ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა "ღვინის კლუბი", რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც, მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს.
"ღვინის კლუბის" მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.
"ღვინის კლუბი" ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივი მნიშვნელობის კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს; მოაწყობს ეთნოგრაფიულ ფოტოექსპედიციებს რეგიონებში, სადაც შეიკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ.
პერიოდულად ჩატარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე. კონფერენციები და მრგვალი მაგიდები უპირატესად მიეძღვნება თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს. დისკუსიის შედეგები დაიბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში და გაშუქდება ტელევიზიით.
“ღვინის კლუბი” უკვე ითვლის 30–მდე წევრს, კლუბის თავმჯდომარეა მალხაზ ხარბედია.
© vinoge.com