ლევან სებისკვერაძე, გიორგი იორამაშვილი
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთში, ფშავში, ხევში, მთიულეთში, თიანეთში, თუშეთში) დღეობებისა და ხატობების უმეტესობა ზაფხულის პერიოდში იმართება. ამას წარსულში პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ზაფხული წელიწადის სწორედ ის პერიოდია, როდესაც მთაში შედარებით ნაკლები საქმეა და შესაძლებელია ეს დრო ღმერთს, წმინდანებს დაუთმო, თან კი დამღლელი შრომისგან დაისვენო.
ხატობები და ხატის ყმები
აღმოსავლეთ საქართველოს მთის სალოცავი ხატები იყოფა: სასოფლო, სათემო და საერთო ხატებად. მათ შორის ყველაზე პატარა სასოფლო ხატია, რომელსაც ერთი სოფელი ლოცულობს. მასზე დიდია სათემო ხატი და ყველაზე დიდი და ძლიერი კი საერთო ხატია, რომელსაც მთელი ხეობა ლოცულობს. ადგილობრივებს თავიანთი თავი ამ ხატების ყმებად მიაჩნიათ, მაგალითად, ფშავლებს ხატის „ოქროს ღილებად“ თვლიან. მიღებულია, რომ თავის ხატი ყოველმა ფშაველმა უნდა ილოცოს, რათა ხატმა ის არ „დაამიზეზოს“ (არ გაუწყრეს).
სასოფლო ხატი ერთი სოფლის მფარველია და მას ამა თუ იმ კონკრეტული სოფლის მცხოვრებნი ლოცულობენ. ფშავ-ხევსურეთში ხატს, რომელსაც „ადგილის დედას“ უწოდებენ, თითქმის ყველა სოფელში ნახავთ. დღეს ის ღვთისმშობელთან არის გაიგივებული. ადგილის დედის ხატის ნიში ზოგან ირმის რქებითა და ზარით არის შემკული. წინათ ადგილის დედას საკუთარი მამული ჰქონია, რომელსაც ადგილის დედის ყმები ამუშავებდნენ თურმე და საღვთოსაც იხდიდნენ. ადგილის დედის ხატთან სოფელი იხდიდა „გუთნის სამღვთოს“, რომელსაც მხოლოდ მუშები და მხვნელ-მთესველები ესწრებოდნენ. ადგილის დედას თავისი დღეობა და ჯვარობაც აქვს: ამაღლებასა და მარიამობას მლოცველებს შესაწირი საკლავი მიჰყავთ და ადიან ხატში. ფშავსა და მთიულეთში მათ ხევისბერი „ამწყალობებს“ (დალოცავს). მონადირე ფშაველს სადმე თუ დაუღამდა, მაშინ ის ადგილის დედას შეევედრება: „ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათითა“.
სათემო ხატები
სათემო ხატს ერთი თემისა და გვარის წარმომადგენლები სცემენ თაყვანს. მაგალითად, ავადმყოფი ფშაველი ვედრებით მიმართავს სამშობლო თემის „მამის სალოცავს“ და „დედის სალოცავს“. ახალდაბადებული ბავშვი „სამწყალობნოდ“ პირველად თავის სათემო ხატში უნდა მიიყვანონ. თუ ბავშვი ვაჟია, ჭედილას კლავენ, თუ ქალია, მარტო ბატკანი დაიკვლება. ხევისბერს ეძლევა ცხვრის მხარ-ტყავი და ერთი წყვილი ჭრელი წინდა. ბავშვის ხატში გაყვანა და სისხლით განათვლა აუცილებელია. ამით ის ხდება თემის წევრი, სალოცავის ყმა და ხატის „ოქროს ღილი“.

სათემო ხატს, ჩვეულებრივ, ორი საბრძანისი აქვს. ერთი საბრძანისი სოფელშია განთავსებული, მეორე კი რომელიმე მაღალი მთის წვერზეა მოქცეული და ხატობისას „მხვეწარი“ ანუ მომლოცველი იქ მიდის. სათემო ხატის საბრძანისში აგებულია ნიშ-სამლოცველოები: ბეღელი, მკვრივი, სახარბაკე, სალუდე, საჯარე და სხვა. სათემო ხატს თავისი საკუთარი მამული აქვს, ჰყავს ხატისა და კულტის მსახურნი: დეკანოზი, დასტური და მოწმინდრები.
ზოგიერთ სათემო ხატს თავისი ცხვარ-საქონელიც ჰყავდა: პირქუშის ხატს (ახადში), იახსარს (შუაფხოში), ნაკვალესავს (ჭიჩოში), კოპალას (უძილაურთაში) და ცაბაურთის მთავარანგელოზს. სათემო ხატში ზოგან სხვა ხატის ნიშიც არის, განსაკუთრებით ხშირია კვირიას ხატი, რომელსაც საქონლისა და ოჯახის გამრავლებას შესთხოვენ.
ხატსაბრძანისი
ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც, გადმოცემით, ღამით ხატის ანგელოზი ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა ადგილს წარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, ხელშეუხებელია.
ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში თითქმის ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი, ჩვეულებრივ, ღობე-ყორით არის შემოსაზღვრული. ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა სასანთლე. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა ზომის ზარია დაკიდებული. იგი წარმოადგენს სვეტებიან ნაგებობას. ძველი საზარეები უმეტესად პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს და ხშირად ჯვარიც უკეთია.
ყველა ხატში ასევე აგებულია „სალუდე“. იგი წარმოადგენს მიწურ, გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო-იარაღებით: საწურით, თუნგებით, ჯამებით და სხვ. ხატის გალავნის გარეთ ან სალუდესთან ახლოს მოთავსებულია „საჯარე“. წინათ თითოეულ გვარს საკუთარი საჯარე ჰქონია, სადაც ამ გვარის შვილები დღეობებზე იკრიბებოდნენ და ღამეებს ათევდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოს ხატობებიდან ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალია მთიულთა მთავარი სალოცავი - ლომისა.
ლომისობა
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს „დეკანოზები“ (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა და იკვლებოდა შესაწირავი.
„ლომისა“ წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდება, ხალხური გადმოცემით, ლომა ხარს უკავშირდება. ხარის კულტი ჩვენში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და მიწათმოქმედებას უკავშირდებოდა. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო. მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმინდა გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.
ლაშარობა
ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობდა არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. ლაშარის გორაზე. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრისფრთიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მას შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში.
არსებობს შეხედულება, რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა-გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელიც ქრისტიანულ ხანაში ლაშა-გიორგის სახელს შეერწყა.
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, თუშეთში, ხევსურეთსა და ფშავში. იწყება 12 ივლისს და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. თიანეთში, ძველი ტადიციის თანახმად, ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება, მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი.
ათენგენობა
ათენგენობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმთავრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის სახელთან. ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოსა და სომხეთში. ის მოძრავი დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.
ეს დღესასწაული დღესდღეობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთსა და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში – ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავების დიდი ნაწილი დღეს უმოქმედოა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ დღესაწაულზე ზაფხულობით მაინც ახერხებენ ძველი ტრადიციის მიხედვით სალოცავში ასვლას და პატივის მიგებას. მთიელები თვლიან, რომ მათ იდენტობას სწორედ ეს სალოცავები განაპირობებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი