Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალგაზრდა მეღვინის წერილი „მარანის“ მკითხველს

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

რა რესურსები სჭირდება მეღვინეობის წამოწყებას, რამდენად რეალურია და რამდენად რენტაბელური ბიზნესია რიგითი მევენახესთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მეღვინეობის წამოწყება - ამ საკითხების შესწავლას არაერთი პუბლიკაცია დავუთმეთ. მკითხველთა უკუკავშირი მოწმობს, რომ ეს საკითხები მათ შორისაც განსაკუთრებული ინტერესითა და აქტუალურობით სარგებლობს. რამდენიმე დღის წინ „მარანის“ ელექტრონული ფოსტით მივიღეთ ახალგაზრდა, დამწყები მეღვინის, გუჯა გოდერძიშვილის საინტერესო წერილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით, უცვლელად გთავაზობთ. 

 

„როგორ დავიწყოთ, ვენახიდაინ  რეალიზაციამდე? 

ყველაფერი იწყება  სიყვარულით. ვაზის, ვენახის და  ღვინის სიყვარულით. ალბათ,  როგორც უმრავლესობას  საქართველოში, მეც მაქვს ერთი  ძველი მარანი სოფელში - სავსე  ბებერი ქვევრებით. ჰოდა,  ბავშვობიდან გაოცებული  ვადევნებდი თვალს, როგორ  იწურებოდა ყურძენი „მიწაში  ამოთხრილ ორმოში“ და როგორ  იქცეოდა დაჭყლეტილი ტკბილი  ყურძენი,  ჩემთვის გაუგებარი  ძალების ზემოქმედებით,  დალოცვილ, კამკამა ქარვისფერ  სითხედ, პაპაჩემი რომ  მომასმევდა ხოლმე და ლოყები საფერავივით  შემეღებებოდა. 

ღვინოს  ყოველთვის ვწურავდით, მაგრამ  ჩვენთვის, ცოტას. დანარჩენი  ქარხანაში მიდიოდა თეთრებად, სატვირთოებით. ყველაფერი  შარშან შეიცვალა. ბიძაჩემის  და ჩემი მეგობრის -ლაშა  სხვიტარიძის შთაგონებით და  მამაჩემის დიდი დახმარებით  მოვახერხეთ, რომ ღვინო დაბალი  კონცენტრაციის შაბითა და  გოგირდით შეგვეწამლა,  ბალახის გასათიბად  ჰერბიციდების მაგივრად  ელექტროცელი ვიყიდეთ და  შევუდეგით სამზადისს... 

ღვინო  ქვევრში დავწურეთ და  გაზაფხულამდე ჭაჭაზე  გავაჩერეთ. მოლოდინს  გადააჭარბა. გაზაფხულზე  ახალი ღვინის ფესტივალზე  საგულდაგულოდ არჩეულ ოცლიტრიან ბოცას „წითელი  ლენტი“ შევაბით და დედაენის  ბაღში საზეიმოდ გამოვაჭენეთ. სასიამოვნო იყო  კომპლიმენტების მოსმენა, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე  მწყდებოდა გული, რომ სხვა  ღვინოებს ვერ ვაგემოვნებდი.  მშურდა იქვე, ჩემს დახლთან  არეული ხალხის. 

ამის შემდეგ  გაჩნდა სურვილი, ღვინო  ბოთლებში ჩამოგვესხა და  ნატურალური ღვინის ტაძარში  ღVino Underground-ში გვეჩვენებინა. რამაზს ღვინო მოეწონა. თან  იმდენი კითხვა დაგვისვა  მოყვანა-დაყენების მეთოდზე,  ყველაზე გამოცდილ  დეტექტივსაც შეშურდებოდა...  გადაწყდა. ღვინოს ნაცნობი  დიზაინერის დახმარებით  ეტიკეტი გავუკეთეთ. ჩემმა  ბავშვობის მეგობარმა 100 ცალი  ეტიკეტი, რამდენიმე ბოთლი  ღვინის სანაცვლოდ, თავის  სტამბაში დააბეჭდინა.  ნატურალური კორპებიც შევიძინეთ. საკმაოდ  მაღალი ხარისხის, დაბალ ფასად. ბოთლებიც ავარჩიეთ და  დავიწყეთ... ერთადერთი  დანადგარი, რისი ყიდვაც  დამჭირდა, ეს საცობების  მექანიკური გასაკეთებელია.  ჩაჩების გასაკეთებლად  მდუღარე წყალი გამოვიყენეთ  რადგან ბიუჯეტი არ გვაძლევდა  საშუალებას, ელექტრო  დანადგარი გვეყიდა... 

შედეგი  დამაკმაყოფილებელი იყო. მაშ ასე, ჩემი ხარჯები ასე გამოიყურება:

1)    საცობების გასაკეთებელი დანადგარი - 330  ლარი;

2)    100 ცალი საცობი - 60 ლარი (თითო - 0,6  ლარი);
3)    100 ცალი ჩაჩი - 5 ლარი;
4)    100 ეტიკეტი - 25 ლარი (ჩემთვის - უფასოდ);
5)    100 ცალი ბოთლი - 60 ლარი.
სულ - 480 ლარი.

ალბათ დამერწმუნებით, არცთუ მთლად მილიონები დავხარჯე, როგორც მევენახეები  ამბობენ და არც იმდენი  შრომა დამჭირდა, რომ წელში  გავმწყდარიყავი. 

შემდეგ მომიწია ენაგადმოგდებული  სირბილი ტაბიძე-ლესელიძეზე, ღვინის ყუთებით და  სადეგუსტაციო ბოთლებით. იყვნენ ისეთები, ვინც  გასინჯვასაც არ კადრულობდა.  რქაწითელის გაგონებაზე იქვე  რქაწითელით სავსე თაროზე  მიგანიშნებდნენ. დანარჩენები  თავიდან ეჭვის თვალით  უყურებდნენ, გასინჯვის  შემდეგ კი 2 ყუთის მოტანას  მთხოვდნენ. 

კარგია, როცა  ადამიანი ღვინოს, როგორც  ხელოვნებას, უყურებს და  მხოლოდ ამის შემდეგ  - როგორც შემოსავლის წყაროს... ღვინო  ემოციაა, რომელიც გინდა,  გაუზიარო იმ ადამიანებს, ვინც  მას აფასებს და უყვარს, მერე  კი ერთი-ორი შექების შემდეგ ისეთი  ამაყი ხარ... თითქოს საკუთარმა  შვილმა გასახელა. თუ  დაგიწუნეს, ბავშვივით გწყინს  და მანამდე არ ისვენებ, სანამ გამოსავალს არ იპოვი ნაკლის  გამოსასწორებლად, იმ წელს თუ  არა, მომავალ წელს რომ მაინც არ დაუშვა შეცდომები. 

რა თქმა უნდა, ღვინის დაყენება, ისევე როგორც მისი რეალიზაცია, ძალიან რთულია. ღვინის დაყენება განსაკუთრებით რთულია დამწყებისათვის. ხშირია  მქროლავის შემორევა ღვინოში,  ან ამგვარი - გაუფილტრავი  ღვინის შემთხვევაში, ხანდახან  უკვე დაცობილ, ეტიკეტირებულ  ბოთლში ლექი გამოერევა და  მერე თავიდან უნდა დახსნა  ყველა და ფრთხილად გამოაცალო  ლექი. რა თქმა უნდა, ლექი  ცოცხალი ღვინის შემადგენელი  ნაწილია და რაც უნდა ხშირად  მოაშორო სითხეს, მაინც ვერ  გამოლევ. უბრალოდ, მყიდველისათვის ლექიანი  ღვინო არც ისე სასურველი  სანახავია. ამიტომ  მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ  მინიმუმამდე დაიყვანო ლექი  ღვინოში. 

ასევე, დიდი  ყურადღება უნდა მიექცეს  ქვევრების (განსაკუთრებით, ძველი ქვევრების) ჰიგიენას,  ზოგი ქვევრი, რაც უნდა რეცხო,  მაინც მისცემს ღვინოს  უსიამოვნო გემოს ან სუნს,  ამიტომ ჰკითხეთ მამებს, ან  პაპებს, რომელ ქვევრს  იყენებდნენ ყველაზე ხშირად.  დარწმუნდით, რომ სუფთაა, წყალს  არც აპარებს და არც იმატებს და  სითხეს გემოს არ აძლევს. გახეხეთ, სანამ ძალ-ღონე არ  გამოგელევათ და დაამუშავეთ  გოგირდით. მხოლოდ ამის მერე  ჩაასხით ღვინო. რთულია ქვევრში ღვინის დაყენება ტრადიციული მეთოდით, თუმცა, დამიჯერეთ,  შედეგი გაგაოცებთ.   

რაც  შეეხება, რეალიზაციას. ნუ  ააშენებთ ოცნების კოშკებს,  რომ ღვინოს ყველა მაღაზია  ჩაიბარებს. და თუ ჩაიბარებს, ერთ კვირაში გაიყიდება. ცხადია, ამ  ტიპის საოჯახო ღვინოს თავისი  სეგმენტი ჰყავს საქართველოში  და, მათ შორის, უმეტესობა უცხოელია. მე ღვინო  შევიტანე მხოლოდ ღVino Underground-ში, G.vino-ში და ორ მაღაზიაში ლესელიძეზე. სულ 24 ბოთლი  საიდანაც 4 ცალი გაიყიდა  სექტემბრის შემდეგ...  
სასაცილოა, მაგრამ მე ამითიც  კმაყოფილი ვარ. გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი - ღვინოზე ისევე შეყვარებული, როგორც - მე. ასევე, საჭირო კონტაქტებიც შევიძინე.  გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ჩემი  ღვინის საზღვარგარეთ გატანა. მართალია, ამისთვის ჩემი  მარნის უფრო მეტად აღჭურვა  დამჭირდა, მაგრამ, დამიჯერეთ,  პირველი გაყიდული პარტია  ყველაფერს დაფარავს. 

იმედი მაქვს, ჩემი  გამოცდილება დაგარწმუნებთ,  რომ არ ღირს, სახელმწიფოს  თვალებში უყურო, თუ რა ფასს  გეტყვის კილოგრამ ყურძენში. ღვინის ბოთლში ჩამოსხმა არც ისეთი ძვირი სიამოვნებაა, როგორც ზოგს ჰგონია. სცადეთ  მინიმალური რაოდენობა. პირველივე წელს ნუ იფიქრებთ მოგებასა და სწრაფ ფულზე. გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ და  დამიჯერეთ ყველაფერი გამოვა.

P.S. გთხოვთ მაპატიოთ  სტილური შეცდომები. ამ  წერილით, უბრალოდ, მინდოდა  დავხმარებოდი ჩემნაირებს და  გამემარტივებინა ის გზა, რაც მე ჩემით გავიარე. გთხოვთ,  დამიდასტუროთ, რომ მეილმა  მოაღწია თქვენამდე.

პატივისცემით

გუჯა გოდერძიშვილი

25 ოქტომბერი, 2015 წელი“    

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 



მშვენიერი სტატიაა :) ახალგაზრდა მეღვინევ


შენ ხარ ჭეშმარიტი მეღვინე და პატრიოტი კაცი ... წინსვლა და წარმატებები


Tsarmatebis Girsi xar shen da shennairebi, es aris Qartuli traditsiis gagrdzeleba, vimedovneb mets tkvens rigebshi chaveterebi male. Gmertma xeli mogimartos


- შექების შემდეგ ისეთი ამაყი ხარ... თითქოს საკუთარმა შვილმა გასახელა. ეს ზუსტად ის სიტყვებია, ის გრძნობაა, რისთვისაც ღირს შრომა. გილოცავთ ! გისურვებთ წარმატებებს !!!!


წარმატებები... ბოთლებს სად შოულობთ?


ბოთლები შეგიძლია მაღაზიაში იყიდო ან ტარაში, პოსტის ავტორთან კითხვები მაქვს და როგორ შევეხმიანო?


ბოთლები შეგიძლია მაღაზიაში იყიდო ან ტარაში, პოსტის ავტორთან კითხვები მაქვს და როგორ შევეხმიანო?


გამარჯობათ, ყველას მადლობა ასეთი კეთილი სიტყვებისთვის, ილია შეგიძლიათ მომწეროთ მეილზე e.goderdzishvili@gmail.com ან facebook-ზე guja goderdzishvili


წარმატებები, და ნამდვილად კარგ შედეგებს მიაღწევთ დარწმუნებული ვარ


გუჯა მოგესალმებით, პირველრიგში წარმატებები და მადლობა საინტერესო ბლოგისათვის, გთხოვთ მოგვწეროთ საცობების გასაკეთებელი დანადგარი სად და როგორ შევიძინოთ?.


დამწყები მეღვინისათვის, რომელიც ფიქრობს რა გზა ელის ღვინის დაყენებიდან მის რეალიზაციამდე ძალიან საინტერესო და სასარგებლო წერილია. გმადლობთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული