Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლამბერტო ფრესკობალდის მოკავშირეების არმია

ლამბერტო ფრესკობალდის შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა მამის დაწყებული საქმე, განევითარებინა საოჯახო ბიზნესი და წინაპართა წარმატებას დასჯერებოდა. მაგრამ სხვისი შრომის ნაყოფის მომკა მას მოსაწყენად მოეჩვენა: ასე გაჩნდა სუპერტოსკანური Luce, მეღვინეობის ჰოლდინგი Tenute di Toscana და ფრიულური მამული Attems-ი.

     - თქვენ იტალიაში მეღვინეობის მიმდევარი უძველესი ოჯახიდან ხართ. წინასწარ იყო განსაზღვრული ცხოვრებისეული გზის არჩევანი?

     - სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვყოყმანობდი. ჯერ კალიფორნიაში  სასწავლებლად, ხოლო შემდეგ საფრანგეთში სამუშაოდ სწორედ იმიტომ წავედი, რომ დიდხანს ვფიქრობდი: მინდა კი მთელი ჩემი ცხოვრება მეღვინეობას მივუძღვნა-მეთქი? და როდესაც მუშაობას იწყებ საკუთარ მამულში, ძალზე ძნელია უარი თქვა საოჯახო ბიზნესზე და სხვა სფეროში გადახვიდე. სხვის მეურნეობაში, რომელთანაც პირადი არაფერი გაკავშირებს, გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია. თუმცა, უკვე საფრანგეთში მუშაობისას მივხვდი, რომ მშობლიურ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და ჩემს მიერ დაგროვილი ცოდნა და ჩვევები საკუთარ ვენახებსა და ღვინის ქარხნებში გამომეყენებინა. მაგრამ სხვაგან მიღებული გამოცდილების თაობაზე არასოდეს მინანია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საოჯახო ბიზნესში მუშაობის დაწყებისას, აპრიორი გაზრდილ მოთხოვნებს გიყენებენ. შენს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა არ იმსახურებ დაკავებულ თანამდებობას. და მათ უნდა დაუმტკიცო, რომ ამ ადგილს ნამდვილად იმსახურებ. ამისათვის აუცილებელია გქონდეს განსაზღვრული ცოდნა და გამოცდილება - სწორედ ამისთვის გავემგზავრე თავდაპირველად ბორდოში, შემდეგ კი ბურგუნდიაში.

     - ნაწილობრივ ევროპის სახელგანთქმული მამულების წარმომადგენლები არ წყალობენ ახალი სამყაროს მეღვინეებს. თქვენ პირველი იყავით იტალიაში, ვინც კალიფორნიასთან დაიწყო თანამშრომლობა. რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ქვეყანა და სწორედ მონდავების ოჯახი?

     - ჩვენ ძალიან ძველი გვარი გვაქვს. და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა ოჯახმა საკმაოდ ბევრი სიძნელე გადაიტანა, მეღვინეობის ყველა ტრადიციისა და თავად ბიზნესის შენარჩუნება იმის წყალობით შევძელით, რომ ყოველთვის მზად ვიყავით სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის და ყოველთვის გვაინტერესებდა ახალი პროექტები. ჩვენ არ ჩავკეტილვართ საკუთარ ნაჭუჭში და ყოველთვის მივისწრაფვოდით წარმოების გაფართოებისკენ. ერთობლივი პროექტის იდეას დიდხანს დავატარებდით. რატომ მაინცდამაინც მონდავები? ჯერ ერთი, ეს ძალიან ცნობილი ოჯახია და იმ დროისთვის მათ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ. ისინი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ღირსეული ხალხია, რაც ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. მეორეც, მონდავებს იტალიური ფესვები აქვთ. 1908 წელს ისინი იტალიიდან ემიგრაციაში გაემგზავრნენ შეერთებულ შტატებში, მაგრამ ნოსტალგია დარჩა. მათ ძალიან უნდოდათ სამშობლოში დაბრუნება და აქ თავიანთი წარმოების დაფუძნება.

     - ვინ იყო თანამშრომლობის ინიციატორი?

     - ეს მონდავების ინიციატივა იყო. თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის პარტნიორის მოსაძებნად, მათ მთელი იტალია შემოიარეს. ერთხელაც ჩვენ მათგან მივიღეთ წინადადება შეხვედრის თაობაზე და ისინი სტუმრად დავპატიჟეთ. ჩამოვიდა კომპანიის უფროსი მეღვინე, რობერტ მონდავის ვაჟი, ტიმი. ის ჩვენთან რამდენიმე დღე დარჩა, დაათვალიერა ვენახები, ღვინის ქარხნები, ისაუბრა არაერთ საკითხზე, რის შემდეგაც ისევ უკან გაემგზავრა. ერთი თვის შემდეგ ის უკვე ტექნოლოგებისა და ენოლოგების საკუთარი გუნდით დაბრუნდა და დაიწყო სერიოზული მუშაობა. მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვყიდულობდით ახალ ნერგებს, ვაჯვარებდით, გამოგვყავდა ახალი კლონები, ვატარებდით სხვადასხვაგვარ ცდებსა და ექსპერიმენტებს. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ოფიციალურად გაგვეფორმებინა ჩვენი ურთიერთობები და დავდეთ ხელშეკრულება.

     - ცნობილია, რომ თქვენი ერთობლივი პროექტის შედეგად 1995 წელს დაიბადა სუპერტოსკანური Luce. თქვენ თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდათ ისეთი ღვინის წარმოება, რომელიც DOC-ის სტანდარტებს არ პასუხობდა, თუ შექმნის პროცესში გამოვიდა ასე?

     - ჩვენ პირველი დღიდანვე გვინდოდა დიდებული ღვინის შექმნა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ტოსკანის გამოჩენილი ღვინოები არ შეესაბამება იტალიური მეღვინეობის კანონმდებლობის ნორმებს. მეღვინეებისთვის ძალზე ძნელია კანონის ვიწრო ჩარჩოში მუშაობა. თავად ტერმინი "სუპერტოსკანური ღვინოც" ხომ ამერიკელებმა გამოიგონეს: ისინი ვერ ერკვეოდნენ ღვინოთა იტალიურ კლასიფიკაციაში და ვერანაირად ვერ იგებდნენ, თუ რატომ ღირს IGT-ის კატეგორიის ღვინოები, რომლებიც კანონით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება, DOC-ისა DOCG-ის სტატუსის ღვინოებზე გაცილებით ძვირი, რომლებსაც დადგენილ წესებთან მკაცრ შესაბამისობაში აწარმოებენ. გარკვეული სიცხადის შესატანად მათ მოიფიქრეს ტერმინი "სუპერტოსკანა".

     ამა თუ იმ შეზღუდვის არარსებობა, რა თქმა უნდა, უდავოდ დადებითი ფაქტია: შემოქმედებისთვის შენ გეძლევა უზარმაზარი ასპარეზი, მთელ ძალისხმევას, მთელ სულს და გულს დებ ჭეშმარიტად დიდებული ღვინის შესაქმნელად. მეორე მხრივ, მომხმარებლები, რომლებიც ამ ღვინოს საკმაოდ მაღალ ფასად ყიდულობენ, მას გაზრდილ მოთხოვნებს უყენებენ. ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ გაგვაჩნია DOC-ის კლასიფიკაციის მხრიდან, IGT-ის ღვინოები ოფიციალურადაა მიჩნეული უფრო დაბალი დონის ღვინოებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ ფულის გამართლება, რომელსაც ამ ღვინოში იხდიან.

     - მიჩნეულია, რომ ახალი სამყაროს მეღვინეები გადაჭრით უარყოფენ ტერუარის იდეას. არ გეშინოდათ, ღვინო ზედმეტად ტექნოლოგიური რომ გამოსულიყო?

     - ვინაიდან ვენახები მდებარეობდა იტალიაში და არა კალიფორნიაში, ამიტომ სერიოზული საშიშროება არ ყოფილა. მონდავები უკვე მაშინ იზიარებდნენ ტერუარის იდეას. და საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მონდავებთან თანამშრომლობა დავიწყეთ, კალიფორნიაში ტერუარის მიმართ დამოკიდებულება ძლიერ შეიცვალა. რეგიონის მეწარმეთა უმრავლესობა ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებების გათვალისწინებით, ვენახებით გაშენებული ტერიტორიის რამდენიმე ზონად დაყოფაზე შეთანხმდა. თითოეულ მათგანს თავისი სახელი მიენიჭა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ ბიძგი მისცა კალიფორნიაში ტერუარის იდეის განვითარებას.

    

- ვინ მოიგონა ღვინის სახელწოდება Luce?

     - ღვინის სახელწოდება ყველამ ერთად მოვიფიქრეთ. თითოეულს საკუთარი ვერსია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არც ერთი მათგანი არ გვაწყობდა. გვინდოდა ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც ჩვენი ორი მეურნეობის გაერთიანების, ჩვენი ერთობლივი პროექტის სიმბოლოდ იქცეოდა. ერთხელ ჩვენთან შვეიცარიიდან ჩამოვიდა მარგარეტ მონდავი, რობერტ მონდავის ცოლი. როდესაც ის ვენახებს ათვალიერებდა, მზე თვალის მომჭრელად ანათებდა და მთელი ვაზები მზის შუქით იყო განათებული. მარგარეტს მზის სათვალის გაკეთებაც კი მოუხდა. და ამ დროს მან შესძახა: "Luce! ღვინოს აუცილებლად Luce უნდა ერქვას!", რაც იტალიურიდან თარგმანში "შუქს" ნიშნავს. ეს იდეა ყველა ჩვენთაგანს არ მოსწონებია, მაგრამ ღვინო უკვე გაკეთებული და ბოთლებში ჩამოსხმული იყო, მას რაიმე უნდა რქმეოდა! გადავწყვიტეთ დროებით Luce-ზე გავჩერებულიყავით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს სახელწოდება მყარად შერჩა მას.

     რაც შეეხება ეტიკეტს, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ჩვენი იდეა იყო გვეჩვენებინა "ამერიკელების თვალით დანახული იტალიელები", თუ როგორ ხედავენ ამერიკელები ჩვენს ადათ-წესებს, ტრადიციებს, კულტურას. იყო ძალიან ბევრი წინადადება, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა. ბოლოს და ბოლოს, საქმეში ისევ შემთხვევა ჩაერია. ერთხელ ბიძაჩემი ლეონარდო წავიდა ეკლესიაში, რომელიც ჩვენი მამულის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩვენს ოჯახს ეკუთვნის. იქ საკურთხეველზე ესვენა ხატი, რომლის კუთხეში გამოხატული იყო მზე. ბიძაჩემი იმდენად იყო ხატით აღფრთოვანებული, რომ მას რამდენიმე სურათი გადაუღო პირდაპირ საკურთხევლის წინ. კათოლიკურ ეკლესიაში მზე გაერთიანების, ერთობის სიმბოლოა. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ზეციური ნიშანი იყო, და გამოსახულება მაშინვე დავამტკიცეთ Luce-ს ეტიკეტად.

     - რატომ გადაწყვიტეთ მამულის მეორე ღვინის წარმოება?

     - Lucento ქვეყანას Luce-ს შემდეგ ორ წელიწადში მოევლინა. გვინდოდა, ჩვენი ღვინო რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაესინჯა, რომ იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო - რაც არ უნდა იყოს, Luce საკმაოდ ძვირია... Lucento კი საბიუჯეტო ვარიანტია, და ამასთან, იგი უფრო ხილისებური, მსუბუქი და გასაგებია რიგითი მყიდველისთვის. მაგრამ, მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, წარმოებისადმი მიდგომა ძველებური დარჩა: ყურძნის რჩეული ჯიშები, წარმოების მაღალი ტექნოლოგიები...

     - რატომ დაიშალა თქვენი კავშირი მონდავებთან?

     - ეს განაპირობა კორპორაცია Robert Mondavi-ს ფინანსურმა პრობლემებმა. 2004 წელს კორპორაციამ ერთობლივ პროექტებში თავისი კუთვნილი აქციების გაყიდვა დაიწყო. ბრენდების უმეტესი ნაწილი კალიფორნიულმა კონცერნმა Constellation Brands-მა შეისყიდა. მონდავების ოჯახმა არაერთი დანაკარგი განიცადა. რაიმე გრძელვადიან დაბანდებაზე საუბარი გაძნელებული იყო, მათ სჭირდებოდათ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც შემოსავლის სწრაფ მიღებას უზრუნველყოფდა. ამიტომ, ჩვენ გამოვისყიდეთ Luce-ს აქციების 50%, რომელიც მონდავებს ეკუთვნოდა, და ბრენდის ასპროცენტიან მფლობელებად ვიქეცით.

     - დღესდღეობით იტალიაში ორი წამყვანი მწარმოებელია - Antinori და Frescobaldi. თქვენ კონკურენტები ხართ?

     - ორშაბათიდან პარასკევამდე კონკურენტები ვართ, დასვენების დღეებში - მეგობრები.

     - ახლახან Marchesi de’ Frescobaldi Group-მა შეიძინა მამული Tenuta dell’Ornellaia, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ ღვინოებს Masseto-სა და Ornellaia-ს. რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

     - უპირველეს ყოვლისა, Ornellaia შექმნა ლოდოვიკო ანტინორიმ. ეს იყო საკუთარი, ცალკე პროექტი, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონდა Antinori-ს ღვინის ქარხანასთან. 1999 წელს ლოდოვიკო ანტინორიმ Ornellaia-ს ერთობლივი ფლობისა და მართვისთვის უცხოელი პარტნიორის მოძებნა გადაწყვიტა. როდესაც მონდავებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ისინი ამ საწარმოს აქციების ნაწილის ყიდვის იდეამ აიტანა. თუმცა, იყო ერთი გარემოება, რომელიც გამორიცხავდა ასეთი გარიგების დადების შესაძლებლობას. ჩვენი შეთანხმების პირობები მონდავებს უკრძალავდა იტალიის ტერიტორიაზე მეღვინეობის სხვა რომელიმე მეურნეობასთან თანამშრომლობას, გარდა Luce-სი. სწორედ ამიტომ, ტიმ მონდავიმ გვკითხა რჩევა, თუ როგორ მოქცეულიყო მოცემულ სიტუაციაში. ვინაიდან იმ მომენტში Ornellaia უკვე იყო მსოფლიოში სახელგანთქმული შესანიშნავი მეურნეობა, მე ვთქვი, რომ უდავოდ ღირდა ლოდოვიკო ანტინორის წინადადების მიღება. 1999 წელს მონდავებმა შეიძინეს Ornellaia-ს აქციების 50% და გახდნენ საწარმოს თანამფლობელები. 2002 წელს, როდესაც ლოდოვიკომ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა, თავისი კუთვნილი აქციების 50% მონდავების ოჯახს მიჰყიდა, და ზუსტად იმავე დღეს, ეს 50% მთლიანად ჩვენ მოგვყიდეს. ასე რომ, 2002 წელს Ornellaia სანახევროდ უკვე ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა. 2004 წელს კი, როდესაც მონდავებს თავს დაატყდათ ფინანსური კრიზისი, ჩვენ აქციების დარჩენილი 50% შევისყიდეთ. ასე გახდა 2005 წლის 1 აპრილს  ფრესკობალდების ოჯახი  Ornellaia-ს ერთპიროვნული მფლობელი.

     - მოარული ხმების მიხედვით, სახელგანთქმული მეღვინეები თვითონ უნდა ქმნიდნენ მარკებს, და უკვე მზა სახით არ უნდა ყიდულობდნენ. რას იტყვით ამის თაობაზე?

     - მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ბრენდი უნდა იქმნებოდეს. მაგრამ არსებობს ნებისმიერი წესიდან გამონაკლისი. როდესაც 2002 წელს ჩვენ შევიძინეთ Ornellaia-ს აქციების 50%, იგი უკვე საქვეყნოდ ცნობილი მარკა იყო. თუმცა, იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ Ornellaia-ს მფლობელებად ვითვლებით, ამ პროექტის წარმატებამ მხოლოდ იმატა. ამ ღვინის შექმნაში ჩვენ შევიტანეთ მთელი რიგი არსებითი ცვლილებები. და ვფიქრობ, რომ საკუთრების უფლების გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგა Ornellaia-ს.

     - რა შეიცვალა Ornellaia-ში?

     - ზოგიერთი ვენახი გადარგეს და ძალიან მჭიდროდ დარგეს, რათა შეემცირებინათ ერთი ვაზიდან მოკრეფილი ყურძნის მტევნების რაოდენობა. მოხდა ღვინის ქარხნის მოდერნიზება: ყურძნის დამატებითი შერჩევისთვის დაამატეს ახალი კონვეიერები, ცალკეული ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნის ფერმენტაციისთვის შეიძინეს ბარიკები. თავად ვენახები ჩვენ რამდენიმე ნაწილად გავყავით, სხვადასხვა ნაკვეთის მარცვლების ვინიფიცირებას ვახდენთ ცალ-ცალკე, რაც იძლევა საუკეთესო ღვინის არჩევის შესაძლებლობას. ჩატარდა ღვინის ქარხნის საერთო რეკონსტრუქცია, რომლის შედეგადაც ჩვენ ის საგრძნობლად გავაფართოვეთ.

    

- გასულ წელს შეიქმნა ჰოლდინგი Tenute di Toscana, რომელშიც შევიდა Tenuta dell’Ornellaia, Castel Giocondo და Luce della Vite. ცნობილია, რომ თქვენი პარტნიორები გახდნენ კომპანია MIP-ი, რომელიც მაიკლ მონდავის ეკუთვნის, და კომპანია SPI. შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამ ჰოლდინგის, თქვენი პირადი მონაწილეობისა და თქვენი პარტნიორების შესახებ?

     - ამ პროექტს ჩვენ ვქმნიდით მონდავების ოჯახთან ერთად. ჩვენი აქციების ნაწილის მიყიდვას არავისთვის არ ვაპირებდით და ვგეგმავდით, რომ პროექტის ერთპიროვნულ მესაკუთრეებად დავრჩენილიყავით. ამიტომ, გვჭირდებოდა პარტნიორი, რომელიც დასჯერდებოდა აქციათა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს, რაც მას ჰოლდინგში ფინანსური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა, გამორიცხავდა მოცემულ საწარმოზე საკუთრების უფლების გადასვლის ალბათობას. ასეთი მონაწილის პოვნა ძალზე ძნელი იყო, ამიტომ, როდესაც ჩვენ გავიცანით კომპანია SPI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იური შეფლერი და იგი ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირობებით პარტნიორობაზე დაგვთანხმდა, ძალიან გახარებულები დავრჩით; ამის შემდეგ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

     - რა წილს ფლობენ MIP-ი და SPI მოცემულ პროექტში?

     - 73% ეკუთვნის ფრესკობალდების ოჯახს, 25,5% - SPI-ს და 1,5% - MIP-ს. ღვინის წარმოების, გაყიდვისა და დისტრიბუციის პროცესში მხოლოდ ჩვენი ოჯახი მონაწილეობს. არც მონდავებს, არც SPI-ს არა აქვთ საქმიანობის ამ სფეროებში ჩარევის უფლება. თუმცა, აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებებზე ესწრებიან პროექტის სამივე მონაწილის წარმომადგენლები, სადაც მე მოხსენებით გამოვდივარ ჰოლდინგში წლის განმავლობაში მომხდარი ყველა საწარმოო და საფინანსო საქმის თაობაზე. SPI და MIP-ი ჰოლდინგის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური პარტნიორები არიან, რომლებიც უშუალოდ ღვინის წარმოებაში მონაწილეობას არ იღებენ.

     - როგორ გაიცანით იური შეფლერი?

     - ერთმანეთი გაგვაცნო ერთმა ბანკირმა, ჩვენი ოჯახის ძალიან ძველმა მეგობარმა, რომელიც, თავის მხრივ, დიდი ხანია იცნობს იური შეფლერსა და ფირმა SPI-ს. სწორედ მან გვირჩია თანამშრომლობის შესახებ წინადადებით მიგვემართა SPI-სთვის. ჩვენ ყურადღებით გავეცანით ამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს და მივედით დასკვნამდე, რომ ის ძალიან საინტერესო პარტნიორია.

     - თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ ბატონი შეფლერი იმყოფება გამოძიებაში და რუსეთის პროკურატურის მიერ მას ბრალად ედება რამდენიმე სახელმწიფო ბრენდის მითვისება?

     - ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ უკვე მოლაპარაკებების პროცესში, ხელშეკრულების დადების სტადიაზე. და, რა თქმა უნდა, იურისთან ძალიან სერიოზულად ვისაუბრეთ ამის თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობები თავიდანვე ნდობაზე იყო დამყარებული, ყველა მწვავე საკითხს საფუძვლიანად ვიხილავდით და ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიმალავს. იურიმ დაგვარწმუნა, რომ შექმნილი ვითარება დასანანი გაუგებრობა იყო, და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მალე შეწყდება. იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ SPI აქციების მხოლოდ 25,5%-ის მფლობელია, მას არა აქვს ღვინის წარმოების, ვაჭრობისა და დისტრიბუციის პროცესში ჩარევის უფლება, "დამწვარ" კომპანიასთან თანამშრომლობას ჩვენ არ შევუშინებივართ. იდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს სიტუაციაში, როდესაც კომპანიის გაყიდვა არ გვინდოდა და  მხოლოდ დამატებითი ფინანსური დახმარების მიღებას ვგეგმავდით, შესაფერისი პარტნიორის ძებნა ძალიან ძნელი იყო. იური შეფლერი დასთანხმდა ჩვენს პირობებს: იგი ვერასოდეს ვერ მიიღებს იმაზე მეტ აქციას, ვიდრე ამჟამად ინახება მის პორტფელში და ვერც ვერასოდეს გახდება საწარმოს მესაკუთრე. ორმხრივი თანამშრომლობის პირობები მისაღები აღმოჩნდა იურისთვისაც და ჩვენთვისაც, ამიტომაც დავდეთ ხელშეკრულება. დღესდღეობით, იური შეფლერი ჩვენთვის შესანიშნავი პარტნიორია. ჩვენი ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო ბიზნესად დარჩა, ხოლო ბატონი შეფლერის სახით საიმედო ფინანსური პარტნიორი შევიძინეთ. ჩვენ მასთან ყოველთვის გულწრფელი და ღია ურთიერთობები გვქონდა; არასოდეს დაგვიმალავს საზოგადოებისთვის ჩვენი თანამშრომლობა, რადგანაც შეფლერში ვხედავდით საიმედო ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად პატიოსან ბიზნესს აწარმოებდა.

     - ტოსკანის გარეთაც ახორციელებთ ინვესტიციებს?

     - 2000 წელს ფრიულიში შევიძინეთ მამული Attems-ი. თავდაპირველად არ ვგეგმავდით სხვა რეგიონებში ინვესტირებას, თუმცა ამ საოჯახო მეურნეობას უძველესი ისტორია, მეღვინეობის ტრადიციები და კარგი რეპუტაცია აქვს. ამიტომ, როდესაც ხელში ჩაგვივარდა მისი შეძენის შესაძლებლობა, ჩვენ ის დაუფიქრებლად ვიყიდეთ. ეს გახლავთ პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი მამული, რომელიც ტოსკანის საზღვრებს გარეთ ჩვენს ოჯახს ეკუთვნის. მთელი ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ღვინის ქარხანა, ამჟამად კი ახლის აშენებას ვგეგმავთ. ჩვენ ასევე გავზარდეთ ვენახების ფართობი 26-დან 52 ჰა-მდე.

     - ამ ვენახებში თქვენ ახდენთ ყურძნის ავტოქთონური ჯიშების კულტივირებას თუ უპირატესობას საერთაშორისოებს ანიჭებთ?

     - ჩვენთან ჭარბობს ყურძნის ფრიულური ჯიშები: რიბოლა ჯალა, ტოკაი ფრიულანო. თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობები უჭირავს სოვინიონ ბლანს, რომელიც, ჩემი აზრით, ფრიულიში ძალზე კარგ შედეგებს იძლევა. ძირითადად ჩვენ გამიზნული გვაქვს მონოჯიშური ღვინოების წარმოება, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასე მაგალითად, ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ფავორიტი - ღვინო Cicinis-ი, სოვინიონ ბლანის, ტოკაი ფრიულანოსა და პინო ბიანკოს კუპაჟია.

     - სხვა რომელიმე რეგიონში თუ გეგმავთ ფულის დაბანდებას?

     ჯერ არა. გადავწყვიტეთ, რომ მთელი ჩვენი ძალები ტოსკანასა და ფრიულისკენ მივმართოთ. მიმაჩნია, რომ ფრიულის დიდი მომავალი აქვს, კარგი პოტენციალი. რეგიონის ღვინოები საერთაშორისო კონკურსებში უზარმაზარი რაოდენობის ჯილდოებს იღებენ. დიდ იმედებს ვამყარებთ ამ რეგიონსა და Attems-ზე და გვინდა, რომ ჩვენს Luce-სთან ერთად მათ ღირსეული ადგილი დაიკავონ იტალიურ ღვინოებს შორის.

 

© „მარანი“

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული