
სიცხეში სწორი ღვინის შერჩევა ნამდვილი ხელოვნებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს ბლოგზე ახალი რუბრიკა დავიწყოთ, სადაც სფეროს წამყვანი ღვინის პროფესიონალები, სომელიეები და მეღვინეები გაგვიზიარებენ თავიანთ სამ ფავორიტ ღვინოს, რომლებიც იდეალურია ზაფხულის ცხელი დღეებისა და გრილი საღამოებისთვის.
მხოლოდ კონკრეტული რეკომენდაციები, გემოები და მარტივი გასტრონომიული წყვილები.

ბლოგის პირველი სტუმარი სომელიე და ღვინის ექსპერტი კობა აბრამიშვილია, რომელიც გვირჩევს სამ ღვინოს შემდეგი კატეგორიებიდან:

აუცილებელი კლასიკა: თეთრი მშრალი - რაჭული თეთრა 2025, რაჭის მამულები
"ღვინო ზომიერად სხეულიანია, ხალისიანი მჟავიანობით, არომატებში გამოირჩევა მინდვრის თეთრი ყვავილები, მწიფე ატამი და ცაცხვის თაფლის მსუბუქი ტონები.
“რაჭულ თეთრას” უხდება შქმერული, სალათები მოხარშული ფრინველის ხორცით, მსუბუქი ყველი -ახალი, ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი.
ჩემთვის, 2026 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე აღმოჩენაა რაჭიდან."

ზაფხულის განწყობა: თავკვერი როზე, 2024, შიდა ქართლი, კაპიტო
"ღვინო ხასიათდება მსუბუქი ვარდისფერი, მაცოცხლებელი მჟავიანობით და სასიამოვნოდ გამყოლი გემოთი. არომატები: ველური ვარდი, წითელი მოცხარი და კოწახურის ხალისიანი ტონები.
მივირთვათ პაშტეტებთან, აზიურ ნაკლებად ცხარე ვეგეტარიანულ სამზარეულოსთან, პასტასთან პომიდვრის სოუსით.
ნამდვილი ზაფხულის ღვინოა, უბრალოდ წლევანდელი სეზონი ვერ გამოირჩევა შესაბამისი ამინდებით."

ექსპერიმენტი/აღმოჩენა: ცქრიალა ღვინო, რეზერვი, ექსტრა ბრუტი
"ცქრიალა ღვინო, რეზერვი, ექსტრა ბრუტი, 36 თვე ლექზე დავარგებით, ციცქას ჯიშის ყურძენი იმერეთიდან, ტრადიციული შამპანურის მეთოდით შექმნილი შატო ბუერაში.
სიმსუბუქე და სისავსე ერთად, როგორც ინი და იანი. მწვანე ვაშლის, ციტრუსის ქერქის, თეთრი; ყვავილებისა და საფუვრიანი ცომის (ბრიოშის) ელეგანტური ნოტები.
მივირთვათ ზღვის პროდუქტებთან, ხიზილალასთან, ან მსუბუქ სალათებთან და თხის ყველთან ერთად.
უმაღლესი კლასის ქართული ცქრიალა ღვინოა. იდეალურია როგორც აპერიტივი ვახშმის საზეიმოდ დასაწყებად."
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი