
წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საიუბილეო წელი აქვს და დაარსებიდან ათი წლის თავზე ფესტივალი კიდევ ერთხელ გახდება ქართული ღვინის, ტრადიციისა და თანამედროვე მეღვინეობის შეხვედრისა და გადაკვეთილის წერტილი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალმა ათწლეულის განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და მეღვინეების ერთმანეთთან, მომხმარებელთან და ღვინის სფეროს პროფესიონალებთან დაკავშირებას შეუწყო ხელი.
წელს ფესტივალს განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს, 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში, ფესტივალში მონაწილე მეღვინეებისთვის სპეციალური, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მასტერკლასები გაიმართება.
კანადის ღვინის ბაზრის მიმოხილვა - Canada Market Insights
მასტერკლასს გაუძღვება ანდრეა ბექსტრომი (Andrea Backstrom) - კანადური კომპანიის A+M Consulting & Communications Inc. დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
მონაწილეები გაეცნობიან კანადის ღვინის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს, ბაზარზე შესვლის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტის გაფართოებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
სკანდინავიის ქვეყნების ბაზრის მიმოხილვა - Scandinavian Market Insights
მეორე მასტერკლასის სპიკერი იქნება იან-ერიკ ბექფორსი (Jan-Erik Bäckfors) - შვედეთში ქართული ღვინის იმპორტიორი 2016 წლიდან.
მისი გამოცდილება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო პრაქტიკული თვალით შეხედონ სკანდინავიის ღვინის ბაზრებს, მომხმარებლის მოთხოვნებსა და ქართული ღვინის საერთაშორისო კომერციული განვითარების შესაძლებლობებს.
ეს შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს სცდებიან და ქართული ღვინის ახალ ქვეყნებში წარმოჩენას ცდილობენ. საერთაშორისო ბაზარზე წარმატება მხოლოდ ხარისხიან ღვინოს არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება, მომხმარებლის ცოდნა, ბაზრის სპეციფიკის გააზრება და ქართული ღვინის ისტორიის სათანადოდ გადმოცემა.
ქართული ღვინის განსაკუთრებულობა მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაშია, თუმცა ამ ისტორიის გაგრძელება დღეს თანამედროვე მეღვინეების ხელშია.
სწორედ ამიტომ, ფესტივალის 10-წლიანი ისტორია შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი ხიდი - ერთი მხრივ, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში დაგროვილ ცოდნასა და ტრადიციას, ხოლო მეორე მხრივ, თანამედროვე საერთაშორისო ღვინის სამყაროს შორის.
გურჯაანი ამ პროცესისთვის სიმბოლური ადგილიცაა. კახეთის ღვინის კულტურა აქ ყოველდღიურ ცხოვრებაშია გადაჯაჭვული, ხოლო ფესტივალი ამ კულტურას ფართო აუდიტორიასთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი