

29 ნოემბერს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ცქრიალა ღვინის IV ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ცქრიალა ღვინის ფესტივალი კვლავ გააერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ახალ გემოებს, მრავალფეროვან მარნებსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ეძებენ. ეს ფესტივალი აღმოჩენების, ურთიერთობებისა და გამორჩეული გამოცდილებების სივრცეა, სადაც თითოეულ ღვინოს თავისი ისტორია და ემოცია ახლავს. სწორედ ამიტომ, ფესტივალისთვის მცირე წინასწარი მზადება და რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ უფრო კარგად გაერკვეთ რიგ საკითხებში და მეღვინეებთან საინტერესო დიალოგიც გამართოთ. ქვემოთ გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო გამორჩეულად და სასიამოვნოდ აქცევს.
გახსოვდეთ, რომ ღვინის სრულყოფილად გაგებას შესაფერისი ჭიქა სჭირდება. ბოკალი შეგიძლიათ სახლიდან წამოიღოთ, თუ არადა, იქვე, ფესტივალზეც შეგეძლებათ მისი შეძენა. გაითვალისწინეთ, რომ სუნამოს ძალიან სასიამოვნო სუნიც მარტივად ბლოკავს ცხვირის რეცეპტორებს და ღვინის არომატების გაგების უნარს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ალბათ ის იქნება, რომ ფესტივალამდე თადარიგი დაიჭიროთ და ადრე ამოხვიდეთ. ღვინოებსაც ნელა დააჭაშნიკებთ და ნაცნობებთანაც ბევრს ისაუბრებთ. იქამდე კი წინასწარ დაგეგმვა ურიგო არ იქნებოდა, რჩეული მარნები თუ გყავთ, აუცილებლად ჩამოწერეთ, რათა მღელვარებასა და ხმაურში არ გამოგეპაროთ. თუ ასე ვერავის გამოარჩევთ, ესეც არაუშავს, ფესტივალზე ნამდვილად იპოვით თქვენს რჩეულ ღვინოს.
არ იდარდოთ, თუ ღვინის მცოდნე არ ხართ, ყველა სომელიე არ არის და ამაში უხერხული არაფერია. თავისუფლად დასვით კითხვები და ღვინის მწარმოებლები დიდი სიამოვნებით გიპასუხებენ ყველაფერზე. არც თქვენი მოსაზრებების გაზიარებას მოერიდოთ, ღვინოზე ისაუბრეთ ისე, რომ სწორი და არასწორი პასუხების შესახებ არ იფიქროთ. გახსოვდეთ, რომ მეღვინეებს ყველაზე მეტად გულწრფელი შენიშვნები და კომპლიმენტები სიამოვნებთ, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ.
ღვინოების დაჭაშნიკებებს შორის არ აჩქარდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ სიამოვნების მისაღებად მოდიხართ. არ იჩქაროთ, ღვინოებს დრო დაუთმეთ, რომელიც მოგეწონებათ - გემრიელად მიირთვით. აქ თქვენ ხალხს გაიცნობთ, მეღვინეებსა და ღვინის ენთუზიასტებს, რომლებიც სიამოვნებით მოგცემენ რჩევებს და გესაუბრებიან. ღვინის არჩევასაც გარკვეული დრო დაუთმეთ და აუცილებლად მიაგნებთ იმ გემოებსა და არომატებს, რომლებსაც, თურმე ამდენი ხანი ეძებდით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ ნაცნობი ღვინოებით არ შემოიფარგლოთ, ასე შეიძლება უფრო საინტერესო და უცხო ღვინოები გამოგრჩეთ. ფესტივალზე სწორედ ახალ-ახალი ღვინოები უნდა გასინჯოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com