

ლევან სებისკვერაძე, მოლდოვადან
ისევე, როგორც საქართველოში, მოლდოვაშიც ღვინო თითქმის ყველგანაა, მაგრამ ბესარაბთა ქვეყანაში არსებობს ერთი ადგილი, სადაც ღვინო, ფაქტობრივად, ცხოვრებას განსაზღვრავს. ეს არის კრიკოვა - დედაქალაქ კიშინოვიდან ავტომაქანით ნახევარი საათის სავალში მდებარე მიწისქვეშა ქალაქი, რომლის ქუჩებსაც ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახელები ჰქვია და ამ ქუჩებით გადიხარ კილომეტრებს ღვინის ქალაქში, ხედავ მიწის ქვეშ აგებულ ეკლესიას, კინოთეატრს, მაღაზიებს, სადეგუსტაციო სივრცეებს და ამის გარდა, აურაცხელ ღვინის ბოთლებს, კასრებსა და ცისტერნებსაც დალანდავ უზარმაზარი კირქვის სვეტების ქვეშ.
უზარმაზარ გვირაბში შესვლისა და მიწისქვეშ ჩასვლის შემდეგ გარემო სწრაფად იცვლება. ხმაური ქრება, ტემპერატურა ეცემა და რამდენიმე წუთში უკვე იმ სივრცეში ხარ, რომელსაც ჩვეულებრივ მარანს ნამდვილად ვეღარ უწოდებ. აქ გზებია, მოსახვევებია, კვარტლებია, სხვადასხვა მიმართულების აღმნიშვნელი ნიშნებია. ერთი სიტყვით, ნამდვილი ქალაქია. მხოლოდ ამ განსხვავებით, რომ აქ ღვინოა ვალუტაც,
„საწვავიც“ და გამგებელიც.

ცოტა რამ ისტორიიდან
კრიკოვას ისტორია XX საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. მისი უნიკალური მიწისქვეშა სივრცეები თავდაპირველად კირქვის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა. მოპოვების შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი გვირაბები მოგვიანებით ღვინის დასავარგებელ სივრცედ გადააკეთეს.
1952 წელს კრიკოვა ოფიციალურად ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბდა. მიწისქვეშა გვირაბების მუდმივი ტემპერატურა დაახლოებით 12–14°C — იდეალური აღმოჩნდა ღვინის შესანახად და დასავარგებლად. დღეს კრიკოვას მიწისქვეშა გალერეების ქსელი დაახლოებით 120 კილომეტრს მოიცავს. აქ ინახება როგორც კრიკოვას წარმოებული ღვინოები, ისე უნიკალური ისტორიული კოლექცია. განსაკუთრებით ცნობილია კრიკოვა ცქრიალა ღვინოებით, რომლებიც ტრადიციული მეთოდით მზადდება.

მსოფლიო აღიარება
კრიკოვა მოლდოვის მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. 2025 წელს კრიკოვას მიწისქვეშა ღვინის მარნები მოლდოვის სხვა მნიშვნელოვან მარნებთან ერთად UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ სიაში შეიტანეს.
აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიწისქვეშა სივრცე მხოლოდ ღვინის შესანახი ადგილი არ არის. კრიკოვაში მეღვინეობა თითქოს საკუთარ გეოგრაფიას ქმნის. გვირაბებს ღვინისა და ვაზის ჯიშების სახელები აქვს - კაბერნე, ალიგოტე, შაბლი, სირა, სოვინიონი და სხვა... აქაური ღვინის 99% ფრანგულია. მხლოდ ერთეული სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი მოლდოვური ჯიშები, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ ჰიბრიდებია.

ღვინის ქალაქის უნიკალურობა
კრიკოვას გვირაბებში მოძრაობისას ხვდები, რომ ეს უბრალოდ ტურისტული დეკორაცია არ არის. ეს რეალური ინფრასტრუქტურაა, რომელშიც ათასობით ბოთლი ღვინო ინახება. მაღალი ტენიანობა და ტემპერატურის სტაბილურობა ღვინის შენახვისა და დავარგებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამ სივრცეში ყოფნისას ყველაზე მეტად სწორედ მასშტაბი გაოცებს. ერთი გვირაბიდან მეორეში გადადიხარ და ყოველი ახალი მოსახვევის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ ჯერ კიდევ არ იცი, რეალურად რამდენად დიდია ეს ადგილი.
კრიკოვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური ენოთეკაა - ღვინის ეროვნული კოლექცია. მისი შექმნა 1954 წელს დაიწყო და კოლექციაში განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის ღვინოებიც არის დაცული. მათ შორისაა ათწლეულების წინ ჩამოსხმული მოლდოვური კაბერნე სოვინიონის ბოთლები, რომლებიც დღეს უკვე მხოლოდ ღვინო აღარ არის - ისინი მოლდოვის მეღვინეობის ისტორიის ნივთიერი მტკიცებულებებია.

ისტორია კირქვის კედლების მიღმა
კრიკოვაში განსაკუთრებული ადგილი ცქრიალა ღვინოსაც უჭირავს. საწარმოში ცქრიალა ღვინოების ნაწილი ტრადიციული მეთოდით მზადდება, როდესაც მეორეული დუღილი უშუალოდ ბოთლში მიმდინარეობს. შემდეგ ღვინო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწიფდება და საბოლოო სახეს იღებს. მიწისქვეშა გალერეებში სიარულისას კარგად ჩანს, რომ აქ ტურიზმი და წარმოება ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული არ არის. სტუმარი მხოლოდ მუზეუმს არ ათვალიერებს. სწორედ ეს არის კრიკოვას ერთ-ერთი მთავარი ხიბლი.

ბევრ ღვინის მუზეუმში ისტორიას ექსპონატების საშუალებით გვიყვებიან. კრიკოვაში კი ისტორია თავად გარემოა. კირქვის კედლები, გვირაბები, ბოთლების რიგები, ძველი კოლექციები და მიწისქვეშა გზები ერთ მთლიან ამბავს ქმნის.
კრიკოვაში ვიზიტის შემდეგ მოლდოვური ღვინის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ბოთლის ეტიკეტით ან ღვინის ჯიშებით აღარ შემოიფარგლება. ხვდები, რომ ღვინო ამ ყველაფერზე მეტია!
© ღვინის კლუბი/vinoge.com