
ღვინის ისტორიაში ვნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც გამორჩეული ღვინოები შექმნეს, გააშენეს ვენახები და ახალი რეგიონები აღმოაჩინეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც ღვინის წარმოების კულტურა შეცვალეს. მარვინ შანკენი კი იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყო, რომლებმაც მსოფლიოს ღვინის დანახვა და აღქმა ასწავლეს. მისი სახელი მხოლოდ გავლენიან ჟურნალს არ უკავშირდება, მან შეცვალა ღვინის ინდუსტრიისა და მომხმარებლის ურთიერთობა, ღვინის შეფასების კულტურა და ღვინის ადგილი თანამედროვე გასტრონომიაში.
2026 წლის 29 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარვინ რ. შანკენი, Wine Spectator-ის დამფუძნებელი გამომცემელი და რედაქტორი, M. Shanken Communications-ის დამფუძნებელი და ამერიკული ღვინის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა.
1970-იან წლებში ამერიკაში ღვინის კულტურა დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ღვინო ჯერ კიდევ არ იყო იმ მასშტაბის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, როგორადაც შემდგომ ათწლეულებში იქცა. ინდუსტრიის შესახებ სანდო ინფორმაცია შეზღუდული იყო, პროფესიული ცოდნა კი ძირითადად მწარმოებლებისა და სპეციალისტების ვიწრო წრეში იყრიდა თავს.
სწორედ ასეთ გარემოში დაინახა მარვინ შანკენმა შესაძლებლობა, რომელიც საბოლოოდ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა, ის თვლიდა, რომ ღვინის შესახებ ცოდნა უნდა გასცდენოდა პროფესიულ წრეებს და ჩვეულებრივ მომხმარებლამდეც მიეღწია.
მისი გზა ღვინის სამყაროში შემთხვევით დაიწყო. უოლ-სტრიტზე საინვესტიციო საქმიანობისას, 1970 წელს, კალიფორნიაში ვენახის შესყიდვის დაფინანსებაში მონაწილეობდა. ამ პროცესმა ღვინის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი გაუჩინა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთი განსაკუთრებული გამოცდილება, 1961 წლის Château Pétrus-ის დაგემოვნება. თავად შანკენი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ ღვინის გემომ მასში ნამდვილი აღმოჩენის განცდა გააჩინა და გაუჩნდა სურვილი, ყველაფერი გაეგო ღვინის შესახებ.
1972 წელს მან მცირე ინდუსტრიული გამოცემა Impact შეიძინა. თავდაპირველად ეს იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესზე ორიენტირებული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც პროფესიონალებს ბაზრის, გაყიდვებისა და ინდუსტრიის განვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. შანკენმა თანდათან ის სერიოზულ ანალიტიკურ გამოცემად აქცია.
1979 წელს შანკენმა შეიძინა ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფი The Wine Spectator. ეს გამოცემა მაშინ მცირე ტირაჟით გამოდიოდა და ღვინის მაღაზიებში უფასოდ ვრცელდებოდა. შანკენმა დიდი მიზანი დაისახა და სურდა, Wine Spectator ქცეულიყო გამოცემად, რომელიც ღვინოს ფართო საზოგადოებას გააცნობდა და მომხმარებელს მის არჩევასა და შეფასებაში დაეხმარებოდა.
1985 წელს Wine Spectator-მა ღვინის შეფასების 100-ქულიანი სისტემა დანერგა. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ შეფასების ტექნიკური მეთოდია, მაგრამ სინამდვილეში მან ღვინის სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია.
ღვინის შეფასება ბევრისთვის რთული, სუბიექტური და სპეციალისტების ენით გადმოცემული პროცესი იყო. 100-ქულიანმა სისტემამ მომხმარებელს შედარებით მარტივი ორიენტირი მისცა. შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ღვინის ერთმანეთთან შედარება, მათი ხარისხის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიღება და ახალი ღვინოების აღმოჩენა.
ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღვინის სამყაროში ახლა შედიოდნენ. მათ აღარ სჭირდებოდათ ათწლეულების გამოცდილება ან სპეციალური ცოდნა იმისთვის, რომ ხარისხიანი ღვინის შერჩევა დაეწყოთ. თუმცა შეფასების სისტემას მეორე მხარეც ჰქონდა, ღვინის მწარმოებლებისთვის პროფესიული გამოცემის შეფასება სულ უფრო მნიშვნელოვან ნიშნულად იქცა. მაღალი ქულა კომერციულ წარმატებასა და ცნობადობაზე აისახებოდა, რაც შეფასებას ინდუსტრიისთვის რეალური გავლენის მქონე ინსტრუმენტად აქცევდა.
მარვინ შანკენის მნიშვნელობის შესაფასებლად განსაკუთრებით საინტერესოა მისი გავლენა არა მხოლოდ მომხმარებელზე, არამედ თავად მეღვინეებზეც.
ღვინის შეფასებები, სტატიები და სარედაქციო ყურადღება მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან ორიენტირად იქცა. გამოცემის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მას შეეძლო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეღვინეობების განვითარების მიმართულებაზეც ემოქმედა. როგორც Wine-Searcher-ის წარმომადგენელი ვ. ბლეიკ გრეი The New York Times-თან საუბრისას აღნიშნავდა, Wine Spectator-მა, რობერტ პარკერთან ერთად, გავლენა იქონია იმაზეც კი, თუ როგორ ამზადებდნენ ღვინოს. მისი შეფასებით, ჟურნალის გავლენას შეეძლო მსოფლიოს მეორე ნახევარში მდებარე მეღვინეობებიც კი დაერწმუნებინა წარმოების მეთოდების შეცვლაში.
ამავე დროს, შანკენი ხაზგასმით იცავდა გამოცემის სარედაქციო დამოუკიდებლობას. მას არ სურდა, Wine Spectator რომელიმე მეღვინეობის, ბრენდის ან ღვინის რეგიონის სარეკლამო პლატფორმად ქცეულიყო. მისი პრინციპი მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობა იყო, გამოცემას უნდა მიეწოდებინა ობიექტური, საინტერესო და სანდო ინფორმაცია.
მარვინ შანკენის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ამერიკული ღვინის კულტურის განვითარებაა. მან ღვინო მხოლოდ სასმლისა და ვიწრო გურმანული ინტერესის სფეროდან ცხოვრების სტილის ნაწილად აქცია.
მისი ხელმძღვანელობით Wine Spectator-ის თემატიკა გაფართოვდა და ღვინის გვერდით გამოჩნდა რესტორნები, კულინარია, მოგზაურობა, კოლექციონერობა და გასტრონომიული კულტურა. ამით შანკენმა ღვინო მის ბუნებრივ გარემოში მოაქცია, რაც გულისხმობდა მოგზაურობას, გასტრონომიას, ადამიანებთან ურთიერთობასა და ცხოვრებით სიამოვნებასაც კი.
მისი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კალიფორნიული ღვინის, მათ შორის ნაპას ველის ცნობადობისთვის. გამოცემის საშუალებით ამერიკულმა ღვინომ ფართო აუდიტორია შეიძინა, ხოლო მომხმარებელმა უფრო მეტი შეიტყო ადგილობრივი მეღვინეობების, ჯიშებისა და ღვინის რეგიონების შესახებ.
შანკენმა ასევე დააარსა Wine Spectator Restaurant Awards, ეს არის პროგრამა, რომელმაც რესტორნებში ღვინის კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. მისი მიზანი იყო, რესტორნებს ღვინის სიის ხარისხისთვის ისეთივე ყურადღება მიექციათ, როგორსაც სამზარეულოსა და მომსახურებას უთმობდნენ.
პირველ წელს ჯილდო მხოლოდ 13 რესტორანს მიენიჭა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით 4 000-ზე მეტი რესტორანი ფლობს Wine Spectator-ის აღიარებას.
შანკენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა Wine Experience-ია, ეს ისეთი ღონისძიებაა, რომელიც ღვინის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს პირდაპირ შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეღვინეები, ღვინის პროფესიონალები, რესტორნების წარმომადგენლები და ენთუზიასტი მომხმარებლები ერთ სივრცეში იყრიან თავს.
ღონისძიება მოიცავს მასშტაბურ დეგუსტაციებს, სემინარებსა და განსაკუთრებულ ღვინოებთან დაკავშირებულ შეხვედრებს. წლების განმავლობაში ის ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენად ჩამოყალიბდა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის საქველმოქმედო დანიშნულებასაც. 1983 წელს შანკენმა Wine Spectator Scholarship Foundation დააარსა, რომლის საშუალებითაც ღვინისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში განათლებას და პროფესიულ განვითარებას უჭერდა მხარს. ფონდმა სტიპენდიებისა და გრანტებისთვის 40 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ეს მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შანკენი ღვინის ინდუსტრიის მომავალს მხოლოდ დღევანდელი წარმატებებით არ ზომავდა. მას სურდა, მომავალი თაობებისთვის ცოდნა, განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები დაეტოვებინა.
მარვინ შანკენი მხოლოდ Wine Spectator-ით არ შემოიფარგლა. მან დააარსა Cigar Aficionado, შეიძინა Food Arts და Malt Advocate, რომელსაც მოგვიანებით Whisky Advocate ეწოდა. ასევე გამოსცემდა პროფესიულ გამოცემებს Market Watch და Shanken News Daily. თუმცა მისი მთავარი მემკვიდრეობა მაინც ღვინის სამყაროს უკავშირდება.
ამერიკული ღვინის ისტორიის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, ჯერი რუვომ, ღვინის სამყაროს სამ უმნიშვნელოვანეს ფიგურას შორის ერნესტ გალოსა და რობერტ მონდავის გვერდით სწორედ მარვინ შანკენი დაასახელა. ეს შეფასება კარგად გამოხატავს მის ადგილს ინდუსტრიაში. ის არ ყოფილა ღვინის კრიტიკოსი მხოლოდ ტრადიციული გაგებით, მან შექმნა სისტემა, რომელმაც ღვინის შეფასება, პოპულარიზაცია და მომხმარებლის განათლება ერთიან კულტურულ მოვლენად აქცია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com







თქვენი კომენტარი