Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. მალხაზ ჯაყელი. მეღვინე, „ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების“ დამფუძნებელი

ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2015

ზუსტად ერთი კვირის წინ, 1 სექტემბერს ჩამოვედი ნიუ იორკში, ჩემს ცოლ-შვილთან. ალა უკვე 5 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, მახო ორწელიწადნახევარია. ადრე დილიდან გაიკრიფენ სამსახურებში. მართლაც ბევრს მუშაობენ. 

ალა შეფია და ახალ მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მუშაობს მზარეულად, რესტორანში, 102-ე სართულზე. მახო ჯერ 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული პროგრამისტია, ვებ დეველოპერი, კარგი პერსპექტივით. მეხუთე ავენიუსა და 42-ე ქუჩის გადაკვეთაზეა მისი ოფისი, ბრაიანტ პარკთან, ულამაზეს ადგილას.   

გვიჭირდა უერთმანეთოდ, მაგრამ მე ჩემს საყვარელ საქმეს ვერ ვეშვებოდი, მთელი სული და გული მქონდა ჩაქსოვილი. არ მინდოდა ამ საქმის მიტოვება. ვიზას რომ ვიღებდი შარშან დეკემბერში, ერთი თვით სტუმრად ვიყავი ჩემებთან ნიუ-იორკში, ამერიკის საელჩოში კონსულმა სამჯერ მკითხა დარჩენას არ აპირებო. არა, არ ვაპირებ, საყვარელი საქმე მაქვს და თან შემოსავალიც მყოფნის ასე თუ ისე საცხოვრებლად და არ ვაპირებ დარჩენას-მეთქი. გაკვირვებული მიყურებდა - რამდენი წელია საქართველოში ვარ და ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო. 

პირიქით, ალამ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ერთი-ორი წელი კიდევ გავძლებდით ასე, სანამ ალა ამერიკის მოქალაქეობას მიიღებდა და მერე საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. მისი დახმარებით უკვე შემეძლო, ღვინის ტურიზმზე მეფიქრა, რაზეც აქამდე უარს ვამბობდი შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობისა და საჭირო კადრების ნაკლებობის გამო. ჩვენ ხომ საკუთარი მარანიც კი არ გვქონდა, ვქირაობდით. 

ერთი იტალიელი უფროსი მეგობარი მყავს, კლაუდიო ბერლინჯიერი. თითქმის, ერთ დროს დავიწყეთ ვენახი. მან და მისმა მეუღლემ, ხარისხით ენოლოგიაში და განათლებით მევენახეობაში, ტოსკანაში გააშენეს 6 ჰექტარი. ძალიან უკვირდა, რა ფასში ვყიდდით ჩვენს ღვინოს ექსპორტზე. შემოდგომაზე იყო ჩამოსული და მთხოვა ვენახში და მარანში წაყვანა. დამუნჯდა. საღამოს ბექა გოჩიაშვილის და სტენლი კლარკის კონცერტზე წავიყვანეთ ფილარმონიაში. გმირი ხარო, კონცერტის მერე გამომიცხადა. ამ საქმისათვის საჭირო საშუალებების სიმმწირეს გულისხმობდა. 

უკვე ერთი კვირაა, ამერიკაში ვარ. ფიზიკურად ვარ აქ, თორემ ფიქრით და გონებით ისევ საქართველოში ვარ. ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ მე და ზაზამ, ჩემმა ძმამ და პარტნიორმა, მაგრამ გამოგვრჩა და სულელური, უაზრო შეცდომა დავუშვით, რომ ხაშმში, ჩვენი გაშენებული ვენახი დროზე არ გადავიფორმეთ. იქაურ, ჩვენ ყოფილ პარტნიორზე გვქონდა ფიქტიურად გაფორმებული, რომელმაც 2011 წლის ბოლოს დაგვტოვა და „დიიიდი ფულის“ საშოვნელად მოემზადა. ვერ იშოვა. სულმოკლე და სულელი ადამიანი აღმოჩნდა,  თან ბოროტი. 

მანამდე კი 2012 წლის ოქტომბერში მოვინდომეთ გადაფორმება და აღმოვაჩინეთ, რომ სადღა გვაქვს ვენახი. 2012 წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტროს წაუღია, მერე მიშას პირდაპირი მიყიდვის წესით ჩვენი მეზობელი კომპანიისათვის მიუცია და მაისში კიდე საჯარო რეესტრს, რომელმაც 2006 წელს გაგვიფორმა მიწა, ამ მეზობლისთვის გადაუფორმებია.

სამი წელი ვიბრძოლეთ სასამართლოში, უამრავი დრო, ენერგია და ფული დავხარჯეთ და საქმე მოვიგეთ, მერე აპელაცია და ამ დროს გამოგვიცხადა ჩვენმა ყოფილმა პარტნიორმა, მე არსად არ წავსულვარ ისევ აქა ვარო. სხვაგან არ გამოუვიდა, „დიიიიდი ფული“ ვერ იშოვა და ჩვენზე მოინდომა გამდიდრება. საერთოდ შეუმდგარ, ხელმოცარულ ადამიანზე საშიში მგონი არაფერია. ვერანაირად ამ გარეწარს ვერ შევაგნებინეთ (ალბათ არც აინტერესებდა), რომ არ იყო მართალი. ვერ მოვილაპარაკეთ. შანტაჟს შანტაჟზე გვიწყობდა. მარანიც მისგან გვქონდა ნაქირავები. ჩაგვიკეტა. პოლიციით და ადვოკატებით ჩამოვასხით ბოთლებში და გამოვიტანეთ შარშანდელი ღვინო და ჩვენი ინვენტარი. ამ ამბებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. 

ჯაყელების ხაშმის ვენახი

შარშან ოცნება ავისრულეთ და ცქრიალა ღვინო დავაყენეთ. ყურძენი ატენში ვიყიდეთ, 600 კილო ჩინური და 400 კილო გორული მწვანე. უმაგრესი გამოვიდა. ივლისში 2013 წლის ღვინოს ვასხამდით ბოთლებში, იაპონიისათვის. ამავე დროს მოვინდომეთ ცქრიალას ჩალაგება თავდაყირა, დეგორჟაჟისათვის, სპეციალურად წინასწარ მომზადებულ თაროებზე. არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ერთი ბოთლი გასკდა და დეტონაციამ, რაც კი ჩალაგებული იყო თაროებზე, 200 ბოთლამდე, ერთიანად დახეთქა. საშინელი, გამაყრუებელი აფეთქება იყო და ერთ წამში დამთავრდა ჩვენი ცქრიალა. გადავრჩით და სერიოზულად არავინ დაზიანებულა. მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გავცლოდი, წავსულიყავი, თორემ შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ასე აღმოვჩნდი თვენახევარში ამერიკაში, ჩემებთან.

ამ მოგონებების წერაში, საღამოც მოახლოვდა. ჯერ ალას გავუვლი და მერე ერთად მახოს მივაკითხავთ თავისივე მანქანით. ვიხსენებ ამერიკაში მანქანის ტარებას. ერთი თვე მაქვს უფლება ჩვენი მართვის მოწმობით ვიარო, მერე კი გამოცდები უნდა ჩავაბარო და აქაური მოწმობა ავიღო.

ისევ ერთად ვართ, მაგრამ ამერიკაში.

მალხაზ ჯაყელი თავის ოჯახთან (მეუღლესთან და შვილთან) ერთად

 

სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2015

ჩემები ისევ ადრინად გაქრნენ სამსახურებში. ხვალ ჩემი საბუთები შეგვაქვს გრინ კარდის მისაღებად. ამის მერე ჩემი სტატუსი იცვლება და სანამ პასუხს არ მივიღებ, ქვეყნიდან გასვლა მეკრძალება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი წლის მანძილზე ვერ შევძლო საქართველოში ჩამოსვლა. 

წამოსვლის წინა დღეს ჩემს ძმას შევხვდი საჯარო რეესტრთან და კომპანიის ჩემი ნახევარი გადავუფორმე. დავჯექით და კიდევ რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ძნელია, 14 წლის ერთად ყოფნისა და მუშაობის შემდეგ ყველაფრის გაყოფა, მაგრამ რას იზამ ასე გამოვიდა და დარწმუნებული ვარ ეს ჩემთვის ამჯერად საუკეთესო გამოსავალი იყო. ზაზა ცდილობს, ხაშმის ვენახი არ დაკარგოს და ჯაყელების ბრენდი შეინარჩუნოს. ბიჭებსაც ვთხოვე დაეხმარონ, რითიც კი შეძლებენ. მე არ მინდა ბოლომდე მოვწყდე ყველაფერს და გურიაში, ჩემ სოფელში, შრომაში, სამი წლის წინ დაწყებული საცდელი მაღლარი ვენახი დავიტოვე. ჩხავერი და საკმიელა მაქვს 4 მეტრიან ბოძებზე გაშენებული. ვენახს აბსოლუტურად ორგანული მეთოდებით ვუვლით. ამერიკიდან ვეცდები მოვლას და განვითარებას,  მერე ვნახოთ. 

ნიუ-იორკსა და თბილისს შორის 8 საათია სხვაობა. ასე რომ, დილის საათები საუკეთესო დროა საქართველოსთან კავშირისთვის. წამოსვლამდე ვიყავი გურიაში, დავგეგმეთ, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა უახლოეს მომავალში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მოვახერხეთ, ავთოსთან დაკავშირების გზა მოვნახე. მის გოგონას აქვს ანდროიდი და მესენჯერით და ფეისბუკით შევძლებ კავშირი ვიქონიო მათთან. ვესტერნ იუნიონით კი შემეძლება ფულის მიწოდება. რა ვქნა, მიყვარს ახალი ტექნოლოგიები, რომელმაც გურიაშიც შეაღწია და საშუალებას მაძლევს აქედან ვმართო პროცესები. 

ავთო ჩემი მეზობელია და ამ რამდენიმე წლის წინ რომ ვნახე, თუ როგორ უვლის და უყვარს ვაზი, მაშინ გადავწყვიტე ჩემი წინაპრების მამულში ვენახის გაშენება. თავიდან კი ცოტა ნერვები მომეშალა, კახეთში რას გარბოდი, აგერ ეზო გაქვს, სახლი გაქვს მეთქი, მაგრამ გურიიდან ვენახსა და ღვინოზე ვერც კი ვიფიქრებდი. ზურა თოფურიძის ჩხავერი და ანდრო ვარშალომიძის საკმიელა რომ გავსინჯე ახალი ღვინის ფესტივალზე, მერე ჩამივარდა გულში იქ ვაზის გაშენება. ხოლო როდესაც ავთოს დამოკიდებულება ვნახე ვაზისადმი, მაშინ ვიფიქრე რომ ცდა შეიძლებოდა. თუმცა კი მაინც დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად, რაღაც-რაღაცებზე ნელ-ნელა ვაღწევთ შეთანხმებას. და ახლა უკვე ამერიკიდან ფბ-სა და მესენჯერის საშუალებით გვაქვს კონტაქტი. დღესაც ვილაპარაკეთ, წალენჯიხაში, რამოდენიმე წლის წინ, 20 ტონა დოლომიტის ქვიშა შეგვიძინა ელკანამ საჩუქრად და უნდა ჩამოვიტანოთ. გიორგი ბარისაშვილმა მირჩია და ხაშმში ვაპირებდი შეტანას, მაგრამ ჩემმა გეოლოგმა მეგობარმა, გიორგი ღუღუნიშვილმა მირჩია, მისწრება იქნება გურიის მჟავე ნიადაგებისთვისო. დოლომიტი ამდიდრებს ნიადაგს მინერალებით და ამავე დროს ნელა იხსნება და ასე ვთქვათ რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს, როგორც ორგანული სასუქი. დრო დამოკიდებულია ფრაქციის ზომაზე. მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია, ტრანსპორტიც შევიგულეთ და რამდენიმე დღეში ჩამოიტანს ავთო. ძალიან მიხარია.

წელს 16 ტონის ქვევრები შევუკვეთე იმერეთში, ტყემლოვანაში. ჩვენ აქამდე ქვევრში ღვინოს არ ვაყენებდით და წელს გვინდოდა, პირველად გვეცადა. არ გამოვიდა. ამასაც შუაზე ვიყოფთ მე და ზაზა. ნახევარი ქვევრებად მოინათლება და ალბათ ხაშმში წავა ნახევარი კი ჭურებად დარჩება და გურიაში გაემგზავრება.

ისევ ჯერსი სიტი... ვხვდები ჩემებს და საღამოს ისევ ერთად ვატარებთ. მოგვენატრა ერთმანეთი. ჩვენთან ახლოს ლამაზი პარკია და მე და ალა სასეირნოდ გავდივართ, ჩვენს ძაღლთან, ცხრაწლინახევრის მუსასთან ერთად. მე და მუსკა ერთად ჩავედით ამერიკაში, ერთად ვიმგზავრეთ, მაგრამ სხვადასხვა სალონებში ვიყავით. საბრალო საბარგო განყოფილებაში იყო გალიაში თითქმის 22 საათი და ძლიერი სტრესი გადაიტანა. ჩემი ხმა რომ გაიგონა და დამინახა, თითქოს, ხელმეორედ დაიბადაო. ნელ-ნელა მოდის აზრზე და ეჩვევა გარემოს. პარკი სავსეა ციყვებით, ზაზუნებით, მაჩვებით, ენოტებით და გარეული ფრინველებით. მუსკაც ძალიან ერთობა მიუხედავად იმისა, რომ ღვედით დაგვყავს. 

პარკები, უნივერსიტეტები და  გადაადგილების უნარშეზღუდულ ადამიანებისადმი  დამოკიდებულება არის ის, რაც ძალიან მომწონს ამერიკაში. მათ ყველა პირობა აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის. ტროტუარებიც ისეა მოწყობილი, რომ თავისუფლად შეიძლება ეტლით გადაადგილება დამოუკიდებლად. მთელი რიტუალია, როცა ადამიანია ეტლით გაჩერებაზე. როგორც წესი მარტო. ავტობუსში არავინ არ ადის, ელოდებიან. მძღოლი ჩამოდის, სპეციალურ ასასვლელს ხსნის და აჰყავს ეტლით ავტობუსში და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე ამაგრებს ეტლს. მხოლოდ ამის შემდეგ ადიან დანარჩენები ავტობუსში. ასე „წვალებით“ ამოყვანილი ადამიანი ორი გაჩერების შემდეგ ჩამოდის, ისევ მძღოლის დახმარებით და ჩვეულებრივად განაგრძობს თავის გზას და, ალბათ, არანაირად არ გრძნობს თავს „ინვალიდად“. 

მიყვარს ამერიკა. ბევრი კარგი რამეა ამ ქვეყანაში.

 

ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2015

დილით ფოსტაში მივდივართ და ჩემს საბუთებს ვაგზავნით საემიგრაციო სამსახურში. ალა ორ თავისუფალ დღეს იღებს სამსახურიდან და პლაჟზე მივდივართ. ირგვლივ სულ წყალია, მაგრამ პლაჟამდე ერთ საათზე მეტს ვუნდებით მანქანით. ატლანტის ოკეანე. დიდი ტალღებია საკმაოდ. ცურვა შეუძლებელია და ზოგიერთ გაბედულსაც არ უშვებს მაშველი ღრმად. ორი საათი ვიჭყუმპალავეთ და წამოვედით. მანქანის სადგომიც ორი საათით გვქონდა აღებული.

მოგვშივდა და აპსტეიტ ნიუ იორკში წავედით - ირვინგტონში. რესტორან Half Moon-ში დავსხედით ჰადსონის სანაპიროზე. მზე იწყებს ჩასვლას. ულამაზესი ხედია.

 

მახოს გამოვუარეთ და სახლში დავბრუნდით.

ინტერნეტს თვალი შევავლე. $1=2.3790 ლარი?! რა უბედურებაა. რატომღაც ჩვენ მთავრობას ჰგონია, რომ ეკონომიკის კანონები ვიღაცის მოგონილია ვიღაცისთვის და საქართველოზე არ ვრცელდება. დაახლოებით, 40%-ით დაეცა ლარი რამდენიმე თვეში და ბოლო არ უჩანს. გამოდის, რომ ღვინის ექსპორტი გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ქართული ღვინო პირველ რიგში საქართველოში უნდა იყიდებოდეს და მერე - სხვაგან. აქ ამ ღვინოებს სხვა გემო აქვთ, ბევრად უკეთესი.

დიდი ამბავია ატეხილი ყურძნის ჩაბარება-არჩაბარების გარშემო. კახელი გლეხები უკმაყოფილოები არიან ყურძნის ფასით. სანამ ეს სიტყვა - „ჩაბარება“ - იარსებებს, მანამ კიდევ საბჭოთა კავშირში ვართ და არაფერი გვაქვს საერთო თავისუფალ ეკონომიკასთან. გარდა იმისა, რომ უამრავი ჩვენი ფული ნიავდება უაზროდ და უშედეგოდ, ასეთი მიდგომა ძალიან ცუდად მოქმედებს გლეხების მენტალიტეტზე და ვერ გამოვდივართ იმ ბნელი საბჭოთა წარსულიდან, რომ ჩვენზე უნდა იფიქროს და იზრუნოს სახელმწიფომ. თან კიდევ ერთი რამეა ცუდი, მართალია კახეთის როლს და მოწინავეობას არავინ აკნინებს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა? იმერლებმა, გურულებმა, რაჭველებმა, ქართლელებმა და ა. შ. თუ იქ ვენახს არ უვლიან და ღვინოს არ აყენებენ? თუ იქ სეტყვა არ მოდის? 

სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს ჩვენ - ჩვენი. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, იზრუნოს ინფრასტრუქტურაზე (გზები, წყალი, ინტერნეტი  და ა. შ.), საზოგადოებრივ წესრიგზე, მასზე რომ ქურდობა და ყაჩაღობა არ იყოს. არავისთვისაა უცხო რთველის პერიოდში ყურძნის ქურდობა. ასევე, სახელმწიფოს საზრუნავია განათლება ამ სფეროში (როგორც მევენახე-მეღვინეების, ასევე მომხმარებლის). სახელმწიფომ ეფექტურად უნდა დაგეგმოს და გამოიყენოს სახსრები ქართული ღვინის მარკეტინგისა და პრომოუშენისათვის (გამოფენებში მონაწილეობა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე). მაგალითად ამერიკაში ძალიან შეუწყო ხელი ღვინის გაყიდვებს კამპანიამ ღვინის მოხმარების სარგებლობაზე ჯანმრთელობისათვის. დიახ, რა თქმა უნდა ზომიერ მოხმარებაზეა საუბარი და არა ყანწებით სმაზე. მხოლოდ ღვინის დღეების მოწყობა მოვალეობის მოხდის მიზნით, რასაც საბჭოთა ელფერი დასდევს, არანაირად არ არის საკმარისი. ასევე სახელმწიფო მკაცრად უნდა ებრძოლოს ფალსიფიკაციას. ხელი შეუწყოს კოოპერატივების შექმნას. წაახალისოს ორგანული, ბიო მეთოდებით ვენახის მოვლა და ჯანმრთელი ღვინის დაყენება და არა სისტემური პრეპარატებითა და ქიმიური სასუქებით. მაგალითად კარგი იქნებოდა ღვინის სახლებისა მოწყობა, სადაც მევენახეები და მეღვინეები (ისე, ჯობია ეს ორი დარგი გაერთიანდეს, როგორც მაგალითად საფრანგეთშია და მათ „ვინერონები“ ჰქვიათ) მოაწყობოდნენ დეგუსტაციებს, მოიტანდნენ თავიანთ  ღვინოებს, შეაჯიბრებდნენ, ერთმანეთს აზრს გაუზიარებდნენ და სოფლის დონეზე ღვინის პატარა დღესასწაულები მოეწყობოდა.  მიფიქრია თუ რაოდენ კარგი იქნებოდა, მაგალითად, ხაშმში, რომ ასეთი ღვინის სახლი იყოს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შედეგს ნამდვილად გამოიღებს. სახელმწიფოს ვალია, აუხსნას მევენაახებს აგროდაზღვევის აუცილებლობა და დაეხმაროს მათ ამ მიმართულებით. ასევე, დაეხმაროს მათ იაფი და გრძელვადიანი კრედიტებით და წაახალისოს აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად კეთდება, მაგრამ თუ იმ უზარმაზარ თანხებსაც აქეთ მივმართავდით და არ გავფლანგავდით უაზრო სუბსიდიებში, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით და უფრო სწრაფად. მათ კი ვინც ცდილობს ეს ეროვნული საქმე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოს და ვენახის აჭრით იმუქრება, არაფერი ესაქმება ვაზთან და ღვინოსთან და მისი დაყენებული ღვინო ჯანმრთელობისათვის საშიშია.

ამისათვის, ჩვენის ფიქრით, მარტო ორი რამ არის საჭირო: 

1) აზრი და საგანი ჩვენებურის ღვინის კეთებისა არასგზით არ შეიცვალოს, ესე იგი ბუნებურის ღვინის კეთებას არავითარი სიყალბე არ შეეპაროს, და რადგანაც ამ აზრისა და საგნის განსახორციელებლად ბევრი კარგი სხვადასხვა ღონე და სახსარია ჩვენში თუ გარედ, ამ ღონისა და სახსრის ცოდნისა და დახმარებისათვის სამი სკოლა მაინც გაიმართოს: ერთი კახეთში, მეორე ქართლში და მესამე იმერეთში; 

2) კანონად დაიდვას, რომ თუ ღვინოში გარდა ყურძნის წვენისა რაიმეა გარეული, ან გასაბევრებლად, ან დასაწმენდად, ან გასამაგრებლად, ან საფერავად, ან გასამძლეოდ, ღვინის გამსყიდავი მედუქნე მოვალე იყოს ღვინის ჭურჭელზედ, - ბოთლი იქნება, თუ ბოჭკა, - დააწეროს, რომ ეს ღვინო ამა და ამ ნაწევარით შეზავებულიაო. ეს კანონი გერმანიაში მოქმედობს და რუსეთშიაც მიღებული რომ იყოს, დიდს შემწეობას მისცემს ჩვენებურს ღვინოსა...

ილია ჭავჭავაძე

 

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2015

დღეს ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ და ამერიკის უძველეს მარანს ვესტუმრეთ. ჩვენგან 70 მილის (დახლოებით 100 კმ) დაშორებითაა, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით. ფრანგმა ემიგრანტმა ჟან ჟაკმა იყიდა მიწები ჰადსონის ხეობაში და დაიწყო ვაზის მოშენება. 1839 წელს სოფელ ვაშინგტოვილში მან გათხარა მიწისქვეშა მარანი და თავისი პირველი ღვინოც დააყენა. ეს ითვლება ამ მარნის დაარსების თარიღად. 60 წელი ვაშინგტოვილის მარანი მუსიე ჟაკის ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა. პირველ მიწისქვეშა საცავს კიდევ რამდენიმე შეემატა და ეს საცავები ყველაზე დიდი და ძველია მთელ ამერიკაში. 

შემდეგ ეს მარანი ნიუ-იორკელი ღვინის ვაჭრების, ემერსონების ხელში გადავიდა, რომლებიც თავის დროზე ღვინოს ყიდულობდნენ ჟაკებისგან. მათ მარანს სახელი შეუცვალეს და საძმო მარანი (Brotherhood Winery) დაარქვეს. ამის შემდეგ ამ მარანმა კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, მაგრამ სახელი შეინარჩუნა. 1921 წელს მშრალი კანონის (Prohibition) შემოღების შემდეგ მარანი ემერსონებისგან ლუის ფერელმა შეიძინა. ლუის ფერელი და მისი მეუღლე იყვნენ პირველები, რომლებმაც კარგად ჩაავლეს ბროზერჰუდ ვაინერის მომგებიან მდებარეობას ნიუ იორკთან მიმართებაში, ჯეროვნად შეაფასეს და გამოიყენეს მისი თვალწარმტაცი გარემო, ისტორია და კიდევ უფრო გაზრდილი მიწისქვეშა საცავები. ფაქტიურად ფერელები იყვნენ ღვინის ტურიზმის კონცეფციის ფუძემდებლები. ისინი მართავდნენ ტურებს, მასპინძლობდნენ შეხვედრებსა და წვეულებებს. წლის განმავლობაში ღვინის  ასიათასობით მოყვარული მიიზიდეს და თაობებში სახელი გაუთქვეს მარანს. 

1999 წელს მარანში ხანძარი მოხდა და კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი. დღესდღეობით კომპანია ჩილელებს ეკუთვნით. ისინი აგრძელებენ ფერელების დაწყებულ საქმეს და, როგორც ჩანს, კომპანია დღესაც დიდ შემოსავალს იღებს ღვინის ტურიზმით. ამას გარდა ისინი ბრაზერჰუდის სახელს იყენებენ და თავიანთ წარმოების ჩილეს ღვინოებსაც ყიდიან. დეგუსტაციამ ვერ დატოვა სათანდო შთაბეჭდილება. არც ვინოთეკა იყო განსაკუთრებული. აი, მიწისქვეშა საცავები კი საოცარი იყო. ერთი კია, დღეს მათ თითქმის არ იყენებენ, ან, სადღაც, 10% თუ არის დატვირთული. ამის მეასედი რომ მქონოდა...

აქედან პატარა ქალაქ ჰობოკენში წავედით. ულამაზესი ციცქნა ქალაქია, 50 000 მაცხოვრებლით, რომელსაც ერთი კვადრატული მილი უჭირავს. ევროპული ტიპის ქალაქია, საინტერესო არქიტექტურით და ულამაზასი ხედებით ნიუ იორკზე. ჰობოკენი ფრენკ სინატრას მშობლიური ქალაქი ყოფილა.

საღამოს ჯერ თამთა ყველაიძის, ღვინის ეროვნული სააგენტოდან, წერილი მივიღე, მერე ქალბატონ ლიზა გრანიკის. ლიზა საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტია, ღვინის დიდოსტატია (Master of Wine) და ამავე დროს ქართული ღვინის და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დიდი მოყვარული და მოამაგე, ასევე შესანიშნავ ქალბატონებთან ალის ფეირინგთან და სარა მეი გრუნვალდთან ერთად. წელს ოქტომბერში ამერიკაში „ქართული ღვინის თვე“ - ღვინობისთვე იმართება სემინარებითა და დეგუსტაციებით ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში, რომელსაც ქალბატონი გრანიკი გაუძღვება. ლიზამ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დამპატიჟა ამ ღონისძიებებზე, ვახშამზე დასწრებით. ამ საქმეში ჩართული ხალხი მინდა გაგაცნოო და მათაც აინტერესებთ შენი გაცნობაო. სიხარულით მივიღე მიწვევა, თანაც ვაშინგტონში მამუკა წერეთელსაც ვნახავ, რომელიც ჩვენი ღვინის იმპორტიორია ამერიკაში. 

 

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2015

ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ეს დღეები მახო მეჩალიჩება, რა გიყიდო საჩუქრადო. არაფერი, არაფერი, არაფერი და ბოლოს უცბად მომინდა და ვუთხარი ბილეთი მიყიდე ტენისში ამერიკის ღია ჩემპიონატზე-მეთქი. გუშინ დილით დამირეკა სამსახურიდან, ბილეთი აგიღე კაცების ნახევარფინალებზეო. კარგი შვილი. ჰოდა მეც გავემზადე დღეს დილიდან, მახოს გავყევი სამსახურში, ცოტა გავისეირნე მანჰეტენზე და გავუყევი გზას ფლაშინგ მედოუსკენ. 

თამაშები 5-ზე იწყებოდა. ოთხი საათისთვის იქ ვიყავი. ჯერ ჯოკოვიჩ-ჩილიჩის თამაში იყო, შემდეგ - ფედერერ-ვავრინკას. ორივე თამაში ცალ კარში წარიმართა. ჯოკოვიჩმა გაანადგურა შარშანდელი ჩემპიონი ჩილიჩი და ფედერერმაც საკმაოდ მალე გატეხა როლან გაროს ჩემპიონი ვავრინკა. დიდი ზეიმის მონაწილე გავხდი. არტურ ეშის სტადიონზე 22 500 ადამიანი ეტევა და, თითქმის, გადაჭედილი იყო. ერთი რამე იყო კიდევ საინტერესო, არსად მთელი სტადიონის ტერიტორიზე არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. ესეც ამერიკაა.

 

შაბათი, 12 სექტემბერი

დღეს 58 წლის გავხდი. დედა! რა ბებერი ვარ, ვერ ვიჯერებ. 

საერთოდ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეები, მაგრამ მახომ კიდევ ერთი საჩუქარი გამიკეთა და გამახალისა. ავტომობილებითაა გატაცებული და დილიდან ავტოკროსზე წამიყვანა. ავტოკროსი ასეთი სპორტია, ტრასაა დაყენებული, კარებები, როგორც სამთო-სათხილამურო სპორტში და საუკეთესო დროს ვინც აჩვენებს, გამარჯვებულიც ისაა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პორშეების, ლოტუსების, აუდების, BMW-ების, სუბარუების და სხვა სპორტული ავტომობილების ყურება და მათი ძრავების სასიამოვნო ღმუილის მოსმენა. ჩემდა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო არ ვყოფილვარ და 60-დან 10 კაცს/ქალს კი ვაჯობე.

ალას დღეს კერძო შეკვეთა აქვს ნიუ იორკში და მთხოვა, გვიან საღამოს მომაკითხეო. წავედი. მე-6 ავენიუს მივუყვები ჩრდილოეთით. ცენტრალ პარკთან უნდა მივიდე, ძალიან ახლოს იმ სახლთან სადაც ადრე ჯონ ლენონი ცხოვრობდა და რომლის სადარბაზოსთანაც პატივცემულმა მარკ ჩეპმენმა ჯერ ავტოგრაფი გამოართვა და მერე მოკლა. და რომ გვახსოვს ამ ნაბიჭვარის სახელი?! იოკო ისევ იქ ცხოვრობსო. შაბათი საღამოა. გადაჭედილია ქუჩები. დედა მიტირეს ნიუ იორკელმა ტაქსისტებმა. არც ავტოკროსმა მიშველა და არც სპორტულმა სუბარუმ. მივზოზინებ. ისე მიჭრიან გზებს მარცხნიდან და მარჯვნიდან, მიმიქარავს თბილისი. ხოდა გადავედი მეც თბილისური ტარების მანერაზე და დადგა ყველაფერი თავის ადგილას და უკვე სწრაფად გავიკვლიე გზა. 

სახლში გვიან დავბრუნდით, მაგრამ აღვნიშნოთო და ერთი ბოთლი 2012 წლის მოსავლის ჩვენი ღვინო გავხსენით. სულ რაღაც ერთი კვირის წინ The Washington Post-მა (Dave McIntyre) ქართულ ღვინოს მიუძღვნა ვრცელი სტატია და ბოლოსკენ ამერიკის ბაზარზე არსებული 5 ქართული ღვინო ურჩია ღვინის ამერიკელ  მოყვარულებს გასასინჯად. ჯაყელების 2012 წლის მოსავლის ხაშმის საფერავი პირველ ადგილზე დაასახელა და განსაკუთრებულ, არაჩვეულებრივ ღვინოდ მოიხსენია. 

ალამ 2010 წლის მოსავლის ღვინო გაიხსენა (კიდევ აქვს ორიოდე ბოთლი გადამალული), სხვანაირი იყოო. ყველა ჩვენი ღვინო წლიდან წლამდე განსხვავდება ერთმანეთისგან. საერთოდ ორგანული, ნატურალური ღვინოები ძალიანაა დამოკიდებული წელზე. ჩვენ ხომ ქიმიას არ ვხმარობთ, თუ არ ჩავთვლით გოგირდს უმნიშვნელო დოზით. ზოგი ამასაც არ უშვება. ჩვენც, 2013 და 2014 წლის მოსავლის ღვინოებისთვის გოგირდი საერთოდ არ დაგვიმატებია. ისე, 2013-ს გოგირდი რად უნდოდა, ალკოჰოლი 15.9% დაიგროვა. გიჟი ღვინო გამოვიდა. ჩემმა შვილმა Vino Matto დაარქვა, იგივე, „გიჟი ღვინო“, უბრალოდ იტალიურად კარგად ჟღერსო. 

ძალიან ცოტა გვქონდა, იმ წელს დაგვინაცრა ვენახი ივლისის ბოლოსკენ და გაგვიმეხუთედა მოსავალი. ამიტომაც გაგვექცა შაქარი. 2014-ის საფერავი ივლისის ბოლოს ჩამოვასხით. ასე ადრე არასდროს ვასხამდით ღვინოს ბოთლებში. მინიმუმ წელიწადნახევარი, ორი წელი მაინც გვედგა ხოლმე უჟანგავი ფოლადის ავზებში და მერე გაუფილტრავად ვასხამდით ბოთლებში, მაგრამ გარემოებებმა გვაიძულა. კოჭებში კარგი ღვინო ჩანს და ვნახოთ, ერთი წელი მაინც უნდა დავარგდეს ბოთლებში. როცა ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ღვინის დაყენება ასეთი აზარტული იქნებოდა. ასე რომ, ნატურალურად, ბუნებურად, ილიას ლამაზი სიტყვა რომ ვიხმაროთ, დაყენებული ღვინოები, ერთი და იმავე ვენახიდან, ერთი და იმავე მეღვინის მიერ, მაინც განსხვავებული გამოდის, თუმცა კი საერთო ხაზი, სტილი აქვთ.

კვირა, 13 სექტემბერი, 2015

დილიდან ავთო (უფრო სწორად კი ლიკა, მისი გოგონა) შემეხმიანა გურიიდან. დოლომიტი ჩამოვიტანეო. ძალიან გამიხარდა. მესინჯერზე დავურეკე და ავთოსაც ველაპარაკე. მთელი დღე დავფრინავდი. ძალიან მიყვარს ეს პატარა ვენახი გურიაში. ხაშმში ვენახის გაშენება ისე დავიწყე, რომ არაფერი არ ვიცოდი. მერე და მერე ნელ-ნელა ვისწავლე ბევრი რამე. აი გურიაზე კი თავიდან ბევრი ვიფიქრე, ბევრი ველაპარაკე გიორგი ბარისაშვილს, სოლიკო ცაიშვილს, რამაზ ნიკოლაძეს, ზურა თოფურიძეს, იაგო ბიტარიშვილს და მერე ჩამოვყალიბდი, რა და როგორ გამეკეთებინა. პატარა, მაგრამ საჩვენებელი ვენახი მაქვს. ბევრ ფრანგს და იტალიელს შეშურდება. ეს დოლომიტიც დახატავს. 

ასე ფრენა-ფრენით გავიარეთ 70 მილი, დაახლოებით 100 კმ, ნიუ იორკს ჩავუარეთ და ულამაზეს ადგილას მიმიყვანა ალამ - Croton dam on Hudson (კროტონის კაშხალი ჰადსონზე). ეს ერთ-ერთი წყალსაცავია ჰადსონზე, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით, საიდანაც ნიუ იორკი სასმელი წყლით მარაგდება. ისე, ჩვენდა სამარცხვინოდ ნიუ იორკში ონკანის წყალი აბსოლუტურად გამოსადეგი და უსაფრთხოა სასმელად.

ამით მინდა დავამთავრო ეს დღიურები, თუ ფიქრები, თუ მოგონებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმატებას თუ ამ სულელურ მარცხს ბოლოში, რამაც ჩვენი ვენახის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამ საქმემ მეტი სიყვარული მასწავლა და უამრავი უკეთილშობილესი ადამიანი შემძინა.

გამოსამშვიდობებელი საღამო ღvino underground-ში

სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები 58 წლის ასაკში. ცოტას კი ვნერვიულობ,  თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების. 6 წელი ვიმუშავე გუდაურში 90-იან წლებში და რომ წამოვედი მეგონა დამთავრდა ცხოვრება. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ღამე მესიზმრებოდა და მაბოდებდა გაუკვალავ ფაფუკ თოვლზე სრიალი. ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მაჟრიალებდა, მაგრამ გადავიტანე და ცხოვრებაც გაგრძელდა. მანამდეც და მერეც მქონდა რადიკალური ცვლილებები.

ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება საინტერესო და მშვენიერია.

© მალხაზ ჯაყელი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



მალხაზ ჯაყელი ის კაცია, რომელსაც ერი უნდა გაუფრთხილდეს და არა დააფრთხოს. მახო, ვამაყობ შენით, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს. მძიმე გამოცდა მოგიმზადა ცხოვრებამ, მაგრამ შენ ამასაც ვაჟკაცურად გადაიტან, დარწმუნებული ვარ. შენს გამოსამშვიდობებელ საღამოზე ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები იმ მონატრების იყო, რომელიც სულ მალე დამეუფლებოდა. უმაგრესი კაცი ხარ, უმაგრესი!


მალხაზ ჯაყელი ის კაცია, რომელსაც ერი უნდა გაუფრთხილდეს და არა დააფრთხოს. მახო, ვამაყობ შენით, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს. მძიმე გამოცდა მოგიმზადა ცხოვრებამ, მაგრამ შენ ამასაც ვაჟკაცურად გადაიტან, დარწმუნებული ვარ. შენს გამოსამშვიდობებელ საღამოზე ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები იმ მონატრების იყო, რომელიც სულ მალე დამეუფლებოდა. უმაგრესი კაცი ხარ, უმაგრესი!


..მალხაზ! დიდი ინტერესით და სიამოვნებით გავეცანი შენს დღიურებს. სხვასთან ერთად მწერლობის ნიჭიც გქონია: რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი –ვინმე ლიტერატორია–მეთქი. ამიტომაც არ შეწყვიტო, გააგრძელე...რაც შეეხება შენს „სიბერეს„: ერთხელ მე და სომა კურჩატოვის ინსტიტუტში ერთი პროფესორის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ნადიმზე გახლდით. და როცა სიტუაცია მხიარულ ფაზაში გადაიზარდა, იუბილარმა მკითხა „რამდენი წლის ბრძანდებითო?„ მე ვუპასუხე 55 ისა მეთქი. იუბილარს თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა და წაიტირა: კაკოი პრეკრასნი ვოზრასტ–ო! ეხლა მე, 70 –ს გადაცილებული, იგივეს გეუბნები შენ – მშვენიერი ასაკია, „ჯერ სიბერემდე ჯვარი გწერია„. ეხლახან ვიყავი თბილისში და შენი ღვინო ვერსად ვიშოვე, თუმცა კი ცდა არ დავაკელი. გისურვებ წარმატებებს.


ძალიან ცოცხალი დღიურები და საინტერესო ადამიანი. აუჩქარებლად ვკითხულობდი, სახელმძღვანელოსავით, ჩემთვის არაერთი საგულისხმო რამ ამოვიკითხე. მანამდე თქვენს ვენახთან დაკავშირებულ სამწუხარო ამბებსაც ვადევნებდი თვალს. დიდი ხანია გიცნობთ ასე, შორიდან. და ძალიან გგულშემატკივრობთ. ახლა ვიწყებ იმას, რასაც თქვენ წლების წინ შეუდექით _ ჩემი ახალშეძენილი ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენების სწავლას. ჩემნაირი დამწყებისთვის მაგალითი ხართ თქვენ და თქვენი მეგობარი მევენახე-მეღვინეები. წარმატებას გისურვებთ. ასე მგონია, რომ თქვენი ყაიდის ადამიანი ყველგან, სადაც უნდა აღმოჩნდეს, თბილისში, ნიუ-იორკსა თუ არ ვიცი კიდევ სად _ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს სულ ახლიდან და ახლიდან აღმოაჩენს და გამოიყენებს. ამიტომაც თქვენი ”დაწყებები” ყოველთვის წარმატებული იქნება. P.S. დაბადების დღესაც გილოცავთ. მრავალს _ ჯანმრთელად, ბედნიერად, საინტერესოდ :)


გამარჯობა, მალხაზ სასიამოვნო იყო შენი აღმოჩენა მე-6 კლასის შემდეგ და მიხარია, რომ ქეთომ ამ ბოლო ხანებში შენნაირი კარგი მეგობრები შეიძინა. გულწრფელი დღიურებია, ზუსტად ისეთი, დღიურები როგორიც უნდა იყოს. ამიტომ კარგად იკითხება. ცხოვრება ხშირად გვიწყობს გამოცდებს, მაგრამ შენნაირი ადამიანი მაგასაც გადაიტანს და კიდევ უფრო გაძლიერდება. მიხარია, რომ იმ სტერეოტიპულ აზროვნებას, რომელმაც ბევრი ჩვენი თაობის ადამიანი "დაშტამპა", შენზე არ უმოქმედია. ყველაფერში გეთანხმები. გისურვებ წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში და ბედნიერებას ოჯახში. გაიხარეთ!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული