Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკის პრეზიდენტები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ დალევა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის იყვნენ ისეთები, ვისაც ძალიან უყვარდა ჭიქა ღვინის (და ხანდახან მეტისაც) გადაკვრა. ღვინომ რამდენჯერმე საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი მოახდინა გავლენა.

ჯორჯ ვაშინგტონი

პრეზიდენტობის წლები: 1789-1797

დამფუძნებელ მამებს, რა თქმა უნდა, დალევა უყვარდათ და მათ შორის არც ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო გამონაკლისი. იმ დროისთვის ამერიკელ კოლონიზატორებს ესპანურ და პორტუგალიურ ღვინოებზე მიუწვდებოდათ ხელი. ვაშინგტონი პორტუგალიური მადერის დამფასებელი იყო და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სვამდა ამ სასმელს, თუმცა, როგორც შეძლებული ადამიანი, არც შამპანურზე ამბობდა უარს. 1793 წელს, პრეზიდენტობისას, ვაშინგტონმა 485 ბოთლი შამპანური და ბურგუნდიული ღვინო შეიძინა, რაც 355.67 დოლარი დაუჯდა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე სცადა საკუთარი ღვინის წარმოების დაწყება. ერთხელ საკუთარ მამულში (Mount Vernon Estate) დაახლოებით 2000-მდე ადგილობრივი ველური ვაზის კალამიც კი დაარგვევინა, თუმცაღა დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყების გამო ეს პროექტი ჩაიშალა. ვაშინგტონმა, მართალია, ღვინის წარმოება ვერ დაიწყო, მაგრამ მას ჰქონდა იმ დროისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახდელი. ღვინის გარდა, პრეზიდენტი ლუდითაც იყო დაინტერესებული. მას თან დაჰქონდა ბლოკნოტი, რომელშიც დაბალალკოჰოლური ლუდის გამოხდის რეცეპტი ჰქონდა ჩაწერილი.

ჯონ ადამსი

პრეზიდენტობის წლები: 1797-1801

ჯონ ადამსი ყოველ დილას საუზმეზე სვამდა მაგარ სიდრს (რასაც ჰარვარდში სწავლის დროს დაეჩვია), მაგრამ ეს მხოლოდ  დასაწყისი იყო, რადგან დღის განმავლობაში კიდევ არაერთხელ გადაკრავდა ხოლმე და, როგორც ამბობენ, დღეს სამი ჭიქა მადერით ასრულებდა. შემაგრებული ღვინისადმი მისი სიყვარულის დასტურად გამოდგება ის ფაქტი, რომ 2017 წელს New Jersey's Liberty Hall Museum-ში,  რომელიც ისტორიულ შენობაშია განთავსებული, ადამსის ინაუგურაციისთვის შეკვეთილი 1796 წლის სამი ყუთი მადერა და რამდენიმე უფრო გვიანდელი ბოთლი აღმოაჩინეს.

თომას ჯეფერსონი

პრეზიდენტობის წლები: 1801-1809

"არაფერზე ისეთ გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს ჩვენი გემოვნური თვისებები, როგორც ღვინით ტკბობაზე“ - რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვების ავტორს, თომას ჯეფერსონს,  ღვინის პირველ მცოდნედ მიიჩნევენ ამერიკაში. დამოუკიდებლობისთვის ომამდე ჯეფერსონი ძირითადად პორტვეინს, ხერესს ან წითელ ღვინოს სვამდა, რაც მაშინ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჯეფერსონი 1784 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და განსაკუთრებით დაინტერესდა ბურგუნდიის, ბორდოს, შამპანისა და რონის რეგიონებით. მას ამერიკაში შეჰქონდა ღვინოები საფრანგეთიდან, პორტუგალიდაან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჯეფერსონმა თავადაც სცადა საკუთარ მამულში, Monticello-ში, ვაზის ევროპული ჯიშების გაშენება, მაგრამ უშედეგოდ.

ჯეიმს მონრო

პრეზიდენტობის წლები: 1817-1825

ჯეფერსონის სიყვარულმა ღვინის მიმართ მის ბევრ  თანამედროვეზე იქონია გავლენა და მათ შორის იყო ამერიკის მეხუთე პრეზიდენტი, ჯეიმს მონრო. ჯეფერსონმა მონროს ინაუგურაციის შემდეგ წერილიც კი გაუგზავნა, სადაც რჩევას აძლევდა, თუ რამდენი ბოთლი ღვინო უნდა ჰქონოდა მარაგში ახალ პრეზიდენტს (ეს შეფარდება განისაზღვრებოდა ასე - ერთი ბოთლი 3.5 კაცზე). როგორც ჩანს, მონრომ ჯეფერსონის რეკომენდაცია არათუ გაითვალისწინა, არამედ ცოტა გადააჭარბა კიდეც, რადგან მისი ადმინისტრაცია სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან იმპორტირებული 1200 ბოთლი ღვინო სენატს ავეჯად გაატარებინა.

ჯეიმს ბიუკენენი

პრეზიდენტობის წლები: 1857-1861

ბიუკენენს თითქმის ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი მოსწონდა, მაგრამ უპირატესობას, რა თქმა უნდა, ძვირფას სასმელს ანიჭებდა. მას განსაკუთრებით უყვარდა შამპანური. 1846 წელს, როდესაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, მან დიდი წვეულება მოაწყო, რომელზეც სტუმრებს რამდენიმე ათასი ბოთლი ღვინო მიართვეს, საიდანაც 150 ბოთლი შამპანური იყო.

ულის გრანტი

პრეზიდენტობის წლები:1869-1877

გრანტი სახელგანთქმული მსმელი იყო და ეს ჩვეულება თეთრ სახლში გადაბარგების შემდეგაც არ მიუტოვებია. იმ დროისათვის პრეზიდენტები ვალდებულნი იყვნენ საკუთარი გართობისთვის დახარჯული თანხა თავად გადაეხადათ. გრანტმა პრეზიდენტობის დროს რამდენიმე ისეთი სადილი გამართა, რომლის მხოლოდ შამპანურის ხარჯმა 2000 დოლარს გადააჭარბა. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გრანტი პრეზიდენტობის მიწურულს ვალებში იხრჩობოდა.

რონალდ რეიგანი

პრეზიდენტობის წლები: 1981-1989

შეიძლება იფიქროთ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ალკოჰოლის მოხმარებისთვის დაშვებული ასაკი 18-დან 21 წლამდე ასწია, თავად იყო გულგრილი სასმელისადმი, მაგრამ ცდებით. რონალდ რეიგანი ღვინის დიდი მოყვარული იყო, თუმცა მაგარი სასმელები არასოდეს აინტერესებდა. ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტს სახლში ღვინის დიდი საცავი ჰქონდა, სადაც რამდენიმე ბოთლ უძვირფასეს ღვინოსაც ინახავდა. რეიგანი ცნობილია იმით, რომ კალიფორნიული ღვინო პირველმა შეიტანა თეთრ სახლში და ოფიციალურ სადილებზე სტუმრებს მისით უმასპინძლდებოდა.

ბარაკ ობამა

პრეზიდენტობის წლები: 2009-2017

მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ობამას უყვარდა ლუდის, კოქტეილის ან ჭიქა ღვინის დალევა. ცნობილია, რომ ჩიკაგოში, ობამების სახლში, 1000 ბოთლ ღვინოზე გათვლილი საცავია, თუმცა უცნობია, რამდენი ბოთლი ღვინო ინახება ამ საცავში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული