახლები დამხვდა. შევეცადე, ღვინის დამწყები მოყვარულის სტატუსით მესარგებლა და წარმოდგენილი ღვინოების აბსოლუტური უმრავლესობა გამესინჯა. ჩემი განსაკუთრებული მოწონება ერთ–ერთი საოჯახო მარნის კახურმა მწვანემ დაიმსახურა. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი მეღვინეებისა თუ ღვინის ექსპერტთათვის თავშეყრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების, შედარებით გამოუცდელთათვის კი თავისუფალი დღის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაა.

©საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული