Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ჩემპიონატი - ლუდი, ღვინო და სხვა ამბები

ლევან სეფისკვერაძის ბლოგი

11 ივნისს მეხიკოს ლეგენდარულ აცტეკას“ სტადიონზე მორიგი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება. პლანეტის მილიონობით გულშემატკივარი ამ დღისთვის მთელი ოთხი წელი ემზადებოდა და ეს სამზადისი არ იყო მხოლოდ ემოციური. ადამიანები წინასწარ არჩევდნენ საყვარელ ადგილებს, ლუდხანებსა და ბარებს, სადაც უნდა ენახათ მატჩები. ბევრმა დანაზოგით ახალი ტელევიზორიც კი შეიძინა და წინასწარ გაივსო მაცივრები ლუდითა და სასუსნავებით, რადგან ისე მოხდა, რომ საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლუდი ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად ითვლება. თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო.

ლუდი და ფეხბურთის კომერციალიზაცია

1960-იანი და 1970-იანი წლებიდან სპორტის და განსაკუთრებით კი ფეხბურთის კომერციალიზაციამ ახალი მასშტაბები შეიძინა. კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ ფეხბურთი იდეალური პლატფორმა იყო ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ლუდის მწარმოებელი კომპანიების აქტიური ჩართვა ფეხბურთის სპონსორობაში.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში, როდესაც ამერიკული ლუდი - „ბუდვაიზერი“ გახდა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლუდის სპონსორი. ეს პარტნიორობა სპორტული მარკეტინგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება. „ბუდვაიზერის“ რეკლამები მსოფლიო ჩემპიონატის განუყოფელ ნაწილად იქცა და ბრენდი ფეხბურთის მოყვარულთა ცნობიერებაში მყარად დამკვიდრდა.

შემდგომ წლებში სხვა ცნობილი ლუდის ბრენდებიც აქტიურად ჩაერთნენ ფეხბურთის სამყაროში. მაგალითად, ნიდერლანდური „ჰეინეკენი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპულ საკლუბო ფეხბურთს და მრავალი წლის განმავლობაში ასოცირდება UEFA-ს ჩემპიონთა ლიგასთან. ანალოგიურად, სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი ლუდის მწარმოებლები ეროვნული ჩემპიონატებისა და კლუბების სპონსორები გახდნენ.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატი პლანეტის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მილიარდობით მაყურებელი ადევნებს თვალს ტურნირს. ასეთი აუდიტორია ბრენდებისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის. ლუდის კომპანიები მსოფლიო ჩემპიონატს იყენებენ არა მხოლოდ პროდუქტის რეკლამისთვის. რეკლამებში ხშირად ჩანს მეგობრების ჯგუფები, ოჯახები და სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთის სიყვარულმა გააერთიანა. მთავარი გზავნილი, როგორც წესი, მეგობრობა, ერთიანობა და გამარჯვების აღნიშვნაა.

სპონსორობა დღეს ფეხბურთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლუდის კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ რეკლამაში, რაც ტურნირების ორგანიზებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სანაცვლოდ, ისინი იღებენ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელთან წვდომას. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ორივე მხარეზე. ფეხბურთმა მიიღო დამატებითი ფინანსური რესურსები, ხოლო ლუდის ბრენდებმა უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტი სპორტის ყველაზე ემოციურ მომენტებთან დაეკავშირებინათ.

ლუდი, ღვინო, ყატარი და სამხრეთ ამერიკა

უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართა, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იმ ჩემპიონატთაგანი იყო, სადაც ალკოჰოლური სასმელები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. თუმცა გულშემატკივარი რისი გულშემატკივარია, გამოსავალი აქაც რომ არ ეპოვა. დოჰას აეროპორტში ათასობით ადამიანს „უპოვეს“ ყატარში წასაღებად შეფუთული სხვადასხვა სახის ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელი. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ლუდი სტადიონზეც დაუშვეს, მაგრამ ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ბოკალის შეძენა შეეძლო, რაც ბრიტანელი ქომაგებისთვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ. „ბედი მათი“, რომ წინა მუნდიალის ფინალში მათი გუნდი არ გასულა, თორემ როგორ დასრულდებოდა ეს შეზღუდვა, არავინ იცის.

შარშან სამხრეთ ამერიკაში მომიწია სტუმრობა და ძალიან გამიკვირდა როდესაც აღმოვაჩინე, რომ იქაურები ფეხბურთის ყურების დროს ღვინოს უფრო ეტანებიან, ვიდრე ლუდს. ცხადია, ლუდსაც მოიხმარენ და არც მცირე რაოდენობით, მაგრამ როგორც ბუენოს-აირესის, ასევე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს საფეხბურთო ბარებში უფრო მეტ ადამიანს ნახავდით ღვინის ფუჟერით, ვიდრე ლუდის ბოკალით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. ახალი ღვინის სამყაროს ქვეყნებში ფეხბურთის დროს ღვინის სმა უფრო მეტად არის დამკვიდრებული, ვიდრე, მაგალითად, საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული.

ისევ ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ბავშვობაში ნანახი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს ზაფხულის სიცხეს როგორ უმკლავდებოდნენ ჩვენი მამები და პაპა-ბიძები. ხოლო იმერელ მეღვინე მეგობარს მოყოლილი აქვს, რომ მათ სოფელში ქუთაისიდან ლუდის გაუფუჭებლად ატანა რთული საქმე იყო. ამიტომ სოფელში არსებული ერთადერთი ტელევიზორის გარშემო შეკრებილი ფეხბურთის მოყვარულები ჭაში გაცივებული ჭურის ცოლიკოურით გადიოდნენ იოლას, რაც შეგვიძლია სხვა კუთხეებზე და იქაურ ღვინოებზეც გავაზოგადოთ. ლუდი კი უფრო ქალაქურ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, როგორც პოპულარობით, ისე ხელმისაწვდომობით.

ლუდი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი...

მტკვრის სანაპიროსთან მდებარე ცნობილი თბილისის ლუდის ბარი, სადაც ბოლოს კომპანია „ყაზბეგის“ ქარხანა არსებობდა (ახლა ამ ტერიტორიასა და საწარმოს ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვეტცელი“ ფლობს), იყო ადგილი, საიდანაც არა მხოლოდ თბილისელი ლუდის მოყვარულები, არამედ დედაქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებისა და პატარა ქალაქების მცხოვრებლებიც იმარაგებდნენ სამუნდიალო „ლუდის მარაგს“.

გასული საუკუნის 60-70-80-იან წლებში თუ შეიხედავდით თბილისური სახლების პირველი სართულების ფანჯრებში, ტელევიზორებთან მსხდომი ხალხის ხელში აუცილებლად დაინახავდით მძიმე ლუდის ბოკლებსა და იმ დროს ლუდთან აუცილებელ მისაყოლებელ გამხმარ თევზეულს. პელეს, გარინჩას (60-იან წლებში სატელევიზიო რეპორტაჟები დიდი იშვიათობა იყო), კრუიფის, ბეკენბაუერის, კუბილასის, შემდეგ კი უკვე მარადონასა და პლატინის დიდებულ გარჯას ბოკლების ჭახა-ჭუხში უყურებდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სოხუმის ქომაგთა არმია.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თუ თბილისში ლუდის „ასაღებ“ ადგილად სანაპირო ითვლებოდა, ქუთაისს ჰქონდა ლეგენდარული ლუდი „აია“, რომელიც ქუთაისელების თვალში სხვადასხვაგვარ შეფასებებს იმსახურებდა. ერთნი მას დღემდე აქებენ, მეორენი კი იმ ძველ „აიას“ უხარისხობას უკავშირებენ ლუდით ნათქვამ სადღეგრძელოებს, რაც არცთუ კარგი ადამიანების „დალოცვას“ გულისხმობდა. „ამ ლუდით კარგი ხალხი როგორ უნდა დავლოცოთო“ - დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს ბათუმის ლეგენდარული ლუდის ქარხანა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ბათუმური ლუდი ძირითადად დასავლეთ საქართველოში ახლაც პოპულარულია. სოხუმში კი ადგილობრივი ლუდის წარმოება 70-იანების დასაწყისში დაიწყეს. მანამდე საუკეთესო ლუდად აფხაზეთის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ადლერში წარმოებული მუქი ლუდი და შემოტანილი „ჟიგულოვსკი“ ითვლებოდა.

ლუდი, ფეხბურთი და საქართველოს მთა

ლუდზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქართველოს სამი მთიანი კუთხე, სადაც ლუდი (უფრო სწორად, ლუდისმაგვარი სასმელი) ტრადიციულად იხარშებოდა. თუმცა ოსური, თუშური და ხევსურული ლუდი არასოდეს გამხდარა საფეხბურთო ჩემპიონატის ნაწილი, რადგან ზემოთ აღნიშნული ლუდები, როგორც წესი, ადგილზე ისმებოდა და როგორც გითხარით, რაკი მთაში ღვინო არ იყო, ძირითადად დღეობების მთავარი სასმელის ფუნქცია ჰქონდა.

ხოლო ხევსურულ, ოსურ ან თუშურ მთის სოფელში ტრადიციულ ხატობა-დღეობაზე ადრე კი არა, ახლაც რთულად წარმოსადგენია ტელეეკრანს მიმჯდარი ფეხბურთის ქომაგი, რომელიც მსაჯის მიერ დანიშნული პენალტის გამო ნერვიულობს და ხელში დაჭერილი ჯიხვის რქის ყანწიდან ლუდი ეღვრება...

ბარების და რესტორნების სამუნდიალე სამზადისი

ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყებამდე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ბარებმა და რესტორნებმა განსაკუთრებული მზადება დაიწყეს, რათა რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიიზიდონ

პირველ რიგში, კვებითი დაწესებულებები ზრუნავენ მატჩების დიდ ეკრანზე ტრანსლაციაზე. ბევრი ბარი და სპორტული პაბი დამატებით დიდ ეკრანებსა და თანამედროვე აუდიო სისტემებს ამონტაჟებს, რათა გულშემატკივრებმა თამაშების ყურება კომფორტულად შეძლონ. ბევრი ბარი ისედაც ცნობილია პირდაპირი სპორტული ტრანსლაციებით და დიდ სპორტულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნით.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება სივრცის ორგანიზებაა. ჩემპიონატის პერიოდში რესტორნები და ბარები წინასწარ იღებენ ჯავშნებს, აწყობენ სპეციალურ ფან-ზონებს და ზრდიან მომსახურე პერსონალის რაოდენობას. ეს აუცილებელია, რადგან პოპულარული მატჩების დროს სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მენიუსაც. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ბევრი ობიექტი სტუმრებს სპეციალურ შეთავაზებებს, საფეხბურთო თემატიკის კერძებსა და სასმელების აქციებს სთავაზობს. ეს ხელს უწყობს როგორც გაყიდვების ზრდას, ისე სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნას. ზოგიერთი რესტორანი დამატებით მუსიკალურ პროგრამებს, გათამაშებებსა და კონკურსებსაც აწყობს, რათა გულშემატკივართა ჩართულობა გაიზარდოს.

მსოფლიო ჩემპიონატი ბარებისა და რესტორნებისთვის არა მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ მნიშვნელოვანი ბიზნესშესაძლებლობაცაა. ისინი ცდილობენ შექმნან საფეხბურთო გარემო, ყველას ინტერესშია, რომ წლევანდელი საფეხბურთო  დღესასწაული განსაკუთრებულიიყოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა