

რამდენიმე დღის წინ თანამედროვე ხელოვნების ლეგენდა, იაპონელი მხატვარი იაიოი კუსამა გარდაიცვალა. ის მე-20 და 21-ე საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელმაც პოპ-არტისა და მინიმალიზმის საზღვრები სრულიად გარდაქმნა; თავისი რევოლუციური ინსტალაციებით მან მაყურებელი უბრალო დამკვირვებლიდან ხელოვნების ცოცხალ ნაწილად აქცია. გავიხსენოთ იაიოი კუსამას გენიალური შემოქმედების შეხება მეღვინეობის სამყაროსთან...
ხელოვანს განსაკუთრებული და წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებდა „Veuve Clicquot“-სთან (Veuve Clicquot Ponsardin) — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და სახელოვან ფრანგულ შამპანურის სახლთან, რომელიც 1772 წელს დაარსდა შამპანის რეგიონში, ქალაქ რეიმსში.
მათი პირველი შემოქმედებითი კვეთა 2006 წელს შედგა, როდესაც კუსამამ ტოკიოს საქველმოქმედო აუქციონისთვის სახლის დამფუძნებლის, მადამ კლიკო პონსარდენის ისტორიული პორტრეტი თავისი ცნობილი წერტილებით გააცოცხლა. 2020 წელს კი ბრენდმა კვლავ მოუხმო ხელოვანს ახალი ვინტაჟის — „La Grande Dame 2012“-ის ბოთლისა და ყუთის დიზაინის შესაქმნელად. ამ პრესტიჟული სასმელისთვის მხატვარმა უნიკალური ეტიკეტი შექმნა, სადაც მისი საფირმო კოპლები და ფერადოვნება თვალისმომჭრელია.

კოპლები და ყვავილის მოტივი მეორდება ორიგინალურ სკულპტურაშიც, სახელწოდებით „ჩემი გული, რომელიც ღამის სიბნელეში ყვავის“. ეს ექსკლუზიური შეფუთვა „La Grande Dame“-ის მაგნუმ (1.5-ლიტრიანი) ფორმატისთვის შეიქმნა და მისი მხოლოდ 100 დანომრილი ეგზემპლარი გამოვიდა. ისინი ხელოვნებისა და ღვინის კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს და მათი საბაზრო ფასი დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.
თავისი ავანგარდული ხედვით კუსამამ ღვინის სამყაროს არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზე, არამედ სიცოცხლის და შემოქმედებითი ენერგიის მარადიული დღესასწაული შესძინა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com