Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სანტორინის ვენახები კრიზისის წინაშე დგას

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა ლოურენ მოუერის სტატია სანტორინის ვენახებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც აღნიშნული რეგიონი დგას.

სანტორინი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა ღვინოს, დღეს თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გადის. კუნძული, რომელიც ვიზუალურად თითქოს უცვლელი და მარადიულია — თეთრი სახლები, ვულკანურ ტერასებზე გაშენებული ვენახები და ტურისტებით სავსე სადეგუსტრაციო სივრცეები — სინამდვილეში სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. ადგილობრივი მეღვინეების თქმით, თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, სანტორინის ღვინის კულტურა მომდევნო ათწლეულში შესაძლოა სრულად განადგურდეს.

ისტორიულად, სანტორინიზე ვენახების ფართობი 3 000–4 000 ჰექტარს აღწევდა, მაშინ როცა დღეს დაახლოებით 1 000 ჰექტარია დარჩენილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკიდურესმა სიცხემ და გვალვამ მოსავლიანობა რეკორდულად დაბალ დონემდე დაიყვანა. ამასთან ერთად, ტურიზმის გამო სავენახე მიწები სასტუმროებმა და ვილებმა დაიკავეს. შედეგად, კუნძულის ყველაზე ცნობილი ღვინო — ასირტიკო — პირდაპირ კონკურენციაშია თავად სანტორინის ტურისტულ წარმატებასთან.

უძველესი ვენახები თანამედროვე კლიმატის პირობებში

სანტორინის ვენახები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ ღვინის ლანდშაფტს ქმნის. ვაზი უმეტესად ვულკანურ და ქვიშიან ნიადაგებზეა გაშენებული, რაც ფილოქსერასგან ბუნებრივ დაცვას უზრუნველყოფს. დომინანტურ როლს ასირტიკო ასრულებს, გამორჩეული მჟავიანობითა და მინერალურობით, ხოლო აიდანო და ათირი მის გვერდით იკავებენ ადგილს. ტრადიციული ტკბილი ღვინო — ვინსანტო — საუკუნეების განმავლობაში კუნძულის სავიზიტო ბარათი იყო.

ბოლო წლებში კლიმატური ცვლილებები სულ უფრო აშკარა ხდება: ნალექი იკლებს, ტემპერატურა მატულობს, ჰაერის ტენიანობა მცირდება და გვალვა ყოველწლიურად ძლიერდება. ამის შედეგად, მოსავლის აღება სულ უფრო ადრე იწყება — ზოგჯერ ივლისის ბოლოსაც კი.

Estate Argyros-ის მფლობელი და მეოთხე თაობის მეღვინე მათაიოს არღიროსი აცხადებს, რომ კუნძულზე ზედიზედ სამი წელი იყო უკიდურესი გვალვა იყო. ამან გამოიწვია კვირტის ნაადრევი გაღვივება, სიცხის ტალღები და მოსავლიანობის კატასტროფული კლება, ზოგიერთ ვენახში მოსავლიანობა 60–80%-ით შემცირდა. მისი შეფასებით, თუ დათბობა ამ ტემპით გაგრძელდება, სანტორინიზე ტრადიციული მევენახეობა შესაძლოა ვერ გადარჩეს.

მსგავს სურათს აღწერს Domaine Sigalas-ის წარმომადგენელი სტელიოს ბუტარისიც. 2025 წელს მთელ კუნძულზე სულ დაახლოებით 450 ტონა ყურძენი მოიკრიფა — ეს 2000 წლის მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილია. მისი თქმით, გვალვა, ძველი ვაზი, დაუმუშავებელი ნაკვეთები და ტურიზმის მიერ წაღებული მიწები  ერთობრილვად კრიტიკულ მდგომარეობას ქმნიან.

კლიმატურ პრობლემებს ემატება კუნძულის ეკონომიკური გარდაქმნა. ტურისტთა რიცხვი ყოველწლიურად მილიონებს აღწევს, რაც განაშენიანების უკონტროლო ზრდას იწვევს. ვენახები იყიდება, იყოფა ნაკვეთებად და იფარება ბეტონით. ბევრი მიწის მფლობელი ძირითად შემოსავალს ტურიზმიდან იღებს, ხოლო ყურძნის გაყიდვა მეორეხარისხოვან საქმიანობად რჩება. მიუხედავად მინიმალური მოვლისა, კილოგრაფმი ყურძნის ფასმა დაახლოებით 10 ევროს მიაღწია, რაც სისტემურ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.

შრომითი რესურსიც იკლებს — ძველი თაობა აღარ მუშაობს, ახალგაზრდა კი ვენახში დაბრუნებას არ ჩქარობს. პრაქტიკულად აღარ არსებობს ვენახის მუშახელი.

ყველაზე მძიმედ კრიზისმა ვინსანტოს წარმოებას დაარტყა. ის ყოველთვის დიდ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ბოლო წლებში მეღვინეებს არჩევანის გაკეთება უწევთ — შეინარჩუნონ ტრადიცია თუ მხოლოდ ასირტიკოზე გადაერთონ. Domaine Sigalas-ში ვინსანტოს ბოლო მოსავალი 2020 წელს მიიღეს, და დღეს მას უფრო ისტორიულ, „მუზეუმის ღვინოდ“ აღიქვამენ.

მშრალი ასირტიკო, მიუხედავად უკიდურესად დაბალი მოსავლიანობისა, ხარისხობრივად კვლავ ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს. ზოგიერთი გამოირჩევა განსაკუთრებული კონცენტრაციით, სისუფთავითა და დაძველების პოტენციალით, თუმცა რაოდენობა მუდმივად მცირდება.

ამ ფონზე მიმდინარეობს დისკუსია სანტორინის საუკეთესო ნაკვეთების — ერთგვარი „გრან კრუების“ — გამოვლენაზე, თუმცა ზოგი მწარმოებელი მიიჩნევს, რომ ჯერ გადარჩენაა მთავარი და არა კლასიფიკაცია.

მეღვინეები სხვადასხვა გზით ცდილობენ ადაპტაციას: ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება, ძველი ვაზის კალმებით ხელახალი გაშენება, შერჩევითი მორწყვა. სანტორინის მეღვინეთა ასოციაცია უნივერსიტეტებთან და მუნიციპალურ სტრუქტურებთან ერთად მუშაობს  ჩამდინარე წყლების გამოყენების პილოტურ პროექტებზე, თუმცა ამ ეტაპზე ინიციატივების უმეტესობა კერძო მწარმოებლების ძალისხმევაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო მხარდაჭერა შეზღუდულია და პრიორიტეტი კვლავ ტურიზმს ენიჭება.

მოსავლიანობის კლებამ უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ყურძნისა და ღვინის ფასები. იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ სანტორინის ღვინოები ძვირდება, ხოლო რაოდენობა მცირდება. ეს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის — სანტორინი საბერძნეთის ღვინის მთავარი სიმბოლოა. მისი დასუსტება ქვეყნის მთლიან იმიჯზეც აისახება.

მიუხედავად ყველაფრისა, სანტორინი კვლავ აწარმოებს გამორჩეულ თეთრ ღვინოებს, რომელთაც ხანგრძლივი დაძველების პოტენციალი აქვთ. თუმცა მეღვინეები და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან: თუ ცვლილებები დროულად არ განხორციელდა, სანტორინის ღვინის მომავალი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და დრო იწურება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა