

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯაკოპო მაცეო მკითხველს სთავაზობს კომპლექსურ და გლობალურ ანალიზს სამყაროს უძველესი ვაზების შესახებ, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა ვაზის გამძლეობისა და ადამიანური მემკვიდრეობის შეუცვლელ მოწმობად გვევლინება. ტექსტი არ შემოიფარგლება მხოლოდ აღწერითი ნიუანსებით. იგი მრავალმხრივ მიმოიხილავს გეოგრაფიულ განაწილებას, აგრონომიულ გამოწვევებს და ისტორიულ კონტექსტებს, რომლებმაც საუკუნეზე მეტი ხნის ვაზები დღევანდელ დღემდე მოიყვანა.
სტატია იწყება ტიბეტის ზონაში აღმოჩენილი 416 წლის ველური ვაზით, რომელიც 2023 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც მსოფლიოს უძველესი ველური ვაზი. ავტორი აღწერს მცენარის ბიოფიზიკურ მახასიათებლებსა და მიმდინარე გენეტიკურ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს მისი შესაძლო ევრაზიული წარმომავლობის დადგენას. ავტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ტიბეტის უძველეს, თითქმის ათასწლოვანი ხანგრძლივობის მქონე მეღვინეობის ტრადიციას, რასაც ლიტერატურული წყაროებიც ადასტურებს — მათ შორის მეფე გესარის ეპოსი, სადაც ღვინის დამზადების პრაქტიკა იხსენიება.
ამასთან, ავტორი ყურადღებას ამახვილებს სლოვენიის მარიბორში მდებარე Old Vine-ზე— მსოფლიოში ყველაზე ძველ მოშინაურებულ ვაზზე, რომლის ასაკი სავარაუდოდ 400–450 წელს შორის მერყეობს. ავტორი დეტალურად აღწერს მის მიერ გადატანილ ისტორიულ კატაკლიზმებს: ხანძრებს, ფილოქსერას ეპიდემიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ ცვლილებებს. დღეს Old Vine არა მხოლოდ აგრონომიული რელიქვიაა, არამედ ადგილობრივი კულტურული იდენტობის ცენტრალური სიმბოლო, რომლის გარშემოც შექმნილია მდიდარი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
შემდგომ კი განიხილავს იტალიის ალტო ადიჯეში არსებულ ორ გამორჩეულ ნიმუშს. პირველი — მაგრეს სოფელში მდებარე 1601 წელს დარგული Hörtröte-ის ჯიშის ვაზია, რომელიც დღემდე ნაყოფიერია. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აგრონომიულ მიდგომებს, რომლებმაც უზრუნველყო მცენარის გადარჩენა ინფრასტრუქტურულ ცვლილებათა ფონზე. მეორე, Versoaln-ის ჯიშის ვაზია, რომელიც გაშენებულია Katzenzungen-ის ციხესიმაგრის გარშემო და წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, სადაც მრავალსაუკუნოვანი მცენარე ერთგვარ „ცოცხალ მემკვიდრეობას“ განასახიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში ის გავრცელებულმა დაავადებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო აგრძელებს ბიოდინამიკური მეთოდების ტრადიციას.
უძველეს ვაზებს შორის ლონდონის Hampton Court Palace-ში არსებული Great Vine-იც ხვდება, რომელიც დაახლოებით 250 წლისაა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ნაყოფიერ ისტორიულ ვაზად რჩება ევროპაში. სტატიის ავტორი აქცენტს აკეთებს დარგვის ისტორიულ გარემოებებზე, ვიქტორიანული მებაღეობის პრაქტიკებზე და იმ ფაქტზე, რომ მცენარე დღემდე იძლევა განსაკუთრებულად მაღალი რაოდენობის მოსავალს — რაც მის აგრონომიულ სიცოცხლისუნარიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სტატიის დასკვნით ნაწილში მკითხველი ავსტრალიის ბაროსას ხეობაში გადადის — რეგიონში, სადაც არა მხოლოდ ინდივიდუალური ნიმუშები, არამედ საუკუნოვანი ვაზების მთელი ვენახებია გაშენებული. Langmeil Winery-ის 1843 წლის Shiraz-ის ვენახი და Marco Cirillo-ს მიერ მოშენებული 1848 წლის Grenache და Semillon დღესაც აგრძელებენ ღვინის წარმოებას, რაც უნიკალურ მოვლენად რჩება გლობალურ კონტექსტში. ავტორის შეფასებით, ბაროსას მაგალითი გვაჩვენებს, რომ საუკუნოვან ვენახებს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ისტორიული, არამედ აქტუალური ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობაც.
საუკუნოვანი და მრავალსაუკუნოვანი ვაზები წარმოადგენენ არა მხოლოდ ბიოლოგიურ ფენომენს, არამედ კულტურულ და ისტორიულ არტეფაქტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გადალახავენ ომებს, ეკოლოგიურ საფრთხეებსა და გარდამავალ ეპოქებს. მათი არსებობა არის ვაზის ბუნებრივი გამძლეობის, აგრარული მემკვიდრეობის და ადამიანის მიერ შექმნილი ღვინის კულტურის შეუდარებელი სინთეზი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com