„ღვინის კლუბის“ ინიციატივით, „კავკასიურ სახლსა“ და „ღვინის სამყაროში“ დაიწყო ლექცია–სემინარების ციკლი, რომლის მიზანია: ღვინისა და გემოვნების კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა და საზოგადოების ინფორმირება როგორც სიახლეების, ისე მეღვინეობასა თუ მევენახეობაში არსებული პრობლემების შესახებ.
ორ კვირაში ერთხელ ლექციებს წაიკითხავენ მეღვინეობა–მევენახეობის სპეციალისტები, ეთნოგრაფები, კულტუროლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლუბის მიზნების განხორციელებაში.
27 ოქტომბერს, მაღაზია–სალონ „ღვინის სამყაროში“ (რ. ლაღიძის ქ. 2, "ოპერასთან") პირველი ლექცია - „ღვინის დაგემოვნების შესავალი“ წაიკითხა ცნობილმა ენოლოგმა, კორპორაცია „ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ავსტრიის სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ნუგზარ ქსოვრელმა. მისი ლექცია ეხებოდა როგორც ღვინის დაგემოვნების პროფესიულ საიდუმლოებებს, ისე მეღვინეობისათვის დამახასიათებელ პრობლემებს, რაც გამოწვეულია ვაზისა და ღვინის სხვადასხვა დაავადებით. ლექცია–სემინარის სრული ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდება ბლოგზე www.vinoge.com.
ნუგზარ ქსოვრელთან ერთად „ღვინის კლუბის“ წევრებმა დააგემოვნეს ექვსი სახეობის ქართული ღვინო:
1) წინანდალი 2007– კორპორაცია ქინძმარაული, ღვინის ქ–ნა „ვაზის ცრემლები“;
2) კახური 2007– "ენისელის ღვინოები";
3) თავკვერი 2005 – „ოკამი“;
4) ყვარელი 2004 – „კონჭო და კომპანია“;
5) მერლო – "ბესინი";
6) ქინძმარაული 2007 – ღვინის ქ–ნა „ვაზის ცრემლები“;
ჩამოთვლილი ღვინოებიდან ყველაზე საინტერესო ღვინოდ ერთხმად დასახელდა „ყვარელი 2004“ – „კონჭო და კომპანია“, რომელიც გამოირჩეოდა სიძველის სასიამოვნო ტონებით, ტყის კენკრის არომატით და ამავე დროს, შემდგომი დაძველების პოტენციალით.
„ღვინის კლუბის“ მომდევნო ლექცია–სემინარი, რომელიც სამშაბათს 10 ნოემბერს 18:00 საათზე „კავკასიურ სახლში“ ჩატარდება, ბევრს დააინტერესებს. ამჯერად, “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან უჯმაჯურიძე ისაუბრებს თემაზე – „იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება“. იშვიათი ჯიშების გარდა ლექცია შეეხება სამრეწველო და ინტროდუცირებულ ვაზის ჯიშებსაც, მათ ჯიშურ სიწმინდეს, ხარისხსა და დაავადებებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com