Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

როზეს მითი: ვარდისფერი ღვინის შესახებ წარმოდგენათა უმეტესობა მცდარია

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ში გამოქვეყნდა სტატია კრის ლოშის ავტორობით, რომელიც ვარდისფერ ღვინოებსა და მასთან დაკავშირებულ მცდარ წარმოდგენებს, ე.წ მითებს შეეხება.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში როზეს ნამდვილი გარდასახვის მოწმეები გავხდით.  ოდესღაც ამ ღვინის სახელს ხმამაღლა ვერ ვამბობდით. ახლა კი ზაფხულის განუყოფელ ნაწილად იქცა.  მისი პოპულარობის მიუხედავად, როზეს გარშემო უამრავი მცდარი წარმოდგენა კვლავ არსებობს და ბევრ „ფაქტს“ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რწმენაა, თითქოს როზე მხოლოდ მარტივი, ხილის არომატიანი სასმელია. მართალია, ბევრი ვარდისფერი ღვინო მსუბუქია და მასში ხილის ტონები იგრძნობა, მაგრამ ეს მათ არანაკლებ სერიოზულს ხდის, ვიდრე მსგავსი სტილის თეთრი თუ წითელი ღვინოებია. სინამდვილეში, როზე ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, მუხის კასრებში დაძველება წლების წინაც გამოიყენებოდა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა რიოხა, დღეს კი ზოგიერთი მწარმოებელი — მათ შორის Château d’Esclans თავისი Garrus-ით — ახალ მუხაში აძველებს როზეს, რათა სიღრმე და ტექსტურა შესძინოს. სხვები ექსპერიმენტებს ატარებენ  და ალტერნატიულ ჭურჭელს, მაგალითად - კერამიკას იყენებენ, რაც ღვინოს სხეულსა და სიფაქიზეს მატებს ისე, რომ არ ფარავს მის ბუნებრივ ხასიათს. ბოთლში დაძველებასაც შეუძლია სრულიად გარდაქმნას როზე, რაც ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ „ხილის წვენი“ არ არის.

სხვა მითიც ხშირია: თითქოს როზე  პროვანსის სინონიმია. მართალია, პროვანსმა შექმნა გლობალური ეტალონი თავისი ფერმკრთალი, მშრალი და მჟავიანი სტილით, მაგრამ ეს მთლიანი სურათი არ არის. სინამდვილეში, არსებობს როზეს საოცარი მრავალფეროვნება — ღრმა, თითქმის ღია წითლიდან სრულიად გამჭვირვალე სტილამდე, გემოთი კი დახვეწილიდან ძლიერ ღვინომდე. ღვინის ფესტივალებზე ხშირად ასობით სხვადასხვა როზეა წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ხარისხით პროვანსის ცნობილ ბოთლებს არაფრით ჩამოუვარდება, ფასით კი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია. ამ ნაკლებად პოპულარული ვარიანტების აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა.

კიდევ ერთი მცდარი წარმოდგენა ისაა, თითქოს როზე მხოლოდ მარტო დასალევია და საჭმელს არ ეხამება. სომელიეები ამას კატეგორიულად უარყოფენ. როზე სინამდვილეში გასაოცრად მრავალფეროვანი გასტრონომიული ღვინოა, რომლის შეხამებაც მრავალ კერძთანაა შესაძლებელი. მსუბუქი ღვინოები ზღვის პროდუქტებს — კრევეტს, თევზეულობას, ლობსტერს — იდეალურად ერგება, უფრო სხეულიანი როზე კი მშვენივრად ეხამება ცხვრის ხორცს ტომატის სოუსით. შესაბამისად, როზე მხოლოდ აპერიტივი კი არა, სუფრის ღვინოცაა.

არც დალევის წესებია ისეთი მკაცრი, როგორც ბევრს ჰგონია. თუკი ღვინო ძალიან თბილი ან მაღალალკოჰოლური აღმოჩნდა, რამდენიმე კუბი ყინული შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს. მთავარია, დიდხანს არ გააჩეროთ, რათა არ გაზავდეს.

სულაც არაა აუცილებელი, როზე მხოლოდ ზაფხულთან ასოცირდებოდეს. მართალია, ბევრი მათგანი მსუბუქი დასალევია, მაგრამ ზოგიერთი უფრო ღრმა და სტრუქტურიანი ღვინო მშვენივრად უხდება ცივ სეზონსაც. ვენის სამხრეთით, მაგალითად, მზადდება მუქი ფერის როზე, რომელსაც ისეთივე შემოდგომისეული ხასიათი აქვს, როგორც ბაროლოს.

ასევე მითია ისიც, თითქოს რაც უფრო ფერმკრთალია როზე, მით უკეთესია. ეს მხოლოდ პროვანსული სტილის მიმართ ჩამოყალიბებული სუბიექტური სტერეოტიპია. არსებობს უამრავი საშუალო ხარისხის ღია როზე და ბევრი შესანიშნავი, უფრო ღრმა ფერისა. მეტიც, ხშირად დაბალი რეპუტაციის მქონე ნახევრად ტკბილი, ოდნავ ბუშტუკოვანი ვარიანტებიც — მაგალითად, Lambrusco ან Mateus — მშვენივრად ეხამება სანელებლიან კერძებს.

ასევე ხშირად ფიქრობენ, რომ როზე აუცილებლად ძალიან ახალგაზრდა უნდა დალიო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია. ახალგაზრდა როზეს ხშირად ბალახის, გრეიპფრუტის ტონები აქვს,  მაგრამ ერთ წელიწადში ეს ტონები იკლებს და სხვა, უფრო ფაქიზი ტონები უჩნდება. იტალიაში, ბარდოლინოს ზონაში, Le Fraghe-ის მეღვინე მატილდე პოჯი როზეს ხშირად 3–4 წლის დაძველებით უშვებს. მისი ღვინოები ელეგანტურიცაა და პოეტურიც. რა თქმა უნდა, ყველა როზე არ არის დაძველებისთვის განკუთვნილი, მაგრამ „ტერუარის“ მქონე ვარდისფერს ასაკი ნამდვილად ამდიდრებს.

და ბოლოს, როზეს ფერი, რომელიც მისი ყველაზე დიდი გაყიდვადი იარაღია, ასევე მისი სისუსტეცაა. ეს ღვინო განსაკუთრებით მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, რასაც შეუძლია გემო გაუფერულოს ან უსიამოვნო ტონები შესძინოს. საუკეთესო დაცვა მუქი ბოთლია, თუმცა მწარმოებლები ხშირად გამჭვირვალეს იყენებენ, რათა ფერი უკეთ გამოჩნდეს. ამიტომ პასუხისმგებლობა მომხმარებელზე მოდის: როზე უნდა შეინახოთ სინათლისგან დაცულ ადგილას, გაციებული, ხოლო ღია სივრცეში სასურველია დაფაროთ ან ყუთში შეინახოთ. მხოლოდ ასე შეძლებს ღვინო შეინარჩუნოს ის ხიბლი, რაც მეღვინემ შესძინა.

საბოლოო ჯამში, როზე გაცილებით მრავალფეროვანი, რთული და უნივერსალური ღვინის სტილია, ვიდრე ამას გავრცელებული სტერეოტიპები ამტკიცებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა