

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- IMEDA Vineyards საოჯახო მარანია, რომელიც 2019 წლიდან კახეთში, ტიბაანის მიკროზონაში, სოფელ ძველ ანაგაში ფუნქციონირებს. ჩვენი მარნის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ოჯახის სიყვარული ვაზისა და ღვინის მიმართ, ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაგრძელებისა და საკუთარი, ბიო ღვინის შექმნის სურვილი. ჩვენთვის ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის. ის მიწასთან, ოჯახურ ღირებულებებთან და ქართულ კულტურასთან კავშირის გამოხატულებაა. ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება ბუნების პატივისცემას, ხარისხზე ორიენტირებასა და მინიმალურ ჩარევას ღვინის დაყენების პროცესში. გვჯერა, რომ კარგი ღვინო ვენახიდან იწყება და ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ ბოთლში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ იმ ადგილის ხასიათი, სადაც ყურძენი იზრდება. ჩვენი ღვინის სახელწოდება „Love in Wine“ სწორედ ამ დამოკიდებულებას გამოხატავს. გვინდა, თითოეულ ბოთლში ჩვენი ოჯახის შრომა, სიყვარული და საქმისადმი ერთგულება იგრძნობოდეს.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ჩვენს ვენახებში წარმოდგენილია ქართული ვაზის სამი გამორჩეული ჯიში: რქაწითელი, ქისი და საფერავი. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი აქვს. რქაწითელი გამოირჩევა კარგი მჟავიანობით, სიხალისითა და დავარგების პოტენციალით. ქისი განსაკუთრებით საინტერესოა თავისი დახვეწილი არომატებით, სირთულითა და ინდივიდუალური ხასიათით. საფერავი კი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. გამოირჩევა ინტენსიური შეფერილობით, სტრუქტურითა და გემოთი. სამივე ჯიში ჩვენთვის საინტერესოა, თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფდი ქისს. ეს არის უნიკალური ქართული ჯიში, რომელსაც ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მისი ინდივიდუალური არომატული პროფილი განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?
- მეღვინეობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რომელიც დიდ შრომას, მოთმინებასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბუნებრივი პირობებია: კლიმატის ცვლილება, ამინდის არაპროგნოზირებადობა და ვენახის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის მუდმივად შენარჩუნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ღვინო ბუნებრივი გზით, მინიმალური ჩარევით დავაყენოთ, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პროცესების მუდმივ კონტროლს მოითხოვს. გამოწვევაა ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაც. მცირე საოჯახო მარნისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის მოპოვება, ცნობადობის გაზრდა და იმ ადამიანებამდე მიღწევა, რომლებიც აფასებენ ხარისხიან, ორგანულ და ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს. მიუხედავად სირთულეებისა, გვჯერა, რომ თითოეული გამოწვევა გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობაა.
- თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ჩემი აზრით, ღვინის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური ჯიშები, ქვევრის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და გამორჩეული მეღვინეობის კულტურა, თუმცა საჭიროა ამ ყველაფრის უფრო აქტიურად და პროფესიონალურად წარმოჩენა.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენებური ტექნოლოგია და პროცესი?
- ჩვენი მეღვინეობის საფუძველი მინიმალური ჩარევის პრინციპია. გვჯერა, რომ ხარისხიანი ღვინო პირველ რიგში ჯანსაღი და სწორად მოვლილი ვენახიდან იწყება, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ვაზის მოვლასა და ყურძნის ხარისხს. ყურძენს ვკრეფთ სიმწიფის შესაბამის ეტაპზე, ძირითადად ვხმარობთ უჟანგავ ფოლადს და ვაყენებთ 100% ჭაჭაზე ფერმენტაციის დროს.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ჩვენი სამომავლო მიზანია IMEDA Vineyards-ის განვითარება ისე რომ, ჩვენი ღვინოები უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზეც. მეღვინეობა მხოლოდ ღვინის დაყენება არ არის. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასა და მოთმინებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, კარგად შეისწავლონ საკუთარი ვენახი, ნიადაგი და ვაზის ჯიშები, მუდმივად მიიღონ ახალი ცოდნა და არ შეუშინდნენ ექსპერიმენტებს. ამასთან, ჩემი აზრით, არასოდეს უნდა დაივიწყონ საკუთარი ფესვები და ტრადიციები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ღვინო სიყვარულით აკეთონ, რადგან საბოლოოდ სწორედ ეს დამოკიდებულება იგრძნობა თითოეულ ბოთლში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com