Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი და დედაქალაქი

თბილისში ისევ ყურძნის სუნი დგას

ლევან სეფისკვერაძე
 
აღმოსავლეთ საქართველოში რთველის დაწყებით მევენახეებისა და მეღვინეებისათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დაიწყო. თუმცა, რთველი არამხოლოდ იმ ადამიანებისათვის არის მნიშვნელოვანი, ვინც უშუალოდ ყურძნისა და ღვინის მოწევა-დამუშავების საქმეშია ჩართული, არამედ მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც ღვინოს ქალაქის პირობებში აყენებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რთველი მთელი სისავსით ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რადგან დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში ყურძენს შემოდგომის მიწურულს კრეფენ. თუმცა, დასავლეთ საქართველოში მოწეული ყურძენის შესაძენად ქუთაისში, ან ზუგდიდში ჩასვლაა საჭირო. თბილისის ბაზრები კი კახური (მცირეოდენი ქართლურიც) ყურძნითაა გაჯერებული.  
 
თბილისში ყურძენს ძირითადად სამ ადგილზე ყიდიან. ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობა, ყურძენს ვაგზალზე, ყოფილი “დეზერტირების ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდულობს, სადაც პროდუქციას პირდაპირ სატვირთო ავტომობილებიდან ყიდიან. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის უბნების (ნაძალადევი, სან-ზონა, დიდუბე, გლდანი, ავჭალა მუხიანი და სხვა...) მოსახლეობა ყურძნის შესაძენად როგორც წესი, სან-ზონის დაბლა, მტკვრის პირას განთავსებული ყურძნის ბაზარში დადის, სადაც ხშირ შემთხვევაში სანიტარული პირობები დარღვეულია, თუმცა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება ყველაზე მეტად არის თვალში მოსახვედრი... ხოლო, ისნის, ავლაბრის, სამგორისა და მათ მიმდებარე უბნების სრულიად აკმაყოფილებს სამგორის დიდ ბაზართან არსებული ყურძნის მოზრდილი სექცია.
 
რთველი ქალაქში
 
უპირველესად უნდა ვთქვათ ის, რომ კახეთსა და ქართლში მოწეული ყურძნის ძირითადი შემსყიდველები, ღვინის ქარხნების შემდეგ, სწორედ თბილისის მოსახლეობა გახლავთ, რომლებიც ჯერ კიდევ შემოდგომამდე იჭერენ თადარიგს. ზოგავენ ყურძნის შესაძენ თანხას, წინასწარ ყიდულობენ საღვინე თუ საყურძნე ჭურჭელს და შედარებით უფრო შეძლებულები, თბილისის პირობებსი ღვინის მარნების მოწყობასაც კი ახერხებენ. პოტენციურ მყიდველ თბილისელთა 80%-ზე მეტი, როგორც წესი, რქაწითელის ჯიშის ყურძენს ყიდულობს (ამ ეტაპზე თბილისში რქაწითელის ჯიშის ყურძენი 90 თეთრად და 1.10 ლარად იყიდება) თუმცა, როგორც ყურძნით მოვაჭრეები ამბობენ, შარშან და წელს საფერავზეც გაიზარდა მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი შარშანდელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და დაახლოებით 1.5-2.5 ლარი შეადგინა, თბილისელები და თბილისში სპეციალურად ყურძნის შესაძენად ჩამოსული სხვადახვა რაიონში მცხოვრები ადამიანები თანდათან ამრავალფეროვნებენ საკუთარ არჩევანს, რაც კარგ ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ.
გაყიდვით, წელს ყურძენი ძალიან კარგად იყიდება და ამ მხრივ საწუწუნო ბევრი არაფერი აქვთ გლეხებს, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის. ზოგიერთი გლეხი ახლა ყურძენს სპეციალურად არ ყიდის და იმ დროს ელოდება, როდესაც რთველის ბოლო პერიოდი იქნება და ყურძენი ძალიან გაძვირდება. ეს ხალხი ბევრს კი რისკავს, რადგან სანამ ყურძენი გაძვირდება, შეიძლება მანამდე მოსავალი გაუფუჭდეთ, მაგრამ ყურძენი მათია და როდისაც უნდათ მაშინ გაყიდიან.
 
ნამდვილი და ფალსიფიცირებული გლეხები
 
თბილისის ყურძნის ბაზრობებზე კახელ, ან ქართლელ გლეხს იშვიათად ნახავთ. ბევრია ისეთი გამყიდველი, რომლებიც კლიენტების მოზიდვის მიზნით, თავს გასაყიდი ყურძნის მომყვანად ასაღებენ, თუმცა ისევე როგორც ღვინის ჩარჩების შემთხვევაში, ყურძნით მოვაჭრეების “გლეხობა” ადვილად ამოსაცნობია. თუმცა, იშვიათად, მაგრამ გლეხებსაც გადააწყდებით. როგორც ვთქვით, თბილისის ყურძნის ბაზარი რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნით არის გაჯერებული და ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ, როდესაც ვაგზლის ბაზრობაზე, ორი კასპელი კაცი ვნახეთ, რომლებიც ჩინურსა და გორულ მწვანეს 1 ლარად ყიდდნენ. მათგან ერთ-ერთს – გიორგი ფაშურაშვილს, ბაზარზე ყურძენი გასაყიდად პირველად ჰქონდა გამოტანილი, რადგან აქამდე ძირითადად საკუთარ 1 ჰექტარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ღვინის დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული, ბოლოს კი გარკვეული პრობლემების შექმნის შემდეგ, მეღვინეობაზე ხელი აიღო და მხოლოდ მევენახეობით დაკმაყოფილდა.
გიორგი ფაშურაშვილი, ქართლელი გლეხი: “ორი ბიჭი მყავს და ამ ზაფხულს ორივენი საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ეგენი როცა მეხმარებოდნენ, შრომასაც ფასი ჰქონდა და ყველაფერი ადვილი იყო. ახლა მარტო მე და ჩემი ცოლი ამოდენა ყურძნის დაწურვასა და მოვლას რას გავუმკლავდებით? ჰოდა, ავდექი და წამოვიღე ჩემი ყურძენი გასაყიდად. ბევრს ეძვირება 1 ლარი, მაგრამ მე ასე მიღირს. რაც გაიყიდება, გაიყიდება, რაც არადა, წავიღებ უკან. ჩემი სამყოფი ყურძენი და ღვინო მე არასოდეს მომაკლდება. იმან იდარდოს, ვინც ესეთი კარგი “მწვანის” ფასი არ იცის”.
ქართლელი გლეხის ასეთი საყვედურებით სავსე სიტყვები ალბათ მისი ყურძნის შემძენი კლიენტურის ნაკლებობით იყო განპირობებული. კლიენტურის ნაკლებობა კი სავარაუდოდ იმის ბრალი გახლავთ, რომ თბილისის მკვიდრთა დიდ ნაწილს ყურძნის ქართლურ ჯიშებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ანდა საერთოდ არაფერი იციან.
დიდუბეში არსებულ ყურძნის ბაზრობაზე ვაჭრობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყეს. ამ ნიშანდებულ ადგილზე, უკვე შვიდი წელია, რაც ყურძნის შეძენაა შესაძლებელი. როგორც დასაწყისში ვთქვით, ამ ბაზრობაზე სანიტარული ნორმები ხშირ შემთხვევაში უგულველყოფილია. ღია ცის ქვეშ ხელაღებით დაყრილ ყურძენს ახვევია სხვადასხვა მწერი და საკუთრივ ყურძენიც კრეფისა თუ ტრანსპორტირების შემდეგ, ხშირად ძალიან დაჭყლეტილი და შელახულია.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ყურძნით მოვაჭრემ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელაზე მტკიცე უარი გვითხრა, პირველად ჩვენგან გაიგო, რომ ყურძნის ტრანსპოპრტირების დროს მანქანის რკინის ძარაზე ყურძნის დაყრა დაუშვებელია და რკინა ყურძენს ძალიან აფუჭებს. ხოლო ყურძენზე დახვეული მწერები კი ნაკლებ პრობლემად მიიჩია, რადგან მისი თქმით: “ყურძენი მაინც უნდა დაიწუროს და თუ რამე ცუდი ექნება, ყველაფერი ღვინის გადაღების დროს, მონარჩენს გაჰყვება”. როდესაც გამყიდველი ამ სიტყვებს ამბობდა, ხელის ისეთი ოსტატური მოძრაობით მოკლა ყურძნით სავსე დახლიდან აფრენილი ბზიკი, რომ ადვილი მისახვედრი იყო, ამას პირველად არ აკეთებდა.
ყველაფრის მიუხედავად, თბილისში ყურძნის ბაზრობები კლიენტურის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან და კახური რთველის შუა პერიოდში, ყურძენზე მოთხვნა როგორც წესი, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
 
ყურძენი ყველასათვის
 
თბილისელი – 45 წლის ხვიჩა გოგილავა უკვე 10 წელია, ყოველ სექტემბერს 200 კილოგრამ რქაწითელის ჯიშის ყურძენს, დიდუბის ყურძნის ბაზრობაზე ყიდულობს. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ქალაქის პირობებში ყურძნის დაწურვის საქმეს ალღო იმდენად კარგად აუღო, რომ თავს ვარიაციების უფლებასაც კი აძლევს და წელს აპირებს რქაწითელი-კახური მწვანის ღვინის კუპაჟი გააკეთოს, თუმცა კარგი მწვანის შოვნა ჯერ კიდევ ვერ შეძლო და იძულებული გახდა, 60 თეთრად ნაყიდი, შედარებით დაბალხარისხიანი ყურძნით დაკმაყოფილებულიყო.
ხვიჩა გოგილავა: “ჩემი ბიჭი უკვე 14 წლისაა და რაც წამოიზარდა, ბოლო სამი წელია ყურძნის საყიდლად ამასთან ერთად დავდივარ და ღვინის დაყენებაშიც მეხმარება. მინდა, რომ უყვარდეს ღვინოცა და ვაზიც. ჩემი ოცნებაა, რომ კახეთში კარგი ვენახის ყიდვა შევძლო, მაგრამ ეს ჩემი სამსახურისა და სხვა პრობლემების გადამკიდე, განუხორციელებელი მგონია. იმედია, ჩემს შვილსაც ექნება ვაზისა და ღვინის სიყვარული და ეს მაინც შეძლებს ამ ჩემი ოცნების ასრულებას და ვენახის გაშენებას. M
მანამდე კი, როგორც ხედავთ, აქ, ბაზარში ნაყიდი ყურძნით გავდივართ იოლად. ძირითადად 150-200 კილოგრამ ყურძენს ვყიდულობ ხოლმე და მთელი წლის მანძილზე, ჩემსავე დაყენებულ ღვინოს ვსვამ. თუ დამიჯერებთ, უკვე რამდენიმე წელია, ჩემი ღვინის მეტი, სხვა ღვინო არ დამილევია. სადმე რომ მივდივარ სუფრაზე, იქაც კი ჩემი ღვინო მიმაქვს ხოლმე. ვიცი, ზოგს არ მოსწონს ეს და სწყინთ მათ ღვინოს რომ არ ვსვამ, მაგრამ ჩემს გაკეთებულს უკვე ისე მივეჩვიე, უბრალოდ ვეღარ ვსვამ სხვა ღვინოს. ყურძნის ფასის გაზრდაზე ბევრი წუწუნებს, რაც მე უსამართლობად მიმაჩნია. მე თუ მკითხავთ, გლეხის შრომასთან შეფარდებით, ახლანდელი ფასებითაც კი ძალიან იაფია ყურძენი. ჩვენ აქ ზედმეტი 10 ლარის გადახდაზე თუ ვწუწუნებთ, მაშინ რა უნდა ქნას გლეხმა, რომლისთვისაც ყურძენი მთელი წლის მანძილზე ხშირად შემოსავლის ერთადერთი წყაროა?!...”
ცელოფნისა თუ ჯვალოს ტომრებით, ურიკებითა და ხელჩანთებით, დაქირავებული სამარშრუტო ავტობუსებითა თუ საკუთარი ამტომობილის საბარგულებით – ყველა ხერხითა და გზით ეზიდებიან ყურძენს თბილისელები. ყურძნის ბაზრობაზე ისეთებსაც ნახავთ, გვერდით მოწუწუნე ტაქსის მძღოლები რომ ჰყავთ ამომდგარი, აქაოდა “შენმა ყურძენმა მანქანა რომ დამისვაროს, ეგ 10 ლარზე მეტად მიღირს და ფული დამიმატეო”. ასევე ნახავთ მთლად უფულო ჩვენს თანამოქალაქეებსაც, რომლებიც საღამოობით მოვაჭეეებისაგან ჩუმად გადამალულ პეტიოს რამდენიმე ლარად “თხოულობენ” და ყოველთვის გამოცანად რჩება ის, რომ თუკი ადამიანს ფული არა აქვს, სად შოულობს გაძვირებულ შაქარს, რომელიც ათასგზის გამოჭყლეტილ პეტიოს უნდა მიმოაფრქვიოს...
როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლება სულ მალე გეგმავს იმ კანონის შეცვლა-გამკაცრებას, რომლის მეშვეობითაც ყურძნისა და ღვინის ხარისხის მონიტორინგი უნდა დაწესდეს. თბილისის ყურძნის ბაზრობებზე ამ საკითხზე არავისთან გვისაუბრია. ალბათ თავადაც ხვდებით რატომაც. ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არც “ცუდი ღვინო” არსებობს და არც “ცუდი ყურძენი”.
          
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული