

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის სექტემბრის ნომერში ნოა ჩიჩესტერის ავტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელშიც გალიციის რეგიონში უპრეცედენტო ხანძრების შესახებ საუბრობს.
ცხელი ზაფხულის ფონზე, გალიციაში რთველი დამწვარი ტყეებისა და შავ ჩრდილებად ქცეულ ვენახებთან ერთად დაიწყო. გალიციაში, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, წლების განმავლობაში ჩნდებოდა ტყის ხანძრები, მაგრამ 2025 წელი გამორჩეულად ტრაგიკული აღმოჩნდა: ხანგრძლივმა გვალვამ, ექსტრემალურმა სიცხემ და ძლიერმა ქარმა იდეალური პირობები შექმნა სწრაფად გავრცელებადი ცეცხლისთვის, რომელმაც რეგიონის შიდა ნაწილი ორი კვირის განმავლობაში ფერფლად აქცია.
ცეცხლმა გაანადგურა 90,723 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია რეგიონის ისტორიაში. ხანძრის ძირითადი კერები ურენსეს პროვინციაში იყო — სადაც გალიციის ხუთიდან ოთხი ღვინის რეგიონი (DO) მდებარეობს: რიბეირო, რიბეირა საკრა, ვალდეორასი და მონტერეი.
უდიდესი ხანძარი ლაროუკოში
ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაიწყო ლაროუკოში, ვალდეორასის DO-ში. მან 30,000 ჰექტარი მიწა მოიცვა, რაც გალიციის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი მოხდა ოიმბრას მახლობლად, რომელმაც 17,000 ჰექტარი გაანადგურა, მათ შორის მონტერეის DO-ის ნაწილი. რიბეიროს რეგიონში გაჩენილი ორი სხვა ხანძარი დროულად ჩააქრეს და ვენახებს სერიოზული ზიანი არ მიუღია.
რთველი ცეცხლის შემდეგ
როდესაც ორი უმსხვილესი ხანძარი კონტროლქვეშ მოაქციეს, მევენახეები ზარალს აფასებენ. მონტერეის DO-ს მმართველის, გონსალო ლოსადას თქმით, საწყისი მონაცემები გარკვეულ იმედს იძლევა:
„ბევრ ადგილზე ვხედავთ, რომ ვენახი დაზიანდა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ველოდით. ზარალი ძირითადად ვენახის პერიმეტრებითაა შემოფარგლული,“ — აღნიშნა მან.
ვალდეორასის რეგიონის ვიტიკულტურის ტექნიკოსმა, სანტიაგო პერესმა, თქვა, რომ ვენახები ხშირად ბუნებრივად აფერხებდნენ ცეცხლის გავრცელებას — რაც ზოგჯერ სახლებსაც იცავდა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ვენახები და მთელი მოსავლის შრომა წყალში ჩაეყარა.
„მევენახეობა ყოველდღიური შრომაა — უქმეებისა და არდადეგების გარეშე. როცა ხედავ, რომ შენი ვენახი დაზიანებულია, ფსიქოლოგიური დარტყმა დიდია,“ — დაამატა ლოსადამ.
ალვარედოს-ჰობსი: წარსულიც და მომავლებიც ფერფლად იქცა
მიუხედავად იმისა, რომ DO-ები ჯერ კიდევ აფასებენ საერთო ზარალს, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მეურნეობა ცალსახად Alvaredos-Hobbs აღმოჩნდა — კოლაბორაციული პროექტი გალიციელ ანტონიო ლოპესსა და კალიფორნიელ ღვინის მწარმოებელ პოლ ჰობსს შორის. მათი ღვინის მარანი მდებარეობს პატარა სოფელ ალვარედოსში, DO რიბეირა საკრას უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში.
ლაროუკოს ხანძარმა ორივე სანაპიროზე მოიცვა სილის მდინარე და ალვარედოსის სოფელი პრაქტიკულად ალყაში მოაქცია. თავად სოფელი გადარჩა, მაგრამ მეღვინე სესილია ფერნანდესის თქმით, ყველა ვენახი დაზიანდა. ფერნანდესი ზარალს 70%-ად აფასებს.
„საერთოდ ყველა მცენარეული საფარი დაიწვა,“ — ამბობს ფერნანდესი. „ზოგი ვაზი მთლიანად განადგურდა, ზოგს ღეროები დაეწვა, ზოგიც საერთოდ გაქრა.“
პოლ ჰობსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ხშირია კალიფორნიაში, გალიციაში მომხდარი მისთვის მაინც უპრეცედენტო იყო:
„სრული მოსავალის განადგურება არასდროს მინახავს,“— აღნიშნა ჰობსმა. „შეგრძნება მაქვს, რომ ერთზე მეტი რთველი დავკარგეთ.“
ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობა და მევენახეები ახლა ყურადღებას პრობლემის ფუნდამენტურ მიზეზებზე ამახვილებენ. „საჭიროა ტყის მართვის სისტემური გადახედვა,“ — აცხადებს ფერნანდესი, „ამჟამად ფაქტობრივად არაფერი კეთდება.“
გალიციის შიდა ტერიტორიები სავსეა ფიჭვნარებით, თუმცა, ტყეები ხშირად უპატრონოდაა მიტოვებული. ეს ტრაგედია ასევე ხაზს უსვამს დემოგრაფიული ფენომენის, „España vacía“-ს შედეგებს — ესპანეთის დაცლილ რეგიონებს, საიდანაც მოსახლეობა მასობრივად მიემართება ქალაქებში უკეთესი ცხოვრების საძიებლად.
ვალდეორასში მოქმედმა კიდევ ერთმა მევენახემ, ნაჩო გონსალესმა, თავისი შეფასება მკაცრად გამოხატა:
„მთავრობა უსარგებლოა,“ — თქვა მან. „ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მიტოვებული ტყეებია. საკმარისია ერთი ასანთი და მთელი ტერიტორია ბომბივით ფეთქდება. ტყეს რომ უვლიდნენ, პრობლემა არც იქნებოდა. ეგ არის სიმართლე.“
© ღვინის კლუბი/vinoge.com