
ღვინის მოყვარულთა ტრადიციული ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ წელს უკვე მერვედ უმასპინძლებს სტუმრებს. ფესტივალი 24 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“ ჩატარდება. პროექტის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალის უმთავრესი მისია ღვინის დამწყები მწარმოებლების ხელშეწყობა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა მარნები საქმიანობას ხშირად მწირი ფინანსებით, მაგრამ საქმისადმი უდიდესი სიყვარულითა და ენერგიით იწყებენ, ეს სივრცე მათ უნიკალურ შანსს აძლევს. აქ ისინი საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ როგორც ადგილობრივ ენთუზიასტებსა და სფეროს პროფესიონალებს, ისე უცხოელ სტუმრებს. ფესტივალის მთავარი იდეაც სწორედ ისაა, რომ მცირე მარნებს აქვთ პოტენციალი, საკუთარი ღირსეული კვალი დატოვონ ქართულ და მსოფლიო მეღვინეობაში.
წელს განსაკუთრებულ ატმოსფეროს გპირდებით, სადაც უშუალოდ მეღვინეებისგან მოისმენთ მათ საინტერესო ისტორიებს. ფესტივალზე გექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ და პირველებმა დააგემოვნოთ აქამდე უცნობი მარნების საუკეთესო ნაწარმი; დაგხვდებათ მრავალფეროვანი ხემსი, კარგი განწყობა და მთაწმინდის ულამაზესი შემოდგომა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 22 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე 598308688. ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.
ბილეთის ფასი: 20 ლარი (ჭიქით)
ბილეთების შეძენა: tkt.ge
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი