Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ვლადიმერ კუბლაშვილი: „თანამედროვე მეღვინეობა აღარ არის მხოლოდ ღვინის წარმოება“

ლევან სებისკვერაძე

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის კომპანიის -  „ხარებას“ გენერალურ დირექტორად ახლახან მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი დაინიშნა, რაც ამ კომპანიაში მისი მრავალწლიანი პროფესიული გზის ბუნებრივი გაგრძელებაა.  

ვლადიმერ კუბლაშვილი არის ენოლოგი, ღვინის ინდრუსტრიის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, WSET 4 დიპლომის კანდიდატი, საერთაშორისო ღვინის მსაჯი, სპიკერი და ასევე ქართული ღვინისა და „მეღვინეობა ხარებას“ აქტიური ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე. იგი უკვე ორი ათეული წელია „ხარებაში“ მუშაობს და როგორც vinoge.com-თან ინტერვიუში აღნიშნავს, ამ ხნის განმავლობაში განვითარების სურვილი არასოდეს დაუკარგავს.

ვლადიმერ კუბლაშვილი გვესაუბრა გასულ ოც წელიწადზე, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ კომპანიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ქვევრის ღვინის წარმოების გამოცდილებაზე, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების აღდგენისა და პოპულარიზაციის პროექტებზე, ადგილწარმოშობის ღვინოების მნიშვნელობასა და კომპანიის ახალ ინოვაციურ გეგმებზე.

- მეღვინეობა „ხარებას“ გენერალურ დირექტორის პოზიციაზე თქვენი დანიშვნა ლოგიკური გაგრძელებაა ამ კომპანიაში თქვენი მრავალწლიანი საქმიანობის. ქართველ მეღვინეთა უმეტესობას სხვადასხვა კომპანიაში ვხედავთ ხოლმე. თქვენ კი უკვე 20 წელია, „ხარებას“ წარმოადგენთ და თანაც ისე, რომ მანამდე სხვაგან არსად გიმუშავიათ. როგორ გახსენდებათ ეს წლები - პირველი ნაბიჯები და შემდგომი წარმატებები? 

- 20 წლის წინ, „ხარებაში“ როცა დავიწყე მუშაობა, მაშინვე გამიჩნდა სურვილი,  რომ ჩემი მთელი პროფესიული ცხოვრება ამ კომპანიას დაკავშირებოდა.  უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ ამ წლების განმავლობაში არასოდეს დამიკარგავს განვითარების სურვილი. თითოეულ რთველს, თითოეულ ახალ ვენახს, თითოეულ ახალ ღვინოს ახალ გამოცდილებად ვიღებდი.

ხშირად ამბობენ, რომ დიდი კომპანია აუცილებლად სტანდარტიზაციას ნიშნავს. სინამდვილეში „ხარებაში“ პირიქით არის. ჩვენ ერთდროულად ვმუშაობთ როგორც ასიათასობით ბოთლის წარმოებაზე, ასევე ისეთ ღვინოებზე, რომელთა წლიური გამოშვება მხოლოდ რამდენიმე ასეული ბოთლია. გვაქვს ასობით ჰექტარი საფერავი, მაგრამ ამავე დროს რამდენიმე ჰექტარი ალადასტური, ძელშავი, ოცხანური საფერე და სხვა იშვიათი ჯიშები. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შემაძლებინა, რომ ოცწლიანი საქმიანობის შემდეგაც ყოველდღე ახალი გამოწვევა მქონოდა.

- ეს 20 წელიწადი ქართული მეღვინეობისთვის და კომპანიისთვისაც წინააღმდეგობებით აღსავსე წლები იყო. განსაკუთრებით, არც თუ ისე კარგი გასახსენებელია რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო, რომელმაც მეორე მხრივ, სტიმულიც მისცა დარგს, რომ რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი იაფფასიანი ღვინოების ნაცვლად, ეწარმოებინა ევროპულ ხარისხზე და სტანდარტებზე ორიენტირებული პროდუქცია. ცხადია, „ხარებაც“ იძულებული იქნებოდა, თვალი გაესწორებინა ახალი რეალობისთვის და გამოწვევებისთვის. დღეის გადასახედიდან როგორ აფასებთ კომპანიის იმდროინდელ გადაწყვეტილებებს, ცვლილებებს და რა იყო თქვენი წვლილი ამ პროცესში? 

- 2006 წლის ემბარგო უდიდესი გამოწვევა იყო მთელი ქართული მეღვინეობისთვის. თუმცა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან დარგს მნიშვნელოვანი გარდატეხაც მოუტანა.

„ხარებამ“ მაშინ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით კომპანიის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად იქცა — დაიწყო საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული ხარისხის სისტემების განვითარება, ახალი ვენახების გაშენება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პროდუქციის დივერსიფიკაცია. 

იმ პერიოდში ჩემი ძირითადი პასუხისმგებლობა იყო ღვინის ხარისხი. ვმონაწილეობდი ახალი ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვაში, ექსპერიმენტებში, სხვადასხვა სტილის ღვინოების შექმნაში და ვფიქრობ, სწორედ ამ პროცესებმა მოგვცა შესაძლებლობა, დღეს 10-ზე მეტ ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილი.

- თქვენი, როგორც პროფესიონალი მეღვინის, საქმიანობის წლები ემთხვევა საქართველოში ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდას და იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის შეტანას. „ხარება“ იყო ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული კომპანია, რომელმაც ქვევრებში ღვინის დაყენება დაიწყო და ამ მხრივ, აღსანიშნავია „ხარებას“ ცალკე ხაზი - „მონასტრის ღვინოების“ სახით. თქვენ თავიდანვე უშუალო შეხება გქონდათ დასავლეთ საქართველოში არსებულ მარანთან, სადაც ქვევრებში ღვინის დაყენების პროცესს ხელმძღვანელობდით. გაგვიზიარეთ ეს გამოცდილება.

- ბევრს ჰგონია, რომ ინდუსტრიული კომპანია ქვევრს მხოლოდ მარკეტინგისთვის იყენებს. ჩემს გამოცდილებაში ეს არასოდეს ყოფილა ასე.

დასავლეთ საქართველოში ქვევრში ღვინის წარმოება როცა დავიწყეთ, ყოველდღიურად მიწევდა ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების პროცესის მართვა. სწორედ იქ მივხვდი, რომ ქვევრი მხოლოდ ჭურჭელი კი არა, სრულიად განსხვავებული ფილოსოფიაა.

„მონასტრის ღვინოები“ სწორედ ამ გამოცდილების შედეგია. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის გამოყენება. ეს არის მცდელობა, ქართული მეღვინეობის ყველაზე ძველი ტრადიცია თანამედროვე ხარისხის მოთხოვნებთან ერთად წარმოვაჩინოთ.

-  „ხარება“ ასევე ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული კომპანია იყო, რომელმაც დიდი ყურადღება მიაქცია მივიწყებულ ქართული ვაზის ჯიშებს და მათ დაბრუნებას მეღვინეობაში. ერთი მხრივ, კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა მევენახეებთან სხვადასხვა რეგიონში, რათა მიეღო მათ მიერ მოყვანილი იშვიათი ვაზის ჯიშების ყურძნის მოსავალი და მეორე მხრივ, კომპანიამაც გააშენა იშვიათი ვაზის ჯიშების როგორც საწარმოო, ისე საკოლექციო ვენახები. გვიამბეთ ამ იშვიათ ჯიშებზე და ღვინოებზე - როგორ დაიწყეთ და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ვფიქრობ, სწორედ ეს მიმართულება ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ „ხარებას“ საქმიანობის მხოლოდ დიდი მოცულობებით შეფასება არასწორია.

კომპანიას მართლაც აქვს ასობით ჰექტარი საფერავი და სხვა ფართოდ გავრცელებული ჯიშები, მაგრამ ამავე დროს მიზანმიმართულად ვაშენებთ ისეთ ვენახებს, რომელთა ფართობი ზოგჯერ მხოლოდ ორი, სამი ან ხუთი ჰექტარია.

ალადასტური, ძელშავი, ოცხანური საფერე, ჯანი, ჩხავერი, კუნძა, ციცქა, კრახუნა, კაპისტონი და სხვა უნიკალური ქართული ჯიშები ჩვენთვის მხოლოდ კომერციული პროდუქტი არ არის — ეს არის საქართველოს მევენახეობის გენეტიკური მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნებასა და განვითარებას საკუთარ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ.

სწორედ ამიტომ, ხშირად ერთი ასეთი ღვინის წლიური წარმოება მხოლოდ 800, 1000 ან რამდენიმე ათასი ბოთლია. მიუხედავად მცირე მოცულობისა, ამ ღვინოებს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჩვენი ძირითადი ხაზის პროდუქტებს.

ამ მიმართულების კიდევ უფრო გასაძლიერებლად უკვე დაწყებულია ახალი მიკროვინიფიკაციის განყოფილების პროექტირება. ეს იქნება სპეციალიზებული სივრცე, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ცალკე დავამუშაოთ ძალიან იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების მცირე რაოდენობით მოწეული ყურძენი და შევქმნათ ექსპერიმენტული თუ ლიმიტირებული ღვინოები, რომლებიც მაქსიმალურად გამოხატავენ კონკრეტული ჯიშის, ვენახისა და მოსავლის წლის თავისებურებებს. ვფიქრობ, ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს „ხარებას“ როლს ქართული ვაზის უნიკალური გენოფონდის კვლევის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

-  „ხარებას“ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მიმართულებაა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება. მათ შორის არის „სვირი“, რომელიც ბოლო წლებამდე იმერეთის რეგიონის ერთადერთი ადგილწარმოშობის დასახელება იყო, მაგრამ ამ ღვინოს არავინ აყენებდა. ეს ნავსი „ხარებამ“ გატეხა და წლების წინ ბაზარზე გამოიტანა „სვირი“, რომელიც ციცქას, ცოლიკოურის და კრახუნას ყურძნების შერევით არის დაყენებული. რამდენად წარმატებულია ეს მიმართულება და რამდენად არის შენარჩუნებული ადგილწარმოშობის, ტერუარის ღირსებები ინდუსტრიულ მეღვინეობაში?

- „სვირი“ ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ მასშტაბური კომპანია და ტერუარის პატივისცემა ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებები არ არის. ადგილწარმოშობის ღვინო მხოლოდ გეოგრაფიული დასახელება არ არის. იგი კონკრეტული ადგილის, ნიადაგის, კლიმატის და ტრადიციის გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ „ხარება“ მასშტაბური კომპანიაა, თითოეულ ადგილწარმოშობის ღვინოს დამოუკიდებელი პროექტივით ვუდგებით. სხვადასხვა ვენახი, სხვადასხვა მოსავლის შეფასება, ცალკეული ვინიფიკაცია — ეს ყველაფერი აუცილებელია იმისათვის, რომ ტერუარის იდენტობა შენარჩუნდეს.

- გარდა ღვინოებისა, კომპანიას აქვს სხვა პროდუქტებიც. მათ შორის საინტერესოა ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც უნარჩენო წარმოების კარგი მაგალითიც არის და პროდუქტიც თავისთავად, საინტერესოა. თქვენ, როგორც კომპანიის გენერალურ დირექტორს, უკვე ამ პროდუქტების განვითარებაზეც მოგიწევთ ზრუნვა. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

- თანამედროვე მეღვინეობა აღარ არის მხოლოდ ღვინის წარმოება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ნარჩენების ეფექტიანი გამოყენება და ახალი, მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტების შექმნა ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყურძნის წიპწის ზეთი ამის კარგი მაგალითია. თუმცა ამით არ ვჩერდებით. უკვე ვმუშაობთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტზე, რომლის დეტალების გამხელა ჯერ ნაადრევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისხარებარაერთ გულშემატკივარს სასიამოვნოდ გააკვირვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მუდმივად ვითარდებოდეს, ეძებდეს ახალ შესაძლებლობებს და ქართულ მეღვინეობას მხოლოდ ტრადიციით კი არა, ინოვაციებითაც ემსახურებოდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა