

ლევან სებისკვერაძე
ვენახების მოვლის და ბუნებრივი ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია თენგიზ დვალიშვილის ოჯახში უკვე მეექვსე თაობას გადაეცემა. თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა - TDWinery და ვენახები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავშია. დაახლოებით ერთ ჰექტარზე გაშენებულ ვენახებში ქართული ვაზის შვიდი ჯიშია წარმოდგენილი: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, თეთრი ბუდეშური, შავი ჩინური, შავკაპიტო და დანახარული. მცირე ფართობი და ჯიშური მრავალფეროვნება მისთვის ერთდროულად გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც.
vinoge.com-თან ინტერვიუში თენგიზ დვალიშვილი საუბრობს ოჯახურ ტრადიციაზე, ბუნებრივ ღვინოზე, მარნის განვითარების სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე.
- როგორ დაიწყო თქვენი საოჯახო მარნის ისტორია და რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში ოჯახურ ტრადიციას?
- ჩვენი საოჯახო მარანი, სადაც დღესდღეობით ღვინოს ვაყენებ, პაპაჩემის აშენებულია 1971-1973 წლებში. 2011 წელს მამა მონაწილეობდა ახალი ღვინის ფესტივალზე. სწორედ ამ დღიდან იწყება ჩვენი მარნის ცნობადობის ზრდა და ენოტურიზმით დაინტერესება.
მე მეექვსე თაობის წარმომადგენელი ვარ ჩვენი ოჯახიდან და ვაგრძელებ ორგანულ მევენახეობას და მეღვინეობას. ეს, ამავე დროს, სასიამოვნოც არის და საპასუხისმგებლოც. ოჯახის ტრადიცია როცა ხდება ცხოვრების წესიც და საქმიანობაც, სწორედ მაშინ იზრდება პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ.
ჩვენი მარანი და ვენახები მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში. გაშენებული მაქვს ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, თეთრი ბუდეშური, შავი ჩინური, შავკაპიტო და დანახარული.
- თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი თავისებურება, რაც თქვენს ღვინოს სხვა ღვინოებისგან გამოარჩევს?
- ჩემთვის ყველა ბუნებრივი ღვინო განსხვავდება ერთმანეთისაგან და კარგად გამოხატავს იმ ტერუარს და მეღვინეს, ვინც ამ პროცესში მთელი არსებით არის ჩართული.
რაც შეეხება ჩემი ღვინის გამორჩევას სხვა ღვინოებისაგან, ჩემი მხრიდან რთულია ამაზე საუბარი. ვცდილობ, ჯანსაღი ღვინო დავაყენო და ის დადებითი ემოცია, რასაც ვენახში და მარანში საქმიანობისას გავცემ, უკვე ღვინოშიც შეიგრძნოს მომხმარებელმა.
- რა გამოწვევებთან მოგიწიათ შეხვედრა მარნისა და ახალი ვენახების განვითარების პროცესში?
- გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც ამ საქმით დავინტერესდი, მარანიც გვქონდა და ტურისტებიც გვსტუმრობდნენ. შესაბამისად, ის სირთულეები, რაც დამწყებს ახლავს, ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა.
ახალი ვენახი გავაშენე 2015 და 2018 წლებში. პირველი ორი წელი გაზაფხულის ყინვა დაემთხვა, ვენახიც ახალშენი იყო და აქ შევხვდი პირველ პრობლემებს.
- როგორ ხედავთ დღეს ქართული და მსოფლიო ღვინის ბაზრის მდგომარეობას და რა შესაძლებლობები აქვთ ამ ბაზარზე მცირე მარნებს?
- ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ რასაც ვისმენ და მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შემდეგ ვგრძნობ, ფაქტია, რომ ბუნებრივი ღვინის მიმართ ცნობადობა იზრდება.
მცირე მარნებს, ვინც ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, აქვთ ძალიან დიდი პერსპექტივა. უნდა მოხდეს სწორად დაგეგმვა, ნაბიჯ-ნაბიჯ საქმიანობის წარმართვა და შედეგიც აუცილებლად იქნება. კარგი ღვინის მომავალი სწორედაც რომ მცირე მარნების ხელშია.
- გქონიათ თუ არა ღვინის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა და რომელ უცხოურ ბაზრებზე ისურვებდით დამკვიდრებას?
— ექსპორტის შემოთავაზებები მქონდა არაერთხელ. გამომდინარე ვენახის სიმცირიდან (1 ჰექტარი) და ჯიშური მრავალფეროვნებიდან (7 ჯიში), ამ ეტაპზე მთლიანი ყურადღება ენოტურიზმს ეთმობა. შესაბამისად, მიწევს უარი ვთქვა ღვინის ექსპორტზე.
- რა არის თქვენი მთავარი სამომავლო პრიორიტეტი — ვენახების გაფართოება, ღვინის ხარისხის გაუმჯობესება თუ მარნის ცნობადობის გაზრდა?
- რთულია ამ ეტაპზე ვენახის გაზრდაზე საუბარი. ხიდისთავი მცირემიწიანია და ნამდვილად არ არის ადვილი ახალი ვენახების გაშენებაც.
ხარისხის გაუმჯობესება და ბრენდის ცნობადობის გაზრდაა ის ძირითადი საზრუნავი, რასაც გავაგრძელებ. ამ მიზნის მისაღწევად, 2022 წლიდან ჯერჯერობით წელიწადში ერთხელ ვმონაწილეობ უცხოეთში გამართულ გამოფენებში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com