
ლევან სეფისკვერაძე
მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს 9 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, ქართულ მეღვინეობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა. 2010 წლიდან მოყოლებული ეს ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს როგორც მსხვილ ღვინის კომპანიებს, ისე მცირე მარნებს, რაც მთლიანობაში ქართული ღვინის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
სწორედ ამიტომ საინტერესოა სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავაჯამებთ და გავარკვევთ, წელს ქართული დიდი თუ მცირე მარნები ფესტივალზე ძირითადად რა ტიპის, სტილის, ხასიათის და პერსპექტივების მქონე ღვინოებს გვთავაზობენ. ასევე, საინტერესო უნდა იყოს გავარკვიოთ რეგიონული კუთხით, ვის აქვს უპირატესობა და ამაზე დაყრდნობით ვივარაუდოთ სამომავალოდ როგორ შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობა.
2026 წლის ფესტივალში, ოფიციალური მონაცემებით, მონაწილეობს:
• 70 ღვინის კომპანია
• 50 საოჯახო მარანი
• 3 სხვა ტიპის კომპანია
• ჯამში 123 მონაწილე
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული მეღვინეობა დღეს მრავალფეროვანი და დინამიკურია.
რეგიონული განაწილება
საოჯახო მარნების რეგიონული განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. არსებული მონაცემებით, კახეთი აშკარა ლიდერია, რაც ბუნებრივია, რადგან საქართველოს ღვინის წარმოების ძირითადი ნაწილი სწორედ აქ არის კონცენტრირებული. ქართლი და იმერეთი უკვე მეორე დონის ძლიერ ცენტრებად გვევლინებიან. დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები (გურია, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა) ჯერ კიდევ მცირედ არიან წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეღვინეობა ჯერ კიდევ აღმოსავლეთ საქართველოზეა კონცენტრირებული, მაგრამ დივერსიფიკაციის პროცესი დაწყებულია.
ცხრილში მოყვანილია დიდ და მცირე მარანთა ერთიბლიობა. ასევე იგლისხმება ის მარნები, რომლებსაც წარმოება სხვადასხვა რეგიონში აქვთ.
კახეთი - 67
ქართლი - 28
იმერეთი - 25
თბილისი - 12
რაჭა-ლეჩხუმი - 12
გურია - 8
აჭარა - 2
სამეგრელო - 1
ვაზის ჯიშები
ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოების მიხედვით ყველაზე გავრცელებული ჯიშებია:
რქაწითელი - ქართული თეთრი ღვინის ბაზისი;
საფერავი - წითელი ღვინოების მთავარი ჯიში;
ციცქა, ცოლიკოური, ჩინური - იმერული და ქართლის მიმართულება;
მწვანე კახური, ხიხვი, ქისი - მეორე კატეგორიის კახური თეთრი ჯიშები;
ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი და სხვა — მცირე, მაგრამ მზარდად გაშენებადი ვაზის ჯიშები.
მონაცემებით უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოში წარმოებული ღვინის ყოველი მეორე ლიტრი რქაწითელზე მოდის, რაც ხაზს უსვამს ამ ჯიშის დომინანტურ როლს.
ფესტივალზე წარმოდგენილთაგან აბსოლუტური დომინაცია აქვს მშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს. მესამე ადგილზეა ქვევრის ღვინო. ცხრილში წარმოდგენილია მარნების რაოდენობა, რომლებიც ფესტივალზე მითითებული ტიპის ღვინოებს წარმოადგნენ.
თეთრი მშრალი - 90+
წითელი მშრალი - 60+
ვარდისფერი (როზე) - 20+
ცქრიალა / პეტ-ნატი - 40-45
ნახევრად მშრალი - 15-20
ნახევრად ტკბილი - 70+
ექსპერიმენტული (ბლენდი/მიქსი) - 40+
შემაგრებული - 10+
„ახალი ღვინის ფესტივალი“ გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დავინახოთ არა მხოლოდ ის, თუ რას ვსვამთ დღეს, არამედ დავინახოთ ქართული ღვინის მომავალი. წარმოდგენილი მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ კახეთი კვლავაც დომინანტ რეგიონად რჩება და განსაზღვრავს ქვეყნის ღვინის წარმოების ძირითად მოცულობას. პარალელურად კი აშკარად იზრდება მცირე და საოჯახო მარნების როლი, რომლებიც ბაზარზე ახალ პროდუქტს ქმნიან. სწორედ მათი აქტიურობა უწყობს ხელს დივერსიფიკაციის პროცესს - როგორც ვაზის ჯიშების, ისე ღვინის სტილების მიმართულებით, რაც მთლიანობაში ქართულ მეღვინეობას უფრო მრავალფეროვანს და კონკურენტუნარიანს ხდის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი