Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ჭაჭა“ და მისი მარკეტინგული პრობლემები

ალეკო ცქიტიშვილი

„ჭაჭა“, როგორც საბაზრო პროდუქტი, პოზიციებს წლიდან წლამდე იმყარებს. საქართველოში მას უკვე თითქმის ყველა ცნობილი ღვინის კომპანია და რამდენიმე მცირე მარანი აწარმოებს. „ქართული ღვინის გზამკვლევი 2013“-ის ცნობით, ბაზარზე ამჟამად 30-მდე დასახელების „ჭაჭაა“, რომელთა დიდი ნაწილი ექსპორტზეც გადის.

ქართული ალკოჰოლური სასმელების ისტორიას ამდენი დასახელების „ჭაჭა“ არ ახსოვს.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საქპატენტი“ საერთაშორისო არენაზე „ჭაჭის“, როგორც ქართული სავაჭრო ნიშნისა და ქართველი ხალხის ინტელექტუალური საკუთრების დარეგისტრირებას ცდილობს. ეს ყველაფერი „ჭაჭას“ გზას უხსნის ფართო მომხმარებლისკენ და აძლევს შანსს, დაიმკვიდროს ისეთივე სახელი, როგორიც კარგა ხანია, აქვს მის იტალიურ თანამოძმეს - გრაპას.

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაჭა“ ისტორიულად ქართული გასტრონომიული კულტურის ტრადიციული ნაწილია, მისი ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება მხოლოდ ორი ათეული წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. თუმცა, 21-ე საუკუნის პირველ წლებში „ჭაჭის“ გულშემატკივარ გურმანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ფართო არჩევანის საშუალება. 2005 წლისთვის, რუსეთის ემბარგომდე, მხოლოდ ორი-სამი ნიმუშის შეძენა იყო შესაძლებელი. მათ გარდა კიდევ იყო რამდენიმე საეჭვო ღირსების ე.წ. „ჭაჭა“, რომელთა დასამზადებლად, სავარაუდოდ, ხორბლის ან სრულიად გაურკვეველი წარმოშობის უხარისხო სპირტები იყო გამოყენებული.

რუსეთის ემბარგომ, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, ხარისხიანი „ჭაჭის“ წარმოების გაზრდასაც შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, კომპანიები იძულებული გახდნენ, შემოსავლის დამატებითი წყარო ეპოვათ და არ დაეკარგათ ძვირფასი იაფფასიანი ნედლეული - ჭაჭა, რომელიც ღვინის დამზადებისას მრავლად რჩებოდათ. მეორეც, კომპანიების ნაწილმა სპირტად აქცია დიდი მოცულობის დაბალხარისხიანი ღვინო. შედეგად, თანდათან „ჭაჭა“ თითქმის ყველა კომპანიამ ჩამოასხა. კონკურენციის პირობებში, მათ ნოვაციებზე ფიქრიც კი დაიწყეს.

სასიამოვნოა, რომ ნოვაცია, პირველ რიგში, „ჭაჭის“ დამზადების ხალხური ტრადიციების გაცოცხლებაში გამოიხატება. მაგალითად, კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გვთავაზობს კაკლის უღელთან ერთად მუხის კასრებში 6 თვით დავარგებულ ჭაჭას, რაც გლეხებში კაკლის უღლით „ჭაჭის“ შეფერვის გავრცელებული ტრადიციის გაგრძელებაა. რამდენიმე კომპანიის მარაგში აღმოაჩენთ ტარხუნის რბილობზე დაყენებულ „ჭაჭას“. თაფლის სასიამოვნო გემო და არომატი აქვს „თელიანი ველის“ თაფლის ფიჭაზე დავარგებულ „ჭაჭას“. ეს კომპანია ასევე წარმოგვიდგენს განსხვავებული ტექნოლოგიით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დამუშავებულ „ჭაჭა - ყინულოვანს“, რომელიც სხვა „ჭაჭებთან“ შედარებით ალკოჰოლის მაღალი შემცველობით (50%) გამოირჩევა. ზოგიერთ კომპანიას აქვს ორნახადი „ჭაჭა“, რითაც ასევე მდიდრდება „ჭაჭის“ ასორტიმენტი. ცოტა ხნის წინ სასტუმრო „შატო მერეს“ მისაღებ დარბაზში აღმოვაჩინე „ვინივერიას“ სამმაგი დისტილაციით მიღებული საფერავის ჭაჭა, ეტიკეტზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავტოგრაფითა და შეფასებით: „ძალიან მაგარია!“

დახლებზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ „ჭაჭის“ სასაჩუქრე ვერსიები - ორიგინალური დიზაინის ბოთლებით, მუყაოს ან ხის ჩასადები ყუთებით. სასაჩუქრე „ჭაჭის“ ფასი ჩვეულებრივ „ჭაჭაზე“ ორჯერ და ზოგჯერ სამჯერ ძვირია ხოლმე. კარგი იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში, მაღალ ფასს არა მარტო ორიგინალური ბოთლებისა და შეფუთვის ხარჯები განაპირობებდეს, არამედ თვითონ სასმელიც რაღაცით უფრო განსაკუთრებული იყოს.

ჩემი აზრით, დაუშვებელია, როცა ზოგიერთი კომპანია „ჭაჭას“ მხოლოდ ღვინის გამოხდით აწარმოებს. სახელწოდებიდან გამომდინარე, „ჭაჭა“ აუცილებლად ჭაჭისგან უნდა გამოიხადოს. თუმცა, გარკვეული რაოდენობით ღვინის დამატება აუცილებელიცაა. მშრალი ჭაჭისგან გამოხდილ სასმელში შესაძლოა, მეთილის სპირტის გადამეტებული რაოდენობა იყოს კონცენტრირებული, რაც ჯანმრთელობისთვისაც ცუდია და ამავე დროს, ასეთი „ჭაჭა“ საექსპორტოდაც გამოუსადეგარი იქნება. ამ შემთხვევაში, სასურველია, ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვროს, დისტილაციისას რა რაოდენობით უნდა იყოს დაშვებული ჭაჭაზე ღვინის დამატება.

რაც მთავარია, გამოხდამდე ჭაჭაზე გარკვეული რაოდენობის ღვინის დამატება შემდგომში სასმელის გემოვნურ თვისებებსაც აუმჯობესებს. ასეთი გემრიელი „ჭაჭის“ ნიმუშია „ხოხბის ცრემლების“ მუხაში დავარგებული „ჭაჭა“, რომელიც ამ კომპანიის მცირე წარმოებიდან გამომდინარე, არც ისე დიდი რაოდენობით ისხმება და მხოლოდ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება. ასევე ძალიან მომწონს „ასკანელი ძმების“ „ჭაჭა - გოლდი“, რომელიც ასევე მუხის კასრშია დავარგებული და ნაზი, სასიამოვნო არომატებით გამოირჩევა.

უცნაურია, მაგრამ თავიანთ არსენალში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტის არსებობის მიუხედავად, კომპანიები „ჭაჭის“ რეკლამირებას არ ეწევიან. არც ტელევიზიით, არც ბილბორდებზე და არც სხვაგან ამ საამაყო ეროვნული სასმელის რეკლამას ვერ ნახავთ. ეს მაშინ, როდესაც ყველგან თვალში გვეჩხირება იმპორტული ხორბლის არყის რეკლამები. სხვათაშორის, ჩვენებური ხორბლის არყის მწარმოებელი კომპანია „გომიც“ საკმაოდ აქტიურად არეკლამებს თავის მასობროვი წარმოების პროდუქციას. „ჭაჭამ“ და რეკლამამ კი ჯერჯერობით ერთმანეთი ვერ იპოვეს.   

კომპანია „ხოხბის ცრემლების“ გაყიდვების მენეჯერი, ოთარ შარაშენიძე კონკრეტულად ამ კომპანიის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, თავიანთი „ჭაჭის“ რეკლამირების აუცილებლობას ვერ ხედავს: „ჩვენი „ჭაჭა“ ურეკლამოდაც იმდენად კარგად იყიდება, რომ ამ მიმართულებით დამატებით ხარჯების გაღებაზე არც გვიფიქრია. ძირითადად „ხოხბის ცრემლების“ ჭაჭა იყიდება სიღნაღში, „ხოხბის ცრემლების“ მფლობელის, ჯონ ვურდემანის მაღაზიასა და რესტორანში, თბილისში ნატურალური ღვინის ბარ-მაღაზია „ღvino underground“-ში, დიდი დიღმის „გუდვილში“, რამდენიმე ღვინის მაღაზიაში და რესტორანში. ასევე - გაგვაქვს ექსპორტზე - აშშ-სა და შვედეთში. შეიძლება ითქვას, ჩვენს „ჭაჭას“ რეკლამა არ სჭირდება. უფრო დიდი მოცულობის წარმოება რომ გვქონდეს, რა თქმა უნდა, სხვა მაღაზიებში მის შეტანაზეც ვიფიქრებდით და რეკლამირებაზეც“.

განსხვავებული სურათი გვაქვს დიდ მოცულობაზე მომუშავე კომპანიების შემთხვევაში. 2010 წელს, როდესაც ამ თემაზე სტატიას ვწერდით, კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ მთავარმა მეღვინემ თემურ გონჯილაშვილმა გვითხრა, რომ იმ წელს მისი კომპანია „ჭაჭის“ ჩამოსხმას არ აპირებდა, რადგან წინა წლებში ჩამოსხმული ათასობით ბოთლი ჯერ ისევ გასაყიდი ჰქონდა. ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ სხვა მსხვილ კომპანიებსაც.

ასეთ შემთხვევაში, ორი მარტივი მარკეტინგული ნაბიჯია საჭირო: 1) კომპანიებმა ამ პროდუქტით არა მარტო საკუთარი საფირმო მაღაზია და ორიოდე სუპერმარკეტი, არამედ დანარჩენი მაღაზიებიც უნდა მოამარაგონ. 2) ხალხს მიაწოდონ რეკლამა, რომ „ჭაჭის“ შეძენა არა მხოლოდ რამდენიმე ღვინის მაღაზიაში, არამედ ყველგან არის შესაძლებელი.  

ასეთი რეკლამა ხარისხიანი „ჭაჭის“ ცნობადობასაც გაზრდიდა და მომხმარებელს მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ ეს სასმელი არ იგივდება „დეზერტირების ბაზარში“ ნაყიდ გაურკვეველი წარმოშობის ამღვრეულ სპირტთან. სამწუხაროდ, ასეთი სტერეოტიპი ნამდვილად არსებობს. მე თვითონ ჩავატარე ექსპერიმენტი, როცა ამ საკითხში გაუთვითცნობიერებელ ჩემს  მეგობრებს „ასკანელი ძმების“ „ჭაჭა“ შევთავაზე და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა გასინჯვისას ძვალ-რბილში გამჯდარი აყროლებული სპირტის გემოს ნაცვლად, სასმელში სასიამოვნო, კონიაკისებური არომატები დახვდათ. არასოდეს დამავიწყდება მათი გაფართოებული თვალები ასეთი პირველი ეფექტის დროს.

დადგა დრო, „ჭაჭამ“ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს იმ იაფფასიან ხორბლის არყებს, რითაც გამოვსებულია ჩვენი ეზოს მარკეტები. ხარისხიანი „ჭაჭა“ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ეს სასმელი უყვარს.

დროული ნაბიჯია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დაინტელექტუალურისაკუთრებისეროვნულიცენტრის, „საქპატენტის“ მცდელობა, „ჭაჭა“ ოფიციალურად დარეგისტრირდეს ქართულ ინტელექტუალურ საკუთრებად, რის შემდეგაც ადვილი იქნება მისი დაცვა არა მარტო უცხოეთში, არამედ სამშობლოშიც – საქართველოში.

ასევე კარგი იქნება, თუკი „ჭაჭაზე“, როგორც ტრადიციულ ეროვნულ სასმელზე, გავრცელდება სპეციალური საგადასახადო შეღავათი და გაუქმდება ან შემცირდება მასზე, როგორც მაგარ ალკოჰოლურ სასმელზე დაწესებული სააქციზო გადასახადი. ამ გზით „ჭაჭა“ უფრო ადვილად გაუწევდა კონკურენციას მასობრივი წარმოების იმპორტულ არყებს და მწარმოებლებსაც მეტი სტიმული გაუჩნდებოდათ. ასეთ ცვლილებებს,შესაძლოა, „ჭაჭის“ ბუმიც მოჰყვეს და ამ სასმელის საექსპორტო მოცულობაც გაიზარდოს.

„ჭაჭა“, როგორც ტრადიციული ქართული ალკოჰოლური სასმელი, თავის ადგილს დაიკავებს ეთნოტურიზმში, თუკი მის პოტენციალს ამ მიმართულებითაც სწორად შევაფასებთ. განსაკუთრებით ღირებულია ჭაჭის გამოხდის ტრადიციები, რომელსაც განვითარება და დახვეწა სჭირდება. როგორც წესი, კახური „ზაოტობა“ ღვინის ჭაჭიდან მოცილების პერიოდს ემთხვევა და შემოდგომაზე ან გაზაფხულზე იმართება. „ზაოტი“ ამა თუ იმ გლეხის ეზოში გამართული სპირტის სახდელია, სადაც სხვა გლეხებსაც მიაქვთთავიანთიჭაჭაგამოსახდელად. გამოხდის პროცესში იშლება სახელდახელო სუფრა, ისმის სადღეგრძელოები და ჟრიამული. ასეთი საერთო–სასოფლო „ზაოტობა“ რამდენიმე დღე გრძელდება და ზოგჯერ ლამაზ ეთნოგრაფიულ ზეიმად იქცევა ხოლმე.

რამდენიმე კომპანიას და საოჯახო მარანს „ზაოტი“ თავიანთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში უკვე აქვთ. მათ შორის აღსანიშნავია „სიმონაი ზაოტი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, რუაძეებისოჯახში, სადაცტურისტებს სთავაზობენეზოშიმდებარე„ზაოტში“ჭაჭისდაჭაშნიკებას, ქართულიფოლკლორისთანხლებით.

ის მარკეტინგული პრობლემები, რაც დღეისათვის „ჭაჭას“ უკავშირდება, არც თუ ისე ძნელად გადასაჭრელია. უბრალოდ, საჭიროა „ჭაჭის“ პოტენციალის სწორად შეფასება და შესაბამისი განვითარების გეგმის მომზადება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული