Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლ სიმინგტონი

მოამზადა ნანა კობაიძემ

ბრიტანულმა Decanter-მა "წლის ადამიანის" წოდების მინიჭება 1984 წლიდან დაიწყო. გასულ წელს ჟურნალის რედაქციამ ეს წოდება პოლ სიმინგტონს (Paul Symington) მიანიჭა, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ.
პოლ სიმინგტონი 1953 წელს პორტუგალიის ქალაქ ოპორტოში დაიბადა. მისი ოჯახი პორტვეინით ვაჭრობდა და ამ საქმეში დიდი გამოცდილებაც ჰქონდა. პოლი ოჯახურ ბიზნესში მეთორმეტე თაობაა. ყველაფერი კი 1652 წელს დაიწყო, როდესაც ვინმე უოლტერ მეინარდმა (Walter Maynard) ბრიტანეთის კუნძულებზე იმ დროისთვის ახალი ღვინის, პორტვეინის ჩატანას მიჰყო ხელი. შვიდი წლის შემდეგ მეინარდი პორტუგალიის ქალაქ ოპორტოში ინგლისის კონსულად დაინიშნა.
რაც შეეხება სიმინგტონთა გვარს, ის შემაგრებულ ღვინოთა სამყაროში 1882 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ დროისთვის ჩავიდა ენდრიუ ჯეიმს სიმინგტონი შოტლანდიიდან ოპორტოში. თავიდან ის კომპანია Graham's-ში ტექსტილით ვაჭრობდა, შემდეგ კი პორტვეინზე გადაერთო, რომლის წარმოება და ბრიტანეთში ჩატანა ფირმის ძირითადი საქმიანობა იყო. ახალგაზრდა და ამბიციურ ენდრიუ ჯეიმსს საქმეები კარგად წაუვიდა და სულ მალე მიხვდა, რომ ღვინით ვაჭრობა დიდ პერსპექტივას უქადდა. 1891 წელს ის ბეატრის ატკინსონზე დაქორწინდა, ქალზე, რომელიც უოლტერ მეინარდის შორეული ნათესავი და მემკვიდრე გახლდათ. ამ ქორწინებამ მოგვიანებით სიმინგტონთა ოჯახს საშუალება მისცა ღვინით ვაჭრობის 360-წლიანი ტრადიციის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინა. საინტერესოა, რომ 1970 წელს სიმინგტონებმა კომპანია Graham's იყიდეს, სწორედ ის, სადაც დიდი ხნის წინ მათმა წინაპარმა მოღვაწეობა დაიწყო.
"ჩემს ბავშვობაში ყველაფერი ასე კარგად არ იყო. იმ პერიოდში პორტით ვაჭრობა უამრავ სირთულეს უკავშირდებოდა. დღეს მშვენიერი მანქანებით დავდივართ, კომფორტულად ვცხოვრობთ, მაგრამ მაშინ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა აშკარად უკეთესის სურვილს ბადებდა. ბევრ რამეზე უარის თქმა გვიწევდა. მაგალითად, თავს მოგზაურობის უფლებას ვერ ვაძლევდით. 13 წლის ისე გავხდი, ინგლისში ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი" - იხსენებს პოლი. პრობლემების მიუხედავად, ოჯახმა მას შესანიშნავი განათლება მისცა: ჯერ ოპორტოს ბრიტანულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ბერკშირის Oratory School-ში, მოგვიანებით - შვეიცარიისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.
სიმინგტონების ოჯახი პორტვეინით ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე ძველი არა, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ნამდვილად არის. ამჟამად პოლი Symington Family Estates (SFE)-ის თავმჯდომარე და მმართველი დირექტორია. კომპანიას პორტვეინის შემდეგი ბრენდები ეკუთვნის: Cockburn's, Dow's, Gould Campbell, Graham's, Quarles Harris, Quinta do Vesuvio, Martinez, Smith Woodhouse, Warre's; სუფრის ღვინოები - Altano, Chryseia და Post Scriptum (ერთობლივი საწარმო ცნობილ ფრანგ ენოლოგ ბრუნო პრატსთან (Bruno Prats) ერთად). SFE-ს მადერას რამდენიმე ბრენდსაც ფლობს, მაგრამ სიმინგტონების სახელი პირველ რიგში მაინც პორტს უკავშირდება.
SFE-ს ვენახები დღეისთვის 947 ჰა-ს შეადგენს. აქედან მიღებული ყურძენი 25 ღვინის საწარმოზე ნაწილდება. კომპანიის წილად მსოფლიოში წარმოებული პრემიალური პორტის 33% მოდის, ღვინით ვაჭრობა კი 21%-ს შეადგენს.
"დაჯილდოება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ეს მთლად სწორი არ იქნება მამაჩემთან, ჩემს ბიძებთან, ბიძაშვილებთან და ჩვენი ოჯახის ახალ თაობასთან მიმართებაში. თუ სიმართლე გინდათ, ეს ოჯახური ჯილდოა და მზად ვარ მთელი ოჯახის სახელით მივიღო" - თქვა პოლმა Decanter-ის პრემიის გადაცემისას. მისი მხრიდან ასეთი განცხადება მოსალოდნელიც იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული ოჯახური კომპანიაა ღვინის სამყაროში. იშვიათად თუ ნახავთ ამდენ ახლო ნათესავს, რომელნიც ასე შეხმატკბილებულად მუშაობენ. პოლი ამ ერთობის თავმჯდომარეა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოითხოვს პორტუგალიის კანონმდებლობა. კომპანიას თავის ბიძაშვილებთან, ჯონთან და რუპერტთან ერთად უძღვება. ოჯახის სხვა წევრები – ძმა დომინიკი და ბიძაშვილი ჩარლზიც მათთან არიან. მალე ახალი, მეცამეტე თაობაც წამოეშველებათ, რომელსაც პოლის უფროსი ვაჟი, რობერტი უდგას სათავეში. ოჯახში გოგონებიც ჰყავთ, მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს და პორტის გაყიდვასთან არაფერი აკავშირებთ. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ამ დიდი გუნდის კაპიტნად უდავოდ პოლი რჩება - ენერგიული, მოტივირებული, საქმიანი, ამავე დროს, ოჯახური ტრადიციების მხურვალე დამცველი. "ის პორტით ცხოვრობს და სუნთქავს" - ხშირად აღნიშავენ გარშემომყოფნი.
ოჯახურ ბიზნესში ოცი წლის ასაკში ჩაერთო, ბევრად ადრე, ვიდრე გეგმავდა. 1974 წლის რევოლუციის შემდეგ პორტუგალიაში მძიმე დრო იდგა და თითოეულ მუშახელს ოქროს ფასი ედო. "ეს სკოლაში დაბრუნებას ჰგავდა. კომპანიას თავისი წესები ჰქონდა, რომელთა გათავისება აუცილებელი გახლდათ" - იხსენებს პოლი. იმ პერიოდში საერთაშორისო კომპანიები პორტის მწარმოებლებს ინაწილებდნენ. სიმინგტონმა აქციების 20% Dubonnet-ს მიჰყიდა. მოგვიანებით ოჯახმა ეს აქციები კომპანია Pernod-Ricard-ისგან გამოისყიდა.
მულტინაციონალურ გიგანტებთან კონკურენცია იოლი არ იყო: მათ ფართო სადისტრიბუციო ქსელი და უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ. პოლისთვის კიდევ ერთ სირთულეს საკუთარი ვენახების შეძენა წარმოადგენდა, რომელთაც მათი ოჯახი მცირე რაოდენობით ფლობდა. მოგვიანებით ზოგადნაციონალურმა კომპანიებმა პორტვეინის მიმართ ინტერესი დაკარგეს და თავიანთი აქტივების გაყიდვა დაიწყეს, რაც სიმინგტონებს სასიკეთოდ წაადგა. მათი ბიზნესი ისევ აღმავალი გზით წავიდა.
"მამაჩემი საკუთარ თავს პორტვეინის მომწოდებელს ეძახდა, მე კი მის მწარმოებლად მოვიხსენიებ. მოხარული ვარ, რომ დღეს არა მხოლოდ ვვაჭრობთ, არამედ მოგვყავს კიდეც ამ ღვინისთვის საჭირო ყურძენი და სასმელსაც ვაწარმოებთ. ეს ჩვენი მომავლის გარანტიაა" - ხშირად იმეორებს პოლი. კომპანია SFE დღეს გაცილებით დიდი და წარმატებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც პოლმა ჩაიბარა.
1960-იანები პორტვეინის წარმოების ტექნოლოგიაში რევოლუციური აღმოჩნდა. ქვის ჭურჭელში - ლაგარებში ფეხით წურვის საუკუნოვანი ტრადიცია ავტომატურმა დანადგარმა შეცვალა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: დუროს ველზე მოსახლეობის შემცირებისა და მუშახელის სიძვირის გამო ეს მეთოდი დიდ ფინანსურ დანახარჯს უკავშირდებოდა, რის გამოც ბევრმა მწარმოებელმა მასზე უარი თქვა. სიმინგტონთა ოჯახი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ავტომატიზებული სისტემა დანერგა. 1963 წელს "შიშველი ფეხებით" უკანასკნელი მოსავალი დაწურეს.
დღეს დუროს რთული პერიოდი უდგას: პორტის გაყიდვები მცირდება, სავაჭრო ქსელები დიდ ფასდაკლებებს ითხოვენ, თუმცა კომპანია Symington-მა გამონახა საშუალება და მცირედით გაუზარდა ანაზღაურება ყურძნის მომწოდებლებს, რისი პრეცედენტიც დუროს ველზე არ ყოფილა. ეს სიქველე კომპანიას 380 ათასი ევრო დაუჯდა, მაგრამ ამას თავისი ახსნა ჰქონდა: "ჩვენ უნდა გაგვემხნევებინა ჩვენი ფერმერები, რომელთაც დღეს ისე უჭირთ, როგორც არასდროს" - ამბობს პოლი.
სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ეს ანგლო-პორტუგალიური ოჯახი წარმატებულ სვლას განაგრძობს. ეს მაშინ, როცა სხვებს ყველაფერი უკუღმა მისდით. სად იმალება სიმინგტონთა საიდუმლოს გასაღები?
"აუცილებელია მუხლჩაუხრელი შრომა და წარსული დიდების დავიწყება. გარდასულ დღეებზე ფიქრი აწმყოს ვერაფერს ჰმატებს. მამაჩემის თაობა დირექტორთა საბჭოს ოთახში სადილობდა. მე იქ იშვიათად მივირთმევ, ძირითადად მნიშვნელოვან სტუმრებს ვუმასპინძლდები. დანარჩენ დროს ლანჩს სხვებთან ერთად, სასადილო ოთახში შევექცევი" - ამბობს პოლი.
სიმინგტონების ოჯახი კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარია. "მე არ ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ ჩვენი კუთვნილება კათოლიკურ ეკლესიასთან იმაზე მეტყველებს, რომ სხვა ბრიტანელებზე მეტად მოვახერხეთ ამ მიწაზე ასიმილირება. პორტის მწარმოებელ ბრიტანული წარმოშობის სხვა ცნობილ ოჯახებს თავიანთი სკოლა, კლუბი და საავადმყოფო აქვთ. კვირაობით ისინი ადგილობრივ ანგლიკანურ ეკლესიას სტუმრობენ, სადაც მსახურებას ბრიტანელი მღვდელი ატარებს. ჩვენ კი ამ დროს დორუს ველზე მდებარე სოფლის პატარა ეკლესიაში დავდივართ. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გავიზარდეთ. თავს ცოტათი ბრიტანელად მივიჩნევ, მაგრამ იქ ცხოვრება არ მინდა. საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში, ევროპელი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომწონს, რასაც ბრიუსელში აკეთებენ, მაგრამ ინგლისელებისგან განსხვავებით, ევროპულ ინტეგრაციას მივესალმები. მათ მკვეთრად გამოხატული ევროფობია ახასიათებთ, რაც, ჩემი აზრით, სამწუხაროა" - ასეთია სიმინგტონთა ოჯახის ლიდერის პოზიცია.
პოლი პორტუგალიასა და მთლიანად ევროზონაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებასაც ეხება და ამბობს: "დღეს ევროპისა და პორტუგალიის ისტორიაში რთული პერიოდია, მაგრამ ეს ყველაფერი სეზონებს ჰგავს: ისინი მიდიან და მოდიან, ცხოვრება კი გრძელდება. არსებული პრობლემები უკვალოდ არ ჩაივლის, მაგრამ ჩვენ საკუთარი გზით ვაგრძელებთ სვლას."
სიმინგტონების ოჯახში დიდი ხანია ასეთი წესია: კომპანიის ნებისმიერი წევრი აქტიურ საქმიანობას 65 წლის ასაკში შორდება, იმის მუხედავად, როგორია მისი წვლილი საერთო საქმეში. ეს ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას და კომპანიის სიცოცხლისუნარიანობასაც ახანგრძლივებს. ახალ თაობას ახალი ხედვა მოაქვს, რაც ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სიმინგტონებს ეს მომენტი კარგად აქვთ გაცნობიერებული, რის გამოც მათი კომპანია არასოდეს განიცდიდა სტაგნაციას. პოლმა იცის, რომ შორს არ არის დრო, როცა ამ ნაბიჯის გადადგმა თავადაც მოუწევს და მზად არის, საქმეებიცა და მართვის სადავეებიც მომდევნო თაობას გადააბაროს. გადასაბარებელი კი ბევრი აქვს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ახალი თაობა ღირსეულად გააგრძელებს წინაპართა ტრადიციებს.
© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული