

ლევან სებისკვერაძე
კახეთში უკვე დაიწყო ყურძნის კრეფა - რთველი 2026. ტრადიციულად, ყურძენი პირველად კახეთის ყველაზე ცხელ რაიონში - დედოფლისწყაროში იკრიფება და ასე იხსნება რეგიონში რთვლის სეზონიც. კახეთის რაიონებში და სახელგანთქმულ მიკროზონებში ყურძენი ერთსა და იმავე დროს არ მწიფდება, რადგან განსხვავებულია ამ რაიონების თუ ზვრების როგორც კლიმატური პირობები, ისე ზღვის დონიდან სიმაღლე, ნიადაგი და კონკრეტული წლის მიხედვით ამინდის გავლენა.
დედოფლისწყარო და სიღნაღი კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აქ არსებული მშრალი და ცხელი კლიმატური პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყურძნის ადრე დამწიფებაზე. გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტები კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრალური და ყველაზე დიდი რაიონებია, სადაც ვენახები როგორც ალაზნის ველის, ისე მთისწინა ზონებშია გაშენებული. ყვარელი განსაკუთრებულად არის დაკავშირებული კახეთის მეღვინეობის მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონებთან. ახმეტა და თელავის ჩრდილოეთი ნაწილი უკვე უფრო მაღალ და განსხვავებული კლიმატური პირობების მქონე სივრცეა, ხოლო საგარეჯო, ე.წ. გარე კახეთი, თავისი მშრალი კლიმატითა და განსხვავებული ლანდშაფტით ცალკე მევენახეობის სისტემას ქმნის. ამ განსხვავებებს ემატება ნიადაგი, რელიეფი, ვენახების განლაგება, ზღვის დონიდან სიმაღლე, ნალექების რაოდენობა და კონკრეტული წლის ამინდი. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც კახეთის ღვინოებში ვხვდებით.
ამიტომ კახეთის რთველზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რა ხდება კონკრეტულ რაიონებში და რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც ვენახსა და მარანში ყოველდღიურად მუშაობენ.
გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი: „მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კარგისა და ცუდი წლის განსაზღვრება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაცნობიერებული. არადა, კარგი წლის გარეშე კარგი ღვინო როგორ უნდა დაყენდეს? სწორედ ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა, იქამდე სხვა პრობემებია მოსაგვარებელი. 2026 წელს კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ხშირი და დიდი რაოდენობით ნალექი, სოკოვანი დაავადებების მოძალება, დაბალი შაქრიანობა... ეს ყოველივე საბოლოო პროდუქტის ხარისხზე აისახება. რა თქმა უნდა, ასეთი ხარისხის ყურძნისგანაც შეიძლება კარგი ხარისხის ღვინის დაყენება და იმედია, ასეც იქნება, მაგრამ „კარგი წელი“ სრულიად სხვა ღვინოს გვთავაზობს“.
ყურძნის ფასები
სახელმწიფომ უკვე დაიწყო ყურძნის მიღება. რთვლის ორგანიზების პროცესში განსაზღვრული ფასების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიისა და ჯიშის ყურძენს შესაბამისი ფასი აქვს. საფერავის შემთხვევაში, დაუზიანებელი და კონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობაც მინიმუმ 21 პროცენტია, ერთი კილოგრამის ფასი 1,50 ლარს შეადგენს. თუ საფერავის შაქრიანობა 17-დან 21 პროცენტამდეა ან ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, მისი ფასი 0,90 ლარით განისაზღვრება. 17 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ან დაზიანებული საფერავის შემთხვევაში კი ფასი 0,30 ლარია.
რაც შეეხება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა ვაზის ჯიშებს, დაუზიანებელი ყურძნის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც 20 პროცენტს ან მეტს შეადგენს, შესყიდვის ფასი 1,30 ლარია. 17-დან 20 პროცენტამდე შაქრიანობის მქონე ყურძნისთვის კილოგრამის ღირებულება 0,80 ლარით განისაზღვრება, ხოლო 17 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0,30 ლარით.
ყურძნის კრეფა კახეთის მუნიციპალიტეტებში ნაყოფის სიმწიფისა და საჭირო კონდიციის მიღწევის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში დაახლოებით 2,7 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მოსავლის ძირითადი ნაწილი ამ ეტაპზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დაიკრიფა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ყურძნის მიმღები ღვინის კომპანიების რეგისტრაციას და მოსავლის ჩაბარების პროცესს. ამ დროისთვის შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღებაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. მიმდინარე წლის კახეთის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა დაახლოებით 320 ათასი ტონაა.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის ორგანიზებულად წარმართვისა და ყურძნის მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის არსებობის შემთხვევაში, მევენახეებს ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობებით. ამ პროცესში ჩართული იქნება შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც ფიზიკური პირებისგან კახეთში მოწეულ ყურძენს დადგენილი წესის შესაბამისად ჩაიბარებს.
მეღვინეთა მოლოდინები
რთვლის რეალური სურათი მხოლოდ ყურძენზე დაწესებული ოფიციალური ფასებითა და მიღებული ყურძნის რაოდენობით არ იზომება. კახეთის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე პროცესები ერთმანეთისგან განსხვავებულია და სწორედ ამ განსხვავებების დანახვაა მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, როგორი იქნება 2026 წლის რთველი. ამ დროისთვის კახეთში მეღვინეები ყურძნის სრულ სიმწიფეს ელოდებიან.
გურამ მაისურაძე, მარანი „ნადელები“: „ჩვენთან, თელავის მუნიციპალიტეტში, არ გვქონდა მაინც და მაინც კარგი წელი. რთულად დაიწყო ყვავილობის პროცესი. იყო ბევრი წვიმა და სეტყვაც. უკვე მტევანი რომ მტევანს დაემსგავსა, ამ დროსაც მოვიდა სეტყვა, რის გამოც მოსავლის მესამედიღა დაგვრჩა. მერე დაემატა ამას წვიმა და თელავში წყალდიდობა, რამაც, რა თქმა უნდა, გაართულა ვენახში ტექნიკის შეყვანა შესაწამლად და სამი ჰექტრის ტალახში ხელით წამლობა მოგვიწია. ჭრაქს ასე თუ ისე მოვერიეთ, მაგრამ სეტყვამ თავისი ქნა და ამ დროისთვის სიმწიფის დინამიკა საკმაოდ ნეგატიურია. წვიმიანი ზაფხულის პერიოდის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, როცა უკვე აქტიურ სიმწიფეში გადადიოდა ყურძენი, ტემპერატურა ძალიან დავარდა, რამაც დროულ სიმწიფეს შეუშალა ხელი. სექტემბრის დასაწყისიც ცივი იყო. არადა, აგვისტოს ბოლოს უკვე ვიწყებდით ხოლმე კრეფას. ახლა კი სექტემბრის ბოლომდე ფიზიკურად ვერ დავიწყებთ რთველს. იმედია, რთველის დროს 22 პროცენტამდე მაინც ავა ყურძნის სიმწიფე“.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორ აფასებენ მეღვინეები ყურძნის ხარისხს და რამდენად განსხვავდება მიმდინარე სეზონი წინა წლებისგან. ამასთან, მევენახისთვის რთვლის მთავარი საკითხი მხოლოდ მოსავლის აღება არ არის. მნიშვნელოვანია, როგორ და რა პირობებით ჩაიბარებს ქარხანა ყურძენს.
რთვლის რეალური სურათის შესაფასებლად უმთარესი წყარო თავად ვენახია და ადამიანები, რომლებიც ამ ვენახებში მუშაობენ.
გიორგი (გიგლა) ჭიაბერაშვილი, მევენახე ყვარლიდან: „ყვარელში წლევანდელი წელი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ამინდის ცვალებადობამ თავისი გავლენა მოახდინა ვენახზე. იყო წვიმიანი პერიოდები, რამაც დაავადებების მხრივ მეტი ყურადღება და სამუშაო მოითხოვა. თუმცა, ვინც ვენახს დროულად და სწორად მოუარა, საბოლოოდ მოსავლის შენარჩუნება შეძლო. წინა წლებთან შედარებით, მოსავალი რაოდენობრივად შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მაინც ყურძნის ხარისხია. ახლა ვაკვირდებით, როგორ მიდის დამწიფების პროცესი და რამდენ შაქრიანობას მივაღწევთ რთვლის დაწყებისას. კარგი ამინდი თუ შენარჩუნდა, იმედი გვაქვს, ყურძენი საჭირო კონდიციამდე მივა“.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში (ისტორიული ქიზიყი) რთვლის დაწყების შესახებ მევენახე-მეღვინე დავით მოსულიშვილი გვესაუბრა. მის კომენტარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რა მდგომარეობაშია ვენახები რთვლის პირველ ეტაპზე, როგორია ყურძნის ხარისხი და რას ამბობენ ქიზიყელი მევენახეები.
დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო: „მაჩხაანში, სადაც ჩემი ვენახებია, გაზაფხული ძალიან ნესტიანი იყო. წვიმები დაემთხვა რქაწითლის ყვავილობის პერიოდს. განვითარდა ჭრაქი და შავი სიდამპლე. მოსავლის, ალბათ, 80 პროცენტამდე დავკარგეთ. რაც გადარჩა, მისი ხარისხი კარგია. რთველი დავამთავრეთ. საშუალო შაქრიანობა 21 იყო. შედარებით გადარჩა გვიან და ადრე მოყვავილე ჯიშები, როგორიცაა: ვარდისფერი რქაწითელი, ხიხვი, კახური მწვანე, გრძელმტევანა და კახური მცვივანი. ჩვენი მთავარი ჯიში - რქაწითელი კი ძალიან დაზარალდა. რთვლის პირველი დღეები საბოლოო სურათის შესაფასებლად ჯერ კიდევ ნაადრევია. თუმცა, სწორედ პირველი დღეების დაკვირვება იძლევა საშუალებას, დავინახოთ, როგორ იწყება სეზონი - რამდენად უხვია მოსავალი, როგორია ყურძნის ხარისხი, როგორ მუშაობს ჩაბარების სისტემა და რას ელოდებიან თავად მევენახეები“.
კახეთის რთველი ყოველწლიურად ერთსა და იმავე კალენდარს არ იმეორებს. იცვლება ამინდი, მწიფობის დრო და ტემპი, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. შესაბამისად, რთველის შეფასებაც მხოლოდ დაკრეფილი ყურძნის რაოდენობით არ უნდა შემოიფარგლოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com