

ლევან სებისკვერაძე
ქართული მეღვინეობის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანია „შუმის“ საქმიანობას უკავშირდება. კომპანია 1997 წელს დაარსდა და თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს სხვადასხვა მიკროზონისა და ისტორიული ტერუარების, ასევე ქართული ავტოქტონური ვაზის ჯიშების შესწავლას, საკუთარი ვენახების გაშენებას და მაღალი ხარისხის ღვინის შექმნას. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საკოლექციო ვენახია, სადაც ქართული ვაზის გენოფონდის შენარჩუნებასა და მივიწყებული ვაზის ჯიშების პოტენციალის აღმოჩენას ცდილობენ.
დღეს ქართული ღვინო უფრო კონკურენტულ საერთაშორისო ბაზარზე გადის, სადაც ქართული ჯიშების ცნობადობასთან ერთად, ხარისხი, უნიკალურობა და სწორი პოზიციონირება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აკაკი ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა სწორედ პრემიუმ HoReCa სეგმენტშია, განსაკუთრებით კი ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა.
Vinoge.com „შუმის“ აღმასრულებელ დირექტორს, აკაკი ცოფურაშვილს კომპანიის განვითარების, ბიოდინამიკური მევენახეობის, ქართული ჯიშების საერთაშორისო პერსპექტივების, ღვინის ტურიზმისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ ესაუბრა.
- „შუმი“ ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ქართული ღვინის კომპანიაა. როგორ შეიცვალა კომპანიის ფილოსოფია 1997 წლიდან დღემდე და რა დარჩა უცვლელი?
- „მეღვინეობა შუმი“ 1997 წელს დაარსდა. კომპანიის თავდაპირველი სტრატეგია საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაში საუკეთესო, ხშირ შემთხვევაში კი ისტორიული ტერუარების შერჩევასა და მათზე ქართული ავტოქტონური ჯიშების გაშენებას ითვალისწინებდა. დაარსების დღიდან მთავარი აქცენტი სწორედ ადგილობრივ ჯიშებსა და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებაზე გაკეთდა, რაც დღემდე „შუმის“ უცვლელ ფილოსოფიას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ თავიდანვე გამოყო ერთი ექსპერიმენტული ვენახი ყურძნის მოვლის ორგანული მეთოდების დასანერგად, მოგვიანებით კი ამავე ვენახში დანერგა ბიოდინამიკური მეთოდები.
2001 წელს დასრულდა საწარმოს მშენებლობა და მისი აღჭურვა თანამედროვე დანადგარებით, რის შემდეგაც კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ უცვლელია კომპანიის ფუნდამენტური ფილოსოფია — საუკეთესო ქართული ტერუარებისა და ავტოქტონური ჯიშების ერთგულება, წლების განმავლობაში ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა. „შუმის“ მრავალმხრივმა საქმიანობამ ქართული მეღვინეობის განვითარებასა და უნიკალურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გავაშენეთ საკოლექციო ვენახი, რითაც გადაშენებას გადავარჩინეთ რამდენიმე ათეული ქართული ვაზის ჯიში. შევქმენით ღვინოების უნიკალური სერია - „დაკარგული კოლექცია“, სადაც იშვიათი ჯიშებისგან მიღებული ღვინოები გავაერთიანეთ. საქართველოში პირველებმა დავნერგეთ „მწვანე რთველის“ მეთოდი, პირველებმა გამოვიყენეთ ბიო და ბიოდინამიკური მოვლის მეთოდები და ვაწარმოეთ სერტიფიცირებული ბიოღვინო. ასევე შევიმუშავეთ და წარმოებაში ჩავუშვით საკუთარი, ექსკლუზიური „ტერუარული“ საფუარები და გამოვიგონეთ წარმოების ინოვაციური მეთოდები, რომელთა ნაწილი უკვე დაპატენტებულია.

- თქვენი ვენახების ნაწილი ორგანული და ბიოდინამიკურია. რამდენად გაამართლა ამ მიმართულებით გაკეთებულმა ინვესტიციამ და რას აძლევს ეს საბოლოო პროდუქტს?
- ორგანული და ბიოდინამიკური მეღვინეობა ჩვენთვის არა მასობრივი ბიზნესი, არამედ ფილოსოფია და ერთგვარი პასუხისმგებლობაა. ამ ეტაპზე ორგანულად ვენახების მხოლოდ მცირე ნაწილს ვუვლით. მიზეზი მარტივია - ასეთ ღვინოზე მოთხოვნა ბაზარზე ჯერ კიდევ მცირეა.
ეს ინვესტიცია ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ვუპასუხოთ იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებიც ეძებენ განსაკუთრებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. მათთვის რამდენიმე სახეობის ღვინოს ვქმნით.
საბოლოო პროდუქტს ეს მიდგომა ანიჭებს გამორჩეულ ტერუარულ ავთენტურობას — ეს არის სუფთა, ცოცხალი ღვინო, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენი მიწის ხასიათს და „შუმის“ პორტფოლიოს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ექსკლუზიურს ხდის.
- ბოლო წლებში მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს რა არის „შუმის“ მთავარი უპირატესობა უცხოელ მომხმარებელთან?
- მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, „შუმის“ მთავარი უპირატესობა საერთაშორისო დონეზე აღიარებული უმაღლესი ხარისხი და უნიკალური ექსკლუზივებია, რომლებსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.
„შუმის“ ერთგულება მაღალი ხარისხის მიმართ, რომელიც კომპანიის არსებობის პირველივე დღიდან უცვლელია, დღეს ჩვენს გლობალურ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს და უცხოელი პარტნიორებისთვის პრემიუმ-კლასის უპირობო გარანტიას ქმნის.
„შუმი“ რეგულარულად სახელდება „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად“ ისეთ გავლენიან კონკურსებზე, როგორებიცაა The MUNDUS VINI Grand International Awards და Asia Wine Trophy. ამა წლის გაზაფხულზე კონკურსმა MUNDUS VINI-მ „შუმს“ „ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მწარმოებლის“ სტატუსი მიანიჭა.
კომპანია შედის Luxury Lifestyle Awards-ის მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ასეულში. ამავდროულად, „შუმი“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც შესულია WBSS-ის (The World’s Best Sommeliers’ Selection) პრესტიჟულ რეიტინგში, სადაც ღვინოებს „მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის“ სომელიეები არჩევენ. „შუმის“ ღვინოები ყოველწლიურად ხვდება ამ პრესტიჟულ სიაში და დღეისათვის მასში უკვე 6 დასახელების ღვინოა შესული. ჯამში კი კომპანიის ღვინოებს 1000-მდე უმაღლესი ჯილდო და მედალი აქვთ მოპოვებული.
საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს სრულიად უნიკალური პორტფოლიო, რომლის მსგავსი ანალოგი გლობალურ ბაზარზე არ არსებობს.

ჩვენს უნიკალურ შეთავაზებებსა და მსოფლიო ექსკლუზივებს შორის არის საკუთარი, დაპატენტებული ტექნოლოგიებით შექმნილი სასმელები - „ზიგუ“ და „შობილი“, მსოფლიოში პირველი ქვევრის აისვაინი „ბარბალე“, 450-ზე მეტი ვაზის ჯიშისგან ქვევრში დაყენებული ღვინო „ლაზარე“, სერია „დაკარგული კოლექცია“ და ღვინო „გენეზისი“, რომელიც 350 წლის უცნობი ჯიშის ხანდაზმული ვაზისგან მზადდება.
ამგვარი კოლექციონერული იშვიათობების შეთავაზებით, „შუმი“ უცხოელ პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზონ მსოფლიო მეღვინეობის ნამდვილი საკოლექციო იშვიათობები.
- თქვენ აქტიურად მუშაობთ ქართული აბორიგენული ჯიშების პოპულარიზაციაზე. რომელ ჯიშს აქვს, თქვენი აზრით, ყველაზე დიდი საერთაშორისო პოტენციალი და რატომ?
- ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ორ განზომილებას მოიცავს: გლობალურ ფლაგმანს და უნიკალური გენოფონდის აღორძინებას.
საფერავი - ქართული ვაზის ჯიშების მეფე, რომელზეც გლობალური მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
დაარსების დღიდან „შუმი“ ამ უნიკალურ ჯიშზე უამრავ ექსპერიმენტს ატარებს და მას ვინიფიკაციის სხვადასხვა მეთოდს უხამებს. ჩვენს კომპანიასთან 2005 წლიდან თანამშრომლობს ცნობილი ფრანგი მეღვინე - ჟან-მიშელ ფერანდესი, რომელიც შეყვარებულია საფერავზე და სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით „შუმში“ არაერთი უნიკალური პროექტი განხორციელდა.
ჩვენი ამგვარი ძიებისა და ექსპერიმენტების საუკეთესო შედეგია ღვინო „სალომე“. ყურძენი მოყვანილია ბიოდინამიკური მეთოდით ისტორიულ ვენახში (ზვარი - „დიდყურე“), ნაფარეულის მიკროზონაში. იგი დუღილის პროცესს ვიკარდის წარმოებულ ფრანგული მუხის ფერმენტატორში გადის, შემდეგ კი ფრანგული მუხის ნაწილობრივ ახალ კასრებში ძველდება.

„სალომეს“ მიღებული აქვს 80-ზე მეტი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ისეთი პრესტიჟული ტიტულები, როგორებიცაა Best of Show, Best Red Georgian Wine და პლატინის მედლები. მსოფლიო რეიტინგის - WBSS-ის წამყვანმა სომელიეებმა იგი დაახასიათეს როგორც „საფერავის საუკეთესო გამოვლინება“.
საფერავს აქვს უდიდესი პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს უდიდესი წითელი ღვინოების გვერდით, და „შუმი“ ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.
თუმცა, „შუმის“ მისია მხოლოდ საფერავით არ შემოიფარგლება. საქართველოს აქვს მდიდარი ვაზის გენოფონდი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მეცნიერულად შესწავლილი. ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ დაფარული პოტენციალის აღმოჩენა.
ამ მისიის ქვაკუთხედია „შუმის“ საკოლექციო ვენახი, რომელმაც 2025 წელს ოფიციალურად მიიღო რეკორდსმენის სტატუსი, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდმა კერძო კოლექციამ. ამ ბაზაზე ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ საექსპერიმენტო ღვინოებს, რათა გამოვავლინოთ მივიწყებული ჯიშების საღვინე პოტენციალი.
ექსპერიმენტების შედეგად უკვე არაერთი ნამდვილი მარგალიტი აღმოვაჩინეთ. მართალია, იშვიათი ჯიშის გამრავლებასა და საწარმოო ვენახის გაშენებას 10-15 წელი სჭირდება, ეს პროცესი „შუმში“ დიდი ხანია დაწყებულია. დღეისათვის კოლექცია 13 ღვინოს აერთიანებს. სწორედ ამ შრომის შედეგად, ჩვენს ექსკლუზიურ ხაზს. „დაკარგულ კოლექციას“ ყოველწლიურად ახალი, უნიკალური ღვინოები ემატება. ჩვენ გვინდა სამყაროს ვუჩვენოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავია ქართული გემოების პალიტრა.
- დღეს ქართული ღვინო ხშირად ორ მიმართულებად იყოფა – დიდი კომპანიები და მცირე საოჯახო მარნები. როგორ ფიქრობთ, ეს კონკურენციაა თუ ერთმანეთის გაძლიერების შესაძლებლობა?
- მზარდი მრავალფეროვნება ქართულ მეღვინეობას უფრო აძლიერებს, ვიდრე შიდა კონკურენციას აჩენს. დიდი კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების თანაარსებობა ბაზარზე იდეალურ ბალანსს ქმნის.
ეს სინთეზი საშუალებას გვაძლევს, ერთობლივად დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი გემოვნებისა თუ მოთხოვნის მქონე მომხმარებელი. შედეგად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი გლობალურად კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
ამ საერთო წარმატების მთავარი წინაპირობა კი თითოეული კომპანიის მხრიდან ხარისხზე ორიენტირებული მუშაობაა.
- „შუმი“ ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი ცნობილი ცენტრია. რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის გაყიდვაში ტურისტის გამოცდილება?

- „შუმი“ საქართველოში ღვინის ტურიზმის ნამდვილი პიონერია. ჩვენ ჯერ კიდევ 2002 წელს შევქმენით მცირე ზომის ეთნოგრაფიული პავილიონი და ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები შევთავაზეთ. 2003 წელს გავხსენით საკოლექციო ვენახი, ხოლო 2005 წელს - საქართველოში პირველი ღვინის მუზეუმი, რომლის რამდენიმე ექსპონატი 6000 წელზე მეტს ითვლის.
ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი, იგი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ტურისტულ კომპლექსში ბევრად უფრო შორს წავედით: უცხოელ ვიზიტორებს ვაცნობთ არა მხოლოდ ღვინის კულტურას, არამედ მთლიანად საქართველოს კულტურასა და ისტორიას.
დღეს ჩვენი 12 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია 41 განსხვავებულ ლოკაციას აერთიანებს. „შუმში“ მოსული სტუმარი ხვდება მითოლოგიურ გმირებს, რომლებიც სკულპტურებსა და ფრესკებზეა გამოსახული, ასევე ცნობილი ქართველი მოქანდაკეების ნამუშევრებს. კომპლექსში მოწყობილია სხვადასხვა თემატური პავილიონები, მათ შორის: შოთა რუსთაველის, წითელი დოლის, საფერავის, ვინობიზასა და სხვა.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული ვიზიტორი ვაზიაროთ ქართულ კულტურას. ამ დაუღალავი შრომის შედეგად, კომპლექსს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ კონკურსებზე არაერთი ჯილდო და ისეთი წოდებები აქვს მიღებული, როგორებიცაა „Must Visit“, „The Visiting Card of the Country“, „Magnet of the Region“, „Art and History Object“ და სხვა.
ეს მასშტაბური მულტისენსორული გამოცდილება პირდაპირ და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვებსა და ბრენდის იმიჯზე.
როდესაც მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს ლოკაციებს, ის ყიდულობს არა უბრალოდ პროდუქტს, არამედ იმ უნიკალურ ემოციასა და მოგონებას, რომელიც „შუმში“ მიიღო. ჩვენი კომპლექსიდან წასული კმაყოფილი უცხოელი ტურისტები საკუთარ სამშობლოში ბრუნდებიან როგორც ქართული კულტურისა და „შუმის“ ღვინის პირადი ამბასადორები.
მუზეუმის, ისტორიული ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და საერთაშორისო აღიარებების საკუთარი თვალით ნახვა აჩენს ბრენდის მიმართ უპირობო ნდობას, რაც მომავალში განმეორებად ყიდვებში აისახება.

- რომელი საექსპორტო ბაზრები მიგაჩნიათ დღეს ყველაზე პერსპექტიულად ქართული ღვინისთვის და სად არის ჯერ კიდევ აუთვისებელი შესაძლებლობები?
- მიგვაჩნია, რომ გლობალურ ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირება, პირველ რიგში, HoReCa სექტორის პრემიუმ კლასის სეგმენტში უნდა მოხდეს.
მიზნობრივ ქვეყნებს რაც შეეხება, ყველაზე პერსპექტიულად აშშ, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა გვესახება.
ამ აუთვისებელი შესაძლებლობების რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ თითოეულმა მწარმოებელმა ერთობლივად და უწყვეტად ვიზრუნოთ ღვინის უმაღლეს ხარისხზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com