

2021 წელს, ათი ათასზე მეტ მონაწილეს შორის,„Errazuriz Wine Photographer of the Year“ კონკურსში, „Places“ კატეგორიაში გამარჯვება ეგლე ბერუტის ნამუშევარმა მოიპოვა, სახელწოდებით „ხედი სარკმლიდან“.
ფოტო გადაღებულია მორკოტეს ციხეში (Castello di Morcote), ისტორიულ გალავანზე, რომელიც ტიჩინოს ვენახებს გადაჰყურებს. სარკმელი აქ მხოლოდ არქიტექტურული დეტალი არ არის — ის ხდება ჩარჩო, რომელიც თვალს ბუნებისკენ მიმართავს. იქ, გარეთ, მწკრივებად გაშლილი ვენახებია, მთები და მდუმარე ლანდშაფტი. ციხის ჩრდილოვანი ინტერიერი და გარეთ არსებული სინათლე კონტრასტს ქმნის და ფოტოს მედიტაციურ განწყობას სძენს.
„ხედი სარკმლიდან“ ერთდროულად რამდენიმე ფენას აერთიანებს. ციხის კედლები ისტორიის სიმტკიცესა და ხანგრძლივობას გამოხატავს; ვენახები კი სიცოცხლის განახლებას, სეზონურ ცვალებადობასა და დროის მდინარებას. ეს არის ღვინის მეტაფორა: ღვინო არა მხოლოდ სასმელია, არამედ კავშირი ბუნებასა და კულტურას შორის, ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის. ამ სარკმლიდან დანახული სურათი გვახსენებს, რომ „ტერუარი“ მხოლოდ ნიადაგსა და კლიმატს არ გულისხმობს — ის ასევე ხედვის პერსპექტივაა, ჩვენი ურთიერთობა გარემოსთან.
აღსანიშნავია, რომ Pink Lady® Food Photographer of the Year ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსია, სადაც 2021 წელს 96 ქვეყნიდან 10,500-ზე მეტი ნამუშევარი მიიღეს. ასეთ მასშტაბურ კონკურენციაში მოპოვებული ჯილდო ბერუტისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. მისი ფოტო შემდგომში გამოიფინა ბრისტოლში, სამეფო ფოტოგრაფიის საზოგადოებაში (Royal Photographic Society).
ეგლე ბერუტი, რომელიც ლუგანოში მოღვაწეობს, ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ნამუშევრებით თავად კი საკუთარ სტილს ასე აღწერს: „სილამაზის აღმოჩენა ქაოსში“ — იმპროვიზებული, არაპოზირებული, მაგრამ ჯადოსნური მომენტების დაჭერა. ფოტოში „ხედი სარკმლიდან“ ეს ფილოსოფია სხვაგვარად აისახა: აქ ქაოსის მაგივრად სიმშვიდეა, თუმცა სწორედ ამ სიმშვიდეში იგრძნობა დროის ძალა და ბუნების სიმდიდრეც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com