

ლევან სებისკვერაძე
ვენახის გაშენებისას დამწყები მევენახე, ბუნებრივია, პირველ რიგში ვაზის ჯიშზე, ნერგის ხარისხზე, ნიადაგზე, ნაკვეთის შერჩევაზე, ბოძებსა და ვენახის რიგების განლაგებაზე ფიქრობს. რიგებზე გასაბმელი მავთული კი ხშირად უმნიშვნელო მასალად აღიქმება. სინამდვილეში, მავთული ვენახის საყრდენი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ მასზეა დამოკიდებული ვაზის ფორმირება, დატვირთვის სწორად გადანაწილება, მწვანე მასის მართვა და, საბოლოოდ, ისიც, რამდენად გამართულად შეძლებს მევენახე ვენახის მოვლას წლების განმავლობაში.
საქართველოში ვენახის გაშენებისას მავთულის საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენ ერთდროულად გვაქვს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ფორმირების სისტემები. სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება ვაზის ზრდის სიძლიერე, ნიადაგი, კლიმატი და მეურნეობის მასშტაბი. ამიტომ ერთი უნივერსალური მავთული, რომელიც ყველა ვენახს ერთნაირად მოერგება, პრაქტიკულად არ არსებობს.
მცირე საოჯახო მარანს შეიძლება სრულიად განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს, ვიდრე დიდ კომერციულ ვენახს. ერთ შემთხვევაში მევენახე ყველაფერს ხელით აკეთებს და შედარებით მარტივი საყრდენი სისტემა მისთვის საკმარისია. მეორე შემთხვევაში, სადაც მექანიზებული სამუშაო და მაღალი მოსავალია გათვალისწინებული, საყრდენ სისტემაზე მოთხოვნებიც იზრდება.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მავთულის შერჩევისას მთავარი შეცდომა ის არის, რომ მევენახე მას მხოლოდ ფასით ან ვიზუალური სისქით აფასებს. ერთი შეხედვით შეიძლება ორი მავთული თითქმის იდენტური ჩანდეს, მაგრამ მათი სიმტკიცე, გაწელვის უნარი, დამცავი საფარი და კოროზიისადმი გამძლეობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ვენახებისთვის სულ უფრო ხშირად გამოიყენება მაღალი სიმტკიცის ფოლადის მავთული, მათ შორის გალვანიზებული და თუთია-ალუმინის საფარით დაცული ვარიანტები. ასეთი მავთული შედარებით მაღალი დატვირთვის გაძლებასა და ნაკლებ გაწელვას უზრუნველყოფს.
ამ თემაზე საინტერესო დაკვირვება აქვს მევენახე-მეღვინე ზურაბ თოფურიძეს. მისი თქმით, სანამ მავთულს იყიდიდა, ეს მასალა შეამოწმა ჯიბის პატარა მიკროსკოპით. დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ როდესაც მავთული გადაღუნა, თუთიის ფენა დასკდა, ანუ აქერცვლა დაიწყო, რაც ძალიან ცუდის ნიშანია. ასეთი მავთული მან არ გამოიყენა და სხვა შეიძინა.
სამწუხაროდ, რთულია თავად მავთულში გამოყენებული რკინის შემადგენლობის შემოწმება. თუმცა, ზურაბ თოფურიძის თქმით, კარგი იქნება გადაღუნვისას, გალვანიზებული ფენა თუკი არ მოშორდება. მისი აზრით, მევენახემ ამ დეტალს აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.
ხშირად მევენახეები დიდ ყურადღებას უთმობენ ვენახის თავიბოძების სიმტკიცეს და ავიწყდებათ, რომ მათზე მუდმივად მოქმედებს დაჭიმული მავთულის ძალა. გამოცდილ მევენახეთა რეკომენდაციებში თავიბოძებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმიტომ, რომ მავთულის დაჭიმულობა და ვაზის წლიური დატვირთვა ამ წერტილებში კონცენტრირდება. ამიტომ მავთულის ხარისხი და ბოძების კონსტრუქცია ერთმანეთისგან განცალკევებით არ უნდა განიხილებოდეს.
თუ მაღალი სიმტკიცის მავთულს ვიყენებთ, მაგრამ თავიბოძი სუსტად არის დამაგრებული, პრობლემა შეიძლება მავთულში კი არა, საყრდენ სისტემაში წარმოიშვას. პირიქითაც - ძალიან ძლიერი საყრდენი და სუსტი მავთული სისტემის საიმედოობას მაინც ვერ უზრუნველყოფს. სწორად დაგეგმილი ვენახი ერთიანი სისტემაა, რომელშიც ბოძი, ანკერი, სამაგრი, მავთული და ვაზის ფორმირება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
მაღალი სიმტკიცის მავთულის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ნაკლები გაწელვაა. ვენახში მავთული თავიდან კარგად არის დაჭიმული, მაგრამ თუ მასალა დროთა განმავლობაში იწელება, მავთული ეშვება. ამის შემდეგ მევენახეს ხელახლა დაჭიმვა უწევს. დიდი ფართობის ვენახში ეს დამატებით შრომას, დროსა და ხარჯს მოითხოვს.
მევენახე-მეღვინე გიორგი მშვენიერაძის თქმით, მთავარი ის არის, თუ როგორ ხდება ვენახის ფორმირება - ხის სარებს იყენებს მევენახე თუ უჟანგავი ფოლადისას.
თუ მავთული წვრილია, მევენახე იწვალებს, რადგან ასეთი მავთული შემდეგ იწელება და ვენახი ამორტიზირდება. მშვენიერაძე ამბობს, რომ იყიდება სპეციალური მავთულის დამჭიმები, რათა მევენახეს ხელით არ მოუწიოს მავთულის დაჭიმვა.
თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: მაღალი სიმტკიცე არ ნიშნავს, რომ მავთული უბრალოდ მაქსიმალურად უნდა დაიჭიმოს. ზედმეტმა დაჭიმვამ შეიძლება თავად საყრდენი სისტემის სხვა ნაწილებზე - ბოლო ბოძებზე, სამაგრებზე დატვირთვა გაზარდოს.
ვენახის მავთული წლების განმავლობაში მუდმივად იმყოფება გარემოს ზემოქმედების ქვეშ. მას ხვდება წვიმა, ტენი, მზის გამოსხივება, ტემპერატურის ცვალებადობა და სხვადასხვა აგროქიმიური გარემო. ამიტომ მავთულის ხანგრძლივი გამოყენებისთვის მისი კოროზიისადმი გამძლეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გალვანიზაცია სწორედ ამისთვის გამოიყენება, თუმცა ყველა გალვანიზებული მავთული ერთნაირი არ არის. საფარის სისქე და ტიპი გავლენას ახდენს ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე.
თანამედროვე ბაზარზე გვხვდება თუთია-ალუმინის შენადნობით დაფარული მაღალი სიმტკიცის მავთულებიც. ასეთ პროდუქტებზე მწარმოებლები განსაკუთრებულ კოროზიულ გამძლეობას უსვამენ ხაზს.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვენახისთვის აუცილებლად ყველაზე ძვირი მავთული უნდა ვიყიდოთ. მთავარია მავთულის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ვენახის სიცოცხლის ციკლს, დატვირთვასა და გარემო პირობებს. თუ მევენახე ვენახს 20-30 წლის პერსპექტივით აწყობს, რამდენიმე წლიანი ეკონომია მავთულზე შეიძლება საბოლოოდ გაცილებით ძვირი დაუჯდეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com