

ლევან სებისკვერაძე
ქართლში წლევანდელი რთველი უჩვეულო ამინდის პირობებში მიმდინარეობს. ცივ და ნალექიან გაზაფხულს გრილი ზაფხული მოჰყვა, ხშირი წვიმებით და სეტყვითაც. ასეთმა ამინდებმა ვენახის მოვლა გაართულა, ზოგან ყურძენი დააზიანა, ზოგან კი შაქრიანობის დაგროვება შეაფერხა. მევენახეებს ვენახში ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოუწიათ, რთველის დაწყება კი ბევრმა გადადო.
ქართლის სხვადასხვა სოფელში მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთმა მევენახემ ყურძნის სიჯანსაღის შენარჩუნება შეძლო. თუმცა, მოსავლის აღების ვადები შაქრიანობამ და წვიმიანმა ამინდებმა განსაზღვრა. წლევანდელი სეზონის შესახებ გორის (ატენი და მეჯვრისხევი) და მცხეთის სოფლებში მომუშავე მევენახე-მეღვინეები გვესაუბრებიან.
ნიკა ვაჩეიშვილისთვის, რომლის ვენახებიც ატენის ხეობაშია გაშენებული, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა. ხშირი ნალექის გამო ვენახს მეტი ყურადღება დასჭირდა, მწვანე ოპერაციების ჩატარება და შეწამვლა კი ჩვეულებრივზე ხშირად გახდა საჭირო. ამ ყველაფერმა დამატებითი დრო, ენერგია და ხარჯები მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მევენახე რთველის დასრულებას ხელსაყრელი ამინდის იმედით ელოდებოდა.
ნიკა ვაჩეიშვილი, „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი“: „ატენში უჩვეულო წელი გვაქვს - ჯერ ცივმა და ნალექიანმა გაზაფხულმა გვანერვიულა, შემდეგ კი ზაფხულის სიგრილემ და თითქმის ყოველდღიურმა, ზოგჯერ სეტყვაშერეულმა და ჭექა-ქუხილიანმა წვიმებმა. ვენახს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დასჭირდა. უხვი ნალექით გაძლიერებული ვეგეტაციის გამო, მწვანე ოპერაციების რამდენჯერმე ჩატარება და ჩვეულებრივზე ხშირად შეწამვლა გახდა საჭირო. ამ ყველაფერმა მეტი დრო და ენერგია წაიღო და ცხადია, ხარჯებიც გაზარდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მზიანი და თბილი დღე სულ რამდენიმე მახსენდება. კარგი ამინდი დიდხანს არ გრძელდებოდა — სანატრელ სითბოს ისევ წვიმა და ღრუბლიანი სიგრილე ცვლიდა. ამიტომ ყოველი მზიანი დღე განსაკუთრებით ფასობდა. კალენდარულად რთველის დროც მოახლოვდა, მაგრამ იმ მევენახეებისთვისაც კი, რომელთა ყურძენიც გაფუჭებას გადაურჩა, შაქრიანობის სასურველი მაჩვენებლის მიღწევა რთული აღმოჩნდა. ამის გამო, ბევრმა რთველი გადადო. ჩვენც მხოლოდ ერთი ვენახი დავკრიფეთ. ახლა მზიან დღეებს „ვაკოწიწებთ“ იმ იმედით, რომ თვის ბოლომდე მშვიდობით მივალთ - გაუფუჭებელი ყურძნითა და სასურველი შაქრიანობით“.
მეჯვრისხევში, გორის მუნიციპალიტეტში, წლევანდელი რთვლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყურძნის დაბალი შაქრიანობა აღმოჩნდა. მევენახე-მეღვინე შოთა შერმადინის თქმით, შავკაპიტო დამაკმაყოფილებელი ხარისხისაა, მაგრამ გორული მწვანესა და ჩინურის ნაწილი, რომლებიც ხეივანზე აქვს გაშენებული, მნიშვნელოვნად დაზიანდა. მან მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე აიღო და რთველის დასრულებას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს.
შოთა შერმადინი, მარანი „შერმა“: „მეჯვრისხევში შავკაპიტოს შაქრიანობის დაგროვება წელს ცოტა გაუჭირდა. ამიტომ ქართლისთვის რთველი შედარებით გვიან მიმდინარეობს. რაც შეეხება ყურძნის ხარისხს, შავკაპიტო კარგად გამოიყურება. შაქრიანობამ 21–22%-ს როცა მიაღწია, ყურძენი მაშინ დავკრიფე. გორული მწვანე და ჩინური, რომლებიც ხეივანზე მაქვს გაშენებული, სამწუხაროდ, საკმაოდ გაფუჭდა. ამ დროისთვის მოსავლის დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაკრეფილი მაქვს და სავარაუდოდ, 19 ოქტომბრამდე, რთველს დავასრულებ. წლევანდელი მოსავლიდან პეტ-ნატის დამზადებასაც ვგეგმავ. ყურძნის რაოდენობა თუ საკმარისი აღმოჩნდა, ვარდისფერი ღვინის დაყენებაც მინდა“.
მცხეთის სოფლებში სურათი ერთგვაროვანი არ არის. იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გრილმა და ნალექიანმა სეზონმა ყურძნის შაქრიანობაზე გავლენა იქონია და რთველი დააგვიანა, ყურძნის სიჯანსაღის თვალსაზრისით წელი ზოგიერთ სხვა წელთან შედარებით კარგიც აღმოჩნდა.
იაგო ბიტარიშვილი, „იაგოს მარანი“: „მცხეთის სოფლებში სხვა წლებთან შედარებით, საკმაოდ განსხვავებული წელი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართლისთვის გაზაფხული უხვნალექიანი და გრილი, ზაფხული კი შედარებით გრილი აღმოჩნდა. ამან გარკვეული გავლენა იქონია მოსავალზე, თუმცა უკმაყოფილოები არ ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ თუ ვენახის მოვლის პრინციპებს გაითვალისწინებ, ყურძნის შაქრიანობა მაინც საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ რთველის დაწყება ცოტა დაგვიანდა. სხვა მხრივ, ყურძნის სიჯანსაღის თვალსაზრისით, ერთ-ერთი კარგი წელი იყო. ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით - რთველის პერიოდში, უხვმა ნალექმა ყურძნის ხარისხი კიდევ უფრო დაამძიმა. მევენახეები დროულად ვერ კრეფდნენ ყურძენს, რადგან ბევრგან მოცდა აღარ შეიძლებოდა - მარცვალი ლპობას იწყებდა, ზოგიერთს კი რთველის წვიმაში ჩატარება მოუწია. მე სხვებთან შედარებით გამიმართლა. ხიხვი და მწვანე კახური კარგად დავკრიფე. ჩინურის აღება წვიმების გამო გამიჭირდა. თუმცა, როცა შაქრიანობამ 21 პროცენტს მიაღწია, ყურძენი მაშინ დავკრიფე. საერთო ჯამში, საწუწუნო არაფერი მაქვს“.
წლევანდელი რთველი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მევენახეობაში ამინდის პირობების გათვალისწინება. ქართლში გრილმა ზაფხულმა ყურძნის დამწიფების პროცესი შეაფერხა, ხშირი ნალექი კი მევენახეებს ვენახის მოვლისა და მოსავლის დროულად აღების მხრივ დამატებით სირთულეებს უქმნიდა. მიუხედავად განსხვავებული შედეგებისა, მევენახეებისთვის მთავარი ამოცანა დარჩენილი მოსავლის გადარჩენა, სასურველი შაქრიანობის მიღწევა და ყურძნის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებაა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com