Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 

მულტიმედია

კომენტარები

დავით გოგინაშვილი - „მეღვინეობა შილდური“ - მცირე მარნების ანთოლოგია (153)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენი საოჯახო მეღვინოება კახეთის ლამაზ და უძველეს სოფელ შილდაში გვაქვს და სახელწოდება „შილდურიც“  აქედან მოდის. აღვადგინეთ მამა-პაპეული მარანი, ქვევრები, გავაშენეთ საფერავის ვენახი.  ვცდილობთ და გვინდა, გემრიელი, ნატურალური, ბუნებრივი ღვინოები დავამზადოთ. ყოველივე ტრადიციის, ვაზისა და ღვინის სიყვარულით, ასევე შვილებისთვის მოტივაციის მიცემის სურვილით არის შთაგონებული. ეს ჩვენს ლოგოშიც არის გამოხატული.

-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- როგორც აღვნიშნე, საკუთარი საფერავის ვენახი გვაქვს. საფერავი ფავორიტია, თუმცა ასევე ვაწარმოებთ ქისსა და რქაწითელს. ორივე უნიკალურია, საუკეთესო საღვინე თვისებებით. ყურძენს ერთი და იგივე ვენახიდან ვიღებთ, მაგრამ წლების მიხედვით ყველა თავისებურია, ადამიანის ხასიათივითაა. ვაკვირდები, რომ ღვინის ხასიათზე ადამიანის განწყობაც მოქმედებს.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

-  ბუნებრივი მეთოდებით ვცდილობთ ყურძნის მოყვანას და ღვინის დამზადებას. დაბრკოლებებიც ყურძნის მოყვანაში აქ იწყება. ვფიქრობ, კლიმატი შეიცვალა, ძნელია დაავადებებს და მავნებლებს მხოლოდ ბუნებრივი მეთოდებით და კონტაქტური პრეპარატებით გაუმკლავდე. სირთულეებია ინდუსტრიული და ბუნებრივი ღვინოების დამოკიდებულების დიფერენციაში, საქართველოა და „ყველა ღვინო კარგია“ - ამას  ვერ ვცდებით. კარგი იქნება თუ ბუნებრივი ღვინოების წარმოება სახელმწიფოს პრიორიტეტებში იქნება.

-  თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ხარისხი ცალსახად. პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჰიგიენას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. მცირე მარნებში ეს ცოტა რთულია, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, მეტი აგიტაცია სჭირდება ბოთლის ღვინის პოპულარიზაციას.

-  როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

- ძირითადი ტექნოლოგიური ხაზი ტრადიციული ქვევრის ღვინოა, თუმცა ვაკეთებთ პატარ-პატარა ექსპერიმენტებს როგორც ღვინოზე, ასევე ჭაჭის არაყზე.

ჩვენთან დაღვინების პროცესი ბუნებრივად, თითქმის ჩაურევლად, საფუარების და დანამატების გარეშე მიმდინარეობს. ღვინო თავის თავს ავითარებს, სწორად უნდა შეუწყო ხელი, განსაკუთრებით ქვევრის, კასრის ჰიგიენის კუთხით.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- უმთავრესი მიზანი კარგი ღვინო და მისი გაცნობა, პოპულარიზაციაა. შესაბამისად, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გვსურს მისი გატანა, რაც განვითარების საშუალებას მოგვცემს. ამ მიზნის მიღწევა რთულია, თუმცა როგორც ჩვენ, ისე დამწყებ მევენახე-მეღვინეებს დიდი მოთმინება და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულის არ უნდა შეგვეშინდეს.

მარნის მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა

ტელეფონი: 595566478

ელფოსტა: wineryshilduri@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100028099555207

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა