

ბერლინში, საერთაშორისო ღვინის კონკურსის Berliner Wine Trophy-ის ფარგლებში, ქართული ღვინის სპეციალური პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის სფეროს პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მას კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები, მეცნიერები, დეგუსტატორები და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტები დაესწრნენ.
Berliner Wine Trophy საერთაშორისო ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა. მასში სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლები და პროფესიონალები მონაწილეობენ, ხოლო შეფასების პროცესში ჩართულია საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან ენოლოგები, სომელიეები, ღვინის სპეციალისტები, დეგუსტატორები და ინდუსტრიის გამოცდილი წარმომადგენლები.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა ღვინის რეგიონში წარმოებული ღვინოები. დეგუსტაციის ფორმატმა აუდიტორიას საშუალება მისცა, ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნება უშუალოდ ღვინის ნიმუშების საშუალებით შეეფასებინა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ღვინის სტილი და თავისებურებები უკეთ გაეცნო.
ქართული ღვინის პრეზენტაციის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ Berliner Wine Trophy-ის საერთაშორისო ჟიურის წევრებს უმასპინძლა. ღონისძიებას 130-მდე საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო. სტუმრებისთვის ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში გამართულმა შეხვედრამ ქართული ღვინისა და ქვეყნის გასტრონომიული კულტურის გაცნობის შესაძლებლობა კიდევ უფრო გააფართოვა.
ბერლინში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და სააგენტოს ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერი ირაკლი ჩოლობარგია ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ისტორიას, ღვინის დაყენების უნიკალურ ტრადიციებსა და ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com